1930 წლის 13 მაისს ს.ს კომიტეტის დადგენილებით, ცენტრალურ ყაზახეთში გულაგის ერთ-ერთი ფილიალი გამოსასწორებელ-სამუშაო ბანაკი შეიქმნა, რომელსაც შემდგომში ყარლაგი ეწოდა. მისი მიზანი სოფლის მეურნეობისა და მძიმე მრეწველობის წარმოებისათვის საფუძვლის შექმნა გახდა.
ახალშექმნილი სახელმწიფოს პირველი ხუთწლეულის პროგრამის მიხედვით ცენტრალური ყაზახეთის მიწების ათვისება და ყარაგანდის ქვანახშირის დამუშავება დადგინდა. ვინაიდან ამ საქმის განხორციელებისათვის საჭირო იყო უკიდურესად იაფი მუშახელი, 1931 წლის დასაწყისსი შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა: „გადავასახლოთ ცენტრალურ ყაზახეთში 52 ათასი ოჯახი" (ეს ბავშვებისა და მოხუცების ცათვლით, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი იყო). ამ პერიოდში გაჩნდა ტერმინი „სპეცგადასახლებულები", რომელიც აღნიშნავდა საბჭოთა ისტორიაში კოლექტივიზაციის შედეგად გაკულაკებული ოჯახების გადასახლებას.
1931 წლის თებერვალ-მარტში (ყოფილი) საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში ხალხის მასიური დაპატიმრება და ეტაპით გადასახლება დაიწყეს. ისინი პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით გადაჰყავდათ, თუმცა პირობები პირუტყვზე უარესი ჰქონდათ. ვაგონში საჭიროებისათვის ერთი კასრი იდგა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ფეხმძიმე ქალების, ჩვილბავშვიანი დედებისა და მოხუცების მდგომარეობას. ერთ ჭიქა წყალს რამდენიმე დღეში ერთხელ აწვდიდნენ. ეტაპის დროს ხალხი მასიურად იხოცებოდა, მაგრამ მათი დაკრძალვის საშუალებას არავინ იძლეოდა და მიცვალებულები, ცოცხლებთან ერთად დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ.
პირველი ეტაპი 2 567 ადამიანის რაოდენობით ცენტრალური ყაზახეთის რაიონში, პირდაპირ უდაბურ სტეპებში განალაგეს, რომლებიც ოთხივე მხრიდან ეკლიანი მავთულებით იყო შემოკავებული. პატიმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ბანაკებთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა „გიგანტური მაურნეობაც".
სპეცგადასახლებულებისაგან შედარებით ძლიერი ახალგაზრდები ყარაგანდა-ბალხაშის გზის გასაკეთებლად მიჰყავდათ. ტვირთის დღიური ნორმა ცალკეულ პირზე 8 ტონას შეადგენდა. ნორმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადამიანი საკვების გარეშე რჩებოდა, რის შედეგადაც, ბუნებრივია, მალე კვდებოდა. მათ საფლავებს კი არ უთხრიდნენ, არამედ პირდაპირ რკინიგზის გზატკეცილზე ალაგებდნენ და ზემოდან აყრიდნენ მიწას. ამრიგად, გზა ასტანიდან ბალხაშამდე ფაქტიურად ძვლებზეა აგებული.
1931 წლის ზაფხულში 52 ათასი ოჯახი მომავალი ყარაგანდის ტერიტორიაზე ჩაიყვანეს, სადაც არც საცხოვრებელი, არც საკმარისი საკვები, არც წყალი არ ჰქონდათ.
სპეცგადასახლებულებიდან ერთ-ერთი პირველი პატიმარი, ამჟამად ცოცხალი სქიუღუმენი ეფთვიმე მოგვითხრობს: „უკაცრიელ სტეპებში ყრიდნენ ხალხს, რომლებიც ზაფხულის საშინელ სიცხეს, ზამთრის უმკაცრეს სიცივესა და ქარბუქებს თავისი ხელით ამოთხრილ ორმოებში ატარებდნენ. 31-32 წლებში, უმძიმესი პირობების გამო, ყველა ბავშვი და მოხუცი გარდაიცვალა. ისინი კი, ვინც სიცივესა და ეპიდემიებს გადაურჩნენ, მოგვიანებით შიმშილით იხოცებოდნენ.
1933 წლისათვის მხოლოდ ახალგაზრდები გადარჩნენ, რომლებიც მიწის ბარაკების გასაკეთებლად იყვნენ მობილიზებულნი. ბარაკების დასრულება ზამთრამდე ვერ მოასწრეს და ხალხი გადაუხურავ ბარაკებში შეყარეს. 1931-32 წლების ზამთარში მასიური სიკვდილიანობა დაიწყო. ყარლაგის მხოლოდ ერთ სატუსაღოში დღეში ორასამდე ადამიანი კვდებოდა. ორი წლის მანძილზე გადასახლებულების ნახევარზე მეტი დაიხოცა, მაგრამ სიკვდილიანობა აღრიცხვას არ ექვემდებარებოდა. არსებობდა მხოლოდ დამკრძალავი ჯგუფები, რომლებიც მიცვალებულებს ბანაკების განაპირა ტერიტორიაზე (15 მიცვალებულს ერთად, სამ ფენად) ყრიდნენ. ვინ იცის, რამდენი უცნობი საფლავია ყარაგანდაში.
მსგავსი არაადამიანური ქმედება, რაც განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ უმწეო ბავშვებთან, ქალებთან და მოხუცებთან მიმართებაში კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. საკუთარი ხალხის ასეთმა მასშტაბურმა გენოციდმა თავად ყოველივე ამის შემსრულებლებიც კი შეაშინა. ამიტომაც, მათ თითქმის ყველა არქივი გაანადგურეს. გადარჩენილ სპეცგადასახლებულებს სახლში დაბრუნების საშუალება მხოლოდ 1954 წელს მიეცათ, მაგრამ ბევრი მათგანი თავის სამშობლოში არ დაბრუნებულა. ყარაგანდა მათი ახალი სამშობლო გახდა.
დეკანიზი კონსტანტინე ჯინჭარაძე