ახლა შევხედოთ, როგორი პარადიგმა1 შეიქმნება ანტიქრისტეს პე-რიოდში. იგი ხდება დედამიწაზე ჯერ არყოფილი და განუმეორებელი მმართველი. ყველაფერი მის ხელთაა: ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტები, პოლიცია და მსოფლიოში არსებული ყველა საიდუმლო სამსახური. მრავალეროვანი არმია (რომელიც მხოლოდ მის ერთგულებაზე დებს ფიცს) და სტრატეგიული შეიარაღება შიგა სახელმწიფო პრობლემების მოგვარებაზეა გადართული, რამდენადაც დედამიწა იმ დროს ერთ სახელმწიფოდ იქცევა და აღარ იარსებებს გარეგანი მტერი... იგია ხალხთა ბელადი, ხალხთა მამა. მისთვის ცეკვავს და მღერის მისი თანამედროვე თუ ფოლკლორული ანსამბლი (ლენინ-სტალინის ეპოქაში კაცობრიობის ერთ მეექვსედს გავლილი აქვს ამდაგვარი პრაქტიკა). მისი მომღიმარე სურათებია გამოკრული ბილბორდებსა თუ შენობებზე. მის სახელს არქმევენ ახლადმოვ-ლენილ ჩვილებს; როგორც ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკურ ლიდერებში, ანტიქრისტე შეეცდება თავის პირველობას ერთად-ერთობისა და განუმეორებლობის სახე შესძინოს. ამას დაუმატეთ სატანის დახმარებით მისგან განხორციელებული სასწაულები, რომლის მსგავსიც ჯერ არ ახსოვს კაცობრიობას. სულიერი ადამიანები და მხოლოდ ისინი შეამჩნევენ ამ სასწაულების ცრუ და მაცდუნებელ სახეს, მაგრამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა სიხარულით მიიღებს მას.
"გამოცხადებიდან" ცნობილია, რომ ანტიქრისტე მძიმე ფიზიკურ ჭრილობას გადაიტანს და სასწაულებრივად წამოდგება ფეხზე. წარმოიდგინეთ, რამდენი ლექსი და ბალადა დაიწერება ამაზე მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. გადაიღებენ ფილმებს.
დიდი ფრანგი მოაზროვნე პოლ ვალერი წერდა: "ძალაუფლება, მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, მთელს თავის მომხიბვლელობას კარგავსო". აქედან გამომდინარე, მომხიბვლელობის სისრულისათვის, განა რაღა დარჩენია ანტიქრისტეს, როგორც მსოფლიო ძალაუფლებისა და მსოფლიო ბოროტების (სატანური ძალების შეწევნით) კვინტესენციას? ერთადერთი, რომ თავი ღმერთად გამოაცხადოს! მით უმეტეს, რომ იგი, როგორც "გამოცხადებიდანაა" ცნობილი ზეციდან ცეცხლსაც ჩამოიტანს, როგორც ღვთის დაშვებით, ეს ეშმაკმა მოიმოქმედა იობის დროს. მოკლედ, ანტიქრისტე ხდება მთელი მიწიერი ბოროტების კრისტალიზაციის წერტილი და იგი იწყებს მთელი ადამიანური საზოგადოების დემონიზაციას. ანტიქრისტე ალბათ კონსტიტუციის დონეზე შემოიღებს საკუთარ თაყვანისცემას და ტექნიკურ დონეზე უზრუნველჰყოფს მას. აი, ამ დროს ჩნდება მისი ბეჭედიც, ანუ ნიშანი მისი, როგორც ღმერთის მიმდევრობისა და თაყვანისცემისა... ჩვენ შემთხვევით არ მოგვიყვანია ამონარიდი ნათლობის წესიდან. როგორადაც ნებაყოფლობითია ნათლობა და იგი ადამიანს ეშმაკის წინააღმდეგ მებრძოლად აქცევს, ასევე ნებაყოფ-ლობითი იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი და იგი ადამიანს ღვთისმებრძოლად აქცევს. ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ ციტატა იოანე დამასკელის თხზულებიდან, საიდანაც ჩანს, რომ ეშმაკს არ შეუძლია ადამიანის იძულება, თუმცა გამოსცდის მას;
ამიტომ, როდესაც წმინდა მამები ანტიქრისტეს ბეჭედზე საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ არა მის გარეგნულ მხარეზე, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ანტიქრისტეს მოსვლის ჟამს გამჟღავნდება, არამედ მის არსობრივ მხარეზე.
მაგალითად, წმ. ნილოს მირონმდინარეს წინასწარმეტყველებებში ვხვდებით ასეთ განმარტებას:
"ბეჭედზე იქნება შემდეგი წარწერა: "მე შენი ვარ" - "დიახ შენ ჩემი ხარ". - "ნებით მოვდივარ და არა იძულებით" - "და მეც შენი ნებით გიღებ შენ და არა იძულებით". ეს ოთხი ზმნა ან წარწერა იქნება გამოსახული იმ წყეულის ბეჭდის შუაგულში".
შედეგი კი ასეთი მასიური, ყოვლისმომცველი, კრისტალიზებული ბოროტებისა დედამიწაზე იქნება ის, რომ იგი ნაყოფს აღარ გამოიღებს და ამით სირცხვილეულ-იქნება ანტიქრისტეს მოჩვენებითი ყოვლის-შემძლეობა, მაგრამ იქნება ჭირი და შიმშილი კაცთა შორის. მათი მასიური კერპთმსახურების გამო დაიშრიტება დედამიწის დედობრი-ვი გამომზრდელობისა და გამოკვების უნარი; ცის სტიქიებიც კი შეიძრებიან.
საღვთო წერილის რაციონალურ და ტექნოლოგიურ განმარტებებს ყოველთვის სექტანტობამდე მივყავართ, რისი მაგალითებიც საკმა-რისზე მეტია ეკლესიის ისტორიაში.
მაგალითისათვის ავიღოთ წმინდა კოზმა ეტოლელის წინასწარმეტ-ყველებები ბოლო ჟამისმიერ მოვლენებზე და ტექნიკურ პროგრესზე:
"თქვენ იხილავთ, რომ ადამიანები ძერებივით იფრენენ ცაში და დე-დამიწაზე ცეცხლს გადმოყრიან";
"ცაში იფრენენ ფრინველები მეტალის ცხვირებითა და ფრთებით";
"თქვენ შეგჭამენ ფრინველები რკინის ნისკარტებით";
"თქვენ იხილავთ, როგორ იქროლებს უცხენო ეტლი კურდღელზე სწრაფად";
"გამოჩნდებიან რკინის ცხენები, რომლებიც საოცრად სწრაფად იმო-ძრავებენ";
"მოვა დრო, როდესაც მთელი მსოფლიო ერთი ძაფით იქნება გარშე-მორტყმული"
"მოვა დრო, როდესაც ადამიანები ერთი შორეული წერტილიდან მე-ორე შორეულ წერტილში ილაპარაკებენ, მაგალითად, კონსტანტინე-პოლიდან რუსეთში";
"ერთი დაინახავს მეორეს, რომელიც მას ელაპარაკება, თუმცა ისინი ერთიმეორისაგან ძალიან შორს იქნებიან, ისე ილაპარაკებენ, თითქოს ძალიან ახლოს იყვნენ";
"მოვა დრო, როცა მოვისმენთ თუ როგორ ლაპარაკობენ გარდაცვა-ლებულები. მათ დავინახავთ კიდეც (კინოდოკუმენტალისტიკა, ვიდეო)"... და ა.შ. XVIII საუკუნის ღირსი მამა წინასწარმეტყველებს ავტომობილის, თვითმფრინავის, საბრძოლო ავიაციის, ტელეფონის, ინტერნეტის, ტელევიზორის გამოგონებაზე. ეს ყველაფერი დღეს აღსრულებულია. ალბათ თავის დროზე შიშით ადევნებდნენ თვალყურს ამ და სხვა წინასწარმეტყველებების შესრულებას. აკი აღვნიშნეთ კიდეც, რომ პერიოდულად აპოკალიფსური შიშის ტალღები გადაუვლიდა ხოლმე დედამიწას.
იქნებ შეგვეწყვიტა გამომგონებლობა და ტექნიკური პროგრესი, ან თუნდაც სახარების თარგმნა და გავრცელება სხვადასხვა ერებში, რათა ანტიქრისტე არ მოვიდეს?... ღვთის განგებით სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის ნებისმიერი გამომგონებლობა, სადაც არ უნდა მოხდეს იგი, მსოფლიოს მონაპოვარი ხდება. სხვანაირად ჩვენ არც მანქანები გვეყოლებოდა, არც მობილური ტელეფონები გვექნებოდა, არც თანამედროვე მედიცინა და სხვათაშორის არც ის ფსევდო-ქრისტიანული მასმედია, რომელიც ხანდახან შიშნარევი ინფორმაციებით გვაკვირვებს ხოლმე... მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ნებისმიერი გამომგონებლობა შეიძლება ბოროტებად იქცეს, როგორც მანამდეც მრავალგზის ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ შემთხვევაში ეს ზღვარი ანტიქრისტეს მოსვლაზე გადის. როგორც ქრისტეს მოსვლით სახელმწიფო სისტემები ბიბლიური სიკეთის სამსახურში იქნა ჩაყენებული, ამის საპირი-სპიროდ, ანტიქრისტეს დროს ისინი ბოროტების სამსახურში ჩადგებიან.
შეუძლებელია წინასწარმეტყველებები არ შესრულდეს. შეუძლებე-ლია ისტორიის ჩარხის გაჩერება ან უკუღმა დატრიალება. დათესილი იფქლი უნდა ამოვიდეს, დამწიფდეს და სამკალად განემზადოს. დათესილი ღვარძლიც უნდა დამწიფდეს და ცეცხლში დასაწველად განემზადოს. როდესაც, ღვთის განგებით, საუფლო ბეღელი გაივსება, მაშინ დადგება ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამიც. ამ დროისათვის ცხონებული ადამიანების რიცხვი დაცემული ანგელოზების რიცხვს შეავსებენ და მაშინ დასრულდება ზეციური იერუსალიმის დაქცეული ზღუდეების კვლავ აღშენება (ფს. 50). ის, რაც დროში დაიწყო, დროში უნდა დამთავრდეს.
მხოლოდდამხოლოდ ჩვენი მორწმუნეობა და დედაეკლესიის ღირ-სეული შვილობაა ანტიქრისტეს მოსვლის შემაკავებელი; გარდა ამისა, საუფლო სწავლებით, ჩვენი „საქმე არ არის, ვიცოდეთ დროები და ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით" (საქმე მოციქულთა 1.7).
შენიშვნის სახით ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დღემდე არსებობენ ვრცელი სექტანტური დასახლებები, რომლებიც უარს ამბობენ ყოველგვარ ცივილიზაციაზე და პირველყოფილი მეურნეობით ცხოვრობენ. აქამდე მიიყვანა ისინი აბსურდულმა პროტესტანტურმა სილოგიზმებმა2.
ჩვენ ვლოცულობთ, როგორც ამას ჩვენი მამებიც იქმოდნენ, რათა ღმერთმა ჩვენს თაობას აარიდოს ეს დიდი განსაცდელი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თვით იმ დიდი გაურკვევლობის ჟამსაც კი უფალი არ ტოვებს თავის ჭეშმარიტ სამწყსოს უნუგეშოდ. გავიხსენოთ მსგავსი ისტორია IV საუკუნის ეკლესიის ცხოვრებიდან. მაშინდელმა ბიზანტიის იმპერატორმა იულიანე განდგომილმა გადაწყვიტა ქრისტიანებისათვის დაეცინა. მან იცოდა, რომ ქრისტიანები ნაკერპავს ერიდებოდნენ, ამიტომ თავის მსახურებს უბრძანა, რომ დიდმარხვის პირველ კვირაში ქალაქის ბაზრობაზე საკვები პროდუქტებისათვის ნაკერპავის სისხლი ეპკურებინათ. ქრისტიანები, ამ მზაკვრობაში გაუთვითცნობიერებულნი, იყიდდნენ პროდუქტებს და წარმართ-თაგან აბუჩად ასაგდებნი გახდებოდნენ, როგორც ნაკერპავისაგან ვითომდაც შებილწულნი.
ღვთის განგებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ევდოქსის, ცხა-დად და არა სიზმრისეულად, გამოეცხადა წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი და აცნობა იმპერატორის მზაკვრული გეგმების შესახებ. ქრისტიანებს განეცხადათ დაფარული ბოროტება და საკუთარი საოჯახო ხორბლის მარაგიდან დაიწყეს მისი მოხარშვა და თაფლთან ერთად მიღება. ასე უბრალო საკვებით განვლეს დიდმარხვის პირველი კვირა. თვით ეს გამოსავალიც დიდმოწამემ ურჩია პატრიარქს. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინდელი კონსტან-ტინეპოლის პატრიარქი არიოზის მწვალებლობის მიმდევარი იყო და თანაც მტკიცე არიანელი. იულიანე განდგომილი ანტიქრისტეს ერთ-ერთ წინამორბედად ითვლება. იგი ბრძოლის ველზე მოიკლა გაურკვეველ ვითარებაში და მისი ბოლო სიტყვები იყო:
"შენ გაიმარჯვე გალილეველო!"
ასევე შეეწევა უფალი დედაეკლესიის შვილებს იმ ავბედით პერიო-დშიც, რადგან "იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს, და უკუნისამდეც" (ებრ. 1.3.8).
ანტიქრისტეს ზეობის ჟამს წარმოგზავნის უფალი დედამიწაზე თავ-ის ორ დიდ წინასწარმეტყველს: ენუქისა და ილიას, რათა იმ დროსაც კი არც ერთი ადამიანი გაურკვევლობაში არ იყოს ანტიქრისტეს ვინაობის შესახებ, მით უმეტეს ქრისტიანები... და სწორედ მათი მოსვლა და ქადაგება იქნება საშინელ სამსჯავროზე იმჟამინდელი ქრისტიანების მამხილებელი, რათა თავის მართლების არანაირი უფლება აღარ ქონდეთ უფლის სამსჯავროზე, გარდა თავისი განდგომილებისა და ურწმუნოებისა. სწორედაც ამ დიდი მოშურ-ნეობისა და მხილების გამო იქნებიან მოკლულნი ეს წინასწარ-მეტყველნი ანტიქრისტეს მიერ.
წმ. იოანე დამასკელი წერდა:
"მოივლინებიან ენუქი და ილია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა, ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულ იქნებიან მისგან (ანტიქრისტესაგან)" (წმ. იოანე დამასკელი, წიგნი IV, თავი 27).
წმ. ეფრემ ასური ასე მოძღვრავს ეკლესიას:
"უფალი, მისი მოწყალებისამებრ, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტ-ელსა და ენოქს წარმოგზავნის, რათა მათ ასწავლონ კაცთა მოდგმას ჭეშმარიტი ღვთისმსახურება; სახარების სწავლებით განანათლონ ხალხები, რათა მტარვალს შიშის გამო არ შეუვრდნენ. ისინი იქადაგებენ: "ჰოი, ადამიანებო, ეს ხიბლია, მზაკვრობაა! სრულებით არ ერწმუნოს მას არავინ. არავინ დაემორჩილოს ღვთისმბრძოლს. არც ერთი თქვენგანი არ შეშინდეს, რადგან მალე განქარდება მისი მზაკვრობა. წმინდა უფალი მოდის ზეციდან, რათა საჯოს ვეშაპი და ყველა, ვინც მისი სასწაულები ირწმუნა". მცირედნი ისურვებენ მაშინ წინასწარმეტყველთა ქადაგების მოსმენას, მცირედნი ირწმუნებენ მათ სიტყვებს. მაცხოვარი კი ამას თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის საჩვენებლად იქმს: იმ საშინელ დროსაც არ ტოვებს იგი კაცობრიობას უფლის სიტყვის გარეშე, რათა სამსჯავროზე აღარავის მოუხდეს სიტყვისგება".3
რა თქმა უნდა დემონმაც იცის ეს ყველაფერი. ამიტომ მისი ბრძოლის სტრატეგიაში შედის, ადამიანები შეაჩვიოს ცრუ შიშსა და მღელვარებას, ცრუ-სასწაულებს, რათა გამოიწვიოს ხედვის, სმენისა და გულისმიერი ზრახვების სრული სულიერი ატროფია და როდესაც ნამდვილი მგელი გამოჩნდება და ქრისტეს სამწყსოს წახდენას მოინდომებს, ინფორმაციებით გაბეზრებულმა ადამიანებმა მორიგ ცრუ-განგაშად ჩათვალონ იგი.
რაც შეეხება დემონურ ტაქტიკას. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ სამეუფეო სწავლებაზე პირველი იერიში მემარცხენე-ზილოტურ ფრთას მიჰქონდა ყოველთვის. მათი ყალბი მოშურნეობა განსა-კუთრებულ ზიანს აყენებდა დედა-ეკლესიას და უფრო მეტ ხალხსაც წყვეტდა საუფლო გზას. ზოგადად, მართლმადიდებლობაზე მოწე-ული მთავარი სულიერი ეპიდემიები უმეტესწილად ზილოტურ ხასიათს ატარებდა. ასეთები იყვნენ მონოფიზიტები და არიანელები. ზილოტურია ათონის მთის ევსიგმენის მონასტრის გარდაქცეული მოშურნეობაც. ამ პირველი, მემარცხენე ბომბარდირების შემდეგ, მეორე შემტევ ტალღაზე მემარჯვენე-რაციონალისტებიც გამოჩნდებ-იან ხოლმე, რომელნიც რიცხვომანიითა და გამოთვლითი მჩხიბაობით შეპყრობილები უკვე საბოლოოდ აფორმებენ პროტესტანტულ აგრე-სიას. (გაგრძელება...)
¹პარადიგმა - გარკვეული შეხედულებების, წესებისა და კანონების ერთობლიობა, რომელიც გაბატონებულია ისტორიის გარკვეულ ეტაპზე.
²სილოგიზმი - წინამძღვრების შეჯერება და მისგან ლოგიკური დასკვნის გამოტანა.
³წმ. ეფრემ ასური, "სიტყვა უფლის მოსვლაზე, წუთისოფლის აღსასრულსა და ანტიქრისტეს მოსვლაზე".
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
წიგნიდან "666 ანუ აპოკალიფსური საცდური"
Xareba.net - ის რედაქცია