მოგეხსენებათ, პროტესტანტულ სამყაროში პრაქტიკულად არ არსებობს კანონიკური სამართალი და დაშვებულია საღვთო მცნებების თვითნებური განმარტება. გარდა ამისა, ისინი მცნებებს „მნიშვნელოვან" და „უმნიშვნელო" კატეგორიებად ჰყოფენ. ეკლესიის (პირობითად) „ნაკლებად მნიშვნელოვანი" წესები და კანონები ტერმინით: - „ადიაფორა" - აღინიშნება. ადიაფორა (ბერძ. - გულგრილი)-ის ბიბლიური მცნებებია, რომლებსაც პროტესტანტების აზრით, აუცილებელი დატვირთვა არ გააჩნიათ. ეს ტერმინი ყველა კანონიკური და დოგმატური სწავლების თვითნებური განმარტების შესაძლებლობას იძლეოდა. ამგვარმა სულისკვეთებამ, როგორც ჩანს ჩვენში იჩინა თავი. მან „მართლმადიდებელ" ლიბერალებს ღვთისმეტყველებაში „თეოლოგუმენის" პრინციპის შემოღება განაზრახვინა. „თეოლოგუმენის მეთოდი" მე-19 საუკუნეში სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორის ვ. ბოლოტოვის მიერ იყო მოგონილი. ის ამბობდა: „არავის აქვს უფლება ამიკრძალოს ჩემი პირადი საღვთისმეტყველო შეხედულება და დავეყრდნო თეოლოგუმენს, გამოთქმულს თუგინდ ერთი ეკლესიის მამის მიერ, თუკი არ არის დამტკიცებული, რომ კომპეტენტური საეკლესიო სამართლის მიხედვით ეს შეხედულება ცდომილებადაა მიჩნეული"1.
ანუ მოდერნისტები ბოლოტოვის მოსაზრებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ თუ რომელიმე თეზისს არ გააჩნია უშუალოდ დოგმატური მნიშვნელობა, და თან ის აშკარად არ არის უარყოფილი კრებების მიერ, ლოგიკური განმარტების შემთხვევაში არ მივყავართ დადგენილი დოგმატური სწავლების წინააღმდეგ, არ ეთანხმება უმეტესი წმინდა მამის აზრს, მაგრამ მაინც გააჩნია „ხელჩასაჭიდი" ეკლესიის გადმოცემის ზოგიერთ მოწმობაში - მაშინ ამ მოსაზრებას შეგვიძლია დავეყრდნოთ.
მაგრამ მართლმადიდებლური პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში რამდენადმე სხვაგვარია. არქ. რაფაელი ცნობილ რუს დიაკონთან საპოლემიკო ნაშრომში ამბობს: „თუ ერთი წმინდა მამის აზრი ეწინააღმდეგება ეკლესიის გადმოცემას, ან სხვა მამების სწავლებას, მაშინ მართებულად უნდა მივიჩნიოთ ის სეხედულება, რომელიც უმრავლესობას გააჩნია, როგორც მეტად სარწმუნო. ჭეშმარიტების საოცარი მოწმობა სულიერი გამოცდილებისა და სწავლების ერთობა გახლავთ, რომელიც ამ გამოცდილების საფუძველზე მრავალ წმინდა მამას აქვს აგებული. ეს არ გახლავთ უბრალოდ მოსაზრებების დამთხვევა, არამედ ეს ერთი რეალობის მისტიკური ჭვრეტა და თვითმხილველთა მოწმობაა. თეოლოგუმენის მიერ თავისი გემოვნებით, ან პოლემიკური ინტერესით, მხოლოდ ერთი ავტორიტეტის სიტყვაზე არჩევანის გაკეთება ძალიან ჰგავს იეზუიტების მეთოდს, რომელსაც პრობაბელიზმი ეწოდება. ამ მეთოდის თანახმად, საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში, თავის გამართლების მიზნით, საკმარისია მხოლოდ ერთი ავტორიტეტის გამონათქვამის მითითება, ხოლო საჭირო ციტატის მოძიება და საკუთარ მოსაზრებებში მისი გამოყენება - არც თუ ისე რთულია"2.
გარდა ამისა, წმინდა მამები ქამის ცოდვად მიიჩნევდნენ იმ წმინდანის აზრის ციტირებას, რომლის შეხედულება უმრავლესობის აზრს ეწინააღმდეგება. აი, რას წერს ამის შესახებ წმინდა მღვდელმთავარი ფოტი: „10 ან 20 მამაც კი რომ ამბობდეს ერთს, ხოლო 600 და მრავალი სხვა არ იზიარებდეს ამას: ვინ შეურაცხყოფს მამებს, - განა არა ისინი, რომლებიც ზოგიერთი წმინდა მამის პირად მოსაზრებას კრებების წინააღმდეგობაში აყენებენ და უპრატესობას ანიჭებენ მათ, თუ ისინი, რომლებიც თავის დამცველად მრავალ წმინდა მამას ირჩევს?"3. წმ. ბიკენტი ლირინელიც მას მოწმობს: „რასაც ყველა მამა ან მამათა უმრავლესობა, ერთსულოვნად, აშკარად და ყოველთვის ღებულობს, ის უნდა მივიჩნიოთ ჭეშმარიტად და უცდომელად". ამ წესით ხელმძღვანელობდა ეკლესია ყოველთვის იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომელთა შესახებაც მამების აზრი ყველაფერში არ ეთანხმებოდა ერთმანეთს.
უნდა აღინიშნოს, რომ თეოლოგუმენური „ხელოვნება" აგებულია იმ მოსაზრებაზე, რომ თითქოს არ არსებობს ერთიანი მამებისეული შეხედულებების სისტემა. ამ მოსაზრებამ თავისი განვითარება ჰპოვა მე-19 საუკუნის პროტესტანტი თეოლოგების ნაშრომებში (რათა რეფორმის აუცილებლობა გაემართლებინათ). მაგრამ სხვაგვარად მიიჩნევდნენ წმინდა მამები. მათთვის პატრისტიკა ყოველთვის ერთიანი იყო. „ეს აკადემიური რაციონალიზმი აპირისპირებს ერთ მამას მეორესთან, შენიშნავს მათში „ზეგავლენას" ერთმანეთზე, ჰყოფს მათ „სკოლებად", ან „ფრაქციებად" და პოულობს მათში უთანხმოებას". - ამბობს მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი).
რამდენიმე წმინდა მამის აზრი ჩვენ გამოვიყენეთ ამ წერილში (იხ. გვ. 21-22), მიუთითებთ კიდევ რამოდენიმე მამის ციტატას ჩვენი მოსაზრების გასამყარებლად. ამხელს რა ამ მანკიერებას, ნეტ. პეტრე დამასკელი ამბობს: „იმის გამო, რომ ჩვენ ვიაზრებთ არა მხოლოდ ჩვენთვის სასიკეთოდ აღსრულებულ მოვლენას, არამედ მიზანსაც ყოველივე ამისა - წ მ ი ნ დ ა წ ე რ ი ლ ი ც, წ მ ი ნ დ ა მ ა მ ა თ ა, წინასწარმეტყველთა და მართალთა აზრებიც გვეჩვენება ერთმანეთში შეუთავსებლად, რაც შეუძლებელია ასე იყოს."4
შემდეგი ციტატა წმ. ევგენის (ბულგარისი) ეკუთვნის: „რომც არ გაგვაჩნდეს წმინდანებისადმი უპირატესობის მინიჭების სხვა საფუძველი, ისიც საკმარისია, რომ წმინდა მამები და ეკლესიის მასწავლებლები ყოველი დოგმატის განსაზღვრებაში ერთსულოვანნი არიან, ყოველივეზე ერთნაირად მსჯელობენ, არაფერში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს; არამედ თითქოს მრავალი ხმიდან ეკლესიის ერთ, სრულიად შეთანხმებულ და ჰარმონიულ გალობას შეადგენენ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ერთია. სადაც სულიწმინდის განათლება და მოქმედებაა, იქ არ შეიძლება იყოს უთანხმოება"5.
ყურადსაღებია წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვის) სიტყვაც: „რაც ყველაზე მეტად მაოცებდა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამათა თხზულებებში - იყო მათი ერთსულოვნება, საოცარი, დიადი ერთსულოვნება მე-18 საუკუნეა მათი ბაგეებიდან ერთხმად დამოწმებულია ერთიანი, ღვთაებრივი სწავლება"6.
და ბოლოს, არსებობს შილინგის შესანიშნავი გამონათქვამი წმ. მამათა განმარტებების დასაცავად: „რეფორმატორების უმძიმესი დანაშაული ისაა, რომ მათ უფლის ცხოველსმყოფელი სიტყვის ნაცვლად, ბიბლიის მშრალი სიტყვა დაამკვიდრეს. ჩვენმა ყოველმან ღირსმა მამებმა ეს კარგად იცოდნენ და სადაო საკითხების გადაჭრისას, მით უფრო მის განსაზღვრებისას, თუ რა უნდა ჩაითვალოს შეცდომად, ისინი იმდენად საღვთო წერილის საკუთარ განმარტებას არ ეყრდნობოდნენ, რამდენადაც მთელი სამოციქულო ეკლესიის ერთსულოვან და შეთანხმებულ მოწმობას, ეს თანხმობა კი სხვა არაფერია, თუ არა ის ცხოველსმყოფელი სიტყვა, რომელიც გვიქადაგეს ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა"7.
ადიაფორა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში კიდევ სხვა სახით - იკონომიის დამახინჯებული ფორმით დამკვიდრდა. იკონომია - პ. ბუმისის განმარტებით - კომპეტენტურად მიღებული და ქრისტიანული წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე დროებითი და გონივრული გადახვევაა რომელიმე საღვთო კანონის პუნქტისაგან, გადაადგილების გარეშე, რომელიც ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანის ცხონებისთვის არის დაშვებული"8.
ჩვენს ყოფით საეკლესია ცხოვრებაში კი იკონომია, დამახინჯებული შეხედულებით, განიხილება როგორც დაბალი ზღვარი დაშვებულისა, ხოლო აკრივია (ბერძ. - ზუსტი) - როგორც უმაღლესი. ნეტ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „იკონომია, რომელსაც ხანდახან იყენებდა ზოგიერთი წმინდა მამა, არც კანონად, არც ნიმუშად არ უნდა მივიჩნიოთ. ანუ აკრივიას და იკონომიას თანასწორი უფლებები არ გააჩნია. უპირატესობა ყოველთვის აკრივიას უნდა მიენიჭოს, ხოლო იკონომია მხოლოდ იშვიათ დათმობად მონანულის საკეთილდღეოდ".
მართალია, ეკლესიის კანონიკური სამართლის ისტორიამ იცის რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ ეკლესიის კანონები გარკვეული დროის შემდეგ იცვლებოდა. ასე მაგალითად, ეკლესიამ შეცვალა წმინდა ზიარებისაგან ცოდვილთა განყენების ვადები. არსებითად კი, ამჟამად მოქმედი კანონებით ისევ 9 განუხრელად მისდევს მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონებს. რაც შეეხება წმინდა ზიარებისაგან ცოდვილთა განყენების ვადებს, თვით მამები გვირჩევდნენ, რომ ყურადღება მივაქციოთ არა მარტო ამ განყენების ხანგრძლივობას, არამედ უფრო ცოდვილთა სინანულის სიღრმესა და სიწრფელეს.
დასავლურ ღვთისმეტყველებაში, ბოლო დროს, იკონომიის ქვეშ ერეტიკოსებთან ეკუმენისტური ერთობის განხორციელებას გულისხმობენ. აქედან იმავე სულით განმსჭვალულ „მართლმადიდებელ" ღვთისმეტყველებაში მკვიდრობს აზრი იმის შესახებ, რომ ეკლესიის კანონების დარღვევა შესაძლებელია ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ კანონები შუასაუკუნეების გადმონაშთია, რომ დღეს სხვაგვარად უნდა შევაფასოთ მათი მნიშვნელობა და ა. შ.
ამრიგად, წმ. მამათა ავტორიტეტის შესახებ კვლევა-ძიების გზით შემდეგ დასკვნამდე მივედით: წმ. მამები რელიგიური ცოდნის სფეროში ყველაზე საიმედო ხელმძღვანელები არიან, მათ ნაწერებში მოციქულთა გადმოცემაა დაცული: ამიტომ ყველანაირი კამათი საღვთისმეტყველო საკითხების გარშემო წმ. მამათა სწავლების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მაგრამ ამასთან ჭეშმარიტების უცილობელ მტკიცებად მხოლოდ ამა თუ იმ საკითხზე წმინდა მამების ერთსულოვანი აზრი გამოდგება, მხოლოდ ასეთი სწავლებაა ყველასთვის მისაღები, როგორც უცდომელი კანონი და არა მამათა ყოველი ცალკეული აზრი და ვარაუდი.
მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
1 Вызов новомодернизма. Арх. Рафаил. Стр. 90.
2 იქვე, стр. 91.
3 მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი. დ. ჯინჭარაძე, თბ. 2006 წ. გვ. 42.
4 Творение. П. Дамаскин. Кн. 1., стр. 118.
5 Увещательное послание к Сербам. Св. Евгений (Булгарис).
6Сочинение. Т. 1. Плач мой Св. Игнатий (Брянчанинов).
7 საღვთისმეტყველო კრებული. გვ. 7.
8 Непогрешимость Православия. П. Бумис. Стр. 48.
9 Плоды Экуменического древа. А. Дроздов, стр. 140