ცოდნა იმისა, თუ რანი ვართ და რისგან ვართ შექმნილი, უდიდესი სიკეთეა. საკმაო სწავლებას იძლევა თავმდაბლობაზე საკუთარი ბუნების განხილვა. მას ყველა ვნების დაცხრომა და სულში მყუდროების დასადგურება შეუძლია. ამიტომ მოგვეცა შეგონება: „შეიცან თავი შენი", საკუთარ ბუნებაზე და მის აგებულებაზე ფიქრი მუდმივად სიმდაბლეში გვამყოფებს. მართალი აბრაამი ყოველთვის ამაზე ფიქრობდა და არასოდეს მედიდურობდა. ღმერთთან საუბრისას მან თქვა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა". სხვა ამაყი ადამიანის დასამდაბლებლად მხოლოდ მის ბუნებაზე შეახსენებს და მტკიცედ შეაგონებს მას: „რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი?" (ზირ. 10.9). მაგრამ საუბრობ იმაზე, რაც სიკვდილის შემდეგ მოხდება? სიცოცხლეშივე ასწავლე სიმდაბლე, მან ჯერ არ იცის, რომ მტვერი და ფერფლია. ის სხეულის სილამაზეს, ძალაუფლებას, მლიქვნელთა მსახურებას და თანმხლებ მუქთახორებს ხედავს, ძვირფასი სამოსელით იმოსება, ეს მირაჟები ხიბლავს, საკუთარ ბუნებას ავიწყებს, ის არ ელოდება ამის ხილვას აღსასრულის ჟამს, წინაპრების საფლავებთან არ მიდის, აწმყოთი ცხოვრობს და მომავალზე საერთოდ არ ფიქრობს. ჯერ კიდევ აქ ასწავლე მას, რომ მტვერი და ფერფლია. დაიცადე - ამბობს უფალი - ამაზე უფრო დამამდაბლებელს ვასწავლი, რათა ოცნებებში გართულმა თავისი არარაობა შეიცნოს და სიცოცხლეშივე განიკურნოს. ნათქვამს: „რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი?" მან დაამატა: „ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული". (ზირ 10.9). რას ნიშნავს სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული? შიგნეულს ის, ათასი სიბინძურითა და სიმყრალით სავსე მუცელს უწოდებს, არა ბუნების განსასჯელად, არამედ გონიერ სიმდაბლესთან მისაახლებლად. ხედავ, სიცოცხლე-შივე ხრწნადი არსების სიმდაბლეს? საკუთარ სისუსტეში დასარ-წმუნებლად აღსასრულს ნუ ელოდები, არამედ სიცოცხლეშივე, დააკვირდი და გონებით ჩაწვდი საკუთარ არსებობას. თუმცა, სულით არ დაეცე, ღმერთმა ასე არა სიძულვილის, არამედ კაცთმოყვარეობის გამო მოაწყო, რათა გონიერი თავმდაბლობისათვის უდიდესი მიზეზი მოეცა ჩვენთვის. თუკი ადამიანმა, რომელიც მტვერი და ნაცარია, გაბედა ეთქვა: „ცად ავხდები" (ეს. 14,13), სად არ იქროლებდა გონებით, ბუნების სადავით რომ არ იჭერდეს. მაშ ასე, როცა დაინახავ, რომ ვიღაც ქედმაღლობს, ცხვირს მაღლა წევს, იმუქრება, აპატიმრებს, სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს, უგუნურ საქმეებს აკეთებს, უთხარი მას: „რად ქედმაღლობს, მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული". ეს მარტო რიგით ადამიანზე კი არა, თვით სამეფო ტახტის მფლობელზეც ითქმის. ძვირფას სამოსელს ნუ უყურებ, თვით ბუნება გამოიკვლიე და უბრალო ადამიანებთან შედარებით აღმატებულს ვერაფერს ნახავ. სამეფო მოსასხამი, გვირგვინი და სამოსელიც მიწისგანაა შექმნილი, რამეთუ „ბალახია, ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი" საკუთარ ბუნებაზე დაფიქრება როგორ ამდაბლებს სიამაყეს და ამარცხებს ქედმაღლობას? საკმარისია გავიაზროთ რანი ვართ და რისგან ვართ შექმნილნი, რომ ზვიადი ზრახვები მაშინვე ქრება. ბუნების განხილვა არა მარტო ამპარტავნების გასანადგურებლადაა სასარ-გებლო. როცა რომელიღაც სხვა ვნება გვაფორიაქებს, მაგალითად ფულის სიყვარული, ან ლამაზი სხეულისადმი უსირცხვილო და გარყვნილებამდე მიმყვანი ძლიერი ლტოლვა, მას შეუძლია ეს ვნებები დააცხროს. ამიტომ, როცა შენი აზრების ამაფორიაქებელ და სურვილების აღმძვრელ ლამაზ, ნათელი სახის, მხიარულ ქალს ხედავ, წარმოიდგინე, რომ შენი აღტაცების საგანი მიწაა და შენი ამაღელვებელი ნაცარია, ამით შენი სული დამშვიდდება, წარმოი-დგინე რა ხდება მის კანქვეშ და მისი უსახურობის სიმდაბლეს დაინახავ, ზედაპირზე ნუ შეჩერდები, აზრით ღრმად ჩაწვდი და შენ ძვლების, ძარღვების და ნერვების მეტს ვერაფერს იპოვი. არაა საკმარისი? წარმოიდგინე, რომ ის შეიცვალა, დაბერდა, დაავადდა, თვალები ჩაუცვივდა, ადრინდელი შეფერილობა გაუფერმკრთალდა, დაფიქრდი, რამ გაგაოცა და შენი სურვილების შეგრცხვეს, შენ ტალახმა და ნაცარმა გაგაკვირვა, მტვერმა და ფერფლმა აგაფორიაქა. ამას ბუნების განსასჯელად, დასამცირებლად, და შესაძულებლად კი არ ვამბობ, არამედ მსურს სნეულთათვის წამლობა მოვამზადო. ღმერთმა ის ასეთი დამცირებული იმიტომ შექმნა, რომ საკუთარი ძალა და მზრუნველობა ეჩვენებინა. ბუნების წარმავლობით თავ-მდაბლობისთვის განგვაწყობს და ყოველგვარ ვნებას აცხრობს, ხოლო აქვე საკუთარ სიბრძნეს გვიჩვენებს რომლითაც ტალახიდან ასეთი სილამაზე შექმნა. ამიტომ, როცა ბუნებას ვამცირებთ, მაშინ შემოქმედის ხელოვნებას წარმოვაჩენთ, მოქანდაკის ნახელავით უფრო აღტაცებულები კი არ ვართ, როცა დიდებულ ქანდაკებას ოქროსგან დაამზადებს, არამედ, როცა სრულყოფილ და ზუსტ სახეს მდარე მასალისაგან ქმნის, ასევე გვაოცებს და ქებას შევასხამთ უდიდეს შემოქმედს, უფალს, რომელმაც ნაცარს და ტალახს საოცარი სილამაზე მიანიჭა და გამოუთქმელი სიბრძნით დააჯილდოვა. და ეს არამარტო ჩვენს სხეულს, არამედ ყველა ქმნილებას მიანიჭა. არსებათა უმრავლესობა შექმნა რა უბრალო მასალისაგან, მათში საკუთარი ხელოვნების ნათელი დადასტურება ჩააქსოვა, და ამასთან არსების წარმავლობის ზოგი ნიშანიც აღბეჭდა, რათა სილამაზემ და ხელოვნებამ შემოქმედით გაგვაოცოს, ხოლო ქმნილების თაყვანის-ცემას აგვარიდოს. გახსოვდეთ ეს სიტყვები არა ჩვენი ბუნების, არამედ ურიცხვი სურვილების საწინააღმდეგოდ ნათქვამი. ბუნებას კი არა, სურვილებს განვიკითხავთ. ასეთ სახით დაიოკეთ მრისხანება, დაიმშვიდეთ ავხორცობა და ალაგმეთ სიამაყე.
მეორე საუბარი წინასწარმეტყველებაზე - წმ. იოანე ოქროპირი
Xareba.net - ის რედაქცია