XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, შემდეგ გიორგი II-ს ცალკეული გამარჯვებების მიუხედავა აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო, ქართველებმა მიატოვეს სამკვიდ-რებელი და მტებსა და ტყეებს შეაფარეს თავი, დაცარიელებული ქვეყანა ურჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.
ერთ დროს ქრისტეს მოყვარე ერი ურჯულოებამ და ცოდვამ მოიც-ვა... „ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს „მოხედნა უფალმან რისხვითა და შესძრა ქვეყანა საფუძვლითურთ", საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.
ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს „იწყო აღნოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახლმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თვით სამეოცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან დავით".
1089 წელს გიორგი მეორემ უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმ-ძიმეზე და თავის თექვსმეტი წლის „მარტოშობილ ძეს... დაადგა გვირგვინი მეფობისა". „თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თვისი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას"... უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, „უზეშთაეს-ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა". წინ იყო ბრძოლის, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.
უპირველეს ყოვლისა დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქ-ცეული და მიუვალ ადგილებში შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარებზე, თავი მოუყარა აზნა-ურებს, და მათთან ერთად შეუდგარის შეკრებას.
გავიდა ოთხი წელი, მოკვდა სულთანი მელიქშაჰი, ლიპარიტ ბაღ-ვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, „იწყო მამურ-პაპურთა, კუალთა სვლა... დარათუ ქრისტეანე იყო სახით, გარნა ორგულება და სიძულვილი და პატრონთა გვარისაგან მოაქუნდა გონებითა... დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა".
მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო, კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ „კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს", კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი, პატივაყრუილი, საბერძნეთს გაგზავნა, ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც, რადგან იცოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედი შინაგანი მშვიდობა და ერთობა იყო.
ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისა-რგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. ღვთივგანრძნობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა ეკლესიას მიაპ-ყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება „ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნეთა სანახებთა ქართლისათა, მახლო-ბლად ორთა საეპისკოპოსოთა - რუისა და ურბნისისა". კრებამ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწ-მუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა ერისა და პიროვნების გადარჩენს საქმეში. „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არც განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლის წერაში.
დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღვთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით.
რამდენიმე წელი ქვეყნის შინა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენე-ბლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.
თურქთა სულთანმა მუჰამედმა ასი ათასიანი ლაშქარი დაძრა საქა-რთველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. „შეწევნითა ღმრთისაითა იძლია ბანაკი თურქთა". თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განდევნეს.
იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატაი ბერძენთა იმპერატორს, ალექსი კომნენოსს მისცა სძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად „რათა ვითარცა ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი".
მიუხედავად წარმატებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივ-მოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა, ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება.
დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა ორმოციათასიანი არმია, ამას ხუთი ათ-ასი ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო ორმოცდახუთი ათასი კაცისაგან შემდგარი სპა.
მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. „ესევი-თართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი" სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავისი ძე, მალიქი, ექვსასი ათასიანი არმია შეიკრიბა და საქართველოსკენ დაიძრა.
1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა". უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.
ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მე-ომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ... ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულ ვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტი-ოთ"...
უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ და შემართებამ, ქართველთა სიმხნევემ და ზეციურმა სასწაულებმა მტერი შიშით გათანგა. „ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი გან-ცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".
პირველსავე ბრძოლაში ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.
მომდევნო, 1122 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ოთ-ხასწლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.
1106 წელს დავით მეფემ დაიწყო თავისი აღმშენებლობითი მოღვაწ-ეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. ასე დაედო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას. მართლ-სარწმუნოებისა და სიბრძნის კერად იქცა „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად".
კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილე-ბელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს. ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად.
განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა, ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა".
საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო, მისი „გალობანი სინანულისანი" თავისი ღრმა სულიერებით უტოლდება ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს, ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ძლევამოსილმა და მართალმა, შთამო-მავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიეთ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს: „ჟამი რაი წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნენ, ყუავილოვნებაი დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგნენ სპანი, მაშინ შემიწყალე მსაჯულო ჩემო!"
წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მერ აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე".
Xareba.net - ის რედაქცია