გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო; გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველთმოქმედო ყოვლადდიდებულო; გიხაროდენ, დედის მუცლითგან განწმენდილო, გიხაროდენ, სულიერისა ძალისა შობითვე გამომაჩინებელო.
წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მთავარეპისკოპოსი მირონ-ლუკიისა (დაას. 345-351 წწ) საქვეყნოდ განიდიდა, როგორც დიდი სათნომყოფელი ღვთისა.
იგი დაიბადა ლუკიის მაზრის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო). დედა წმინდა ნიკოლოზისა, ნონა, რომელიც სნეული ქალი იყო. ყრმის შობისთანავე სრულიად განიკურნა ახალშობილის მონათვლის დროს, ღვთის შეწევნით, სამი საათის განმავლობაში იდგა ფეხზე ნათლისღების ემბაზში. მმარხველი ცხოვრება ადრეული სიყრმიდანვე დაიწყო. დღეში მხოლოდ ერთხელ, მშობელთა მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ, მიიღება ხოლმე დედის რძეს.
გიხაროდენ, დიდებულო სვეტო ღვთისმსახურებისაო.
სიყრმის წლებიდანვე წმიდა ნიკოლოზი წარმატებულად შეისწავლიდა საღმრთო წერილს. დღისით იგი სულ ტაძარში იყო, ღამით კი სახლში ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც ახარებდა სულიერი წარმატება და მაღალი ღვთისმოშიშება თავისი ძლისწულისა, თავიდან მკითხევალდ (მედავითნედ) დაადგინა იგი ეკლესიაში, შემდეგ კი სამღვდელო ღირსებაში აიყვანა, რითაც ერთგული თანაშემწე შეიძინა სამწყემსო მსახურებაში.
გიხაროდენ, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ ნუგეშინისმცემელო.
წმიდა ნიკოლოზი სულის ხსნისათვის მარად იღწვოდა მღვიძარებითა და განუწყვეტელი ლოცვით, დიდი მოწყალების გამოვლენითა და გაჭირვებულთა შეწევნით. დროთა განმავლობაში მან მთელი თავისი ქონება ღარიბ-გლახაკებს დაურიგა. წმინდა ნიკოლოზმა დიდი ცოდვის ჩადენისაგან იხსნა ერთი თანამოქალაქე, რომელიც ადრე მეტად მდიდარი კაცი იყო, ახლა კი უკიდურეს გაჭირვებასა და სიგლახაკეში ცხოვრობდა. ამ სასოწარკვეთილმა კაცმა, რომელსაც სამი ასული ჰყავდა, გადაწყვიტა სამეძაო სახლში მიეცა ისინი და ამ გზით გადაერჩინა ოჯახი შიმშილისაგან. წმიდა ნიკოლოზი მეტად დაამწუხრა ამ ამბავმა, და მან ღამით, ფარულად შეუგდო ამ კაცს ოქროთი სავსე სამი ქისა, რითაც დაცემის და სულიერი დაღუპვისაგან იხსნა ეს ოჯახი. წმინდა ნიკოლოზი ყოველთვის ცდილობდა ფარულად გაეკეთებინა სიკეთე და დაემალა თავისი ქველი საქმეები.
გიხაროდენ, ცეცხლოვან სიტყვათა ნაკადულო.
წმიდა ნიკოლოზი იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანისსაცემად. გზაში, ზღვაზე გემით მოგზაურობისას, მან ქარიშხალი იწინასწარმეტყველა. წმიდანის ლოცვით სტიქიის მძვინვარება დაცხრა. ამავე მოგზაურობის დროს ერთი მეზღვაური მაღალი ანძიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. წმიდა ნიკოლოზის ლოცვით ის სრულიად ჯანსაღი წამოდგა.
იერუსალიმში ჩასულმა წმიდა ნიკოლოზმა თაყვანისცემითა და ლოცვა-ვედრებით მოიარა ყველა წმიდა ადგილი. ღამით, სიონის მთაზე თავისით გაიღო ეკლესიის კარი შორიდან მოსული ამ დიდი მლოცველის წინაშე.
გიხაროდენ, ღვთივწერილო ფიცარო ქრისტეს მცნებისაო.
მირონ-ლუკიაში დაბრუნებულს სიზმრისეული ჩვენებით თვით უფალი გამოეცხადა. მან ძვირფასად შემკული სახარება გადასცა თავის რჩეულს, ხოლო ასევე გამოცხადებულმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სამღვდელმთავრო ომოფორი უწყალობა.
მიუხედევად უდიდესი სიმდაბლისა და უბოროტო ზნისა, მღვდელმთავარი ნიკოლოზი თავდადებული და შეურიგებელი მებრძოლი იყო ქრისტეს ეკლესიისათვის. იგი ყოველთვის მხნედ ებრძოდა ბოროტ სულებს. ყველგან, თვით მირონ-ლუკიაშიც და მის შემოგარენშიც მოივლიდა იგი საკერპე ბომონებსა და წარმართულ ტაძრებს, დაამხობდა კერპებს და დააქცევდა ბომონებს.
გიხაროდენ, ეშმაკეულისა არიოზისა წმიდათა კერპთაგან განმდევნელო.
325 წელს მღვდელმთავარი ნიკოლოზი ქმედით მონაწილეობას იღებდა ნიკეში I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელზეც მიღებულ იქნა სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი). იგი კრების სხვა 318 წმიდა მამასთან ერთად შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებულ ცრუმოძღვრებას ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზისას.
ქრისტეს მოშურნეობით ანთებული წმიდა ნიკოლოზი იმ ზომამდე აღივსო მწვალებლების მხილების მგზნებარებით, რომ ერთხელ ძალითაც კი (თავში კვერთხის ჩაცემით) ჩააჩუმა ჯიუტი ცრუმოძღვარი, რისთვისაც იგი მოკლებული იქნა სამღვდელმთავრო ომოფორს და მცირე ხნით დატუსაღებულიც იყო. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე წმიდა მამას ზეგარდმო ჩვენებით გაემხილა, რომ თვით უფალმა და მისმა ყოვლადწმიდა დედამ აკურთხეს წმიდა ნიკოლოზი ეპისკოპოსად და მათვე გადასცეს მას სახარება და ომოფორი. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ მირონ-ლუკიელი მღვდელმთავრის ეს კადნიერება სათნო ყოფია ღმერთს. მათ განადიდეს უფალი, ხოლო მისი სათნომყოფელი მღვდელმთავარი უწინდელ ღირსებაში აღადგინეს.
გიხაროდენ, ცილისწამებათაგან დამფარველო.
ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე აღასრულებდა წმიდა ნიკოლოზი მრავალრიცხოვან სასწაულებს. მან სიკვდილისაგან იხსნა აგარებისმოყვარე განმგებლის მიერ გაწირული სამი მოქალაქე. წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი ძილში გამოეცხადა ხელმწიფეს და მოუწოდა გაეთავისუფლება, ასევე უსამართლოდ სიკვდილმისჯილი მხედართმთავრები, რომლებიც საპყრობილეში ყოფნისას წმიდა მღვდელმთავარს ევედრებოდნენ ლოცვით თანადგომას.
გიხაროდენ, სიმართლისათვის მშიერთა მოუკლებელო საზრდელო.
მრვალი სხვა სასწაულიც აღუსრულებია წმიდა ნიკოლოზს თავისი მოსაგრე ცხოვრების განმავლობაში. ერთხელ მისი ლოცვა-ვედრებით მირონ-ლუკია შიმშილობას გადაურჩა. იგი სიზმრისეული ჩვენებით გამოეცხადა ზღვაზე მოგზაურ იტალიელ ვაჭარს, ოქროს სამი მონეტა გადასცა წინდად და სთხოვა, თავისი ხორბლით დატვირთული ხომალდი მირონ-ლუკიაში შეეყვანა და ამ ქალაქის მცხოვრებთათვის მიეყიდა პური. გამოღვიძებულ ვაჭარს მართლაც ხელთ ეკავა წმიდანის მიერ მიცემული ოქრო. მან სიხარულით შეასრულა მისი თხოვნა.
გიხაროდენ, ზეციურ ძალთა თანა დამკვიდრებულო.
არაერთგზის უხსნია წმიდანს ზღვაზე მყოფი მოგზაურნი, მრავალგზის გამოუყვანია მორწმუნე ადამიანები ტყვეობიდან თუ საპყრობილედან.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ღრმად მოხუცი ჩაბარდა უფალს მშვიდობით. მისი უხრწნელი წმიდა ნაწილები საკურნებელი მირონის წარმოდგენით განიდიდა.
Xareba.net - ის რედაქცია