ღმერთს, ესოდენ უხვს მოწყალებაში, შეეძლო ყველა გაემდიდრებ-ინა, ეს რომ სასარგებლო ყოფილიყო. მაგრამ იგი სხვაგვარად იქმს ყოვლადბრძნული და ჩვენთვის მიუწვდომელი განგებულებით, რო-მლის წინაშეც ჩვენ მოწიწებულნი უნდა ვიყოთ და მადლიერებით ვემორჩილებოდეთ. მიეცით ბავშვებს კეთილი ზნეობრივი აღზრდა და როდესაც ისინი ღირსნი იქნებიან და როცა მათთვის სასარგებლო იქნება, ღმერთი მათ მისცემს სიმდიდრეს და მიანიჭებს საჭიროსა და საკმარისს.
ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ლოცვაში: „უფლო ჩვენო" და ვთხოვთ: „... იყავ ნება შენი"; აუცილებელია, რომ მხოლოდ სიტყვებს კი არ წარმოვთქვამდეთ, არამედ, მათ ჩვენი ნება და ჩვენი გონებაც უნდა ეთანხმებოდეს. შვილიერება ღვთის წყალობაა, რომელიც ადამიანებს ებოძათ, - და როგორ შეგიძლია შენ ის უარყო და უგ-ულებელყო? რაღა თქმა უნდა, შენთვის დამღლელია შვილების მოვლა-პატრონობა, მაგრამ ამაშიც გაქვს შენ ღვთის შეწევნა, და შრომა და დაღლა შენს ცხონებას წაადგება, რამეთუ წმიდა წერილი გვაუწყებს: „დედაკაცი... ცხოვნდების შვილითსხმისაგან" (I ტიმ, 2,14-15). უმჯობესია მივენდოთ ღვთის ნებას და შვილიერება ღმერთის წყალობად მივიჩნიოთ, მადლობას ვწირავდეთ ამის გამო, კი არ ვდრტვინავდეთ - მაშინ უფალი შეგიმსუბუქებს შენს შრომას, და თუ მისი ნება იქნება, საერთოდ გაგათავისუფლებთ მისგან.
გავიგე, რომ აპირებთ თქვენი შვილი... გააგზავნოთ ბ-ში, რათა იქ ისწავლოს ვაჭრობა და რაღაც სხვა განათლებაც მიიღოს. და რომ თქვენი წილი ბიძაშვილებთან თქვენ გეკუთნოდეთ. ჩემი აზრით, თქვენი შვილისთვის საკმარისი განათლება იქნება - იყოს კარგი ქრისტიანი, კეთილი ადამიანი, მორჩილი შვილი, ახსოვდეს ტაძარი ღვთისა, ლოცულობდეს, პატივს სცემდეს ღვთის ეკლესიის მსახურთ, მოძღვართ, ისმენდეს მათ სწავლებას, იშრომოს მოყვასისა და თავის საკეთილდღეოდ, არავინ არ დაჩაგროს, დაიცვას სიფხიზლე, უბიწოება და ამ ყოველივეს მორჩილებით აღასრულებდეს. აი, რა იქნება მისთვის ჭეშმარიტი განათლება.
რაც შეეხება მართლმადიდებლობის შენარჩუნებას თქვენ შვილებში - ეცადეთ უნერგავდეთ ამ მოძღვრებას, ლოცვით შესთხოვოთ ღმერთს ამის შესახებ. სამწუხაროდ, ამჟამად რელიგიაზე ესოდენ თავისუფ-ლად ლაპარაკობენ და წერენ, ოღონდ არა რწმენის აღსაშენებლად, არამედ დასაეჭვებლად; ახალგაზრდა თაობას ვნებიანობა ეუფლება, ის უფრო მეტად მიდრეკილია თავისუფლებისკენ, და არა გრძნობების მოზღუდვისკენ. გონებას თავისუფლებას აძლევენ, თუმც კი დაბინ-დული აქვთ. თუმცა, სასოწარკვეთა არ ეგების, არამედ შესთხოვეთ ღმერთს დაიცვას მათი ნორჩი გულები თვითნებური აზროვნებისგან, და თქვენ თვითონ შეეცადეთ შთააგონოთ, მათი ასაკის შესაბამისად, წარმოდგენა მართლმადიდებელ ეკლესიასა და ღვთისმოსაობაზე: რაც ნორჩ გულში დაინერგება, სრულწლოვანებაში განმტკიცდება, ნორჩ ნაყოფზე გამოსახული სიტყვები მომწიფებულზე უფრო მკაფიოდ წარმოჩნდება. როდესაც ეკლესიაში მიდიხართ მათთან ერთად, შეიძლება ცოტაოდენი ესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის ეკლესია და ვის სცემენ იქ თაყვანს - ყოვლადმაღალ ღმერთს, ჩვენს შემქმნელს - და რომ მან იცის და ხედავს არა მხოლოდ იმას, თუ რას ვაკეთებთ და ვლაპარაკობთ, არამედ რასაც ვფიქრობთ, კარგი საქმისათვის გვაჯი-ლდოებს, ცუდისთვის კი გვსჯის. ხშირად უნდა ატაროთ ეკლესიაში თუ იშვიათად, მათი განწყობის მიხედვით გადაწყვიტეთ, მაგრამ დიდ დღესასწაულებზე აუცილებლად თან უნდა გყავდეთ. თქვენმა შვილმა საქმით დაამტკიცა თავისი მოშურნეობა ჩვენი სავანის გამო, თავის ახლობლებში ფული შეკრიბა და ჩვენ მალე მივიღებთ მისგან გამოგზავნილ 3 მანეთსა და 50 კაპიკს ვერცხლით. დაე, აკურთხოს უფალმა მისი ნორჩი გული ღმრთის ჭეშმარიტებისა და სიყვარულის შესამეცნებლად. მაგრამ სიყვარულს შიში შეიქმს: „ხოლო შიში ღმრთისაჲთა მოაქციის ყოველმან ბოროტისაგან" (იგავ. 15,27). და არ ვიოცნებოთ, თითქოს სიყვარულის გამო ვიქმთ სიკეთეს, და „დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ" (იგავ. 1,7). და თქვენი ყველა შვილი... და თქვენ, დაე, აკურთხოს უფალმა და მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ცხონება.
ჩვენს დროში ძნელია დავიცვათ მოზარდები თავისუფლად მოაზ-როვნეობის ნაკადისგან, რომელმაც დედამიწა მოიცვა და რომელიც ადამიანის გონებას, ურწმუნოებით დაბინდულს, მღვრიე წყალში ახრჩობს. მაგრამ თქვენ, ღვთის შეწევნით, მათ გულებში დანერგეთ მართლმადიდებელი სარწმუნოების მარცვალი, დაარწყულეთ ღვთის შიშით, რომელსაც სიყვარულთან მივყავართ უფლის მცნებათა აღს-რულების გზით. მათ ნორჩ გულებში დანერგილმა ღვთისმოსაობის მარცვალმა, შესაძლოა, თავის დროზე მოიტანოს ნაყოფი მართლმა-დიდებელი რწმენის სიწმიდისა. ეცადეთ არ დაუშვათ, რომ იკითხონ წიგნები, რომელნიც ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა; უმწიფარ გონებას აქვს უნარი ყოველგვარი შთაბეჭდილებების აღქმისა. და, რაც მთავარია, - ილოცეთ უფლის მიმართ, დაე, იფარავდეს მათ მტრის ისართაგან და ცთუნებათაგან, და შესთხოვეთ თავისი კალთა გადააფაროს დედა ღვთისამ.
რთულია პასუხი გავცეთ კითხვას ბავშვების შესახებ: როდესაც ნათესავების და თანატოლების წრეში არიან, უნდა მივცეთ თუ არა უფლება ითამაშონ კარტი (ბანქო) და იცეკვონ? როგორ გადავწყვიტოთ ეს საკითხი - არ ვიცი. ძნელია წინ აღვუდგეთ იმას, რაც დამკვიდრდა საერო საზოგადოებაში, როდესაც ამა სოფელთან ვურთიერთობთ. უბრალოდ აღმსარებელნი უნდა ვიყოთ, გადავიტანოთ დაცინვა და დამცირება. მაგრამ მცირე ასაკიდან რომ მივცეთ ნება ბანქოს თამაშისა - ეს დროთა განმავლობაში შეიძლება ჩვევაში და ვნებაშიც კი გადაიზარდოს. ასევეა ცეკვაც, რომელსაც ერთმა ბრძენმა მქადა-გებელმა „ჰეროდიადას ხელოვნება" - უწოდა და რომელსაც ეს სოფელი უვნებელ სიამოვნებად მიიჩნევს, არსით კი ცოდვისმიერია. რაც კი შეიძლება, უნდა ჩავაგონოთ ბავშვებს, რომ მათთვის ერთიც და მეორეც მავნებელია; მაგრამ ისინი, სხვა ბავშვების შემხედვარე, რომლებიც ამით ერთობიან, ან შეშურდებათ მათი, ანდა გაკიცხვას დაუწყებენ, და თავისი თავი მათზე უკეთესები ეგონებათ. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე, მაგრამ ჩვენი გონებიდან გამომდინარე კი არა, არამედ ლოცვით შევთხოვოთ უფალს, მოგვანიჭოს გულისხმისყოფა, როგორ უნდა მოვიქცეთ ბავშვების აღზრდისას. დაე, ღმერთმა დაიფაროს ისინი მავნე საერო ჩვეულებათა გამხრწნელი სულისკვეთებისგან.
Xareba.net - ის რედაქცია