1825 წლის 15 გიორგობისთვეს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარის მოძღვარს მაქსიმე ქიქოძესა და მის მეუღლეს მარიამ დგებუაძეს ტყუპი ვაჟი შეეძინათ.
ბავშვობიდან ერთი ძიძას მიაბარეს (ის მალე გარდაიცვალა). მეორე კი უფრო სუსტი დედამ გაზარდა. „იგი სულ ტიროდა პატარაობისას და „ტირიას" ეძახდნენ" - იგონებს თვითმხილველი.
მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ღარიბი გურული მღვდლის ოჯახში დაბადებული მტირალა ბიჭუნა, რომელსაც სახელად გერასიმე დაარქვეს, დიდებული ქართველი, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი გახდებოდა.
ერთი ვერსიის მიხედვით, მამა მაქსიმეს ტყუპებზე უთქვამს: „თუ დაიზარდნენ, ბევრ ხარჯს არ გავწევ, საბეროდ მოვამზადებო".
მაშინდელ დროში ბავშვის აღზრდა იგივე „საბეროდ" მზადება იყო, რადგან განათლების კერას ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდა. ბევრმა წარჩინებულმა ქართველმა მიიღო აქ განათლება „ჟამნ-დავითნზე და სხვა საღმრთო და საეკლესიო წიგნებზე".
იმერეთის მომავალი ეპისკოპოსის აღზრდა მამის კერასთან, საკუთ-არ ქოხში დაიწყო. რადგან დედა ადრე გარდაიცვალა, ბავშვის აღზრდაში უმეტესი როლი მამამ შეასრულა. მოვუსმინოთ მღვდელ მელიტონ კელენჯერიძეს: „მამას ხელი არ დაუკლია, რომ გერასიმეს აღზრდა ყოფილიყო მართლა სამღვდელო აღზრდა, სარწმუნოებაზე, ეკლესიასთან სასულიერო ატმოსფეროში. და ეს დიდი პედაგოგიური მეთოდების ცოდნით კი არ მოდიოდა მას, არამედ იმიტომ, რომ ასეთი იყო დრო და ჟამი". ამ დროს საქართველოში უკვე არსებობდა „რუსის სკოლა" - კეთილშობილთა სასწავლებელი თბილისში, სემინარია, გიმნაზია, მაგრამ პროვინციაში, არ მოსწონდათ უქართულო, უენო, მუნჯი სკოლა. უმეტესობა ისევ ძველ ტრადიციებს იცავდა და ამით სულდგმულობდა.
გერასიმეს აღზრდა სავსებით სასულიერო, საეკლესიო, საღმრთო იყო. „ბავშვი - მოგვითხრობს მამა მელიტონი - ლუკმას როგორ ჩაიდებდა პირში, თუ ჯერ მამაო ჩვენოს არ იტყოდა, ან დაძინებას ვინ გაბედავდა, თუ სერობას არ ილოცავდნენ. ამასთან განუწყვეტელი სიარული კარის ეკლესიაზე". მამა მაქსიმეს ბავშვები თან მიჰყავდა საყდარში. აქ პატარა გერასიმე დიდ საქმეში იყო, ხან სანთლებს ანთებდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან პატარა ზარებს რეკავდა, ხან მამას შესამოსელს მიაწოდებდა. მაგრამ პატარას ხშირად ძილი ერეოდა. გაბრიელ ეპისკოპოსის მოგონებებიდან: „...ხანგრძლივი მწუხრის ლოცვის დროს, ვიწრო, ჩამობნელებულ ეკლესიაში რომელიც სავსე იყო მლოცველებით, მივწვებოდი სადმე კუთხეში ეკლესიის კედელთან ნოტიო ცივ მიწაზე, მკვდარივით მივიძინებდი და მთელს მწუხრს ასე მძინარე გავატარებდი. მამაჩემმა იცოდა ეს ჩემი სისუსტე და ყოველ მწუხრის გათავების შემდეგ მომიკითხავდა, დაკეტილ ეკლესიაში არ დარჩესო".
გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრების წესი, რელიგიური რწმენა, მუყა-ითობა, რელიგიურ ვალდებულებათა მოუწყინარი შესრულება, სულიერი სიფრთხილე, საათობით მუხლზე დგომა, ხატის წინ გამუდმებული ლოცვა ანუ ყველაფერი, რასაც განცვიფრებაში მოჰყავდა გაბრიელ ეპისკოპოსის მესაიდუმლე და მოსამსახურე პირები, გაჩნდა, განვითარდა და განმტკიცდა იმ სკოლებში, რომელსაც ოჯახი ეწოდება. ზოგი ოჯახი ანადგურებს რწმენას, მაგრამ ძველი ტიპიური ქართველი მორწმუნე - მოჭირნახულე - მოსიყვარულე ხუცესის ოჯახში, ღვთის გარეშე, მისი სახელის უხსენებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმებოდა, არც ერთი ზრახვა არ გაჩნდებოდა გულში.
აქ ყველაფერი ბუნებრივად მიმდინარეობდა, ჯერ ჟამნი, მერე თამა-ში, ჯერ დავითნი, მერე თოხი, ჯერ ლოცვა, მერე ჭამა და ბურთი, ჭამა - სადა და ზომიერი, თამაში - ბუნებრივი, ბუნების კალთაში. ძველი სკოლის უპირატესობა და მიმზიდველი ძალა სწორედ ეს იყო.
გერასიმე არ იყო ნაზად აღზრდილი, ნაფუფუნები, თავგასული ქართველი ბატონიშვილი. ის სოფლის ღარიბი ხუცესის შვილი იყო, მამის ღარიბ კერასთან, კვამლიან ქოხში, მჭადით და ღომით გაზრდილი. ის იყო ბუნების ნამდვილი შვილი, თანაშეზრდილი გლეხის ბიჭებთან, ამიტომაც მარტივი და ლაღი იყო მისი სახე, მისი ხასიათი, მისი გული. თუ წიგნს არ კითხულობდა, ის ან მამას უდგა გვერდით სათოხარში, ან ბიჭებთან თამაშობდა ან შეშას ეზიდებოდა. ისევ მამა მელიტონს მოვუსმინოთ: „გულმოდგინედ ლოცვა, სწავლა, ფიზიკური მუშაობა და თამაშობა - აი ოთხი აუცილებელი ელემენტი ამ დროის საღი აღზრდისა... ჯანიც მთელი იყო, სულიც მშვიდი და გულიც ლაღი. მშრალი გონება არ ღრღნიდა სწავლულის გულს, რადგან ყოველი იდეა, ცნება, აზრი რელიგიურ რწმენაში პოულობდა უკანასკნელ პასუხს, პრობლემის უტყუარ ახსნას... ოჯახი და საზოგადოება იმ გადაგვარების გზას არ ადგა, რომელსაც დღეს ადგია"...
ქართული წერა-კითხვა გერასიმემ ოჯახში ისწავლა დიაკვნებთან. აქვე ისწავლა ხუცური კითხვა, გაეცნო საეკლესიო წიგნებსა და ღვთის მსახურების წესს. მალე იგი სლავიანური ენის შესწავლას შეუდგა. ამას ხელს უწყობდა ორი გარემოება: პირველი - გურიელის კარის მოძღარი მამა მაქსიმე ხშირად დადიოდა ოზურგეთში ბატონთან ადგილობრივ ეკლესიაში წირვა-ლოცვის აღსასრულებლად და „პატარა დიაკონი" გერასიმეც თან დაჰყავდა, მეორე - მაშინ ოზურგეთში რუსის ჯარი იდგა, მამა მაქსიმე „ჯარისკაცებსაც უწირავდა ხოლმე ოზურგეთში, რასაკვირველია ქართულად, რუსულის უცოდინარობის გამო" - გვაუწყებს მამა მელიტონი, მაგრამ ერთი რუსი ფელდფებელი სლავიანურად ჟამნობდა და გალობდა. გერასიმემ მისგან ისწავლა სლავიანური სამოციქულოს კითხვა და რუსულ ლაპარაკსაც შეეჩვია...
1837 წელს მამა გერასიმე ძმებთან ერთად თბილისში წაიყვანა და სა-სულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1839 წელს გერასიმემ სასწავლე-ბელი დაასრულა და იგი სემინარიის მცირე „განყოფილებაში" გადაიყვანეს.
1841 წელს სემინარიის მასწავლებელი, სიტყვიერების პროფესორი გ. კანევსკი ფსკოვის სემინარიაში გადაიყვანეს, მამის ლოცვა-კურთ-ხევით მან თან წაიყვანა გერასიმე ქიქოძეც. უცხო ქალაქში ის დიდხანს არ დარჩენილა, მალე პეტერბურგის სემინარიაში გადავიდა და მისი დასრულების შემდეგ სასულიერო აკადემიაში შევიდა.
ეს ბედნიერი ხანა იყო მომავალი ეპისკოპოსის ცხოვრებაში. ერთგან ის იგონებს: „აქ ჩემს თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ერთი იმიტომ, რომ შემეძლო განმეგრძო სწავლა და მეორეც იმიტომ, რომ შემეძლო განმეგრძო სულიერი კავშირი და ჭეშმარიტი მეგობრობა ამხანაგ-ებთან... ეხლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ დროს, როცა სასულიერო აკადემიის სტუდენტის ამხანაგობა ერთად მოგროვდებოდა და ნამდვილი ყმაწვილური გატაცებით დაიწყებდნენ იმ ოცნებას, თუ რა ყმაწვილური თავგანწირვით შევებრძოლებით ქვეყნის ყოველს ჭირს და ვარამსო"...
აქ, რუსეთში გერასიმეს შორეული სამშობლოს ბედი აღელვებდა, ხე-დავდა დანგრეულ საქართველოს, ბაგრატიონთა საგვარეულო ოჯახის დამსხვრევას და რუსეთში მიმოფანტულ ამ ნამსხვრევებს... პეტერ-ბურგში გერასიმე გიორგი XIII-ის შვილს, მიხეილს დაუახლოვდა. მიხეილი იყო ყველა გაჭირვებულის შემწე და გამკითხავი, განა-თლებულს ფილოსოფიური სჯა-ბაასი უყვარდა. სწორედ მან და-აინტერესა გერასიმე ფილოსოფიით და მისი წყალობით შეისწავლა ქართველმა სტუდენტმა ეს საგანი „რიგიანად და შეგნებით".
მომავალი ეპისკოპოსისათვის უმაღლესი სასწავლებელი იყო ის ად-გილი, სადაც სერიოზული მუშაობით, „გონების მოძრაობით" მან ნამდვილი განათლება მიიღო, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. გაბრიელ ეპისკოპოსმა ეს თავისი ცხოვრებითაც დაგვიმტკიცა. ოჯახმა, მაშინდელმა ცხოვრების წესმა, მდიდარმა ძველმა ტრადიციებმა და ამ ტრადიციების წმინდად დაცვამ, რწმენამ, ღვთის სიყვარულმა აღ-ზარდეს ის დიდებული ქართველი, რომელმაც თავისი ცხოვრებით დიდი კვალი გაავლო ჩვენი ერის ისტორიაში. (გაგრძელება...)
მღ. მელიტონ სპ. კელენჯერიძის წიგნიდან „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა"
Xareba.net - ის რედაქცია