წმიდა მოწამე გიორგი ახალი (+1515) დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მის მამას ერქვა იოანე, დედას - მარიამი. ყრმა ღრმადმორწმუნე მშობლების მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მას დიდმოწამე გიორგის (ხს. 23 აპრილს) სახელი უწოდეს. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად განისწავლა წმიდა წერილი. წმიდანი 25 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ამ დროს ბულგარეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მძლავრობით ავრცელებდნენ მუსულმანობას ქრისტიან მოსახლეობაში. ერთხელ რამდენიმე თურქმა გიორგის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა. მათ ძალით დაჰხურეს წმიდანს ჩალმა, მაგრამ გიორგიმ მოიგლიჯა ურჯულოთა თავსაბურავი და მიწაზე დაანარცხა. განრისხებულმა თურქებმა იგი მმართველს მიჰგვარეს. მმართველი მოიხიბლა გიორგის ვაჟკაცური გარეგნობით. ის წმიდანს დიდებასა და სიმდიდრეს აღუთქვამდა სარწმუნოების უარყოფის ფასად, რაზეც გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ განრისხებულმა მმართველმა მისი წამება ბრძანა. ღვთის შეწევნით გაძლიერებულმა წმიდანმა მხნედ აიტანა ყოველგვარი სატანჯველი. ბოლოს თურქებმა გიორგის დასაწვავად ქალაქის შუაგულში დიდი კოცონი გააჩაღეს, მაგრამ წმიდანმა უკანასკნელი წამების ადგილამდე ვერ მიაღწია: ჭრილობებისაგან დაუძლურებული გზაში ჩაიკეცა, მტარვალებმა მიათრიეს სულთმობრძავი ცეცხლამდე, შიგ ჩააგდეს და ზედ მკვდარი ძაღლები დააყარეს, რომ ქრისტიანებს ნეშტის მოძებნა გაჭირვებოდათ. მოულოდნელად კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. ღამით ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა ის ადგილი, სადაც გიორგის გვამი ესვენა. ერთ მღვდელს უფლება მისცეს მოწამის ძვლები აეკრიფა და დაემარხა. როცა ეს ამბავი მიტროპოლიტმა იერემიამ გაიგო, სამღვდელობასთან ერთად მივიდა დასჯის ადგილას. ნაკვერჩხლებიდან გადმოაბრძანეს გიორგის წმიდა ნაწილები და პატივით გადაასვენეს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სოფელ სრედცაში (ახლანდელი სოფია).
„წმიდანთა ცხოვრება"
Xareba.net - ის რედაქცია