თავისუფლება ეკლესიაში განყენებული ცნება არ არის. იგი სიყვარულისა და პატივისცემის განცდის გვირგვინია. მართლმადიდებლური კანონების შესრულება ეკლესიის ფარგლებში ცხოვრებასა და საეკლესიო წესრიგის დაცვას გულისხმობს, რითაც საბოლოოდ სწორედ მორწმუნეთა ცხონების მიღწევაა შესაძლებელი. ამას საღვთისმეტყველო ენაზე აკრიბია ეწოდება. ეს გახლავთ ეკლესიის დოგმატებისა და კანონების ზუსტი და საიმედო დაცვა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში კანონის პირდაპირი მიდევნებით დაბრკოლება იქმნება. მაშინ ეკლესია, არა როგორც გარეგანი იურიდიული პირი, არამედ როგორც სიყვარულის მქადაგებელი ცოცხალი ორგანიზმი, აღნიშნულ კანონს დროებით და მოცემული ვითარებისათვის სრულად აჩერებს. ეს ნაბიჯი ადამიანს საბოლოო მიზნის მიღწევაში ეხმარება. ე.ი. აუცილებლობისას ეკლესია ყველასათვის სავალდებულო სამართლებრივი ნორმებიდან გადახვევას - პრივილეგიას (პრონომია) ან დისპენსაციას მიმართავს. კანონის ზუსტი დაცვისაგან, ანუ აკრიბიისაგან დროებით პრივილეგიისა და დისპენსიისაკენ მიქცევას მართლმადიდებელი ეკლესია იკონომიას უწოდებს.[1]
საეკლესიო შეწყალება (იკონომია) არის კანონთა აკრიბიიდან (კომპეტენტური ქრისტიანული პოზიციებიდან) - დროებითი და ლოგიკური გადახვევა (დოგმატურ ცნებათა დაურღვევლად), რაც ეკლესიის წიაღში და მის გარეთ მყოფ ადამიანთა ცხონებას ემსახურება.
მაშასადამე, იკონომიით (შეწყალებით) დაშვებულია გამონაკლისი, (კანონითა და აკრიბიით) გაუთვალისწინებელი მაგრამ დაცულია იმავე კანონისა და აკრიბიის მიზანი. თუკი იკონომიით მიიღწევა ადამიანის ცხონება, ეს ხომ აკრიბიის მიზანიც არის. შეიძლება ითქვას, რომ აკრიბია და იკონომია ერთი და იგივე სამრევლო მსახურებისა და საეკლესიო უფლებამოსილების ორი ასპექტია. ეკლესიას, რომელიც ყველაფერზე მაღლა აყენებს ადამიანთა ცხონების მიზანს, შეუძლია და აქვს უფლებამოსილება, თავისი განაწესებისამებრ უზენაეს საიდუმლოთა გაუყალბებლად გამოიყენოს ორივე პრინციპი - აკრიბიისაც და იკონომიისაც. აკი თავად უფალს უთქვამს: „შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის". (მარკ. 2.27.). სამართალი, როგორც ვთქვით ყველა ასეთ შემთხვევაში დაურღვეველია და გაუბზნავი რადგან შეწყალებით მიიღწევა ადამიანის ცხონება, რადგან ესაა სამართალი და სისწორე ანუ ის, რაც აკრიბიის მიზანიცაა. შეიძლება ითქვას, რომ აკრიბია და იკონომია ერთი მომენტის ორი მხარეა.[2]
პროტესტანტულ სამყაროში, როგორც მოგახსენეთ, ბიბლიურ მცნებებს მით უფრო ეკლესიის დოგმატებს და კანონებს უცილობლად შესასრულებლის დატვირთვას არ ანიჭებენ. აქ „ნაკლებად მნიშვნელოვან" მცნებებს „ადიაფორა"_ს მეთოდით განსაზღვრავენ. ეს კი ყველა კანონიკური და დოგმატური სწავლების თვითნებური განმარტების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, პროტესტანტები, ისევე როგორც პაპისტები, საბოლოო მიზნისთვის ნებისმიერ საშუალებას იყენებენ.
მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, შეწყალებისათვის ჩვენ უკანონო და ცოდვილ საშუალებებს არ მივმართავთ. ნუ იყოფინ! უბრალოდ შეჩერებულია ესა თუ ის კანონი განსაზღვრული დროით, პირობითა და პრინციპით. მორწმუნის სიყვარულის გამო, მის სწორ წესრიგისა და აკრიბიის გზაზე დაყენების მიზნით - ადამიანი უნდა განეშოროს ცოდვისმიერ ზრახვას და მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტეში.
[1]Цыпин. Церковное право.გვ. 372.
[2]პ.ბუმისი. კანონიკური სამართალი. გვ. 42-43.