ამ ბოლო დროს, ზოგიერთი სასულიერო პირისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან პრესითა და ტელევიზიით გაისმის ჩივილი და უკმაყოფილება: „როდემდე უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძველ სტილზე, როცა მთელი „ცივილიზებული" სამყარო ახალ სტილზეა გადასული?" და ა.შ. ანუ საზოგადოებაში ნელ-ნელა იქმნება აზრი, რომ ძველი (იულიანური) კალენდარი უკვე დრომოჭმული და უსარგებლოა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ახალ (გრიგორიანულ) კალენდარზე გადაყვანის მცდელობას ყოველთვის მოჰყვებოდა სერიოზული და საფუძვლიანი წინააღმდეგობა მრევლის მხრიდან. საქმე ისაა, რომ იულიანურ კალენდარს (ძველი საეკლესიო კალენდარი) ეკლესიისათვის საკრალური მნიშვნელობა გააჩნია. ეს კალენდარი საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსების დროიდან არსებობს და ნაციონალური და ტრადიციულია ჩვენი ქვეყნისათვის. გრიგორიანული კალენდარი კი ანტიეროვნული, ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ხელოვნურად იქნა შემოღებული.
განგაშის ატეხვა იმის გამო, რომ ძველი საეკლესიო კალენდარული დროის შენარჩუნებით ჩვენ ჩამოვრჩებით „ცივილიზებულ სამყაროს" სრულიად უსაფუძვლოა. უპრიანი იქნება გათვალისწინებულ იქნეს მაგალითი იმ ქვეყნებისა, რომლებიც პოულობენ შინაგან ძალებს თვითმყოფადობის, სარწმუნოების, ენისა და კულტურის შენარჩუნებისათვის.
მაგალითად, ნაციონალურ კალენდარს იყენებენ ისეთი განვითარებული სახელმწიფოები, როგორებიცაა იაპონია და ისრაელი. გარეგნული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობისათვის ეს ქვეყნები ევროპული დროის აღრიცხვას იყენებენ, ხოლო შინაგანი სულიერი და კულტურული განვითარებისათვის მკაცრად იცავენ ტრადიციულ რელიგიურ კალენდარს და უარის თქმას ამ უკანასკნელზე, არც აპირებენ.
ამიტომ, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ გრიგორიანული კალენდარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ „ცივილიზებულ" ზოგადსაკაცობრიო კალენდრად.
ხოლო სტილის შენარჩუნება, არა შუა საუკუნეებისაკენ მიბრუნებად, არამედ პროგრესულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ.
საქმე ისაა, რომ ზუსტი მეცნიერებები - ქრონოლოგია, ასტროფიზიკა, რომელნიც დროის დინებას იკვლევენ, მხოლოდ ბუნებრივი დროის აღრიცხვას, ანუ იულიანურ კალენდარს იყენებენ. ასე რომ, ძველ სტილს ირჩევენ არა მხოლოდ მეუდაბნოე ბერები და მონასტრები, არამედ წამყვანი საერთაშორისო ობსერვატორიებიც.
რაც ბუნებრივია ევროპისა და ამერიკისთვის, ის ხშირ შემთხვევაში, უადგილო და უვარგისია ჩვენი ქვეყნისათვის.
სხვათა შორის, ცდება ის ვინც ფიქრობს, რომ თითქოს ევროპული კალენდარი ქართული საეკლესიო კალენდრისაგან განსხვავებით, უფრო თანამედროვეა. ობიექტურად რომ ვთქვათ, ისიც ისეთივე საკრალურია, როგორც ჩვენი, იულიანური, მხოლოდ ის არა მართლმადიდებლური, არამედ ერეტიკული, ლათინურია. რატომ სურთ მათ, რომ საქართველოს მოსახლეობამ დასავლური დროის ეტალონი გამოიყენოს, რომელიც ყველაფერთან ერთად პაპი გრიგორი XIII -ის სახელთანაა დაკავშირებული?
დასავლეთში XVI საუკუნეში ახალი კალენდრის გამოჩენა და მიღება გასაგებია და გარკვეულ წილად გარდაუვალიც იყო, მაგრამ საქართველოსთვის ის სრულიად არაბუნებრივია. აღსანიშნავია, რომ პეტრე I-ს, რომელიც ცნობილი იყო თავისი აქტიური ევროპული რეფორმებით, არ დავიწყებია კალენდარული რეფორმის განხორციელებაც. სწორედ მისი „დამსახურებაა" ახალი წელიწადი 1 სექტემბრის ნაცვლად 1 იანვარს რომ აღინიშნება. თუმცა, ამ კადნიერმა იმპერატორმაც კი ვერ გაბედა იმის გაკეთება, რაც პაპმა გრიგორი XIII - მ მოახერხა. ის რისი განხორციელებაც ვერ გაბედა პეტრე I-მა, ორი საუკუნის შემდეგ ლენინისა და ტროცკის მეთაურობით ბოლშევიკებმა განახორციელეს.
ვფიქრობთ, დროა გაიაზრონ „ცივილიზებული" სამყაროს მოტრფიალე პირებმა, რომ ახალი სტილი (გრიგორიანული კალენდარი) არაბუნებრივი და მიუღებელია ჩვენი ქვეყნისათვის, მითუმეტეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიისათვის.
Xareba.net - ის რედაქცია