ძვირფასო სულიერო შვილებო!
ჩვენ, თუმც ვართ მართლმადიდებლები, მაგრამ, არსობრივად, ვერ ვწვდებით მართლმადიდებლობის სიმაღლეს, სიღრმესა და მასშტაბს. არადა, მართლმადიდებლობა მთელი თავისი სიწმინდითა და სიდიადით უნდა დავინახოთ.
რა არის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, მართებული წარმოდგენაა ღმერთზე, ადამიანზე, სამყაროზე. ასე წარმოაჩენს უფალი თავის აღმატებულ სწავლებას წმინდა ცხოვრებითა და კაცობრიობისათვის მსხვერპლგაღებით (რომ. 3. 19-31). ამგვარად განმარტა ჩვენი სარწმუნოების არსი ღვთივგანბრძნობილმა პავლე მოციქულმა. მსგავსადვე გააცოცხლა მასზე წარმოდგენა სიყვარულის მოციქულმა მახარებელმა და სხვა მოციქულებმა, რომლებიც სულიწმიდის მიერ იყვნენ განათლებულნი. ასეთივე სახით გადმოგვცეს ეს სწავლება ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, კაბადოკიის, ასურეთის, პალესტინის, მოგვიანებით კი წმინდა მთის ღმერთშემოსილმა მამებმა. ყველა მათგანმა, წმინდა პოლიკარპე სმირნელით (მოციქულთა მოწაფე) დაწყებული წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელამდე (გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა), თავიანთი სიწმინდითა და სიბრძნით, მსხვერპლგაღებითა და სიმამაცით მოგვიტანეს მართალი სარწმუნოებისა და ცხოვრების წეს-განგება, ჩვენი საგანძური - მართლმადიდებლური გარდამოცემა.
მართლმადიდებლობა არის დოგმატისა და ზნეობის, მჭვრეტელობისა და მოღვაწეობის საოცარი ერთობა.
მართლმადიდებლობაა ის, რაც ოფიციალურად განაჩინა კრებებმა, მსოფლიოს ყველა კუთხის ქრისტიანთა მადლმოსილმა ერთობამ. მსოფლიო კრებებზე წმინდა მამები სულიწმიდის შთაგონებით იღებდნენ გადაწყვეტილებას. საჭირბოროტო საკითხებზე მათ შეადგინეს განსაზღვრება, რაც ადამიანის სულიერი ცხოვრების საფუძველი და ჭეშმარიტი შინაგანი კულტურაა.
სხვადასხვა დროში მართლმადიდებლობა მართალი სისხლით დაადასტურეს მოწამეებმა. წმინდა მხედრობა, მილიონობით გმირი, აღმსარებლები - მამაკაცები, ქალები, ბავშვები, რომის არენებზე თუ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში მოწამეობრივად აღსრულებულნი - ყველა მათგანმა დაამტკიცა, რომ ქრისტიანობა არა უბრალო თეორია, არამედ ჭეშმარიტება და ცხოვრებაა, გმირობის ყველაზე მშვენიერი ფორმაა, სისასტიკესა და ბოროტ ძალაზე გამარჯვებაა, ზეიმი და ცხონებაა სულისა.
შემდეგ ჩამოყალიბდა წეს-განგება და ღვთისმსახურება, რომელმაც შესანიშნავი პოეზიითა და შთამაგონებელი გალობით განამშვენა მართლმადიდებლობა. მასში შერწყმულია ბუნებრივი და ზნეობრივი, მიწიერი და ზეციური, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი, სიმარტივე და სიღრმე, ცხადი და საიდუმლოებრივი.
ღვთაებრივი ლიტურგიის აღსრულების დროს ტაძარში საზეიმო და სულიერად დაძაბული განწყობაა. სულიერი, ზეციური ძალების თანხლებით, ყველა მართლმორწმუნის მონაწილეობით, ხორციელდება უსისხლო მსხვერპლშეწირვა. ღვთისმსახურებაზე სულით გიგანტების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეწინავეობით სიმამაცე, სარწმუნოებრივი მოღვაწეობა გალობით აისახება. მასში მართალი დოგმატი არა განყენებულად, არამედ კონკრეტული ადამიანების აღმსარებლური ცხოვრების აღწერით იგალობება.
იდეალი, რომლისკენაც მიილტვის მონაზვნობა, არის უმაღლესი ფა-სეულობა მართლმადიდებლობისა. მკვლევარების აზრით, მონაზვნობა - სულიერი ავანგარდია, ადამიანის სულიერი ბრძოლაა თავისუფლებისა და სრულყოფილებისათვის. მონაზვნობის მიზანია "გონების განახლებით ჩამოყალიბდეს სული" (ისააკ ასური). საამისოდ კონცენტრირებაა მონაზვნური ღვაწლის საბოლოო მიზანი. სულიერი ბრძოლა, რომელსაც ეწევიან მოღვაწენი, ახალი ოლიმპიური შეჯიბრია, ოღონდ სულიერი თვალსაზრისით. ის წარმართავს ადამიანს ღვთივგანბრძნობილი ცხოვრებისა და განღმრთობისაკენ. მოღვაწის გზა განწმენდისა და ღმერთთან დაბრუნების გზაა.
მართლმადიდებლობამ არა მარტო მოღვაწე მონაზვნებს, არამედ ყველა ქრისტიანს განუცხადა ჭეშმარიტება და ამის შედეგად აღამაღლა საზოგადოების ზნეობრივი დონე.
ძირითადი, ნიშანდობლივი თვისება მართლმადიდებლობისა - ჰუმანურობაა. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ქველმოქმედებას, არამედ ზოგადად ადამიანზე ზრუნვას. სოციალური დაცვის ცნება არ გახლავთ ჩვენი დროის გამონაგონი. პირველი საქველმოქმედო დაწესებულებები მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მალევე გამოჩნდა იერუსალიმში. იქვე გაჩნდა პირველი საქველმოქმედო სასადილოები. ამის არსებობის შესახებაც ვკითხულობთ "მოციქულთა საქმეებში", სადაც პირველი შვიდი დიაკონი მსახურებდა. წმინდა პავლე მოციქული სახარების ქადაგებასთან ერთად სოციალური მსახურებითაც იყო დაკავებული. ის გაჭირვებულთათვის აგროვებდა შემოწირულობებს, რომელსაც "ლოგია" ეწოდებოდა. სოციალური მსახურებით იყვნენ დაკავებულნი მოციქულების მემკვიდრე ეპისკოპოსებიც. ჭეშმარიტების დამახინჯების უავესი ფორმაა იმის მტკიცება, რომ ეკლესიის მამები მხოლოდ დოგმატური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი და სხვა არაფრით. როგორც ცნობილია, საეკლესიო კრებების პერიოდში კესარიაში ბასილი დიდი "ვასილიადებს" (საქველმოქმედო საავადმყოფოები, სტუმართ მიმღები სახლები და სხვ.) აშენებდა. კონსტანტინოპოლში ღარიბებისთვის საქველმოქმედო სასადილოები იყო მოწყობილი, სადაც შვიდიათასამდე ადამიანი იკვებებოდა. ალექსანდრიაში ააგეს პირველი სამშობიარო სახლი. არა მარტო ეპისკოპოსები, არამედ მეფეებიც, მონაზვნებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სიყვარულით მზრუნველობაში. ყველა მათგანისთვის მართლმადიდებლობა ერთდროულად ქველმოქმედებაც იყო და მართლქმედებაც.
კიდევ ერთი ნიშანდობლივი, ყველა დროში მახასიათებელი თვისება მართლმადიდებლობისა, მორწმუნეთა გმირობა იყო. ეს კარგად ჩანს მოწამეთა ცხოვრების მაგალითზე. მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო ყოველთვის გამოირჩეოდა სიმამაცით და მტკიცედ ხვდებოდა ნებისმიერ გამოწვევას, იულიანე განდგომილის მხრიდან იქნებოდა ეს, არიოზელების, მონოფიზიტების, ხატმებრძოლებისა თუ ლათინო-მოაზროვნეთა მხრიდან. მართლმადიდებელი ეკლესიის გმირებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ათანასე დიდი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, არამედ წმ. თეოდორე სტუდიელიც, სტუდიის მონასტრის იღუმენი თავისი საძმოთი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. მარკოზ ეფესელი - უშიშარი გმირი და სხვა ურიცხვი აღმსარებელი და მცველი სარწმუნოებისა.
მართლმადიდებლობას ყოველთვის ახასიათებდა მისიონერობა, ბარბაროსულ ტომებში ქადაგება, რის შედეგადაც მიიღწეოდა კულტურული განათლება. ეკლესია არასდროს ყოფილა დაკავებული პროზელიტიზმით: ის სახარების სინათლესა და ჭეშმარიტებას სიყვარულითა და ადამიანური სითბოთი ავრცელებდა.
მართლმადიდებლობა ყოველთვის სახარებისეული სამეუფო გზით ვიდოდა და დაუზიანებლად დაიცვა ქრისტიანობის ჭეშმარიტი სულისკვეთება, საპირწონედ აღმოსავლური ერესების მრუდე მისტიციზმისა - ერთი მხრივ და ლათინების ცეზაროპაპიზმისა ან პროტესტანტების რაციონალური სუბიექტივიზმისა - მეორე მხრივ.
მართლმადიდებლობა ყოველთვის იცავდა ზომიერებასა და ჰარმონიას. არ უშვებდა შეცდომებს, ვინაიდან წმინდა მამები სულიწმინდის შთაგონებით მოღვაწეობდნენ.
მართლმადიდებლობას არ სძულს ადამიანი, არ უგულებელყოფს სი-ბრძნეს, ბუნებასა და ხელოვნებას. მან ყოველივე განანათლა და შექმნა თავისი კულტურა.
მართლმადიდებლობა - ადამიანის მთელი სისავსით მოძრაობაა თა-ვისი შემოქმედისაკენ. ის განღმრთობის გზაა. მას მიჰყავს ადამიანი სრული სრულყოფილებისაკენ ქრისტეში და ქრისტესთვის. მართლმადიდებლობა არა მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებაა, ის, ამავე დროს, ჭეშმარიტი ფსიქოლოგია და ჭეშმარიტი ჰუმანიზმი და სოციალური მსახურებაა. ის მრავალწახნაგოვანი ბრილიანტია, რომელსაც საიდანაც არ უნდა შეხედო, ახლებურად წვდები ჭეშმარიტებას.
მართლმადიდებლობის სულიერი და არა მხოლოდ თეორიული შეცნობით, ჩვენ შევიგრძნობთ მას მთელი თავისი სიღრმითა და სიგანით. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ მისი კარიბჭის გახსნას ჩვენთვისაც და სხვებისთვის.
მართლმადიდებლობა არ არის სამუზეუმო ექსპონატი, ანტიკვარიატი; ეს ცხოვრებაა, შემოქმედება და სიხარულია! ეს დიადი იდეაა ჩვენი ერისა, ოქროს იმედია ჩვენი ცხონებისა, ჩვენი ქებაა ქრისტეში. დაე ვიქადაგოთ ის სიმამაცითა და სიმტკიცით, ვით მართლმადიდებლობის უდიდეს გმირთა ჭეშმარიტმა მემკვიდრეებმა.
გასხივოსნებული, სისხლით გამშვენებული მართლმადიდებლობა სასძლოა ქრისტესი. არასდროს, არასდროს განგეშორებით, უღირსნი. თუ საჭიროებამ მოითხოვა, ღირს გვყავ, სისხლის უკანასკნელი წვეთიც დავღვაროთ მისთვის! ამინ.
არქიმანდრიტი ეფრემი ფილოთეველი (არიზონელი)
Xareba.net - ის რედაქცია