1.რა არის სამართალი.
როდესაც სამართალზე ვსაუბრობთ, მრავალი შეკითხვა იბადება. როგორი იყო პირველი ადამიანების სამართალი? როგორი ცვლილებები განიცადა მან? რამ გამოიწვია ეს ცვლილებები? როგორ სამართალთან გვაქვს საქმე დღეს? და ბოლოს - როგორ მიმართებაშია ქრისტიანული სამართალი თნამედროვე სამართალთან?
პირველი კანონმდებლობა ადამიანს ჯერ კიდევ ედემში მიეცა: ”გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო” (დაბად. 2.16-17). ადამის დაცემის შემდეგ, რაც ღვთაებრივი კანონის დარღვევას ნიშნავდა, კანონი ჩარჩოში მოექცა. სინანულის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ღმერთთან ერთობაც და საკუთარ სინდისთან ანგარიშის გასწორებაც.
მაგრამ კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ ადამიანის დაცემული ბუნება მთელი სისრულით არ ღებულობდა ღვთაებრივ კანონებს და მის გვერდით ნელ-ნელა სამოქალაქო სამართალი იწყებდა მოქმედებას.
მოგეხსენებათ, ბაბილონის მშენებლობამდე ადამიანებმა ქვის ქალაქების შენება დაიწყეს. ბიბლია საუბრობს ცოდვილი კაცობრიობის კულტურული და მოქალაქეობრივი ცხოვრების პირველ წარმატებებზე. ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას კი უფალმა აურია მათ ენები, ისე რომ ადამიანებს აღარ ესმოდათ ერთმანეთის და განიბნინენ მთელს დედამიწაზე” (შექმნ. 11.47).
მღვდელმოწამე ილარიონი (ტროიცკი) საუბრობს ამ ისტორიული ეპიზოდის ღრმა შინაარსზე. ის მიიჩნევს, რომ ”ბაბილონის მშენებლობაში” სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი საზოგადოების საერთო ტიპი შეინიშნება, რომლებიც გარეგნული იურიდიული ნორმებით იყვნენ დაკავშირებულნი, ანუ სამოქალაქო სამართლით ხელმძღვანელობდნენ. სამოქალაქო სამართალზე აგებული საზოგადოება კი ვერასოდეს გააერთიანებს ადამიანებს ერთმანეთთან. ის დაფუძნებულია თავმოყვარეობასა და ეგოიზმზე. სამოქალაქო სამართალი არ უგულებელყოფს ეგოიზმს. უფრო მეტიც, განამტკიცებს მას. სამოქალაქო სამართლებრივ საფუძვლებზე აგებული სახემმწიფოს მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული პიროვნების ეგოიზმი სამართლებრივი ნორმებით დაკმაყოფილდეს და ამავე დროს, არ უნდა დაირღვეს სხვისი ინტერესებიც. ასეთი წესრიგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღწევა - თუ გარკვეულ წილად შემცირდება ცალკეული პიროვნებების ეგოიზმი. ამაში მდგომარეობს სამოქალაქო სამართლის გადაუჭრელი დილემა: ის ხელს უწყობს ეგოიზმს, და ამავე დროს ზღუდავს მას. ამდენად, იურიდიულ საწყისებზე დაფუძნებული სამართლი თავის თავში ყოველთვის შეიცავს გახლეჩის საბაბს - ის იცავს ეგოიზმს, რაც არის ყოველგვარი განხეთქილების საწყისი.
ბაბილონის გოდოლის დასასრული იურიდიული საზოგადოების ხვედრია. ასეთ საზოგადოებაში ხშირად უნდა მოხდეს ”ენების აღრევა”. ვინაიდან ადამიანებს აღარ ესმით ერთმანეთის, გინდ ერთ ენაზე საუბრობდნენ, ასეთი სამართალი მარადის ცვალებადია”.[1]
საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის სიმშვიდე, თვმდაბლობა და წესრიგია საჭირო, რაც იქნება შედეგი მართლმსაჯულებისა. ვაი, რომ ასეთი რამ სამოქალაქო სამართლის პირობებში არასდროს არსებობდა.
ძველი რომაელი იურისტები სახელმწიფოს მიიჩნევდნენ ”ყველა მცხოვრების დამცველ ორგანიზაციად”, ხოლო სამართალს სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნებას უწოდებდნენ. „სამართლიანობა არის სიქველე, მისწრაფება სამართალის განხორციელებისაკენ, - წერდა ულპიანე, - სამართლიანობა მართლწესრიგის იდეალური მდგომარეობაა, იგი განსაზღვრავს სამართლის შინაარსს და პირიქით. სამართლიანობა არის უცვლელი და მუდმივი ნება თითოეულისათვის თავისი უფლებების მინიჭებისა. სამართლის დანაწესებია პატიოსნად ცხოვრება, სხვისთვის ზიანის არ მიყენება, თითოეულისათვის თავისის მიზღვა". ასე ფიქრობდნენ ძველი რომის იურისტები.[2] მაგრამ რომის სახელმწიფოსა და სამართალს ასეთი ფუნქცია თავის თავზე არც ერთ ეპოქაში არ აუღია. იგი მოჭარბებული კლასობრივი ხასიათით გამოირჩეოდა. გივი ლობჟანიძის წიგნში „სამართალმცოდნეობის შესავალი" ვკითხულობთ: „რომის სამართლის მიხედვით ყოველი ადამიანი ან ან თავისუფალია ან მონა".
როდესაც რომაულ სამართალში გაჩნდა აუცილებლობა, გარკვეულიყო, არის თუ არა ესა თუ ის პირი თავისუფალი, არის თუ არა ის ამა თუ იმ სოციალური ფენის წარმომადგენელი, საჭირო გახდა სასამართლოს გზით შესაბამისი სტატუსის დასადგენი წესების შემოღება. ისეთ პროცედურებს, რომლებსაც უნდა განესაზღვრა ფიზიკური პირების სამართლებრივი მდგომარეობის საკითხი, ეწოდებოდა სასამართლო წესით პირთა სტატუსის განსაზღვრა.
ერთ-ერთი უძველესი სასტატუსო განხილვა იყო სასამართლო, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა კონკრეტული პირი, ყოფილი მონა იყო არსებითად თავისუფალი თუ არა".[3]
ხალხის ისტორიისა და ზნე-ჩვეულებების შესწავლისას წმ. ილია მართალი შენიშნავდა, რომ ღვთაებრივ კანონებსა და სამოქალაქო სამართალს შორის განსხვავება უფრო და უფრო იზრდებოდა, ერთი მეორეს უპირისპირდებოდა. მცირდებოდა ღვთაებრივი ნორმები, ელემენტები და კანონი კიდევ უფრო მტკიცედ იცავდა გაბატონებული კლასების ინტერესებს. ვიდრე ამ საკითხის საფუძვლიან განხილვას შევუდგებით, უპრიანია ვისაუბროთ იმ ისტორიული პერიოდების შესახებ, როდესაც სახელმწიფოები საღვთო კანონებითა და სამართალით აწესრიგებდნენ შიდა თუ გარე პრობლემებს, მეფეები რჯულის კანონზე დაყრდნობით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონსტანტინე დიდის გადაწყვეტილება. როდესაც იმპერიაში არიოზული მწვალებლობის გავრცელება დიდ უთანხმოებასა და შფოთს იწვევდა. კონსტანტინე დიდმა წესრიგის დასამყარებლად მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია. (ნიკეა 325 წ. კრებაზე შემუშავდა დებულება არიოზული ერესის სამხილებლად, რომ ძე ღმერთი მამის ერთარსია".).
რჯულის კანონზე დაყრდნობით სახელმწიფოებრივი პრობლემებისა და უთანხმოებების გადაწყვეტის თვალსაჩინო ნიმუშებია შუასაუკუნეების საქართველოს სამართლებრივი ძეგლები.
2.ოპიზის სიგელი.
ქართული სამართლის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი საბუთია ბაგრატ IV_ის სიგელი, გაცემული მიჩნაძორისა და ოპიზის მონასტრებისადმი. ეს ძეგლი ცხადყოფს საქართველოში პროცესუალური სამართლის განვითარების მაღალ დონეს, უხვ მასალას იძლევა XI საუკუნის საქართველოს სასამართლო წყობილებისა და იურიდიული ტერმინოლოგიის გასათვალისწინებლად.
სიგელის ტექსტიდან დგინდება, რომ მეფე ბაგრატIV_მ ქ.ქუთაისში თავის რეზიდენციაშიგამართა სასამართლო სხდომა. მონაწილე მხარეები იყვნენ ოპიზისა და მიჩნაძორის მონასტრების წარმომადგენლები. საქმის გარჩევას ესწრებოდნენ სამართალმცოდნენი, მღვდელმთავარნი, ერისმთავარნი. წარმოდგენილი საბუთების მიხედვით, სადავო მიწები მიჩნაძორის მონასტერს ეკუთვნოდა, ეს აშკარა იყო.
ამიტომ, მეფემ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო - სადავო მიწები მიჩნაძორის მონასტერს დაუმტკიცა, ხოლო ოპიზას საკუთარი მამულებიდან შესწირა მიწა-წყალი.[4]
ოპიზის სიგელის მოკლე მიმოხილვაც კი ნათლად გვიჩვენებს, რომ ბაგრატ IV და საზოგადოების წამყვანი ძალები ქვეყანაში არსებულ კრიზისულ მოვლენებს საქართველოს ეკლესიის როლის ამაღლებითა და სამართლებრივ სისტემაში რჯულის კანონის გათვალისწინებით აგვარებდნენ.
3.რუის-ურბნისის ”ძეგლისწერა”.
საქართველოს სამართლებრივი სივრცის უდავოდ სანიმუშო ძეგლს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები წარმოადგენს.
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა უახლოეს თანამოაზრეებთან (უმთავრესად წმ. გიორგი ჭყონდიდელთან) ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამართლებრივი ნორმების გასაუმჯობესებლად. თავდაპირველად ითარგმნა ”დიდი სჯულის კანონი”, შემდეგ ჩატარდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. უნდა ითქვას, რომ ქართული საეკლესიო სამართალი, როგორც შინაარსობრივად, ისე მოქმედების ასპარეზით, მხოლოდ საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას არ ითვალისწინებდა. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სისხლისა და სამოქალაქო სამართალზეც.
ქართული საეკლესიო სამართალი ეყრდნობოდა შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებს.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განხილვის ინტერესს არ წარმოადგენდა ქრისტიანული დოგმატები. წმიდა მეფეს ამ კრების მოწვევის აუცილებლობა უკარნახა საქართველოში შექმნილმა სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ. კრებამ თხუთმეტი კანონი დაადგინა, რომლებმაც მთლიანად მოაწესრიგა როგორც უმნიშვნელოვანესი შიდა საეკლესიო საკითხები, (უღირსი სამღვდელოების განკვეთით დაწყებული) ასევე სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეები. აგრეთვე დავით აღმაშენებელმა ერთიმეორესთან დააკავშირა ეკლესია და სახელმწიფო. ამით მან შექმნა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და მასზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის სისტემა.
4.ვახტანგ VI სამართლის წიგნი
ქართული სამართლის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაო გასწია ვახტანგ VI_მ. მან შეკრიბა, გადმოათარგმნინა და გადაამუშავა უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის ცნობილი ძეგლები, თავი მოუყარა ქართული სამართლის წყაროებს, მათ შორის, გიორგი ბრწყინვალის, ბექასა და აღბუღას, კათოლიკოსის სამართალს, შეაჯერა ისინი და თავისი საკანონმდებლო საქმიანობა ქართული სამართლის შედგენით დააგვირგვინა. ეს კოდიფიცირებული ორიგინალური სამართლის ძეგლი, რომელიც ვახტანგ IV_ის მიერ საგანგებოდ შერჩეული კომისიასთან თანამშრომლობით შეიქმნა, ხელნაწერის სახით სრულადაა ჩვენამდე მოღწეული.
კრებულში შესულია სამართლის შემდეგი ძეგლები: 1) სამართალი მოსესი; 2) სამართალი ბერძნული; 3) სამართალი სომხური; 4) სამართალი კათალიკოზის; 5) სამართალი მეფის გიორგისა; 6) სამართალი აღბუღასი; 7) სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა.
5.”რუის-ურბნისის საეკლესიო კრება”.
ვახტანგ VI_მ შეადგინა კანონთა კრებული ”დასტურლამალი”. ის ორიგინალური ქართული ძეგლია, რომელიც ასახავს იმდროინდელი ფეოდალური საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკური, სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ წყობილებას.
იმავე საკითხით XIX საუკუნეში წმ. ილია მართალიც დაინტერესდა. ის სამართალს საზოგადოებრივი ურთიერთობის რეგულირების უმთავრეს იარაღად მიიჩნევდა. მოგეხსენებათ, ზნეობა და ზნეობით დადგენილი სიმართლე მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი კი არ იყო, არამედ გაორებული - ის, რაც გაბატონებული კლასისთვის იყო სიმართლეა, ჩაგრულ კლასს უსამართლოდ მიაჩნდა. ამ მიზეზით სწორედ ამიტომ წმ. ილია მართალი სახელმწიფო სასმსახურში შევიდა და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორთან საგანგებო მინდობილობათა მოხელედ დაიწყო მუშაობა. წმ. ილია მართალის მოღვაწეობის ეს მიმართულება შესანიშნავად აღწერეს გვანცა კოპლატაძემ და გრიგოლ რუხაძემ. 2007 წლის საეკლესიო კალენდარში.
”საქართველოს ისედაც დაუძლურებულ ეროვნულ სხეულს ქვეყნის შიგნით წოდებათა შორის არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო აუძლურებდა და ასუსტებდა, ”ვეფხისტყაოსანში” ასახული პატრონყმობა, რომელიც პატრონსა და ყმას შორის ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობას გულისხმობდა, მოგვიანებით ბატონყმობამ შეცვალა. სხვაობა არა მხოლოდ ფორმაციათა სახელწოდებაში (პატრონყმობა-ბატონყმობა), არამედ ურთიერთობაშიც აისახა. ნაცვლად სიყვარულისა და პატივისცემისა, ეს ურთიერთობა უმეტესწილად ბატონების მხრიდან ძალადობასა და უსამართლობას, ხოლო ყმების მხრიდან ძალადობაზე ძალადობით პასუხს ან თვალთმაქცობას ეყრდნობოდა, რომელიც მათ თავის გასატანად სჭირდებოდათ.
უძგერდა რა გული ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით და თანალმობით ყოველი დაჩაგრულისა და შეურაცხყოფილისადმი, ილიამ მთელი უსამართლობა და სისაძაგლე ბატონყმობისა თავის ცნობილ თხზულებებში შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე ასახა.
ბატონყმობა, როგორც ერთ-ერთი ჭირი, რომელიც ქვეყნის ფეხზე წამოდგომასა და წინსვლას ხელს უშლიდა, განსაკუთრებული სიმძაფრით მხილებულია პოემებში ”აჩრდილი” და ”კაკო ყაჩაღი” მოთხრობებში ”გლახის ნაამბობი” და ”კაცია ადამიანი”?!” ილია, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ ”არა არს მონობა, არცა აზნაურება, რამეთუ ყოველნი ერთ არიან ქრისტე იესუს მიერ (გალატ. 3.28), რომ ბატონყმობას ერთნაირად დამღუპველი შედეგები მოჰქონდა ორივე წოდებისათვის (გავიხსენოთ დათიკო, გაბრიელი და თამრო ”გლახის ნაამბობიდან”, ლუარსაბი, დარეჯანი, ლამაზისეული და დათო ”კაცია ადამიანიდან” და სხვა). ბატონყმური წყობის გაუქმების საჭიროება იმპერიის ხელისუფლებამაც იგრძნო. მას შემდეგ, რაც გლეხობა რუსეთში გაათავისუფლეს, საქართველოშიც შეიქმნა თავადაზნაურთა კომიტეტი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, როგორ ჩატარებულიყო რეფორმა ჩვენში და როგორ უნდა გაეთავისუფლებინათ გლეხები, - უმიწოდ თუ მიწიანად. ამ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი კამათისას ილიას ხმამაღლა განუცხადებია: გლეხებს მიწა უნდა მიეცესო, რასაც კრების მონაწილეთა უმეტესობის აღშფოთება გამოუწვევია. ერთ თავადს ხანჯალიც კი უშიშვლებია ყვირილით: ”გამიშვით, გამიშვით, ახლავე უნდა მოვკლაო მის მოსაკლავად გაწეულა. გაგიჟებული თავადი ძლივს შეუკავებიათ და კრებიდან გაუყვანიათ”.[5]
1864 წლის ოქტომბერში ბატონყმობა აღმოსავლეთ საქართველოში გადავარდა, ხოლო 1865 წელს იგი დასავლეთშიც გაუქმდა.
ამრიგად, სამართლის არსის ძიების ჩვენეული მოკრძალებული მცდელობა გვთავაზობს დასკვნას:
ადამიანმა თავისი ცოდვებით შეურაცხყო ღვთის ხატება, თავისი გონება, აზრი, სურვილი და ნება. დაცემული ადამიანის ცნობიერებაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებდა მისი მიდრეკილებები, გარემოცვა, ურთიერთობები და ა.შ. შედეგად, არასასურველ მოქმედებებს, ასეთივე არასასურველი შედეგები მოჰყვა. ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია განსაჯოს ობიექტურად, მართებულად და სამართლიანად და რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაადგინოს უცდომელი კანონები.
აღნიშნული მიზეზების გამო, ადამიანური კანონები არ არის მარადიული, ვინაიდან ისინი არასრულყოფილია, არასრულფასოვანია და არადამაკმაყოფილებელი. ამიტომაც, ყოველთვის იცვლება იგი. ადამიანები ცდილობენ იპოვონ უფრო კარგი, მართებული კანონები. არასრულყოფილების გამო სამოქალაქო კანონები სახელმწიფოს მიერ ხშირად იძულებითაც კი დგინდება. აი რატომ არ იწონებენ ხშირად ადამიანები კანონს.
როდესაც ადამიანური კანონები არა ნაწილობრივ, არამედ სრულიად უგულებელყოფს ღვთაებრივ კანონებს, მაშინ ის ჩვენთვის უკანონობა ხდება, რაოდენ მზაკვრულადაც არ უნდა იყოს შენიღბული. მაგალითად, მოსეს ხუთწიგნეულის მიხედვით მრუში სიკვდილით ისჯებოდა (გამოსვლ. 22.19). ”დიდი სჯულის კანონი” 10-15 წლით განაყენებდა ზიარებიდან ამ ცოდვის ჩამდენს. თანამედროვე საზოგადოებაში ეს ფაქტი საერთოდ არ განიხილება, როგორც კანონდარღვევა. იგივე შეიძლება ითქვას ჯადოქრობაზე, რომელიც ასევე უდიდესი ცოდვაა. დღეს ის განიხილება, როგორც ავადმყოფობის ფსიქოპათიური გამოვლენა და ამიტომ კანონით არ ისჯება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანური სამოქალაქო კანონი მთელი სისრულით არ შეიცავს ღვთაებრივ კანონს იმისათვის, რომ ის დარჩეს კანონად, აუცილებლად ღვთაებრივი პრინციპების შესატყვისი უნდა იყოს და არ ეწინააღმდეგებოდეს მას.
დღემდე მრავალ ქვეყანაში სამართლისადმი, გარეგნულად მაინც, წმიდა დამოკიდებულება შენარჩუნდა. ბიბლიაზე დადებული ფიცი სასამართლო პროცესებზე - ამის ბრწყინვალე მოწმობაა.
XVIII-XXI_ებში ადამიანის მსოფლმხედველობა შეიცვალა და შედეგად ახალი, ე.წ. პოზიტიური სამართალი შეიქმნა, რომლის თანახმადაც სამართალი ადამიანური გამოგონებაა, კონსტრუქციაა. მას საზოგადოება თავის სასარგებლოდ, თავისი ამოცანების გადაჭრის მიზნით ქმნის.
როგორც მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკი ამბობს, ის ადამიანის ეგოიზმს კვებავს. პოზიტიური სამართლის თანახმად, სამართალში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, კანონიერია. პოზიტიურ (ანუ თანამედროვე) სამართლში კანონიერია რევოლუცია, რომელიც ძალის გამოყენებით უარყოფს ძველ წესრიგს, კანონიერია ზნეობრივი ნორმების სრული უარყოფაც, თუ ეს გამართლებულია საზოგადოების მიერ. ვთქვათ - თუ თანამედროვე საზოგადოება არ მიიჩნევს აბორტს ბავშვის მკვლელობად, ის სამართლის თვალსაზრისითაც არ ითვლება კანონის დარღვევად.
საქართველოს კანონმდებლობა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მრავალი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდა ქრისტიანულ-ზნეობრივ წეს-ჩვეულებებსა და კანონებს, გაქრისტიანების დროიდან მიღებულს. საეკლესიო კანონები შერწყმული იყო ნაციონალურ სამართალთან. მრავალ უკანონობას ხშირად რჯულის კანონის მიხედვით ასწორებდნენ. ამგვარი ნაციონალური კანონმდებლობა დროთა განმავლობაში მოისპო. შედეგად, ქართული სახელმწიფო უკანონობის მორევში გადაიჩეხა; დაკარგა სახემმწიფოებრიობა, რამაც უამრავი მსხვერპლი, პიროვნების არნახული დამცირება, პოლიტიკური და პირადი უფლებების შელახვა გამოიწვია.
ამდენად, თუ სხვა რელიგიების კანონმდებლობა დღესაც სამოქალაქო სამართლის ნაწილია, ქრისტიანული სამართალი პრინციპულად ზესოციალურია. შეუძლებელია ის, დღეს სამოქალაქო კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენდეს. ეკლესიის სამართალი ვერ იქცევა თანამედროვე მსოფლიოს სამართლად.
ადამიანთა უფლებების თანამედროვე გაგება პრაქტიკულად ერგება თვით დაჯერებულ, თავნება ადამიანსაც. მაგრამ ღვთის გარეშე მხოლოდ დაცემული და ღრმად გახრწნილი ადამიანი ცხოვრობს. იგი ერთობ შორს იმყოფება სანატრელი ქრისტიანული სრულყოფილებისაგან. ამიტომ, მსგავსი უღმერთო ინდივიდების უფლებებიც იოლად ირღვევა სახელმწიფოს მიერ. შედეგად ადამიანის უფლებების დაცვაზე მღაღადებელი და დროშად აფრიალებული სიტყვები მხოლოდ არაფრის მთქმელ სააგიტაციო ლოზუნგებად რჩება.
ქრისტიანული სოციალურ-სახელმწიფოებრივი ეთიკა ადამიანს თავისუფალ ნებას უტოვებს. მასზეა საბოლოოდ დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებისა თუ წარწყმედის საკითხი. როდესაც ბიზანტიის მონოთელიტმა (ერესის სახელის ავტ) იმპერატორმა კონსტანტმა მოსთხოვა ნეტარ მაქსიმეს მართლმადიდებლური შეხედულებების უარყოფა, ნეტარმა მამამ უპასუხა: ”რასაც მიბრძანებს მეფე იმ საკითხის გამო, რაც ამ სოფელთან ერთად კვდება, სიხარულით შევასრულებ”. ხოლო სულიერ საკითხებში, წმიდა მამა მტკიცე დარჩა და არ დაემორჩილა მეფის ნებას. ამის გამო იგი საშინლად აწამეს. სარწმუნოებრივი სიმტკიცის გამო მან დაიმსახურა სახელი - აღმსარებელი.
ამ საკითხზე ვრცლად შემდეგში ვისაუბრებთ. მანამდე კი ამ თემის მთავარ საკითხს მივუბრუნდეთ: რატომ არის საღმრთო სჯულის მიხედვით ცხოვრება აუცილებელი და რატომ არის თავისუფლება საეკლესიო კანონის შესრულება?
[1] Без церкви не спасения. Св.Мч. Иларион Троицки. გვ. 58-59.
[2]А. Гуляев. Римское Гражданское право. 2007. გვ. 8.
[3] გ.დ. ლობჟანიძე. „სამართალმცოდნეობის საფუძვლები". გვ. 44.
[4] თ.ენუქიძე. ”ვახტანგ VI სამართლის წიგნი”. 1955 წ. გვ. 3.
[5] საქ. ეკლ. კალენდარი 2007 წ. გვ. კოპლატაძე. გრ. რუხაძე. გვ. 133-134.