ვისაც სურს შეუერთდეს ქრისტეს, ხოლო ქრისტეში მამა ღმერთს, უწყის, რომ ეს ერთობა ქრისტეს სხეულში აღესრულება, რომელიც გახლავთ ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. ცხადია, ერთობა არა ღვთაებრივ არსებასთან, არამედ ქრისტეს განღმრთობილ ადამიანურ ბუნებასთან. მაგრამ ქრისტესთან ეს ერთობა არც გარეგნული და არც მხოლოდ ზნეობრივია.
ჩვენ არ ვართ ქრისტეს იმგვარი მიმდევრები, როგორებიც რომელიმე ფილოსოფიისა და მასწავლებლის მიმდევრები არიან. ჩვენ ქრისტეს სხეულის - ეკლესიის წევრები ვართ. ეკლესია - სხეულია ქრისტესი, ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი და მორალური სხეული, როგორც მასზე მცდარად წერდა წმინდა ეკლესიის სულისკვეთებაში ჩაუწვდომელი ზოგიერთი ღვთისმეტყველი. ქრისტემ ქრისტიანები, ჩვენი უღირსების, ცოდვილობის მიუხედავად, გვიტვირთა და შეგვიყვანა თავის სხეულში და თავის წევრად გვყო. ჩვენ რეალურად ვხდებით მისი სხეულის წევრები და არა მოჩვენებითად, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი." (ეფ. 5, 30).
ქრისტიანის სულიერი მდგომარეობისამებრ ჩვენ ხან მისი ცოცხალი წევრები, ხან კი მკვდრები ვართ. მაგრამ სულიერი მკვდრებიც ქრისტეს სხეულის წევრებად რჩებიან. მაგალითად, ვინმე ნათ-ელღებული ქრისტეს სხეულის წევრი გახდა. თუ ის არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება, არ ეწევა სულიერ ცხოვრებას, მაშინ ის ქრისტეს სხეულის მკვდარი წევრია. მაგრამ როგორც კი შეინანებს, მყისიერად ეძლევა ღვთაებრივი ცხოვრება. მადლი აღავსებს მას და ის ეკლესიის ცოცხალი წევრი ხდება. ის არ საჭიროებს თავიდან ნათლისღებას. მაგრამ მოუნათლავი, რაგინდ ადამიანური ცხოვრების საზომით, ზნეობრივად ცხოვრობდეს, არ არის ქრისტეს სხეულის წევრი. ის ჯერ უნდა მოინათლოს, რომ ქრისტეს სხეულის თანამკ-ვიდრი გახდეს.
მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ქრისტეს სხეულის წევრები ვართ, შედეგად ქრისტეს ცხოვრება ჩვენ პირადი ცხოვრება ხდება. ამ მადლ-მოსილებისამებრ განვცხოველდებით (გავცოცხლდებით), განვღმრ-თოვდებით და ვცხონდებით. ჩვენ ვერ განვმღრთოვდებით, თუ ქრისტეს თავის წევრად არ გაგვხდის.
ეკლესიის წმინდა საიდუმლოებების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით ცხონებას. საიდუმლოებებს შევყავართ ქრისტეს სხეულში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ერთსისხლად და ერთხორცად გარდაგვქმნის, რათა სისხლითა და ხორცით ერთ ვიყოთ ქრისტეში.
რა დიდი წყალობაა წმინდა საიდუმლოებებით ზიარება! ქრისტეს ცხოვრება ჩვენი ცხოვრება, ხოლო მისი სხეული - ჩვენი სხეული ხდება. ამიტომ წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთი ღვთაებრივ ზიარებაზე აღმატებულს ვერაფერს მოგვმადლებდა. ვერც ადამიანი მოთხოვდა ღმერთს ღვთაებრივ ზიარებაზე აღმატებულს.
ამრიგად, ნათელღებულნი და მირონცხებულნი, აღსარებისა და უფ-ლის სისხლისა და ხორცის ზიარებით ვხდებით ღმერთნი მადლში და ვუერთდებით მას. ჩვენ უკვე აღარ ვართ უცხონი მისთვის, არამედ თავისიანნი.
ეკლესიაში ღმერთთან შეერთებით, ჩვენ განვიცდით ახალ რეალო-ბას, რომელმაც მოუტანა მსოფლიოს - ახალი ქმნილება. ეს ეკლესიის, ქრისტეს ცხოვრებაა, რომელიც სულიწმიდის მადლით, ჩვენი საკუთარი ცხოვრება ხდება.
ეკლესიაში ყოველივეს: ღვთაებრივ ლიტურგიას, საიდუმლოებებს, ღვთისმსახურებას, სახარების ქადაგებას, მარხვებს... განღმრთოებამდე მივყავართ. ეკლესია - განღმრთოების ერთდერთი ადგილია.
ეკლესია არ არის საზოგადოებრივი, კულტურული თუ ისტორიუ-ლი, საერო ორგანიზაციების მსგავსი ინსტიტუცია. ერში, შესაძლოა არსებობდეს ძალიან კარგი ორგანიზაციები, შესანიშნავი საზოგა-დოებრივი თუ სხვა დაწესებულებები. მაგრამ ჩვენი მართლმა-დიდებელი ეკლესია - განუმეორებელი, ადამიანის ღმერთთან ურთიერთობისა და განღმრთოების ერთადერთი ადგილია. მხოლოდ ეკლესიაში, შეუძლია ადამიანს გახდეს ღმერთი მადლში და არსად სხვაგან: არც უნივერსიტეტებში, არც სოციალურ დაწესებულებებში და სხვა ყველაზე აღმატებულ საერო ორგანიზაციაში. ყოველივე ეს, რაგინდ სათნო არ უნდა იყოს, ვერ მოგვცემს იმას, რასაც გვაძლევს ეკლესია.
ამრიგად, რამდენადაც წარმატებული არ უნდა იყოს საერო დაწესე-ბულება, ორგანიზაცია თუ ინსტიტუცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისინი ვერასდროს ჩაენაცვლებიან ეკლესიას.
ჩვენ ცოდვილი და უძლური ადამიანები ვართ. შეიძლება კრიტიკ-ული და მძიმე ჟამიც დადგეს ეკლესიაში, რადგან აქაც არსებობს საცდურები. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკლესიაში განღმრთოების გზაზე ვიმყოფებით, ხოლო ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი უძლური, ჯერ კიდევ სახეზეა. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ ღმერთად შედგომას, ჯერ არ შევმდგარვართ ღმერთებად მადლში. მაგრამ, რაც არ უნდა ხდებოდეს, არასდროს განვეშორებით ეკლესიას, იმიტომ რომ მხოლოდ ეკლესიაში არსებობს ღმერთთან შეერთების ერთადერთი საშუალება.
მაგალითად, მივდივართ ტაძარში მსახურებაზე და შეხვდით ვიღა-ცას, ვინც არ უსმენს ღვთაებრივ მსახურებას და საუბრობს სხვა ადამიანებთან. ის წუთიერად იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ამ დროს მოგვდის, ერთი შეხედვით, კარგი აზრი: „რა აზრი აქვს სიარულს?! ხომ არ ჯობია დავრჩე სახლში, სადაც მეტი სიმშვიდე და ლოცვის შესაძლებლობაა?"
მაგრამ ჩვენ ბრძნულად უნდა შევწყვიტოთ ეს მზაკვრული აზრი: „დიახ, სახლში გარეგნულად მეტი სიმშვიდეა, მაგრამ მე ვერ მოვიპოვებ ღვთის მადლს, რომელიც განგვაღმრთობს და განგვწმენდს. სახლში არ მეყოლება ქრისტე, ვერ ვეზიარები მის წმინდა სისხლსა და ხორცს, რომელიც მის ტაძარში წმინდა ტრაპეზზეა დაბრძანებული; მოვიკვეთები ჩემი ძმისაგან ქრისტეში, რომლებთან ერთობაშიც შევადგენ ქრისტეს სხეულს."
ამრიგად, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არ დავტოვებთ წმინდა ეკლეს-იას, იმიტომ რომ მხოლოდ მასში ვპოულობთ განღმრთოების გზას.
არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი
Xareba.net - ის რედაქცია