წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.
1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად.
1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს. იმავე წელს გადაიყვანეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. 1869 წელს მის განმგებლობაში შევიდა აფხაზეთის ეპარქია. ხოლო 1873 წელს მას მიემატა სამეგრელოს ეპარქია. ეპისკოპოსმა გაბრიელმა ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866 და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შემდეგ სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება. 18000 აფხაზმა მიიღო ქრისტიანობა. აიგო 200-ზე მეტი ტაძარი, შეკეთდა: ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრები. დაარსდა ასამდე სამრევლო სკოლა: 1887 წელს შეიქმნა „ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი". ხოლო 1889 წელს - კომიტეტი დავით აღმაშენებლის საფლავზე სამრევლო ეკვდერის განსაახლებლად და დიდთა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს გვამთათვის ახალი სანაწილის გასაკეთებლად. 1890 წელს ქუთაისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია გაიხსნა. მრევლის განათლების მიზნით მეუფე გაბრიელი ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრას და საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სოფლიდან სოფელში გადადიოდა და დღეში სამ-ოთხ ადგილას დამოძღვრიდა ხოლმე სამწყსოს. მაგრამ ყველაზე მეტად მრევლზე გავლენას ახდენდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნება, მისი პირადი მაგალითი. როგორც პედაგოგმა და მოძღვარმა, მან იცოდა ზნეობრივი აღზრდის საშუალებები. ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს მან, იაკობ გოგებაშვილის თქმით, „ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები... კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თვითონაც მკაცრად იცავდა". ჭრიდა შეშას, თოხნიდა, პირუტყვს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა. ახალი ტაძრების მშენებლობის დროს ხშირად თვითონ იყო არქიტექტორი, სოფელ-სოფელ ეძებდა კარგ ოსტატებს, ზრუნავდა წესრიგზე. თურმე „თუ სადმე ეკლესიაში უსუფთაობას ნახავდა, მოიტანდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტდა". ეპისკოპოსი გაბრიელი მხოლოდ პირადი ღირსებით შემკულ ხალხს აკურთხებდა ეკლესიის მსახურებად და არ უწევდა ანგარიშს არც თავადს, არც მთავარსა და არც გუბერნატორს. ცნობილია, თუ როგორ შერისხა მან გრაფი ლევაშოვი სასულიერო საქმეებში უხეში ჩარევის გამო. მეუფე გაბრიელი „ადამიანებს ენდობოდა, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატებას ხედავდა და ამიტომაც მათ შიში არ ჰქონდა". ერთი მოგზაურობის დროს ავაზაკი თავს დაეცა და გაძარცვა მოუნდომა. გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გადასახა და უთხრა: „შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სად მაქვს". ეს სახელი ავაზაკსაც გაეგონა და შეკრთა. მეუფე არ მოეშვა, სანამ თან არ წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განამწესა.
მთხოვნელის შერჩევა მეუფემ არ იცოდა. დიდი, პატარა, შორეული თუ ახლობელი, თავადი თუ გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას არ მოითხოვდა და უზნეო თხოვნას არავისას არ შეასრულებდა. მისი უბრალო და მარტივი ხასიათი მის ტანსაცმელში ჩანდა. საცხოვრებელ ოთახში და სმა-ჭამაშიც ხშირად მნახველს ძველ სამოსელში გამოწყობილი ბერი მოსამსახურედ მიუღია.
ეპისკოპოსი გაბრიელი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. იტყოდა ხოლმე, მაძღარს არ ვაჭმევ, რადგან მშიერიც ბევრი მეგულებაო. ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა, რამდენიც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგრძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწავლეს უწვდიდა დახმარების ხელს, საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ქირასაც უხდიდა, ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები. მათ ნორჩ გულებში დაენერგა სიყვარული სიმდაბლისადმი. მისი დევიზი იყო: „მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა". გაბრიელ ეპისკოპოსის დღიურები საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ, თუ რამდენი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, რამდენი შიშველი შეუმოსავს, რამდენი გზის ქირა გადაუხდია, რამდენი შეგირდისთვის სასწავლო ნივთი უყიდია, რამდენი სნეულისთვის უექიმია. დიდ ზამთარში ხშირად ქვრივ-ობლებს შეშას და ფულს უგზავნიდა ღამღამობით, ჩუმად. ცნობილია ასეთი ამბავი: ერთხელ ეპისკოპოსმა გაიგო ქუთაისის ციხეში ტუსაღთა რიცხვი, შეაკერინა საცვლები და ორ საპალნე თეთრ პურთან ერთად გაუგზავნა პატიმრებს. თან დაავალა, არავითარ შემთხვევაში არ ეხსენებინათ მისი სახელი.
მეუფე გაბრიელის თანამედროვენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საო-ცარი სახილველი იყო ლოცვად დამდგარი ეპისკოპოსი. წირვა-ლოცვა ძლიერი სასოებით იცოდა.
მიუხედავად ამისა, გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ ხშირად იყო გეს-ლიანი წერილები, ეჭვები, უსაფუძვლო ცილისწამებანი. მას აბრალებდნენ უსამართლობას, უზნეობას, კარიერისტობას, საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას. ერთხელ, როდესაც მეუფემ ბატონყმობის გაუქმების აუცილებლობაზე იქადაგა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში, ერთ-ერთმა აზნაურმა მოკვლა დაუპირა მას. ეპისკოპოსი გააფრთხილეს, მაგრამ იგი არ შედრკა, გზას არ გადაუხვია და მშვიდად ჩაუარა ბოროტგანმზრახველს. იქ მყოფნი ამბობდნენ, ეპისკოპოსმა ისეთი ლმობიერებით შეხედა აზნაურს, რომ მას საკუთარი ბოროტების შერცხვაო. მას მტრებიც კი იხსენებენ, როგორც „უნიჭიერეს და ყოვლად შესანიშნავ მოძღვართმოძღვარს", ადარებენ „ეკლესიის თვით პირველ წმიდა მოძღვრებს", უწოდებენ „საკვირველ პედაგოგს", „არაჩვეულებრივ სიტყვის მეუფეს", „სიმართლის მასწავლებელს".
მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, მათ შორის ქართველებიც, „დიდ" ხალხში გათქვეფის აუცილებლობას ვერ აცდებოდნენ, და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო. „რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნების წესი?" - ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის, - „პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას". გაბრიელი თვლიდა, რომ „ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი" სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარი ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და „უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც".
მეუფე გაბრიელი მტკიცედ აღუდგა წინ კავკასიის სასწავლო მზრუნველის იანოვსკის წინადადებას, „ქართული სამღვდელოების გონების შეზღუდულობის გამო" პირველდაწყებით სკოლებში რუსი სამღვ-დელო პირები დაენიშნათ. ასე მოიქცა მაშინაც, როცა იანოვსკის პოლიტიკის გამტარებელმა, ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სცადა სასწავლებლიდან ქართულის გაძევება. ამის გამო ლევიტსკი გააფრთებით ებრძოდა გაბრიელს და მოითხოვდა მის გადაყენებას ეპისკოპოსობიდან.
ასევე დიდი უთანხმოება ჰქონდა გაბრიელს ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. ზემდგომ დაწესებულებებთან და პიროვნებებთან ამგვარ დაპირისპირებას ხშირად მათი გულისწყრომაც მოჰყვებოდა ხოლმე. დრო-დადრო გაბრიელზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.
1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო".
სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა", ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.
46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.
გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.
გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასაგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს.
წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"
Xareba.net - ის რეედაქცია