ღვთის ქმნილებებს შორის ქალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ვლინდება ადამიანის როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ყოფიერების ყველა საფეხურზე. ქალს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები აქვს: ის ერთგვარი ფილტრია, რომელიც გვიცავს ბოროტი საქმისაგან. ქალის ბუნება ღვთის ქმნილებაა.
სამყაროს რომ ვსწავლობთ, ვხედავთ, რა სიბრძნით მოაწყო ღმერთმა ყოველივე. მით უფრო ეხება ეს თავად ადამიანს (კაცსაც და ქალსაც), როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თუ სულიერი თვალსაზრისით.
უდიდესი საქმეა, ისწავლო საკუთარი ცოლის გაგება, იმის ცოდნა, თუ როგორ გაახარო იგი, როგორ მოიქცე, რათა იყოს ბედნიერი. ქალს ხომ თავისი, განსაკუთრებული ლოგიკა აქვს და მამაკაცმა უნდა ისწავლოს ის. უნდა მოვუსმინოთ, გავუგოთ ჩვენს ცოლებს. აქ არ არის საუბარი სიტყვების შერჩევაზე. გავუგოთ იმაზე უკეთ, ვიდრე ამას სიტყვით გამოვხატავთ.
სიღრმისეულად უნდა ვიცნობდეთ საკუთარი მეუღლის სულიერ ხასიათს, არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნების, არამედ ზოგადად ქალის ბუნებას. ასევე ქალმაც უნდა შეიცნოს მამაკაცის სულის თავისებურებანი. ქმრისთვის ხშირად ძნელი ამოსახსნელია ქალის ლოგიკა - მისი სული ხომ ლაბირინთივით რთულია. ამის გამო მამაკაცი უხერხულად გრძნობს ხოლმე თავს. იოლი როდია ამ ლაბირინთში სწორი გზის პოვნა! იოლი არ არის იმიტომ, რომ უნდა გაიგო ის, რაც მხოლოდ იგულისხმება.
ქალები კაცებისაგან განსხვავებულად მოქმედებენ. თავად ღმერთმა მოაწყო ამგვარად იმიტომ, რომ, ქალი - დედაა. მას სინაზე ახასიათებს, მისი სულიერი წყობა უსაზღვროდ რთულია, იმიტომ რომ ამგვარი ამოცანა დააკისრა მას ბუნებამ. ქალის არსებობა სულ სხვა ნოტია თვით ბუნებაში. ქორწინების მსურველმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქორწინდება არა მხოლოდ შვილების გაჩენის გამო. ქალი არ არის შობადობის აპარატი, რომელსაც შემდეგ თაროზე შემოდებ და დატკბები მხოლოდ ბავშვებით, რომლებიც მან შვა ამქვეყნად. ეს შეცდომაა, ამის გამო ინგრევა ურთიერთობები მეუღლეებს შორის.
როდესაც ახალი აღთქმა ამბობს, რომ ცოლი უნდა დაემორჩილოს საკუთარ ქმარს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცოლი ქმრის მონა უნდა იყოს, არამედ იმას, რომ ცოლი ქმარს სიყვარულით ეპყრობოდეს. მან მთელი სულითა და გულით უნდა მიიღოს თავისი მეუღლე. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ხოლო ქმარმა შეიყვაროს საკუთარი მეუღლე, ვით ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავიც უყვარს. პავლე მოციქული ორივე სქესის თავისებურებაზე მიგვანიშნებს. მამაკაცის ბუნება საჭიროებს ცოლის სიყვარულს, ზრუნავს, დაუეჭველობას მასში - არა იმიტომ, რომ უცოდველია, არამედ იმიტომ, რომ სჭირდება ტკბილი სიტყვა. ცოლმა უნდა გააკეთოს ეს, რათა მეუღლეს მიეცეს ძალა ცხოვრებაში; ხოლო თუ მეუღლე ცდება, უნდა უთხრას მას ამის შესახებ უდიდესი კრძალვითა და სირბილით.
ასევე ქალსაც, თავისი ბუნებრივი ხასიათისამებრ, საჭიროებს მეუღ-ლის სიყვარულს. მან ქმრის მხრიდან მზრუნველობა და მოფერება უნდა იგრძნოს. ასეთადაა შექმნილი ქალის ბუნება. ქმარს უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ხოლო ცოლმა მთელი სულით უნდა მიიღოს მეუღლე და დაემორჩილოს მას არა მონობის, არამედ ერთგულების გამო.
ქორწინებაში მორჩილება ნიშნავს გადალახო საკუთარი მე; უარყო საკუთარი ნება და დაადგე სრულყოფილების გზას. მეუღლენი ყოველთვის ქრისტეს სიყვარულით უნდა მოქმედებდნენ. ადამიანში არ უნდა დავინახოთ ტირანი, ბატონი, ხელმძღვანელი. ყოველ ადამიანში დავინახოთ ღმერთი. ნეტარია ადამიანი, რომელიც, ღმერთის შემდეგ, ყოველ ადამიანს, ეთაყვანება ვით ღმერთს.
დავემორჩილოთ მეუღლეს მისდამი სიყვარულით, როგორც ვემორ-ჩილებით ქრისტეს. ჩემი მორჩილება ძაფია, რომელიც მაკავშირებს ქრისტესთან და მარადიულ ცხოვრებასთან. მეუღლის მორჩილებით საკუთარ თავისუფლებას ჰპოვებ, საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენ.
ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმარი ცოლზე მაღლა დგას, ან იმას, რომ ცოლი ქმარზე უარესია. მაგრამ, როგორც შექმნათა წიგნშია ნათქვამი: „ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (დაბ. 2. 22). ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ცოლს ეგრძნო ქმრის სიახლოვე - ის თავის მეუღლესთან ერთი მთლიანობაა. კიდევ იმიტომ, რომ ქმარს არ ეთქვა: „ის უცხოა ჩემთვის, არაფერი მაკავშირებს მასთან".
ღმერთმა ქმრის ნეკნისაგან შექმნა ცოლი. ადამმა ევა რომ იხილა, თქვა: „ესე არს ძვალი ძვალთა ჩემთაგანი", ანუ: არ არის უცხო, არამედ ჩემია, ის მე ვარ! აი, საიდან მოდის ერთმანეთისკენ ლტოლვა: ორისაგან ერთი შეიქმნა.
მეუღლეობა ერთი უღელია ანუ - ქორწინების უღელში, რათა მეუ-ღლეებმა ერთად იტვირთონ ცხოვრების ჯვარი. ეს არ არის სასჯელი, არამედ გზაა. ამ გზით მავალს ღმერთთან კავშირის აღდგენა შეუძლია. ქრისტე - ეკლესიის თავია, ხოლო თავის საქმეა ემსახუროს თავის ეკლესიას, აცხონოს მისი წევრები მისთვის თავის გაწირვით, „ჯვარცმითა და აღდგომით". ასევე ქმარიც ცოლის თავადაა დადგენილი, რათა დაიცვას ის, ემსახუროს, მოუფრთხილდეს მას, მსხვერპლი გაიღოს მისთვის, ხოლო თუ საჭიროება მოითხოვს, მოკვდეს მისთვის და ოჯახისთვის.
პავლე მოციქული ამბობს, რომ ქმარია თავი ცოლისა (ეფ. 5. 23). ერ-თმა ბრძენმა ხუცესმა დაამატა: „დიახ, მაგრამ ცოლი გულია ქმრისა". როგორც სხეული ვერ იქნება სრული თავის გარეშე, ასევე გულის გარეშეც ის მკვდარია, გაყინულია. თუ ქმარი ცოლის თავია, მაშინ ცოლი გულია ქმრისა. ამიტომ არ შექმნა ღმერთმა ისინი ერთნაირნი, რათა მათ შეევსოთ ერთმანეთი - არა კაცი და ქალი, არამედ ორივე ერთხორც.
ამრიგად, ქმრისადმი მორჩილება ნიშნავს, რომ ცოლმა მსხვერპლი გაიღოს მისთვის, დაიცვას იგი და ემსახუროს მას.
ქმრებმა უნდა შეიყვარონ თავიანთი ცოლები, ვით ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და ეკლესია იმისთვის კი არ შეიყვარა უფალმა, რომ ემსახუროს, არამედ იმისთვის, რომ აკურთხოს და განწმინდოს, ცხონებამდე მიიყვანოს ის. ამიტომ ქმრებმაც, საკუთარი სხეულის მსგავსად, უნდა შეიყვარონ თავიანთი მეუღლეები: ცოლის მოყვა-რულს საკუთარი თავი უყვარს.
არაფერია უცნაური იმაში, რომ გიყვარს, ვინაიდან შენი ცოლი იგივე შენ ხარ. როგორც საკუთარ სხეულს ასვენებთ, ზრუნავთ მასზე, გიყვარს ის, პავლე მოციქულის თქმით, ასევე უნდა იზრუნო მეუღლეზე და ემსახურო მას, ვინაიდან ის არ არის უცხო, არამედ საკუთარი, შენივე სხეულია.
ქორწინებაში ცოლ-ქმარი სულიერად ერთიანდება, და ამ ერთობაში არ არსებობს, არ შეიძლება არსებობდეს უთანხმოება. ვერ განაშორებ სულს სხეულისაგან. ასევე მეუღლეებიც, სულისა და სხეულის მსგავსად, ერთობაში უნდა იმყოფებოდნენ.
როდესაც ეკლესია ამბობს, რომ ცოლი ყველაფერში უნდა ემორჩი-ლებოდეს ქმარს, რომ ქმარი ცოლის თავია, არ იგულისხმება, ცოლის უგუნური და უსიტყვო მონობა. პირიქით, ეს მეუღლეთა შეხ-მატკბილების მანიშნებელია, ვინაიდან მორჩილებაში ადამიანი უდიდეს თავისუფლებას პოულობს. უდიდესი ნიჭია მორჩილება! ვინც საკუთარი ნებით, ღვთის სიყვარულით დაიქვემდებარებს თავს, ის მიხვდება, რა არის ჭეშმარიტი ცხოვრება, რა არის თავისუფლება, რა არის სიხარული!
ამრიგად, ორივენი ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით სწა-ვლობენ ამ უდიდეს საიდუმლოს. ქმარმა გაიაზროს, რომ სახლში, ცოლის მახლობლად, ის ჰპოვებს სიმშვიდეს, მყუდროებას. ეს მას ბუნებით ესაჭიროება. ცოლმა კი ისწავლოს, როგორ გახდეს სიხარული და ნუგეში საკუთარი ქმრისათვის.
ცოლმა უნდა იგრძნოს, რომ მეუღლე მის მიმართ ყურადღებიანია, რომ ის ზრუნავს მასზე, როგორც გონება ზრუნავს სხეულზე. ასევე ქმარმიც უნდა ზრუნავდეს ცოლზე, თავი მარტოდ რომ არ იგრძნოს.
ყოველივე ეს არ თავსდება თანამედროვე ადამიანის წარმოდგენაში იმიტომ, რომ მას სხვა საზომი და მორალი გააჩნია. როდესაც მეუღლეობრივ ურთიერთობას საფუძვლად ქრისტე და ეკლესია ჰყავს, მაშინ ეს ურთიერთობა მტკიცდება და იკურთხება, მასში იმქვეყნიური პერსპექტივა იხსნება, მარადიულობისკენ მიმავალი. ეკლესიის მი-ზანია ქმარი და ცოლი მიიყვანოს ქრისტესთან და შეუერთდნენ მას.
ლიმოსელი მიტროპოლიტი ათანასე
Xareba.net - ის რედაქცია