სინდისი ღვთაებრივი კანონია, სინდისის ადამიანის შინაგანი თვა-ლია. „ოდეს თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს" (ლუკ. 11. 34). სინდისი არის ღვთის სჯულის ცოდნა. იგი შინაგანი ხმაა, რომელიც გვასწავლის, რა არის სიკეთე და რა ბოროტება, რა არის სამართალი და რა უსამართლობა. ამიტომაც სინდისის სუფთა ხმა აიძულებს ადამიანს, აკეთოს სიკეთე და მოერიდოს ბოროტებას. ადამიანი კი, რომელიც ეწინააღმდეგება სინდისს, იტანჯება და სინდისის ქეჯნას განიცდის.
ამრიგად, სინდისი ღვთის ხმაა ადამიანში, რომელიც მას შინაგანი გულისყურით ესმის და რომელიც ადამიანს ღვთის მცნებების, ღვთის ნებისა და კეთილი საქმეების აღსრულებისაკენ მიუთითებს.
წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანის დაცემის შემდეგ სინდისის ხმა დასუსტდა და ვეღარ ავლენს სულიერ სიძლიერეს, ამიტომაც ადამიანს მცნებები მიეცა. სინდისი ამხელს არა მარტო ქმედით ცოდვებს, არამედ ბოროტ ფიქრებსაც: შურს, განკითხვას და ა.შ. მაგრამ სინდისი არა მარტო გვამხელს ჩვენ, იგი ჩვენი მსაჯულია, როგორც ამქვეყნიურად, ასევე მარადისობაში.
წმ. მამები გვასწავლიან, როდესაც სინდისი გვიკრძალავს მის საწინა-აღმდეგო ქმედებას, ჩვენ კი შეგნებულად ვეწინააღმდეგებით მას, ამით ვასუსტებთ სინდისს და თუ ხშირად ვიმეორებთ დანაშაულს, სინდისი კიდევ უფრო უძლურდება. ასეთი სინდისი კი „უძლური შეიგინების" (1 კორ. 8. 7). სინდისის მიერ ნაჩვენები გზა სულიწმინდით იმართება და ღვთის სჯულს არ ეწინააღმდეგება. ადამიანმა უნდა ისმინოს სულიწმიდის წყნარი ხმა. წმ. პავლე მოციქული გვარწმუნებს, თუ სურვილი იქნება, ეს მიღწევადია, „და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა იგი აღიბეჭდენით დღეთ გამოხსნისა" (ეფეს. 4. 30).
ვნახოთ, რას ამბობენ სინდისის შესახებ წმიდა მამები.
წმ. იოანე ოქროპირი: „ჩვენ გვაქვს სინდისი, იგი საკმარისი სახელმ-ძღვანელოა, და შეუძლებელია ხსნა მისი შემწეობის გარეშე, ჭე-შმარიტად, არ არსებობს, ადამიანთა შორის ისეთი დაუძინებელი მსაჯული, როგორიც ჩვენი სინდისია".
ღირი იოანე კასიანე რომაელი: „ხედავ, რომ სინდისი არ ეთანხმება შენს ცოდვიან აზრებს, არამედ უმალვე გამხელს, ვინაიდან იგი არ ტყუის, მხილებისას იგი ადასტურებს, რომ იგივეს იტყვი ღვთის წინაშეც, საშინელი სამსჯავროს დროს".
ღირსი მაკარი დიდი: „ვინც ებრძვის სინდისს, იგი თავისი გულიდან სათნოებებს განაგდებს".
„დაიცავი სინდისი ღმერთთან მიმართებაში - წერს წმ. დიმიტრი რო-სტოველი. შეასრულე მისი მცნებები... დაიცავი სინდისი მოყვასთან მიმართებაში; ნუ დასჯერდები მხოლოდ შენს გარეგნულ კეთილ-გონიერებას. დაიცავი სინდისი ნივთებთან მიმართებაშიც - მოერიდე ფუფუნებას, ზედმეტობას. გახსოვდეს, რომ მიწიერი ნივთები ღვთის შემოქმედებაა, ადამიანისთვის მინიჭებული. დაიცავი სინდისი საკუთარი თავის მიმართაც, ნუ დაივიწყებ, რომ შენ ხატება და მსგავსება ხარ ღვთისა, რომ ვალდებული ხარ ეს ხატი სუფთად და წმინდად წარადგინო ღვთის წინაშე".
ადამიანი, რომელმაც სინდისი დაკარგა, სამუდამოდ კარგავს სიყვა-რულსა და სულიერ ცხოვრებას, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს, სინდისი კი - ღვთის ხმა. სიყვარულის ნაცვლად ადამიანს რჩება მხოლოდ ვნება და ინსტიქტი. მის გულს ეუფლება ბოროტება, შუღლი და სისასტიკე, სინდისი კი საბოლოოდ დუმდება.
ასეთი ადამიანი მოკლებულია ცათა სასუფეველს. იგი სინდისის მა-რადიულ ტანჯვას განიცდის და ცოდვიანი წარსულის გამო მარადიული სირცხვილისთვისაა განწირული. თუ, რა თქმა უნდა, მწარე ცრემლით არ შეინანებს თავის ცოდვებს.
მაგრამ ზოგიერთი ადამიანის სინდისი, და ამას ჩვენი ცხოვრება ად-ასტურებს - საერთოდ კვდება. ამ შემთხვევაში ადამიანს საშინელი ბოროტების ჩადენა შეუძლია. სიბრალული და თანაგრძნობა გა-ნქარდება მასში, რჩება მხოლოდ სისასტიკე და ვერაგობა. ძნელია დაიჯერო ადამიანის სისასტიკე, მაგრამ სიმართლესაც არ უნდა დავემალოთ, ამქვეყნად საშინელ ბოროტებას სჩადიან ადამიანები, რომელთა სინდისი საერთოდ დაბნელდა. სულის ასეთი მდგო-მარეობის დროს, სიძულვილის, მრისხანებისა და სიმკაცრის ცოდვა იპყრობს ადამიანს, შემდეგ ეს ცოდვები ჩვევად გადაიქცევა, ჩვევა ეს ჩვენში დაბადებული ვნებებია და ამასთანავე საშინელი სადიზმი. ადამიანი ხდება მონა ცოდვისა. მაშინ სინდისი დაკარგულია, მაშინ იგი მკვდარია.
სუფთა სინდისი კი მორალური ფასეულობების საზომია, ჩვენი ზნე-ობრივი კანონმდებელია, ადამიანის ღვთისაკენ წინამძღოლი შინაგანი სანთელია.
ამრიგად, ადამიანი უნდა ცდილობდეს სუფთა სინდისი ჰქონდეს. სუფთა სინდისის ქონა კი, როგორც წმ. მამები ამბობენ მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვისაა შესაძლებელი.
წმ. მოწამე ელისაბედის თემი. აშშ. 2002 წ.
Xareba.net - ის რედაქცია