ჩვენ ვამბობთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უცდომელია. ის არის სხეული ქრისტესი. „და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიათა" (ეფ. 1.22). წმიდა მამები ამბობენ: ეკლესიის უცდომელობა არის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, ნიშანი კათოლიკე (მსოფლიო, საყოველთაო) სარწმუნოებისა. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია მყარად იცავს თავის სწავლებას, რომ სწორედ ის (ეკლესია) ფლობს ჭეშმარიტ გამოცხადებას, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გადასცა თავის მოწაფეებს, ხოლო მათ - მთელ ეკლესიას.
ამ გამოცხადების თანახმად, ეკლესია უცდომლად ასწავლის ყოვე-ლივეს ადამიანთა ხსნისათვის. ეკლესია არ შეიძლება შეცდეს ან ჩავარდეს ერესში, ვინაიდან მისი თავი თვით ღმერთკაცია - იესო ქრისტე, ხოლო წყარო, რომლისგანაც ეკლესია იხვეჭს თავის უცდომელობას, სულიწმიდაა: „ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა" (იონ. 16.13).
ბერძენი ღვთისმეტყველი პონაიოტის ბუმისი ამას შემდეგნაირად განგვიმარტავს: „რადგან ეკლესია არის ქრისტეს სხეული. (ეფ. 5.23; კოლ. 1.8). ეს ნიშნავს, რომ სხეულს, ეკლესიის ამ ორგანიზმს, ჰყავს თავი - ქრისტე და თუკი ქრისტე, როგორც ღმერთი, უცდომელია, გამოდის, რომ ეკლესიაც, როგორც ერთი მთლიანობა, უცდომელობის მატარებელია, უცდომელია. მაშასადამე, დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯუ-ლად გვევლინება ეკლესია - ერთი, წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკაცობრივი სხეული. ამრიგად, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია".1
სხვა ბერძენი ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი კირილე კოსტო-პულოსი დასძენს: „მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვითაც და საქმითაც აღიარებს მსოფლიო კრებების უცდომელობას რაც დადა-სტურებულია წმინდა წერილითა და წმინდა გადმოცემით. მათ (მს. კრებებს) ემორჩილება ყველა ადგილობრივი ეკლესია, პატრიარქები და სხვა ეპისკოპოსები. თავად მოციქულებიც, პეტრეს ჩათვლით, ემორჩილებოდნენ მოციქულთა კრებას იმიტომ, რომ არ არსებობს ინდივიდულაური (კერძო) უცდომელობა".2
თავის უცდომელ სწავლებას ეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით, რომლებსაც მიე-ნიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შედეგად.
პირველი საუკუნიდანვე ჩვენი წმიდა ეკლესია ხელმძღვანელობს კრებითობით და კრებითობის გზით წყვეტს თავის დოგმატურ თუ ადმინისტრაციულ საკითხებს. „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა" (საქმე 15.28) - გვაუწყებს მოციქულთა კრება. ეს სიტყვები კარგად გამოხატავს მსოფლიო კრებების უცდომელობას. მსოფლიო კრებების დადგენილებები მიიღება მთელი ეკლესიის თანხმობით, სისავსით ანუ მთლიანი ეკლესიის სწავლების შესაბამისად.
ახალმოწამე მ. ნოვესელოვი ამბობს: „ეკლესია თავისი სისავსით აღ-ასრულებს უწყვეტ სწავლებას... მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმიდა, რომელიც იცავს მას ყოველგვარი სენისაგან, რისგანაც არც ერთი ჩვენგანი, ცალკე აღებული, და თვით კრებაც კი, არ არის დაზღვეული, რადგან უცდომელობა არის არა კრების, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიის კუთვნილება. ეს უცდომელობა თავის თავს ადასტურებს კრებაზე. ყოველი ჩვენგანი იმდენად ფლობს ჭეშმა-რიტებას, რამდენადაც მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში. ეს მონაწილეობა კი მიიღწევა... საკუთარ აზრზე მაღლა ეკლესიის სხე-ულთან თანხმობის დაყენებით".3
ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ეკლესიის კრებითობით ვლინდება ჭეშმარიტება: მთელი ეკლესიის კუთვნილებაა უცდომე-ლობა, რომელიც მსოფლიო კრებების მეშვეობით დადასტურდა.
დედაეკლესიას გააჩნია უცდომელი კრიტერიუმები, რომლითაც უნ-და ვხელმძღვანელობდეთ, და ვმოქმედებდეთ. ეს უცდომელი კრი-ტერიუმები უპირველესად არის: წმიდა წერილი - (ძველი და ახალი აღთქმის) წიგნები; მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებანი (სარწმუ-ნოების განსაზღვრებანი, დოგმატები და კანონები), რომლებიც წმიდა მამებმა დაგვიმტკიცეს.
სწორედ ეს უცდომელი კრიტერიუმები შეადგენენ ნამდვილ საეკლ-ესიო გადმოცემას. „ეს გადმოცემა არის ეკლესიის მთელ სისავსეში და არა მის რომელიმე ნაწილში. არცერთ დანარჩენ გადმოცემას არა აქვს უფლება ერქვას საეკლესიო (უცდომელი) გადმოცმა, მანამ, სანამ არ იქნება მოწონებული და დამტკიცებული მთელი ეკლესიის მიერ".4
1П. Бумис. „Непогрешимость Православия." М. 2001. გვ. 11.
2Арх. Кирил Костопулос. „Папств – это ересь" 1996. გვ.
3М. А. Новоселов. „Письма к друзьям". M. 1994. გვ. 136.
4П. Бумис. „Непогрешимость Православия." М. 2001. გვ. 13.
Xareba.net - ის რედაქცია