საიმისოდ, რომ გარკვეული თეზა დაასაბუთონ, ლიბერალები არგუმენტებს, დასაყრდენს, წმინდა წერილსა და წმინდა მამათა გამონათქვამებში ეძებენ. ამ დროს, როგორც წესი, იგნორირებულია წმინდა წერილის მამებისეული განმარტება და წმინდა მამათა ერთიანი სწავლება.
ამჯერად განვიხილოთ წმინდა წერილის, კერძოდ, პეტრე მოციქულის ეპისტოლეს ის მონაკვეთი, რომელსაც თანამედროვე ლიბერალები სათავისო არგუმენტად იშველიებენ, სახელდობრ: ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ყველა აღმოიყვანა. მოვისმინოთ ეპისტოლეს ეს მონაკვეთი: „მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან" (1 პეტრ. 3, 18-20).
თანმიმდევრულად განვიხილოთ პეტრე მოციქულის სიტყვები:
1. ქრისტე სულთა საპყრობილეში შთავიდა მაშინ, როდესაც ის იყო მკვდარი ხორცით, ე.ი. როცა ხორცი განშორებული იყო სულისაგან, ვიდრე აღდგომამდე. წმ. ათანასე დიდი ამბობს: „ქრისტეს სხეულმა მიაღწია საფლავამდე, ხოლო სული შთავიდა ჯოჯოხეთში". ეს სწავლება საღვთისმსახურო გალობებშიც ფიგურირებს „საფლავსა ხორცით, ხოლო ჯოჯოხეთს სულით", ხოლო მესამე დღეს სული შეუერთდა სხეულს და აღდგა და მის თანა აღადგინა ყოველი მართალი, რომელიც ელოდა მის მოსვლას.
2. ქრისტე ჯოჯოხეთში შთავიდა და იქ იქადაგა. როგორც ამქვეყნად მყოფ, ისე ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანის სულს უნდა შეეცნო, ან უგულებელეყო ქრისტე - მიეღო ცხონების უწყება, ან დარჩენილიყო ყრუ და ბრმა ჭეშმარიტებისთვის. წმ. კირილე ალექსანდრიელიც გვასწავლის: „როგორც ამქვეყნად ყველას უქადაგა ქრისტემ თავისი განკაცებით, როგორც მისი მორწმუნეები ეღირსნენ დიდ წყალობას, ასევე ჯოჯოხეთში შთასვლით მან საკვრელთაგან გაათავისუფლა ისინი, ვინც ირწმუნა და შეიმეცნა ქრისტე, რამეთუ კერპთაყვანისმცემლობასა და უსჯულო აღვირახსნილობაში მცხოვრები სულნი, ხორციელ ვნებათაგან დაბრმავებულნი, ვერ შემძლებელნი იყვნენ ეხილათ ღმრთის ნათლის გამოცხადება, რათა ჭეშმარიტად შეეცნო ის, ვინც ყველას გასათავისუფლებლად მოვიდა".1
ამასვე ბრძანებს წმ. იოანე დამასკელიც: „როგორც მიწის ზემოთ მყოფთათვის ამობრწყინდა მზე სიმართლისა, ასევე მიწისქვეშ, ჯოჯოხეთში, სიბნელეში და აჩრდილთა შორის მყოფთათვისაც ამობრწყინდა მზე... ყველა მორწმუნეს საუკუნო ცხონების მიზეზად ექცა, ურწმუნოებს კი - ურწმუნოების მამხილებლად, ისევე ექადაგა ჯოჯოხეთში მყოფთათვისაც (1 პეტ. 3, 19), „რათა სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი" (ფილ. 2, 10). ამრიგად, გახსნა რა საუკუნითგან კრულნი, ის კვლავ აღდგა მკვდრეთით და გაგვიკვალა გზა აღდგომისაკენ".2
წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ბრძანებს: „ვიდრე დღეა, ვიდრე გრძელდება ამქვეყნიური ცხოვრება და ადამიანებს შეუძლიათ ირწმუნონ, უნდა იღვაწონ. შემდეგ დადგება ღამე, როდესაც ვერაფერს ვიმოქმედებთ ანუ ვერ ვირწმუნებთ, ვინაიდან სარწმუნოება - საქმეა. ამრიგად, მომავალ ცხოვრებაში ვერავინ ირწმუნებს... მომავალ ცხოვრებაში არ არის სარწმუნოება, არამედ ყოველნი - მსურველიცა და არამსურველიც რეალობას დაექვემდებარება".3 პეტრე მოციქულის სიტყვები „საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა" წმინდანმა ამგვარად განმარტა: „განაცხადა რა უფალმა, რომ მოკვდა ჩვენ ცოდვილთათვის, მოციქული შემდეგ ამბობს, რომ მან (უფალმა) ჯოჯოხეთში მყოფებსაც უქადაგა. ამის შემდეგ მოციქულს კიდევ უნდა განემარტა, რამდენად სასარგებლო იყო ქრისტეს სიკვდილი მანამდე გარდაცვლილთათვის და გადაეწყვიტა საკითხი: თუ განკაცება უფლისა ყველა ადამიანის ცხონებისათვის მოხდა, მაშინ როგორღა ცხონდებოდნენ მანამდე (ქრისტეს შობამდე) მცხოვრები გარდაცვლილები? მოციქული მყისიერად განმარტავს ერთსაც და მეორესაც, კერძოდ: ქრისტეს სიკვდილმა ერთიცა და მეორეც ერთდროულად წარმოშვა, - თავისი აღდგომით აღდგომის იმედიც და მანამდე მცხოვრებ გარდაცვლილთა ცხონების იმედიც. ვინაიდან მან, ვინც სათნოდ განვლო ამქვეყნიური ცხოვრება, ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლით მიიღო ცხონება, როგორც ფიქრობს წმ. გრიგოლ (ღვთისმეტყველი). ის ამბობს: „ქრისტემ ჯოჯოხეთში მყოფებთან შთასვლით განურჩევლად ყოველი როდი აცხოვნა, არამედ მხოლოდ მორწმუნენი".4.5
3. ქრისტეს ქადაგება ჯოჯოხეთში ყველასადმი იყო მიმართული, „რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს" ნოეს დროს.
მრავალი ადამიანი სიტყვა „ურჩის" გაგონებაზე ფიქრობს, რომ უფალი აი, ურჩების ანუ ყველა ცოდვილის შესახებ ამბობს ცხონდებაო. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მართალთა კატეგორიას არა მხოლოდ მოსეს რჯულის აღმსარულებლები, არამედ ყველა ის ადამიანი მიეკუთვნება, რომლებსაც სწამდათ ერთი ღმერთი და ელოდნენ მესიის მოსვლას. კონკრეტულ შემთხვევაში პეტრე მოციქული ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქრისტემ მათაც უქადაგა, ვინც ამქვეყნიური ცხოვრების დროს უარყო ნოეს ქადაგება. სწორედ მათ მოიაზრებს მოციქული „ურჩებში". „ეს იყვნენ სეითისა და კაენის შერეული შთამომავალი - შენიშნავს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), - მათ ჯერ კიდევ ახსოვდათ სეითის შთამომავლობაში არსებული გარდამოცემა. მაგრამ კაენის სული ჭარბობდა მათში, ნელ-ნელა ის გაბატონდა მათ ცხოვრებაში, გონებაში, სურვილებსა და საქციელებში.
ბიბლიაში მათზე წერია, რომ გახდნენ ხორც (იხ. შექმნ. 6, 3). ე.ი. მხოლოდ ამქვეყნიური სიამეებით ცხოვრობდნენ. უწმინდურება და ცოდვა სულ უფრო ძლიერდებოდა. წარღვნის წინ კი კაცობრიობა ცოდვათა ურიცხვ მორევში უკვე სულიერად იღუპებოდა. ნოე ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა მის ქადაგებას.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გულები ქვისაგან იყო შექმნილი, ხოლო ქადაგება, რომელიც დაახლოებით ასი წელი გრძელდებოდა, უშედეგო რჩებოდა. მაგრამ ეს ასე არ არის. მწუხარებამ, ვით ჩაქუჩმა, გააპო მათი გაქვავებული გულები. წარღვნის დაწყების ჟამს ადამიანებმა დაინახეს, რომ სრულდებოდა ნოეს სიტყვები და მრავალმა მათგანმა, ვინც თავის დროზე არ მიიღო მქადაგებლის სიტყვა, სიკვდილის პირისპირ მდგარმა შეიგნო საკუთარი ცოდვილობა და შეინანა. ამ პერიოდში ჯერ არ იყო დავიწყებული ძველი გარდამოცემა, რომელიც სეითის შთამომავლობაში ინახებოდა, რომ ქვეყნად მოვიდოდა მესია და ღვთის სამსჯავრო ელოდა კაცობრიობას.
იმ ადამიანთა სულები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, ღმერთზე ლოცვით ჯოჯოხეთში გამოხსნის მოლოდინში იყვნენ. მათ კი, ზეცის წყევითა და სასოწარკვეთილებით რომ აღესრულნენ, დაეხშოთ შინაგანი, სულიერი თვალი და ჯოჯოხეთშიც ვერ იხილეს, ვერ შეიცნეს იქ შთასული მაცხოვარი. ქრისტეს ქადაგება არა მხოლოდ წარღვნამდელი ადამიანებისაკენ იყო მიმართული, - ისინი პეტრე მოციქულმა ნიმუშისთვის მოიყვანა, - არამედ ეხებოდა ყველა, ქრისტეს ჯვარცმამდე აღსრულებულსაც. ისინი, ვინც ამქვეყნად ძველი გარდამოცემითა და ღვთის მცნებებით ხელმძღვანელობდნენ, გარდამოცემაში იმყოფებოდნენ და საკუთარი სინდისის მოსმენით შეიცნეს თავიანთი მაცხოვარი. ქრისტეს ქადაგება ასევე მიემართებოდა მათ, ვისაც მიეცა მოსეს რჯული, ძველი აღთქმის წიგნები და იერუსალიმის ტაძარი. ერთისა თუ მეორის სარწმუნოება სიყვარულის საქმეებისა და მოწყალების შედეგად უნდა განხორციელებულიყო".6
კიდევ ერთი საკითხია საყურადღებო. პეტრე მოციქულის აღნიშნული ფრაზის მოშველიებისას ლიბერალები ბოლომდე არ ციტირებენ ხოლმე ამ სტრიქონებს. საქმე ისაა, რომ ეპისტოლეს მეოცე მუხლის ბოლო სიტყვები „რომელსა შინა (კიდობანში) მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან" (1 პეტრ. 3, 20) სულაც არის ლიბერალებისთვის ხელსაყრელი არგუმენტი. მათი ბაგეებიდან მუდმივად გვესმის, რომ მართლმადიდებლები სხვა კონფესიებსა თუ აღმსარებლობებთან შედარებით მცირერიცხოვანი პროცენტია: „ნუთუ მსოფლიო მოსახლეობის ესოდენ მცირე პროცენტი ცხონდება და სხვა წარწყმდება? გვსმენია მკრეხელური შედარებებიც ღმერთთან მიმართებით თქმული: „რა ქვია ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი შესაძლებლობის მხოლოდ ორ პროცენტს აღასრულებს", კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამას სასულიერო პირი ამბობს და თან დასძენს: „მე ასეთი ღმერთი არ მრწამსო".
მაგრამ სწორედ „ასეთი ღმერთისაგან" გვესმის წმინდა წერილში: „შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა, ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას" (მათ. 2. 13-14); „რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ" (ლუკ. 14, 24); „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკ. 12. 32).
როგორც ვხედავთ, თავად უფალმა გვაუწყა ის სამწუხარო რეალობა, რომ წარწყმენდილთა რიცხვი დიდია, ხოლო ცხონებულთა - მცირე. საინტერესოა: როგორი ღმერთი სწამთ ლიბერალებს?
დავუბრუნდეთ თემას. თუ შევადარებთ ნოეს კიდობანში გადარჩენილ ადამიანებს წარღვნამდელ კაცობრიობასთან, მაშინდელი ეკლესიის წევრთა რიცხვი (სწორედ ასე უწოდა კიდობანს წმ. ფილარეტ მოსკოველმა) გაცილებით მცირეა, ვიდრე ზოგადად მართლმადიდებლებისა სხვა რელიგიებთან შედარებით. იბადება კითხვა: ნუთუ არც „ასეთი ღმერთის" განაჩენი მოსწონთ ლიბერალებს? როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო - წარღვნის დროს მხოლოდ რვა ადამიანი გადარჩა, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ოკეანემ შთანთქა? როგორ შეიძლებოდა ეკლესიის რიცხვი შემცირებულიყო რვა ადამიანზე? დასკვნა ერთია: რიცხობრივი შეფასება, ვინ მეტია და ვინ ნაკლები, ეკლესიის წიაღში უადგილოა. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია
1Кирил Иерусалимский. Фрагменты.
2Прп. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной Веры. Творения. Т2. გვ. 285.
3Толкование на Евангелие от Иоанна. Блаж Феофилакта Болгарского. М 2000. გვ. 212.
4Св. Григорий Богослов. Творения М. 1844 Ч, слово 45. გვ. 179.
5იქვე Феофилакт Болгарский. გვ. 218.
6Арх. Рафаил (Карелин). О современном негностицизме.