ამ, ჩემთვის დაუვიწყარ დღეს, მსურს გავიაზრო, თუ რა სიმაღლეზე ვდგავარ, თუ რა ასპექტებისაგან შედგება მღვდელმთავრის გზა. მივდივარ და მესმის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: „შესაშური და სახიფათო სიმაღლეა!" ანუ, ორი მხარის, ორი გზის შესახებ მიგვითითებს მსოფლიო მასწავლებელი: ერთი გზა - შე-საშურია, მეორე - სახიფათო; ერთი გარეგნულად სასიხარულო და ფართო, მეორე - აღსავსე მწუხარებითა და შევიწროებით. პირველი - გარეგნული, მეორე - შინაგანი. ვუცქერი პირველ გზას - შესაშურს - და ვხედავ იმას, რასაც ყველა ხედავს ეპისკოპოსში; ვხედავ შეხვედრებს, პატივისცემას... მესმის გალობა და შეძახილი „ღირს არს", „ისპოლა ეტი დესპოტა", ვხედავ, როგორ მოსავენ მათ... ვხედავ მათ დიდებას... პატივს... სასურველი, შესაშური სიმაღლეა! მაგრამ არა ამგვარ პატივსა და დიდებაზე, არა ამ შეხვედრებზე, არა ამ გარეგნულ, ყველასათვის შესამჩნევ მხარეზე ვაჩერებ ჩემს ყურადღებას. ამ მძიმე ჟამს, ჩემთვის შესამჩნევი მეორე, მრავალთათვის შეუმჩნეველი გზა, ჯვარცმის გზა ხდება. ვუცქერი ამ მეორე გზას და ვხედავ იმას, რასაც ოდესღაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ხედავდა: „ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის, ბოცრადან მეწამულით მოსული? ეს ვინ არის თავისი ბრწყი-ნვალე სამოსით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!"
„რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახე-ლში დაწურულივით" (ისაია 63. 1-3). სწორედ ამ, ედომიდან სი-დიადით მომავალი მღვდელმთავრისაკენ მაქვს მიმართული ჩემი გული და გონება. მსურს დავინახო ჭეშმარიტი გზა ეპისკოპოსისა, ამ დიადი მღვდელმთავრის მიერ გაკვალული. „რაბი, სადა იყოფი?" - ვეკითხები მას ანდრია და იოანე მოციქულთან ერთად, და მესმის პასუხი: „მოვედით და იხილეთ". და აი, შენი სიტყვისამებრ მოვედი და მსურს შენი მღვდელმთავრობის ხილვა, იესუ: „როგორია ეს მსახურება, როგორი დიდებაა, როგორი პატივია? ავდივარ რა მღვდელმთავრის კათედრაზე, მსურს იმ კათედრის ხილვაც, სადაც დიდებული მღვდელმთავარი იესუ ქრისტეა... და რას ვხედავ? ვხედავ გეთსიმანიის მდუმარე ბაღს... ვხედავ პეტრეს, იაკობსა და იოანეს... ვხედავ სალოცავად განმარტოებულ იესუს". დიახ, სწორედ აქ გეთ-სიმანიის ბაღში იკურთხება პირველი ძველიაღთქმისეული მღვდელ-მთავარი, სწორედ აქ კერავდა განგება პირველ სამღვდელმთავრო სამოს, რითაც შეიმოსა მხსნელი სოფლისა. ოჰ, შეხედეთ, რაოდენ მძიმეა, რაოდენ აუტანელია ის თვით ღმერთკაცისათვის.
მსურს ვიხილო ის პირველი შეხვედრაც, რომელიც მოუწყვეს ამ მღვდელმთავარს, „მოვედით, ამბობს, - იხილეთ!" რას ვხედავ? ვხედავ: „იესუ მოწაფითურთ თვისით წიაღ ხევსა მას ნაძოვარსა", ... „ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღვდელ მოძღუართა და ფარისველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა" (იოან. 18. 1). როგორი საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მღვდელმთავარს მღვდელმთავრებმა! შემდეგ რას ვხედავ? ვითარცა შვენის მღვდელმთავარს, მის წოდებას, ხელში აიყვანს იგი? დიახ აიყვანს: „და ვითარცა შეიპყრეს იგი" (ლუკ. 22. 53) აი, მიგებება მღვდელმთავრისა, იესუ! მსურს მისი მიტრის, კვერთხის და შესა-მოსელის ხილვაც. „მოვედით, - ამბობს, - იხილეთ" რას ვხედავ? ვხედავ: „ერისაგანთა მათ შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას" (იოან. 19, 2). მსურს მოვისმინო, როგორ უგალობდნენ მღვდელმთავრ იესუს, და რა მესმის? მესმის „უმღერდენ მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!"(მათ. 27. 29). მსურს მოვისმინო: „ისპოლა ეტი დესპოტა". ხოლო მესმის: „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!" როგორი მეგობრული ერთსულოვნებაა, როგორი ხმამაღალი „ისპოლა ეტი დესპოტა" აღუ-ვლინეს მღვდელმთავარ იესუს.
შემდეგ, მსურს ვიხილო ის კათედრაც, სადაც იდგა მღვდელმთავარი იესუ. „მოვედით, - ამბობს, - და იხილეთ". ერთი, რომელზეც იესუ ეპისკოპოსის სამოსში იდგა, მეორე, რომელზეც მაცხოვარი განმოსილი აიყვანეს, მეორე კათედრის შესახებ ვკითხულობ: „და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსაც ჰრქვიან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი". (მათ. 27. 33). სწორედ ამ გოლგოთურ კათედრაზე ვხედავ მღვდელმთავარ იესუს, საიდანაც აკურთხებდა ადამიანებს. სწორედ ამგვარ საკურთხეველში ვხედავ ღმერთკაცს იესუ ქრისტეს, საიდანაც თავისი სისხლის დათხევით წერდა პირველ მღვდელმთავრულ რეზოლუციას: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან".
ამგვარია კურთხევა და რეზოლუცია ეპისკოპოსისა, მღვდელმთავა-რნო! ეს არის გზა მღვდელმთავრისა, დიადი მღვდელმთავრის მიერ მითითებული.
სამი ძირითადი ნიშანთვისება გააჩნია ამ გზას. პირველი რომელზეც წერია: თავდადება; მეორე: ჯვრის ტვირთვა; მესამე, რომლის შესახებ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: „რამეთუ შეიყუარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი" (იოან. 13. 1) - უსაზ-ღვრო სიყვარული. სწორედ თავდადებისაგან, ჯვრის ტვირთვისაგან და სიყვარულისაგან არის შეკერილი მღვდელმთავრის სამოსი; სწორედ ამ ნიშანთვისებებშია ეპისკოპოსის სრული დიდება, პატივი და მშვენიერება.
ო, მღვდელმთავარნო ღვთისანო, ანგელოზნო ქრისტეს ეკლესიისა-ნო, შემეწიეთ დღეს თქვენი წმიდა ლოცვებით, როგორც მღვდელ-მთავარ იესუს გეთსიმანიის ბაღში: „და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას" (ლუკ. 22. 43). დაე, მღვდელმთავრობის ჟამს, ნუ მივემსგავსები იმ პეტრეს, რომელმაც „იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი". (მათ. 26. 74), არამედ მივემსგავსო იმ პეტრეს, რომელიც ქადაგების აკრძალვის მიუხედავად აგრძელებდა ქადაგებასა და სწავლებას იესუს შესახებ: „უკუეთუ სამართლად არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაი უფროის, ანუ ღმრთისაი, საჯეთ? მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისა უფროს, ვიდრე კაცთა" (საქმ. 4. 19. 5. 23).
დაე, შემმოსეთ მე იესუს თავდადებით, რათა მოციქულებთან ერთად ხმა ვყო: „მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ" (1 კორ. 4. 12-13). დაე, განმამტკიცე მე იესუს ჯვრის ტვი-რთვით, რათა პავლესთან ერთად ვთქვა:„ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა" (გალატ. 6. 14), აღანთეთ ჩემში სიყვარული ღვთისა და მომავალი სამწყსოსი, რათა პირითა და გულით წარმოვთქვა: „ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: „ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამ ანუ ურვამან ანუ მახვილმან?"" (რომ. 8. 35).
წმ. არქიეპისკოპოსი სერაფიმე (ზვეზდინსკი)
Xareba.net - ის რედაქცია