მაცხოვარმა უთხრა სამარიტელ დედაკაცს: „თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყვანისვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხოვრება ჰურიათაგან არს" (იონ. 4. 22). წმ. იოანე ოქროპირი სვამს კითხვას: „სამარიტელებმა რანაირად არ იცოდნენ, ვის სცემდნენ თაყვანს?" და უპასუხებს: „ისინი განაგრძობდნენ ღვთისა და ეშმაკის ერთდროულ მსახურებას, იმის შერწყმას, რისი აღრევაც შეუძ-ლებელია. იუდეველები კი თუმც არა ყველა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც თავისუფალნი იყვნენ ამ ცდომილებისაგან - უფალს სამყაროს ღმერთად აღიარებდნენ". სიტყვები „რამეთუ ცხოვრება ჰურიათაგან არს". იოანე ოქროპირისავე განმარტებით, ან იმას ნიშნავს, რომ სამყაროს მადლი იუდეველებისგან მოეფინა, (ვინაიდან მათ წიაღში ჩაეყარა საფუძველი ღვთის შემეცნებას, კერპების უარყოფასა და ყველა სხვა წეს-განგების განსაზღვრებას; თუნდაც სამარიტელთა თაყვანის-ცემა ვთქვათ, რომლის წარმომადგენელთანაც საუბრობდა მაცხოვარი - ა. ლ.), ან იმას, რომ უფალი ცხონებას უწოდებს თავის მოსვლას სამყაროში. არ შესცოდავს ის, ვინც ერთსაც და მეორესაც უწოდებს ცხოვრების დასაბამს, ვინც ქრისტეს სიტყვისამებრ, ჰურიათაგან არს... ხედავთ, როგორ განადიდებს მაცხოვარი ძველ აღთქმას და გვიჩვენებს, რომ მადლის დასაბამი რჯულია და რომ თავად არაფერში ეწინააღმდეგება რჯულს. მართალი ქრისტე ბრძანებს, რომ ცხოვრება ჰურიათაგანაა, მაგრამ „მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტი თაყვანის-მცემელნი თაყვანს-სცემდნენ მამასა სულითა და ჭეშმა-რიტებითა" (იონ. 4. 23). ამით უფალი ამბობს, ჩვენი (ჰურიების) თაყვანისცემის ფორმა უპირატესია, მაგრამ ესეც დასრულდებაო - არა მხოლოდ თაყვანისცემის ადგილი, არამედ თავად ღვთისმსახურების ფორმა შეიცვლებაო.1
ყური დავუგდოთ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს სიტყვებს: „ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუ-ნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა" (რომ. 3. 30). წმ. თეოფანე დაყუდებული ხაზს უსვამს ამ განსხვავებას: „ცხადია, არსებობს გარკვეული განსხვავება წარმართსა და იუდეველს შორის". იუდეველში რჯული და წინასწარმეტყველთა წერილები, ასევე სარწმუნოებაც, ვით ღვთის უწყება იმთავითვე მკვიდრობს. ისინი უკვე იმყოფებიან ღვთის მფარველობის ქვეშ; ხოლო წარმართი, ღვთის განსაკუთრებული შეწევნის გარეშე, ოდენ იმ რწმენით, რომ ღმერთი მასაც არ დატოვებს, ვინაიდან ღმერთია ყოველთა, ვერ ცხონდება. ღვთის სამკვიდრებელში შესვლა რომელიღაც კარიდან მართებდა. წარმართისთვის ეს კარი სწორედ რომ სარწმუნოებაა. იუდეველი კი რჯულითა და წმინდა წერილით შთაგონებული უნდა გაზრდილიყო სარწმუნოებაში".2 წმ. კირილე თავისი „გლიფირების, ანუ მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებას" ამგვარად იწყებს: „გამოიძიებდით წიგნთა" (იონ. 5. 39) - მოუწოდებდა იუდეველებს ქრისტე. მაცხოვარი მკაფიოდ ამბობდა, რომ მარადიულ ცხოვრებას სხვაგვარად ვერავინ მიაღწევს, თუ რჯულში საგანძურის, მარგალიტის ანუ ქრისტეს ძიებას არ შეუდგა.3
რომაელთა მიმართ ეპისტოლე იმითაცაა ერთობ მნიშვნელოვანი, რომ აქ იუდეველებსა და წარმართებს შორის ურთიერთობა ორივესთვის განსაზღვრული ღვთის განგებულებისამებრ ირკვევა: რჩეული ერი, რომელზეც განსაკუთრებული მზრუნველობა ღვთისა და წარმართები, თითქოს დროებით მიტოვებული ხალხი. მოციქული ადასტურებს, რომ იუდეველები თავისი ურწმუნოებით განუდგნენ ღმერთს, მაგრამ ჯერ კიდევ იმყოფებიან განსაკუთრებული განგებულების ქვეშ: „არა განიშორა ღმერთმან ერი თვისი, რომელი-იგი წინასწარ იცნა" (რომ. 11. 2). შემდეგ მოციქული ამბობს: „უკუეთუ ძირი იგი, წმიდა არს, და რტონი მისნი, ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტვირთავს, არამედ ძირსა მას - შენ" (რომ. 11. 17-18). „ძირი იგი წმიდაში" მოციქული გულისხმობს არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ თავის ყველა დანაპირებს - წინასწარმეტყველებებს, წეს-განგებას, დადგენილებებს, რომლებიც მიეცა რჩეულ ერს, ხოლო ველურ ზეთისხილში - იგულისხმებიან წარმართები. წმ. თეოფანეს განმარტებით, მოციქული „რტოებში" მოიაზრებს პატრიარქებიდან წარმოშობილ იუდეველს, ვის მოდგმასაც აღეთქვა ხსნა".4 „ველურ ზეთისხილს იმიტომ უწოდებს წარმართებს, რომ ისინი არ იყვნენ იუდეველების მსგავსად აღზრდილნი; არ ჰქონდათ ღვთის მიერ ბოძებული რჯული, არც წინასწარმეტყველებები, არც ღვთის განსაკუთრებული განგებულების ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ველური, მებაღის მიერ დაუმუშავებელი ზეთისხილის მსგავსად იზრდებოდნენ. ამდენად განსაკუთრებული და ღვთისმიერი არაფერი გააჩნდათ გარდა იმისა, რაც ადამიანის ბუნებაში იყო ჩადებული".5 მაგრამ ღვთის მიერ იუდეველი ხალხის გამორჩევა, მათთვის განსაკუთრებული მისიის დაკისრება შემთხვევითი არ გახლდათ: „რამდენი ტომი წარმოიშვა ნოეს შთამომავლობისაგან და რამდენი ერი გაჩნდა მათგან ბაბილონის მშენებლობის შემდეგ? ყველა მათგანიდან ღმერთმა მხოლოდ ებრაელი ხალხი გამოარჩია, თანაც ნაწილობრივ „მხოლოდ აბრაამის შთამომავალი აირჩია, რომლისგანაც წარმოშვა თავისთვის განსაკუთრებული ერი. სწორედ ამ ხალხს ეწოდა რჩეული. მათ განსაკუთრებული ცოდნა და დანიშნულება ჰქონდათ, ისინი მრავალი წყალობითა და ნიჭით სარგებლობდნენ: მიეცათ რჯული, ეგზავნებოდათ წინასწარმეტყველები, მათთვის იყო ნიშნები და სასწაულები... იუდეველებს თავიანთი ნაკლიც ჰქონდათ და აქვთ დღესაც, მაგრამ ერებისაგან უკეთესად ვერავინ აღასრულებდა ადამიანის ცხონებისათვის განსაზღვრულ ღვთის განგებულებას. ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ყოველივე და ამიტომაც გამოირჩია ისინი".6 მოციქული წარმართებზე ბრძანებს: „რამეთუ ვითარცა - იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა" (რომ. 11. 30). წმ. თეოფანე წერს, რომ იუდეველები რჩეული ხალხია. სიტყვაში „ოდესმე" მოციქული გულისხმობს იუდეველი ხალხისათვის რჯულის დადგენისა და მათი სწავლების დროს. რჯულით რომ ცხოვრობდნენ, იუდეველები ღმერთს ემორჩილებოდნენ, წარმართებს კი არც სურდათ ღვთის ამ დადგენილებების ცოდნა, არაფრით თანხმდებოდნენ მისდამი მორჩილებას, თუმცა რჯულის შესახებ ცოდნა დადგენის დღიდან ყველგან ვრცელდებოდა".7
ამრიგად, წარმართების საცხონებლად აუცილებელი იყო მორჩი-ლებით იმ აღთქმის ქვეშ დაბრუნება, აბრაამის შთამომავალს რომ მიეცა და ვით მაცოცხლებელი წვენი, კვებავდა ცხონებულთა მოდგმის ხეს. ამიტომაც ცხონების მსურველ წარმართებს მოციქული მიმართავს: „უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყვენ მათ ზედა და თანა - ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ" (რომ. 11. 17), ანუ: „შენ, წარმართო, ველური ზეთისხილი ხარ, რომელსაც წვენიც კი, ნაყოფიც მისაღებად უვარგისი გქონდა, ბუნებრივად კი არ აღმოცენდი, არამედ ჩამოეკიდე, მიეწებე ნაყოფიერ ზეთისხილს და ნაყოფიერი ზეთისხილის თანაზიარი გახდი. წარმართში შევიდა სათნო, ნაყოფიერი წვენი, შედეგად გააძევა მავნე და სასურველი ნაყოფის მოცემისთვის სასარგებლო ჰყო".8
წმინდა თეოფანე შენიშნავს, რომ ამ სიტყვებით (იხ. რომ. 11. 18) მო-ციქული გვაწვდის შემდეგ აზრს: „ცხოვრების ხე, სამყაროს დასა-ბამიდან ერთადერთია. ვერავინ ცხონდება მისგან განმხოლოებული". ეს აღთქმა ღვთის განსაკუთრებული განგებულებით დაცული იყო იუდეველ ხალხში, ხოლო უფალ იესო ქრისტეს განხორციელებით, მათთან შერწყმით, ყველა ხალხისთვის მისაწვდომი გახდა. ეს მაცხოვარმაც დაადასტურა სამარიტელთან საუბრისას, როცა განაც-ხადა, რომ „ცხონება ჰურიათაგან არს".
ამასვე შეგვიძლია მოვაკუთვნოთ იაფეტისთვის მიცემული მართალი ნოეს წინასწარმეტყველებაც: „განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდრობს! დაემორჩილოს მას ქანაანი! (დაბად. 9. 27)".9
ამრიგად, წმ. კირილე ალექსანდრიელი იაფეტზე (ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ ის იყო მადიამის მღვდელმსახური) ამბობს, რომ იმ დროშიც, რჩეული ერის მიღმაც, თუმც მოიძებნებოდნენ „მღვდლები და მსახურები", მაგრამ ისინი არსობრივად წარმართებად რჩებოდნენ. „ადამიანს თუმც მიაჩნდა, რომ ეთაყვანებოდა უზენაეს ღმერთს, ...მაგრამ იმავდროულად სხვა ღვთაებებსაც ეთაყვანებოდა". ასეთები „თავს ღვთის თაყვანისმცემბელს უწოდებენ, მაგრამ საშუალო გზით დადიან: არც იუდეურ წეს-ჩვეულებას იზიარებენ სრულად, არც ელინურს. თითქოს გაორებულ მდგომარეობაში იმყოფებიან". წმ. კირილე შენიშნავს, რომ „იოფორი, როგორც ჩანს, სწორედ ამგვარი თაყვანისცემის ფორმას მისდევდა". მაგრამ როგორც კი შეიტყო, რა აღასრულა ღმერთმა ისრაელის გადასარჩენად, მთელი არსებით შეუდგა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას.
ამას ადასტურებს წმ. კირილეც: „მართლაც, მრავალი, გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი წარმართი, მოწოდებულ იქნა ღმერთზე აზრის შეცვლისკენ, გავრცელებული ხმების, ვიღაცის მიერ ჭეშმარიტ ღმერთზე გარდამოცემის გავლენით. შემდეგ თავად მიდიოდნენ ღვთაებრივი რჯულის ანუ წმინდა წერილით ხელმძღვანელობისკენ. ამგვარად ადიან პირველ საფეხურზე, ვინაიდან რჯულს ძალუძს ეს, ხოლო ძველი გადმოცემით განმტკიცებულნი მიდიან დასკვნამდე, რომ ღმერთი - ერთიანი და ერთადერთია, რომ მისდამი მართებთ მსხვერპლშეწირვა. მადიანიტელმა (იაფორმა), მოისმინა რა მოსეს მონათხრობი, თქვა: „ახალ კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე..." (გამოსვლ. 18. 11-12).
როგორც ვხედავთ, მოსე ანუ ძველი წერილი (გარდამოცემა) გახლ-ავთ თავდაპირველი მასწავლებელი და მას მივყავართ ჭეშმარიტი ღვთის შემეცნების საწყის მდგომარეობამდე".10
რჯული და გამოცხადებები რომ იუდეველთა რჩეულ ხალხს მიეცა, ამას ადასტურებს წმ. სოლომონ მეფის ლოცვაც, თქმული იერუ-სალიმის ტაძრის კურთხევის დროს. ის იყო იმ პერიოდისთვის ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის ტაძარი. წმ. სოლომონი სთხოვს უფალს: „უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო, რადგან გაგებული ექნებათ შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში, მოუსმენ ციდან, შენი სამყოფელიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე" (3 მეფ. 8. 41-43).
წმ. სოლომონის მიერ, ცხადია, ზეგარდამო შთაგონებული სიტყვი-დან ვასკვნით, რომ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემისა და შეცნობის ცენტრი, ღვთის შესახებ ცოდნის ერთადერთი მართალი სწავლების წყარო გახლდათ ის გამოცხადებები, წეს-განგებები, მსახურებები, რომლებიც მაშინ გააჩნდა იუდეველ ხალხს, როგორც ძველაღთქ-მისეული ეკლესიის ცხოვრების მცველებსა და მატარებლებს.
წმ. კირილე ამბობს: „რჯულის ხელმძღვანელობით იოლად მივდი-ვართ ქრისტეს საიდუმლოებებამდე. მან (რჯულმა) წინასწარ გვაუწყა მომავალი და შეიცავს მაცხოვრის საქმეების მკაფიო მონათხრობს, ცხადია, იგულისხმება სულიერად".11
„ჩვენს წინაშე მრავალი საშუალებით, ძველი მცნების თანახმად, შე-სანიშნავად წარმოჩნდა ქრისტეს საიდუმლოებანი. თითქოს ჩვენთვის ვლინდება მაცხოვრის მაცხოვნებელი ვნებები, რომლის მეშვეობითაც განვთავისუფლდებით ყოველი ბოროტებისაგან".12 „კუალად გიხმს-ვე-ღა მოძღვრებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყვათა ღმრთისათა; და იქმნენით მოქენე სძისა და არა მტკიცისა საზ-რდელისა" (ებრ. 5. 12). თუ ჩვენ უარვყოფთ ღვთის შესახებ უწყების პირველ სწავლებას, მაშინ როგორ მივალთ მიზნამდე? ვინაიდან წმ. წერილი ბრძანებს: „რამეთუ დასასრული შჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა" (რომ. 10. 4)".13
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ: მხოლოდ რჯულში დაფარული ქრისტეს საიდუმლოებების თანაზიარობით, მისი ნათელით, რომლის ხატება ნაწილობრივ იყო განცხადებული რჯულის საფარველქვეშ, ადამიანს იმ დროშიც შეეძლო გამხდარიყო ღვთაებრივი ნათლისა და ჭეშმარიტი ცხოვრების თანაზიარი, ვინაიდან ყველა სახის წეს-განგება, ძველი აღთქმის სიმბოლოები არსობრივად მიუთითებდნენ ქრისტეს გამოსყიდვისა და სიკვდილისაგან განთავისუფლების მოახლოებაზე. რჯული თითქოს ერთგვარი ხიდია, გადებული კაცობრიობის დაც-ემული ხომალდიდან უფალ იესო ქრისტეში ცხონების მყარი ნავსაყუდელისკენ.
ძველი აღთქმის ეკლესიის წეს-ჩვეულებებში მონაწილეობით მორწ-მუნეს, შესაძლოა, ბოლომდე არ ესმოდა მთელი სიღრმე საიდ-უმლოებისა. ამის მიუხედავად, იგი თავისი რწმენისამებრ თანაზიარი ხდებოდა გამომხსნელი საიდუმლოსი, მაცხოვრის ჯვარზე სიკვდი-ლისა და აღდგომისას რომ აღსრულდა.
იმ ერთობ მნიშვნელოვან წეს-ჩვეულებებში ღვთისმოშიშებით მონა-წილეობა14 მორწმუნეთ იმხანადაც განუმზადებდა სულის ჭურჭელს მადლის მისაღებად, მადლისა, რომელმაც ისინი, თავიანთი რწმენისა და იმედისამებრ, ქრისტეს გამომხსნელი ღვაწლის აღსრულებით, შემდეგ და შემდეგ აღავსო. (გაგრძელება...)
1Св. Иоанна Златоуста. Беседы на Евангелие от Иоанна. М. 1993. Кн. 1. გვ. 213-221.
2Толкования посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 244-245.
3Творения Св. Кирилла Александрийского. Кн. 2. Глафиры. გვ. 7.
4Толкования посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 731.
5იქვე გვ. 735.
6იქვე გვ. 743.
7Толкования посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 731.
8Св. Феофан. Толкования посланий Ап. Павла. Послание Римлянам. გვ. 725.
9იქვე გვ. 728.
10Творения Св. Кирилла Александрийского. Кн. 1. "О поклонении и служении в духе и истине”. М. 2000. გვ. 216.
11იქვე წმ. კირილესთან გვ. 446.
12იქვე გვ. 395.
13Св. Кирилл. "О покоянии и служении в духе и истине”. გვ. 128.
14ძველი აღთქმის ეკლესიის საიდუმლო არსით დაინტერესებულთ ვურჩევთ გადაიკითხონ წმ. კირილე ალექსანდრიელის შრომები, რომლებსაც ვეყრდნობით ამ სტატიაში. იქ იხილავთ ცალკეული წეს-ჩვეულებების დაწვრილებით განმარტებას, გაეცნობით ცალკეული საგნების სიმბოლურ მნიშვნელობას, რომელიც ძველი აღთქმის ღვთისმსახურების განუყრელი შემადგენელი ნაწილია. ის განგვიცხადებს, რომ, თუნდაც უმნიშვნელო წეს-ჩვეულებასაც კი, სიკვდილისა და ცოდვისაგან გამოხსნის ქრისტეს საიდუმლოებისკენ მივყავართ.
არქ. ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია