მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი და მესიის მოლოდინში მყოფი ადამიანები აღმოიყვანა, ლიბერალები ეჭვქვეშ აყენებენ და სულაც არ ჰგონიათ ეს მართლმადიდებლური სწავლება. უფრო მეტიც: ეკლესიის დოგმატური განსაზღვრება მათ თომა აქვინელის ანუ კათოლიკურ სწავლებად მიიჩნიეს. თომა აქვინელი ამ საკითხის შესახებ ნამდვილად მართებულად ფიქრობდა, მაგრამ აქ სულ სხვა ფსიქოლოგიური ფენომენი იკვეთება: მართლმადიდებლობა კათოლიციზმად, ხოლო პროტესტანტიზმი - მართლმადიდებლობად ცხადდება.
აი, როგორ ამოქმედებენ ამ მეთოდს ლიბერალები:
„ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის თომა აქვინელისეული სქოლასტიკური სწავლება (ამ დროს კონკრეტული სწავლება მთლიანად მისაღებია, კერძოდ მხოლოდ ძველი აღთქმის მართლები ცხონდებიან), რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გახლავთ. რეფორმაციის ეპოქაში პროტესტანტი ღვთისმეტყველები ამ შეხედულებას მკაცრად აკრიტიკებდნენ. მრავალი თანამედროვე კათოლიკი თეოლოგიც ასევე ერთობ სკეფტიკურად ეკიდებოდა ამ სწავლებას. არის კი იმის თქმის აუცილებლობა, თუ რამდენად შორსაა თომა აქვინელის სწავლება ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის შესახებ აღმოსავლურ-ქრისტიანული სწავლებისაგან? არასდროს, აღმოსავლეთის ეკლესიის არც ერთი წმინდა მამა საკუთარ თავს ნებას არ აძლევდა დაეკონკრეტებინა: ვინ დარჩა ჯოჯოხეთში ქრისტეს შთასვლის შემდეგ; არც ერთი აღმოსავლეთის მამა არ ამბობს იმას, რომ უნათლავი ჩვილები დარჩებიან ჯოჯოხეთში... და ბოლოს, აღმოსავლურ-ქრისტიანული ღვთისმეტყველებისთვის თავად სქოლასტიკური მიდგომაა მიუღებელი, რომლის დროსაც წმიდა წერილის საიდუმლოებრივი მოვლენები დეტალურ ანალიზსა და რაციონალურ განმარტებას ექვემდებარება.
ქრისტეს შთასვლა ჯოჯოხეთში ღვთისმეტყველთათვის, პოეტებისა და აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკოსებისათვის, პირველყოვლისა იყო საიდუმლო, რომელსაც შეიძლება უგალობო ჰიმნები, გამოთქვა სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ მასზე ვერაფერს იტყვი კონკრეტულად და შემაჯამებლად. ამიტომაც აღნიშნულ თემას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა საღვთისმეტყველო განსაზღვრებებში და მეტწილად ლიტურგიკულ ტექსტებში გვხვდება".1
მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, საითკენ მიჰყავს ტექსტის ავტორს საუბარი და რა მიზანს ისახავს ყოველივე ამის თქმა, ერთი ფსიქოლოგიური ხერხის შესახებ მოგითხრობთ.
თურმე არსებობს ოსტაპ ბენდერის ფსიქოლოგიური მეთოდი, როდესაც ადამიანებს სიტყვებზე მეტად, სახის გამომეტყველებისა და ტონის სჯერათ. მთავარია, სადავო შეხედულება უეჭველად და უყოყმანოდ უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოაჩინო. ასეთი ადამიანი საკუთარ სიტყვას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წარმართავს, თითქოს აქსიომად მიიჩნევდეს მას.
როდესაც მკითხველი ან მსმენელი ეცნობა მსგავს ტექსტებს, როგორც წესი, აეჭვებს არგუმენტების ნაკლებობა. ის ეკითხება საკუთარ თავს: სადღაა მტკიცებულება?, მაგრამ შემდეგ თავს იმ იმედით იმშვიდებს, რომ მოგვიანებით წარმოადგენენ მას; მოგვიანებით კი ავიწყდება ამის შესახებ. როდესაც მეორედ ისმენ ან კითხულობ იმავე ავტორის ტექსტს ან ქადაგებას, გეჩვენება, რომ ეს რაღაცნაირად ნაცნობია, მაგრამ როდესაც ეს მეთოდი ტექსტის ყველა გვერდზე გხვდება, მაშინ მას საზოგადო ცნობილ ფაქტორად აღიქვამ, რომელიც არც საჭიროებს ფიცი-მტკიცს. ამასობაში გვავიწყდება, რომ მტკიცებულება სიტყვათა მრავალგზისი გარემოებითაა ჩანაცვლებული.
ამბობენ, რომ იგივე პრინციპი მოქმედებს რეკლამის ყურების ან მოსმენის დროს. ამიტომ, ლიბერალები, ფსიქოლოგების მსგავსად მოქმედებენ: მართლმადიდებლობას უწოდებენ კათოლიციზმს, ხოლო მართლმადიდებლობისაგან გადახრას - ჭეშმარიტების მოწმობას.
აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რის იმედათაც არიან ლიბერალები: მრავალ მკითხველსა თუ მსმენელს ხელთ არა აქვს შესაბამისი ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც იგი შეიძენდა პროფესიულ ცოდნას და შესაბამისად შეძლებდა შეხედულების შეფასებასაც. მკითხველმა იქნებ ინტუიციით იგრძნოს სიყალბე, მაგრამ არ ძალუძს შეამოწმოს, რომ ის უბრალოდ მოტყუებულია თუ არა.
ზემოთ მოყვანილი ტექსტი სწორედ ამ მეთოდის პირდაპირი ხორცშესხმა გახლავთ. ტექსტის ავტორი, სრულიად უყოყმანოდ უტიფრად ცრუობს, რომ „არასდროს, არც ერთი აღმოსავლეთის ეკლესიის მამა არ აკონკრეტებს ვინ დარჩა ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლის შემდეგ", რომ ამ საკითხს „ნაკლები ყურადღება ექცევა ღვთისმეტყველთა მხრიდან", რომ „მას უგალობო ჰიმნები", „გამოთქვა სხვადასხვა მოსაზრება" და მისთ. ამ დროს ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის საკითხი გახლავთ დოგმატური სწავლება. მასზე მრავალ წმინდა მამას, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის, ჩამოყალიბებული სწავლება გააჩნია - ამ საკითხს ცალკე ქვეთავად განვიხილავთ.
გარდა ამისა, ლიბერალები ლამობენ თავიანთ სასარგებლოდ განავითარონ მოსაზრება დასავლეთის ეკლესიის ისეთი დიდი წმინდანების შესახებ, როგორებიც არიან წმ. გრიგოლ დიოლოღონი, ნეტარი ავგუსტინე, წმ. ლევი და სხვ. მათ ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის შესახებ მტკიცე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბეს: „ჯოჯოხეთში ჩასულმა უფალმა თავისი მადლით მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვისაც სწამდა, რომ იგი მოვიდოდა" (წმ. გრიგოლ დიოლოღონი). „ქრისტე შთახდა ჯოჯოხეთს კეთილთა სანუგეშოდ ან სხვათა შესაგონებლად, ასე რომ, პირველთ თავისდა საცხოვნებელად სწამთ, ხოლო მეორეთ თავისდა დასასჯელად არ სწამთ" (ნეტარი ავგუსტინე).
ლიბერალები ამ წმინდანებს დასავლური მსოფლმხედველობის მატარებლებად მიიჩნევენ. ეს კვლავ ნაცადი ფსიქოლოგიური ფანდია: ეს წმინდანები დასავლეთში ცხოვრობდნენ (თუმც წმ. გრიგოლ დიოლოღონმა თავისი ცხოვრების ნაწილი კონსტანტინოპოლში გაატარა), ე.ი. წერდნენ არამართლმადიდებლურად; ე.ი. არ უნდა მივიღოთ და ვამხილოთ მათი სწავლება, რათა დავიცვათ მართლმადიდებლობა კათოლიციზმისაგან.
ამ დროს, ცნობისათვის, წმ. გრიგოლ დიოლოღონი და წმ. ლევი სხვადასხვა დროს რომის პაპები გახლდნენ. ქალკედონის კრების წმ. მამებმა ერთხმად მიიღეს მათი ქრისტოლოგიური ეპისტოლეები, ვით ჭეშმარიტი სწავლება და განაცხადეს: „ლევი - მართლმადიდებლობაა".
ასე რომ, თანამედროვე ქრისტიანი, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის დოგმატურ განსაზღვრებაში უნდა იპოვოს ჭეშმარიტება, არცთუ ისე მარტივ ვითარებაშია. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია
1Сошествие во ад. Т1. Митр. Иларион (Алфеев). 2012.