„და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქვენდა, შემდგომად განსვლისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არ ერიდებოდნენ გულარძნილსა, რათა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა. ამისთვის იღვიძებდით!..." (საქმე მოციქულთა 20, 29-31)
პავლე მოციქულმა სამყარო შემოიარა სახარების ქადაგებით. მისი გამაფრთხილებელი სიტყვები ერთბაშად ახდა და საფრთხე დღემდე არსებობს. ამ ორი ათასი წლის განმავლობაში რამდენი ცრუსწავლება გაჩნდა, რომლებიც ქრისტეს სამწყსოდან ცხვრებს როგორც მგლები ისე იტაცებდნენ; რამდენჯერ ქრისტეს ეკლესიის წიაღში აღდგნენ ისეთები, რომლებიც „იტყოდნენ გულარძნილს", ქრისტეს სწავლებას ამახინჯებდნენ და „განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა!" აურაცხელია მათი რიცხვი.
განსაკუთრებით ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში დამღუპველი ერესების მთელი რიგი აღინიშნებოდა ქრისტეს სწავლების ძირშივე აღმოფხვრა რომ სურდათ, მაგრამ ისინი მსოფლიო კრებების მიერ მხილებული და დაგმობილია სამარადჟამოდ (ღვთის სიტყვისა და ეკლესიის გარდამოცემასთან თანხმობით, ყველა ძირითადი ჭეშმარიტების სწორ აღმსარებლობად აღიარებული იყო ის „რაც სწამდა ყველას, რაც სწამდათ ყველგან, რაც სწამდათ ყოველთვის".
ქრისტიანული სარწმუნოებისა და კეთილმსახურების მართალი ანუ მართლმადიდებლური სწავლება დადგენილია სრულიად, საბოლოოდ და არანაირ სახეცვლილებას არ ექვემდებარება უკუნისამდე, რაც მსოფლიო კრებებზე საზეიმოდ იქნა განცხადებული და მოციქულის ანათემითაა განმტკიცებული. წმ. პავლე მოციქული სარწმუნოებაში მერყევ გალატელებს წერდა: „დაღაცათუ ჩვენ, გინათუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქვენ, შეჩვენებულ იყავნ. ვითარცა წინასწარ ვსთქუ და აწ კვალად ვიტყვ: უკეთუ ვინმე გახარებდეს თქვენ მისა გარეშე, რომელი იგი მიიღეთ, შეჩვენებულ იყავნ" (გალ. 1. 8-9).
ჩვენს მზაკვარ და მერყევ დროში ადამიანები, რომლებიც „ქრისტიანებად" იწოდებიან, თავს უფლებას აძლევენ მოციქულის ამ ანათემით აღშფოთდნენ ან ბილწად დასცინონ მას და არ სცნონ მისი ძალა და მნიშვნელობა!
ჩვენს დროში თითქმის აღარ დარჩა ის ერესები, რომლებიც ოდესღაც აღელვებდა ეკლესიას და დაგმობილ იქნა მსოფლიო კრებების მიერ. მათ ან დაკარგეს თავიანთი სიმახვილე ან ძველებური სიჯიუტით აღარ ეძიებენ მიმდევრებს, თუმცა მათი სახესხვაობები ისევ ჩნდებიან. თვით ეკლესიაშიც შეინიშნება „აზრთა მიმართულება" ან „მოძრაობა", რომლებსაც ყოველთვის ვერ ვუწოდებთ ერესს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან პირისპირ ეკლესიის დოგმატების წინააღმდეგ არ გამოდიან), მაგრამ თითქოსდა აუცილებელი „რეფორმების" საბაბით ძირს უთხრიან ქრისტიანულ სწავლებას რწმენისა და კეთილმსახურების შესახებ, ცდილობენ იგი - ქრისტიანთათვის „კაცთა მიერ დათრგუნული მარილი" უნაყოფო გახადონ.
ესაა ეგრეთწოდებული „მოდერნიზმი" ანუ ქრისტიანული რწმენისა და კეთილმსახურების ამა თუ იმ საკითხებში თვითნებური ჩარევა და თავისუფალი აზროვნება.
ვერაგი მოდერნიზმი, რომელსაც ბევრი ზედმეტად მსუბუქად უყურებს და ვერ ხედავს მასში იმ დამღუპველ სულიერ საფრთხეს, რომელსაც იგი სინამდვილეში წარმოადგენს, ჩვენს ვერაგ დროში, თანამედროვე ქრისტიანების „ნელთბილობის" გამო წარმატებით ვრცელდება. ეს - ნამდვილი სულიერი შხამია, რომელიც წამლავს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას და ნელ-ნელა ანადგურებს ქრისტიანთა სულებს.
რაში მდგომარეობს დღევანდელ დღეს ამ ძალიან მოდური მოდერნიზმის არსი?
იმაში, რომ იგი ყველა ადამიანურ ვნებას ექომაგება და უპირობო აუცილებლობის შეცნობას განაშორებს კაცს, რომ ცხონებისათვის ყველა ვნებასთან და გულისთქმასთან უწყვეტი და შეუპოვარი ბრძოლაა საჭირო. (იხ. მარკ. 8. 34-37 და გალ. 5. 24).
მოდერნისტები საოცრად მზაკვრები არიან. ქრისტიანული სწავლ-ების ნათელ და კატეგორიულ მოთხოვნებს პირდაპირ არ უარყოფენ. ისინი ქრისტიანულ სწავლებასა და წმ. საეკლესიო გადმოცემაში და ყველაფერში, რაც ამ სწავლებაზეა დამყარებული, არ ხედავენ არაფერს მყარს, მტკიცეს. მათი აზრით ყველაფრის „შერბილება", სახეცვ-ლილება შეიძლება, შეიძლება ქრისტიანული სწავლება ადამიანურ ვნებებს მოარგო, ბოროტებაში მყოფ სამყაროს შეუთავსო. სხვაგვარად რომ ვთქვათ: მოდერნიზმი - ეს განუსაზღვრელი კომპრომისის რელიგიაა, რომლისთვის ყველაფერი დაშვებულია. ეს ქრისტეს ჭეშმარიტების სუფთა კი არა წყალგარეული ღვინოა, რომელსაც აკეთებენ უპატიოსნო, ანგარებისმოყვარე მიკიტნები.
მოდერნიმზი - „ნეოქრისტიანობაა", როგორც ზოგიერთები თავად უწოდებენ თავიანთ თავს. „ვარდისფერ" ქრისტიანებს, სენტიმენტალური, სუსტი, ღვთის ძალასა და მადლს მოკლებული, „მარილი, კაცთა მიერ დათრგუნული".
მოდერნიზმის მომხრე, განსაკუთრებით ისინი არიან ვისთვისაც უცხოა ჭეშმარიტი ქრისტიანობა მისი მკაცრი მორალური მოთხოვნებით, მისი ასკეტური სულითა და ცხოვრების წესით, მისი ეშმაკისეულ ბოროტებასთან შეურიგებლობით, ვისთვისაც ქრისტეს უარმყოფელი სამყარო მშობლიურია.
თავისი არსით ამ შემაძრწუნებელი გზით წავიდა რუსული სამღვდელოების ნაწილი რევოლუციის წინა წლებში, ითხოვდნენ ეკლესიაში „რეფორმებს", მათ მოწინააღმდეგეებს ლანძღავდნენ „რეტროგრადელებს", „ბნელეთის მოციქულებს", „შავრაზმელებს" ეძახდნენ, რომლებსაც ღმერთზე მეტად „კაცობრიობის პროგრესისა და დედამიწაზე სასუფევლის დამყარების სწამდა. ითხოვდნენ ყოველგვარ „თავისუფლებას" და სურდათ ადამიანთა ვნებისა და სურვილების ყველა ზღუდის დანგრევა. ამ ხალხმა, რომელსაც აშკარად დაკარგული ჰქონდა საღი გონება, ისარგებლა საყოველთაო რევოლუციის წლებში და შეეცადა შეექმნა რაღაც „ახალი ეკლესია", რუსეთში არსებულის ნაცვლად, უწოდეს მას „ცოცხალი ეკლესია ვითომდა ძირძველი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მკვდარი იყო, მაგრამ მართლმადიდებელმა რუსმა ხალხმა, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა ჯანსაღი რელიგიური მორალური გონება, გადაჭრით უარყო ეს ცრუ - ეკლესია, ისევე როგორც შემდეგ აღმოცენებული „განმაახლებლობა" და ეს ვერაგული წამოწყებები, მიუხედავად ღვთისმებრძოლი ხელისუფლების ძლიერი მხარდაჭერისა (რომელიც ხარობდა ეკლესიის შესაძლო დაშლით) საზეიმოდ ჩაიშალა.
მაგრამ მოდერნიზმის შხამს უკვე დაწყებული ჰქონდა მოქმედება, ნელ-ნელა იწყო ყველგან გავრცელება და ადამიანთა სულების მოწამლვა. მან საზღვარგარეთაც შემოაღწია. რუსულ ემიგრაციასა და სხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში მის დამღუპველ ნაყოფს იმკიდა. კლავდა ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას და მას სამშვინველისეული სუროგატებით ცვლიდა, რომლებიც ადამიანის ცოდვიანსა და ვნებიან ბუნებას ჰარმონიულად ერწყმოდა.
სასტიკ ღვთისმებრძოლთა მიერ დაპყრობილ და შეურაცხყოფილ რუსეთში მოდერნიზმის შხამმა ისე მოწამლა სასულიერო პირები (რომლებმაც გემო გაუსინჯეს მას), რომ ჩავარდნენ სასიკვდინე ცოდვებში - სიძვა-მრუშობასა და კაცთა კვლაში. საკმარისია გავიხსენოთ „ცოცხალი ეკლესიის" ცრუ მიტროპოლიტი ალექსანდრე ვედენსკი, რომელსაც მორწმუნე რუსმა ხალხმა „სოდომ-გომორელი მიტროპოლიტი" შეარქვა. სხვა ცრუ მოძღვრები, რომლებიც ბოლშევიკებს ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტ მსახურებს სასიკვდილოდ გადასცემდნენ, დაწყებული მღვდელმოწამე პეტროგრადელი მიტროპოლიტ ბენიამენით და დამთავრებული სარწმუნოების სხვა ნამდვილი აღმსარებლებითა და ეკლესიის ჭეშმარიტი მოსაგრეებით.
მოდერნიზმს სარწმუნოებაში, რაც უნდა კეთილ მოტივებსა და მაღალ ლოზუნგებს იყოს ამოფარებული, თანმიმდევრობით და უცილობლად, სრული უპრინციპობისაკენ მივყავართ. სარწმუნოების დოგმატებს ისინი არ უარყოფენ, მაგრამ თავისუფლად და თანამედროვედ ხსნიან, საეკლესიო კანონებს იგნორირებენ, როგორც „მოძველებულს", რომელიც თანამედროვე მოთხოვნებსა და ახალი დროის სულს ვერ პასუხობს, ამიტომაც მათ შესრულებას სულაც არ თვლიან აუცილებლად. ამავე დროს მოდერნისტები მკაცრად იცავენ იმ კანონებს, რომლებიც მათ აწყობთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და რომლებსაც გამოიყენებენ მათ მიერ ჩადენილი უკანონობის გასამართლებლად და ჭეშმარიტ მორწმუნეთა მხარიდან მხილებისა და ბრალდებებისაგან თავის დასაცავად. ამ კანონებით მოქმედებენ და სისასტიკეს იჩენენ იმათ მიმართ, ვინც ქრისტიანული სინდისის მიხედვით ცხოვრობს და შემწყნარებლები არიან მათთან, ვინც უხეშად არღვევს „მოძველებულსა" და „დროისთვის შეუფერებელ" კანონებს. გავიხსენოთ, რუსეთში ეკლესიის მოდერნისტები იქამდე მივიდნენ, რომ თვით უწმინდესი პატრიარქი ტიხონი, რომელიც 1917 წ. სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებამ აირჩია, განკვეთილად გამოაცხადეს. მაგრამ საზღვარგარეთელმა მოდერნისტებმა, რომლებიც სულით ენათესავებოდნენ რუსეთის ახალი ეკლესიის წარმომადგენლებს, თავი „ტიხონის მიმდევრებად" გამოაცხადეს, როცა ეს საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ბრძოლაში მათთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.
მოდერნისტები განსაკუთრებით ვერ იტანენ იმას, რასაც ჩვეულებრივ „კონსერვატიზმს" ეძახდნენ ანუ მტკიცედ დგომას ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენასა და კეთილმსახურებაში, სარწმუნოებით ცხოვრებას. ამ „კონსერვატიზმის" წინააღმდეგ გააფთრებული ბოროტებით იბრძვიან, ცდილობენ დააკნინონ და შეურაცხყონ იგი. ამიტომ მოძებნეს მეტსახელები „შავრაზმელები", „ბნელეთის მოციქულები", „რეტროგრადელები" - ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე რუსეთში დამთხვეული რევოლუციონერები ეძახდნენ იმ ადამიანებს, ვინც მტკიცედ იდგა რუსული სახელმწიფოებრიობის საუკუნოვანი ისტორიული საფუძვლებისთვის ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის, მართლმადიდებლური რუსეთის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საკვირველია, როგორ ცოცხლობს ეს ჭეშმარიტად სატანისტური ღვარძლი!
ეს ბოღმიანი მეტსახელები - „შავრაზმელები", „ბნელეთის მოციქულები", „რეტროგრადელები" - დღემდე მოვიდა მიუხედავად იმ სისხლიანი საშინელებებისა, რაც, თავს გადახდა რუსეთს და მასთან ერთად წმ. ეკლესიას, რომელიც „თავისუფლებისმოყვარეთა" ბეჯითი „პროგრესული მუშაობის" შედეგად მოწამეთა ზღვა სისხლითაა მორწყული.
თითქოს ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს დიდი ხნის წინ უნდა ახილვოდა თვალი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც „შავრაზმული" რუსეთის დაღუპვის შემდეგ თვითონაც იგივენაირი, დღეს თუ ხვალ მისი დანთქმისთვის გამზადებული სისხლიანი უფსკრულის პირას აღმოჩნდა.
უბედურება ისაა: კეთილსინდისიერი ადამიანები ძალზე ცოტანი არიან! დღეს სამყაროს ბედს გამოუსწორებელი დამნაშავეები წყვეტენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის ზრუნავენ, ისე გადაიჭრნენ თავიანთ „პროგრესულობაში", რომ სულიერად დაბრმავებულები ვერ ხედავენ როგორ ითხრიან სამარეს!
ჭეშმარიტად ჩვენი დროის ბოროტებაა მოდერნიზმი, რომელიც ძირს უთხრის რწმენასა და ეკლესიას, ადამიანების სულიერ ორგანიზმს კლავს ნელ-ნელა, მაგრამ კარგად მოქმედი შხამით.
ხოლო მათ, ვისაც სურს საუკუნო გადარჩენის ჭეშმარიტი და სწორი გზით სიარული, აუცილებელია მოიშოროს მოდერნიზმის ჩრდილი და გადაჭრით უარყოს ყველა თანამედროვე თვითმარქვია, ცრუ მასწავლებლები და ცრუ ღვთისმეტყველები, ქედმაღლურად რომ აკრიტიკებენ წმ. ეკლესიის სწავლებას და „ნეო-ქრისტიანობას" ქადაგებენ. ვისაც სურს გადარჩენა ჩვენი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტი მამების ერთგული და მორჩილი სულიერი შვილი უნდა გახდეს. როგორებიც არიან ოპიტნელი ბერები, წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი), ეპ. თეოფანე დაყუდებული, წმ. იოანე საკვირველმოქმედი კრონშტანდტელი. მათ, მხოლოდ მათ შეიძლება ვენდოთ ჩვენს ვერაგ დროში!
არქიმანდრიტი ამბერკი (ტაუშევი)
„Современность в свете слова Божия"
Xareba.net - ის რედაქცია