ათი მცნება არის ძველი და ახალი აღთქმის დოგმატიკისა და ზნეობის ანთოლოგიური, შეუცვლელი საფუძველი. მას ბიბლია „მარადიულ კანონს" უწოდებს. ზოგიერთი სექტა, კერძოდ ადვენტისტები, ადანაშაულებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმაში, რომ მან შეცვალა ათი მცნებიდან მეოთხე, სექტანტების აზრით, კვირის შვიდეულში შაბათის ნაცვლად კვირა დღის უქმედ გამოცხადება არის ღვთის ბრძანების უკანონო და გაუმართლებელი დარღვევა. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ 324 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმად მთელ რომის იმპერიაში კვირა დღე დადგინდა უქმედ და ეკლესია დამორჩილდა იმპერატორის ძალაუფლებასო.
ჩვენ ვიცით, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები ახალ აღთქმაში კი არ შეცვლილა, არამედ აღსრულდა. ძველაღთქმისეული სიმბოლიკა კი არ განადგურდა, არამედ გარდაიქმნა და შეიძინა უფრო ღრმა აზრი წეს-ჩვეულებებში, წმინდა სიმბოლოებსა და ახალი აღთქმის ეკლესიის საიდუმლოებებში. ერთი სიტყვით, ძველი აღთქმა განცხადდა და აღსრულდა ახალ აღთქმაში. სიტყვა „შაბათი" ნიშნავს სიმშვიდეს, განსვენებას. ამ დღით დამთავრდა შექმნათა ციკლი, რაც სიმბოლურად მიანიშნებდა მარადიულობაზე, მაგრამ ჭეშმარიტი განსვენება - ეს სულის ღმერთთან მიახლებაა. ამიტომ იყო ძველაღთქმისეული შაბათი მხოლოდ წინარე ზეციური სიმშვიდის მოლოდინისა. გარდაცვლილ მართალთა სულებიც გამოხსნასა და გადარჩენას ელოდნენ. მათი განსვენება იყო მხოლოდ ამქვეყნიური ტანჯვა-წამებისაგან განთავისუფლება და არა ღმერთთან შეხვედრის სიმშვიდე, როცა სული დაივანებს ღვთის მადლის სამყაროში ისე, როგორც ჩვილი დედის მკლავებში. ეს ჰგავდა დიდი და დამღლელი შრომის შემდეგ დასვენებას. ძველი აღთქმის მართალი ადამიანი არ განიკითხებოდა მისი სინდისით და დამსჯელი კანონით. იგი უძლური იყო გამოსულიყო მისივე შეზღუდული ყოფიდან მეტაფიზიკურ თავისუფლებაში ღმერთთან მიახლების გზით. ძველი აღთქმა კრძალავდა ცოდვისა და ბოროტების ჩადენას, მაგრამ არ აძლევდა. ადამიანს ჭეშმარიტი სიკეთის ქმნის ძალას. ამიტომაც იყო შაბათი ძველ აღთქმაში უქმე. სულის განსვენება - ეს არის, არა მკვდარი სხეულის უგრძნობელობა, არაფრის კეთებისა და სიცარიელის სიჩუმე, არამედ ცოდვებისა და ვნებებისაგან, დემონური ძალებისაგან განთავისუფლება. სულის სიმშვიდე არის თავად უფალი, ამიტომ ნამდვილი შაბათი შეიძლებოდა დამდგარიყო მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის, ჯოჯოხეთში შთასვლისა და ქრისტე მაცხოვრის აღდგომის შემდეგ. ასე, რომ შაბათი გვაძლევდა განსვენების ფორმას, მაგრამ მას არ ჰქონდა შინაგანი შინაარსი. ის იყო ცარიელი ალაბასტრი, რომელიც ჯერ არ ავსებულა მირონით. ტანჯვისა და აღდგომის პასექი არის წმიდა ისტორიის ცენტრი, ახალი აღთქმისა და ეკლესიის დასაწყისი. კვირა დღემ მისცა აზრი შაბათის უქმეს: ღმერთთან შერიგება, ადამიანში ღვთის სახისა და მსგავსების აღდგენა, ღმერთთან ურთიერთობა და სულიწმინდაში სიმშვიდე. შაბათი იყო განსვენებისა და აღდგომის წინასწარმეტყველება, ამ გაგებით - მარადიულობის სახე. კვირა დღე - მიწაზე მარადიული სიცოცხლის დასაწყისია. ძველაღთქმისეული პასექი განხორციელდა ახალი აღთქმის პასექში, ხოლო შაბათი - კვირა დღეში.
ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ძველი აღთქმის პასექი იქცა იუდეველების პასექად, იმათ პასექად, ვინც არ მიიღო ქრისტე, როგორც მხსნელი და მესია. ძველიუდეურ აზროვნებაში შაბათი იყო მესიის მოლოდინი, ახლა ძველი აღთქმის პასექისა და შაბათის უქმედ ზეიმი - ეს მისტიკურ პლანში ქრისტეს არ მიღება და სხვა მესიის მოლოდინია. შაბათის დღესასწაული იყო ღვთის სამადლობელი ხილული სამყაროს შექმნისთვის, მესიის მოლოდინი და მარადიულობისათვის მზადება. სამყაროს შესაქმნელად საკმარისი იყო ღვთის ნება, ხოლო ადამის მოდგმას გამოსასყიდად და გადასარჩენად ღვთის შვილის ტანჯვა და სისხლი.
ძველ აღთქმაში შაბათით მთავრდებოდა შვიდეული, ახალ აღთქმაში კვირა დღით იწყება იგი. ვნების კვირეულის დიდი შაბათით, როცა ქრისტე საფლავში ესვენა, დამთავრდა ძველი აღთქმა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით დაიწყო ახალი ცხოვრება - ახალი აღთქმა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წიგნიდან „ეკლესია და სამყარო აპოკალიფსის ზღურბლზე"
Xareba.net - ის რედაქცია