განა არის რაიმე, განსაცდელებით დამძიმებულ სულზე უარესი? ესაა ჯოჯოხეში, მარადიულ სატანჯველში ყოფნა. ამის ხსოვნა ამასოფლის ჩვეულებრივი მწუხარებების ჭირს შეგვიმსუბუქებს: „ჩემი მტერი სიკვდილის ხსენებაა," ამბობს მოწყინება (კიბე, 13,22). გაიხსენეთ ეშმაკთა კრებული ჯოჯოხეთში და ადამიანები სიკეთით სავსეებად მოგეჩვენებიან, გაიხსენეთ ჯოჯოხეთის ტანჯვა და მოთმენა გაცი-ლებით გაგიადვილდებათ.
თუ თქვენი გული ზადონელი დაყუდებულის მაგალითს სიმდაბ-ლით უარყოფს (ყოველ შემთხვევაში, ეს გულისსიტყვა გარეგნულად მაინც სიმდაბლეს იფარებს), მაშინ იოანე კიბისაღმწერლის რჩევა შეისმინეთ, რომელიც თავისი „კიბის" მეოთხე თავში ამბობს: „რომელნი მოსწრაფე არიან ადგილითი ადგილად მიმოსვლასა, ეგევითარნი ყოველსავე ზედა გამოუცდელ არიან, რამეთუ არარა იქმს ესრეთ უნაყოფობასა, ვითარ უთმინოება... განხეთქე მას ჟამსა ხელითწერილი იგი ნებისა შენისა, რომელი იგი უკუნ აქცევს და დახსნის სასყიდელსა მას, რომლითა მოგიყიდა ქრისტემან უფალმან" (26,128).1 ადგილიდან ადგილზე გადასვლის მოყვარულთ წმ. გრიგოლ სინელი იმ ხეებს ადარებს, გადარგვისას დაღუპვა რომ ემუქრებათ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ძალა კი უსათუოდ აკლდებათ. იმის მიხედვით, რასაც თქვენი წერილიდან ვგრძნობ და იქიდანაც, რაც წმინდა მამებთან წამიკითხავს, არ გირჩევთ სხვა მონასტერში გადასვლას. თქვენი სულის სარგებელად კი კარგი იქნება, ნიკიფორეს უდაბნოში გაემგზავროთ და მამა ესაია მოინახულოთ. მასთან საუბარი განუგეშებთ, თანაც ვფიქრობ, ისიც დაგიდასტურებთ ჩემი რჩევის სისწორეს. გულახდილად გეტყვით: თქვენი ფიქრები ადგილ-სამყოფელის შეცვლაზე ეშმაკის ბრძოლაა და სხვა არაფერი. რას შევადარო ის სიტყვა, დღეს რომ გეუბნებით - უფლის გულისათვის და თქვენი სულის სარგებელად? თქვენცა და ყველასაც, ვისაც ცხონება სურს (რომელთა შორის თავს ვიტყუებ და საკუთარ თავსაც მივათვლი), გზად მიმავალ მგზავრებს ვამსგავსებ. ეს გზა ყოველთვის ვიწრო და გრძელი იყო, მაგრამ ამ ბოლო ხანს ერთიც დაემატა - პურის გაჭირვება. ეს გაჭირვება იმდენად დიდია, რომ ბევრი, ვინც ჩემს აბგაში ორიოდე ობიან ნაჭერს მოჰკრავს თვალს, მთხოვს, ვუწილადო. მეც ვუწილადებ, ხოლო ვინც მას უკან მიბრუნებს, სიამოვნებით ვართმევ, რადგანაც ვფიქრობ, ასეთი მწირი საკვების მიღებას კაცს მხოლოდ უკიდურესი გაჭირვება თუ აიძულებს. გთხოვთ, სწორედ ამგვარად მიიღეთ ჩემი სიტყვები და თავს ვალდებულებით შეკრულად ნუ ჩათვლით მათ გამო, ხოლო თუ მაინც ასე გნებავთ, იყოს ნება თქვენი. მოწყალე ღმერთი თქვენი სარწმუნოებისამებრ გიბოძებთ თავისუფლებას, ამ თავისუფლების განცდა კი ისეთ სიხარულს მოგანიჭებთ, მხოლოდ უხრწნელი საგანძურის ფლობა რომ იძლევა. თუ მამა ესაიას ნახავთ, ჩემი წერილები წააკითხეთ, რათა „პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა" (მთ. 16,18).
რაც შეეხება ლოცვის კანონს, იცოდეთ: ლოცვის კანონია თქვენთვის, ხოლო თქვენ მისთვის კი არა, ღმერთისთვის ხართ, ამიტომ გონივრული თავისუფლება მოიპოვეთ. თუ უძლურებას იგრძნობთ, შეიმოკლეთ კანონი, თუ ძალას - მიუმატეთ, ოღონდ ორივე შემთხვევაში სიფრთხილე გმართებთ, რადგანაც უძლური კაცნი ვართ და ყოველი მხრიდან მტრები და მკვლელები გვაკრავს. როდესაც ეკლესიაში არა ხართ, ის კანონი შეასრულეთ, თქვენ რომ ამოწერეთ. მე მომწონს იგი - ასე განაგრძეთ, სანამ ჩემს ცოდვილ გულს რაიმეს შეცვლა ეუწყებოდეს.
მწვალებელთათვის ლოცვა, თითქოს ისინი ეკლესიის წევრები იყვ-ნენ, აკრძალულია, არც მათთვის ნაწილის ამოღებაა ნებადართული, რადგანაც ეს ეკლესიის წევრობას ნიშნავს, მათი მოქცევისათვის ლოცვა კი შეიძლება. თუმცა, ვისაც შინ თავისი მიცვალებული ჰყავს, მას გლოვობს და მისთვის ლოცულობს. საპყრობილეში მყოფი ტუსაღი სხვა დამნაშავეთა შუამდგომლად ვერ გამოდგება. უფალი თვითონ სიყვარულია, და ისე სურს ყველას ცხონება, ჩვენ ამას ვერც კი გავიგებთ. მოდი, ამ სიყვარულს მივანდოთ ჩვენი და ყოველი კაცის ცხონება, თვითონ კი იმას ვეცადოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული - საკუთარი თავის განწმენდას. ამას კი მაშინ მივაღწევთ, როდესაც ყოველივესთვის მოვკვდებით. დიდება უფალს!
1„ვინც ხშირად გადადის ადგილიდან ადგილზე, ის სრულიად გამო-უცდელია, რადგან არაფერია მოუთმენლობაზე უფრო უნაყოფო... ასეთ დროს უარყავი საკუთარი ნება: იგი აუქმებს იმ სასყიდელს, რომლითაც ქრისტემ გამოგისყიდა." (მთარგმნ.)
წიგნიდან „კრებული"