შეეჩვია ქართველი კაცი ღვინის სმას. ნაბიჯს არ გადადგამს ღვინის გარეშე. ღვინით ვეგებებით ახალშობილის დაბადებას, ღვინითვე ვაცილებთ ადამიანს ამ ქვეყნიდან. მის გარეშე არ ტარდება არცერთი ცერემონია. არადა რა დიდი ზიანი მოაქვს მოჭარბებულ ღვინის სმას პანაშვიდებზე!
ღვინის სმა ამხიარულებს ადამიანს, ზედმეტად ალაპარაკებს, ხან კი აღიზიანებს და აჩხუბებს.
რას არ გაიგონებ პანაშვიდებზე! ღვინით გაჟღენთილი ადამიანები იწყებენ საქმეების გარჩევას, ზოგი შეუკავებლად იცინის, შემდეგ კი ერთმანეთში ანგარიშსწორება იწყება, საბოლოოდ კი ყველაფერი შუღლით, კამათით და ჩხუბით მთავრდება.
ერთ სოფელში მოხდა ასეთი შემთხვევა. შეიკრიბნენ თანასოფლელები თავისი მეზობლის პანაშვიდზე. ტრადიციისამებრ, ყველანი მოუსხდნენ სუფრას. ოჯახის მასპინძელმა სტუმრებთან ჩამოატარა არაყი. ბევრი სვეს. ერთ-ერთი ჩამოტარების დროს მასპინძელს შემთხვევით გამორჩა ერთი მეზობელი. ეს უკანასკნელი იმდენად გაბრაზდა, სულ მუშტებს უქნევდა მასპინძელს. ამას ყურადღება არავინ მიაქცია. როდესაც სუფრიდან ადგნენ, გაღიზიანებულმა სტუმარმა ჯიბიდან დანა ამოიღო და მასპინძელს დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ უბედური იმწამსვე გარდაიცვალა.
დაუშვებელია, მძიმე ცოდვაა ღვინის მოჭარბებული სმა პანაშვიდებზე. დიდად სცოდავენ ასეთი ადამიანები და შეურაცხყოფენ მიცვალებულის სულს. იმის ნაცვლად, რომ შეეწიონ გარდაცვლილს, პირიქით, ვაწუხებთ და ვტანჯავთ მას.
აი, რა მოუთხრო მღვდელს მორწმუნე კაცმა სახელად ანდრიამ. ამ ანდრიას ერთადერთი ასული ჰყავდა. ძლიერ უყვარდა იგი, სიცოცხლეს არ იშურებდა მისთვის, მაგრამ დიდი უბედურება დაატყდა თავს: ავად გახდა მისი შვილი და გარდაიცვალა. ძლიერ გლოვობდა ანდრია თავის ერთადერთ ასულს: დაკრძალვის დღეს დიდი ქელეხი გადაუხდა. უხვად გაუმასპინძლდა ანდრია თავის სტუმრებს, ბევრიც დალიეს. და აი, დაკრძალვის მეორე ღამით ეცხადება ანდრიას მისი ქალიშვილი, მოწყენილი და ნაღვლიანი.
- რისთვის მოგიწყენია და დრტვინავ შვილო? - ჰკითხა მამამ.
- როგორ არ მოვიწყინო, როდესაც არ გიყვარვარ მე, არ გეცოდებით და ჯოჯოხეთის ცეცხლში სატანჯველს მიმატებთ.
- რას ამბობ, საყვარელო? როგორ თუ არ მიყვარხარ, როგორ თუ არ მეცოდები. შენთვის და შენი გადარჩენისათვის მზად ვარ ყველაფერი გავცე, უკანასკნელი პერანგიც კი, - უპასუხა მამამ.
- მაშ მოწყალება გაეცით - ეუბნება შვილი - გაეცით გაჭირვებულებზე, ღატაკებზე, რადგანაც მხოლოდ ეკლესიის ლოცვა და გაჭირვებულთადმი გაღებული მოწყალება შეეწევა და გვიმსუბუქებს მარადიულ სატანჯველს, მაგრამ რა საჭიროა ღვინითა და არყით ჩვენი მოხსენება? განა არ იცით, რომ ამით მხოლოდ ზიანს გვაყენებთ? მე, მამა, ეს ჩემს თავზე განვიცადე. აუტანელი ტანჯვის დროს მე დავინახე ღვთისმშობელი, რომელმაც მითხრა: „ამ გოგონას მშობლებს არ ეცოდება თავისი ქალიშვილი. მათ არ იციან, რომ მე ვრისხდები პანაშვიდზე მათი სიმთვრალის გამო. მათი ასეთი ქცევის გამო. გარდაცვლილის სული აკლდება ჩემს მეოხებას ღვთის წინაშე".
- მე ვუპასუხე: „დედაო ღვთისა, ნება მომეცი, ვეჩვენო მამაჩემს და გავაგებინო, რა დიდად სცოდავს ამგვარი ქცევით? და აი, - განაგრძობს გოგონა - ვინც ქელეხზე მოჭარებულად სვამს, ის ეშმაკს სწირავს მსხვერპლს, რითაც ისინი დიდად ხრობენ. დედა ღვთისა კი წუხს და რისხდება ასეთ ადამიანებზე და ეს რისხვა გვატყდება ჩვენ, გარდაცვლილ სულებს".
ამ სიტყვის შემდეგ ჩემი შვილი გაუჩინარდა. მას შემდეგ აღთქმა დავდე და ღვინო აღარ დამილევია. გარდა ამისა, დავიწყე ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. ღვთისმშობელს ვევედრებოდი ცოდვათა შენდობას და ჩემი შვილისათვის იმ ქვეყნად წყალობას. გულმოდგინედ ვლოცულობდი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე და ძილში ასეთი ხილვა ვიხილე:
გამომეცხადა ღვთისმშობელი და მითხრა: „შენი და ეკლესიის მამათა ლოცვები შეიწირა ღმერთმა. შეიწყალა შენი ქალიშვილი. მაგრამ ამიერიდან გახსოვდეს, რომ ღვინოშია ცოდვათა თავი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ქელეხზე თვრება - ჩემი მტერია. ამის შესახებ ყველას უამბე".
ამის შემდეგ ყველა მართლმადიდებელს ვეუბნები, თუ რა დიდი ცოდვაა ღვინის სმა. დროა ყველა მართლმადიდებელმა უკუაგდოს ეს წარმართული ტრადიცია.
Xareba.net - ის რედაქცია