მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, აქტიურად ეძებენ ცოცხალ წარსულთან დამაკავშირებელ გარემოებას, რომელშიც შეძლებენ მოიპოვონ მაცხოვნებელი ძალა. მართლმადიდებლური ეკლესია სთავაზობს სამყაროს თავის გარდამოცემას, თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. მაგრამ სამწუხაროდ მრავალს არ ესმის მისი სულიერი არსი. თანამედროვე კულტურამ იძულებული გაგვხადა განვმარტოთ ის, რაც ისედაც, თავისთავადაც გასაგებია. შესაძლოა ეს იმის გამო ხდება, რომ ხშირად თვითნებურად ვმსჯელობთ ისეთ საგნებზე, რომლებიც შინაგანად უცნობია ჩვენთვის ანუ ვერ ვიაზრებთ საკუთარ არაკომპეტენტურობას.
არ შეიძლება ეს საკითხი გარეგნულად, მხოლოდ თეორიულად, ცხოვრების წესის გაუთვალისწინებლად იქნეს განხილული.
გარდამოცემა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არის ყველაფერი, რაც მამებისეულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება. ხორციელი მამების გარდა გვყავს სულიერი მოძღვრები, მსოფლიო მამები, რომლებმაც შეინარჩუნეს და დაიცვეს წმინდა ეკლესიის გარდამოცემა. ამავე დროს, რწმენაც, ზნეობაც, კულტიც. ეს ცნებები არ მოიაზრება უერთმანეთოდ. რა მნიშვნელობა ექნება ღვთისმსახურებას, კულტს, თუკი გარკვეულ ზნეობრივ ჩარჩოებში არ აღმოჩნდება და არ გამოხატავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას? შეიძლება ცოცხალი უწოდო რწმენას, თუკი ის ღვთის თაყვანისცემისკენ არ წარმართავს ადამიანს და ნათელს არ მოჰფენს ადამიანის ცხოვრებას? ან ზნეობა ჩამოყალიბდება ჭეშმარიტი რწმენისა და ღვთის თაყვანისცემის გარეშე?
სიტყვა „გარდამოცემაში" ეკლესიის მიერ თავად ქრისტესაგან ბოძ-ებულ სარწმუნოება მოიაზრება. რა გადასცა ქრისტემ ეკლესიას? პავლე მოციქული ამბობს: „ჰმადლობდა, გატეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ხორცი ჩემი, თქუენთვის განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ეს სასუმელი ახალი რჩეული არს სისხლისა ჩემისა; ამას ჰყოფდით, რაოდენ - გზისცა ჰსუმიდეთ, ჩემდა მოსახსენებელად." (1 კორ. 11. 24-25).
ამრიგად, ქრისტემ გადმოგვცა თავისი სისხლი და ხორცი, რომლ-ითაც ვეზიარებით. ეს საიდუმლო განაღმრთობს ეკლესიას ანუ ყველა ჩვენგანს. ქრისტე სხეულად გარდაგვქმნის, სხეულად, რომელსაც ქრისტეს უხრწნელი ცხოვრება ექნება, და იმგვარად იცხოვრებს, როგორც ცხოვრობდა ქრისტე. ამ სხეულში ქრისტეს სული, გონება და გულია დაცული. ევქარისტიის საიდუმლოს მეშვეობით უფალთან უმჭიდროეს ერთობაში შესვლის შესაძლებლობა გვეძლევა, ამასთან, სულის ყველა ძალების მობილიზება და ყურადღება მოგვეთხოვება. საიდუმლო არ მოქმედებს ავტომატურად. მისი მოქმედება ადამიანის შესაბამის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული - თავად საიდუმლო გარკვეულ ზნეობრივ სისტემაში პოულობს გასაქანს. ევქარისტიის საიდუმლოს ზნეობრივი ასპექტი, ქრისტეს მცნებების აღსრულების შემთხვევაში გადმოიცემა. ხოლო ქრისტეს მცნებები არ გახლავთ უბრალოდ მორალური კოდექსი, რომელიც ინდივი-დუალური და სოციალური ჰარმონიის უზრუნველსაყოფადაა ბოძებული. ის ღვთაებრივ ცხოვრებასთან შერწყმული, ჰარმონიული ცხოვრების აღწერაა, რომელიც თავისი მადლით ყოველივეს მსჭვალავს და გარდაქმნის ადამიანს. თავისი სარწმუნოების მიმართ სერიოზული დამოკიდებულების მქონემ არ შეიძლება ერთხელ მაინც იგრძნოს საკუთარ თავში გარკვეული შინაგანი სულიერი ცვლილება - მისი სიტყვით აღწერა შეუძლებელია. ეს სულიწმიდის მუშაკობის შედეგია.
მაცხოვარმა თავისი, სულიწმიდით აღვსილი სიცოცხლისმატარე-ბელი სხეული მოგვმადლა ანუ - გარკვეული ღმერთკაცობრივი ცხოვრების წესი გადმოგვცა. ეს ცხოვრების წესი ქრისტეს პიროვნებაში, მასთან მიახლების დროს იხსნება. ხოლო ქრისტეს აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ მას მოციქულთა და პირველ ქრისტიანთა საზოგადოებაში ვხედავთ. ჩვენ დღესაც ვხვდებით და ვეხებით მას, ვინაიდან სულიწმიდა განუწყვეტლივ მოქმედებს ქრისტეს სხეულში, ეკლესიაში.
ეკლესიის გარდამოცემა არ ექვემდებარება დროს. ეკლესია უძლე-ველია, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ სახარების ამ სიტყვებს, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ეს სიტყვები მთელ ეკლესიას ეხება და არა მხოლოდ ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს. მრავალი ლოკალური ეკლესიას, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, ოდესღაც რომ გააჩნდა, გაქრა და ისტორიის კუთვნილებადღა დარჩა, ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ხვალ ჩვენც მათ რიცხვში არ აღმოვჩნდებით? სასულიერო პირებსა და ერისკაცებს გვესაჭიროება მადლი ღვთისა. ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული ვიქნებით ქრისტეს ეკლესიის სწავლების ერთგულნი თუ უარს ვიტყვით წმინდა გარდამოცემაზე ანუ სულიწმიდაში ცხოვრებაზე.
ქრისტემ გადმოგვცა თავისი ღმერთკაცობრივი სხეული და ყოვე-ლივე ის, რაც აღიწერა სახარებაში: ნათლისღება, ფერისცვალება, გოლგოთის მსხვერპლი, დაფლვა და აღდგომა... უფლის ფერისცვალების არსის განმარტებისას წმინდა მამები აღნიშნავდნენ, რომ სულიერი ფერისცვალება მოწაფეებშიც აღსრულდა, რათა მათ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება დაენახათ. ყოველივე ეს (წმინდა წერილში) ეკლესიის, მისი ყოველი წევრის ანუ ყოველი ჩვენგანის გამოცდილების მისაღებად განხორციელდა. სწორედ ამიტომ აქვს ლიტურგიკულ მსახურებაში გადმოცემულ დღესასწაულებს ესოდენ დიდი მნიშვნელობა.
ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრება დღესასწაულებზე ამა თუ იმ სახარებისეული მოვლენის უბრალო მოგონება როდია. მას ღვთაებრივი მნიშვნელობა გააჩნია და იმკვიდრებს ადგილს ამ სამყაროში. ეს გახლავთ საწინდარი იმისა, რომ შევუერთდეთ ქრისტეს, კვლავ ავღორძინდეთ ნათლისღებით, ფერისცვალებით, აღვიქვათ ქრისტეს ნათელი, მოვკვდეთ და აღვდგეთ ქრისტესთან ერთად. ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ საყოველთაო აღდგომას, უზენაეს დიდებას ველით, რომელიც განცხადდება მაშინ, როდესაც „ჩვენ იმ იმედით, სიყვარულითა და რწმენით ვცხოვრობთ, რომელიც მარადიულად დარჩება." (1 კოლ. 4. 17).
ეკლესიის გარდამოცემა არც იდეოლოგიაა და არც ფილოსოფიური თეორია. ის გარკვეული სულიერი პროცესის გამოხატულებაა. ასე რომ, ის იმდენად თეორიული არ არის, რამდენადაც პრაქტიკული. გარდამოცემა არა აბსტრაქტული, არამედ წმინდა საიდუმლოებრივია, ვინაიდან ეკლესიის საიდუმლოებების მეშვეობით გადმოგვეცემა.
გარდამოცემა არ არის რიგითი წიგნი ან პეიზაჟის სურათი. მართ-ლმადიდებლური გარდამოცემა თავად ეკლესიაა, ღმერთკაცობრივი საზოგადოებაა. საეკლესიო მღვდელმსახურების მეშვეობით ჩვენ შევაბიჯებთ მის საიდუმლო სამყაროში და მოღვაწეობის შედეგად მისი მადლის საიდუმლოებებსა და ლიტურგიკულ ცხოვრებაში მონაწილეობაში, აგრეთვე, შინაგანი სულიერი მოღვაწეობით, მიმართული ვნებების დათრგუნვისკენ მიმართული ასკეტიზმითა და ღვთაებრივი სიყვარულისაკენ სწრაფვით.
წმინდა გარდამოცემა ტაძარში აღვლენილი ღვთაებრივი ლიტუ-რგიით იწყება და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გძელდება, ვით ლიტურგია.
ნუ დაფრინავთ ღრუბლებში. გარდამოცემის ერთგულება არ არის რაიმე ამქვეყნიური იდეის ან წეს-ჩვეულების შენარჩუნებაზე ზრუნვა. ის მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს მყოფობაა ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი ღმერთმსგავსობის მოწმობაა სამყაროში. ეს მოვლენა ჩვენ უშუალო გარემოცვაში იწყებს გამჟღავნებას. შემთხვევით არ ამბობენ წმინდა მამები, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ჩვენსავე გარემოცვაზეა დამოკიდებული. მოყვასთან და ამა სოფელთან დამოკიდებულების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე.
თუ ამპარტავნობასა და თავმოყვარებას ნებას დავრთავთ ადგილი დაიმკვიდროს ჩვენში, მაშინ ჩვენი შრომა ამაო იქნება. რაგინდ დარწმუნებულნიც ვიყოთ რომ ვფლობთ ღვთისგან გარკვეულ ნიჭებს, თუნდაც სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ თავს, ვიმყოფებოდეთ საკუთარ რელიგიურ ატმოსფეროში; ტრადიციის მიმდევრებად მივიჩნევდეთ საკუთარ პიროვნებას, და ამავე დროს, არ გაგვაჩნდეს შინაგანი სულიერი ცხოვრება, უნდა ვიცოდეთ. რომ ამაო საგნებს ვეთაყვანებით, საგნებს, რომლებსაც შესაძლოა, კულტურული, სამუზეუმო, ხელოვნებამცოდნეობითი ან რაიმე სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ის ვერ გვაძლევს სულიერ ცხოვრებას. წარმოვიდგინოთ შესანიშნავი მქადაგებელი, რომელიც სიტყვის ოსტატია და წმინდა მამების თხზულებებიდან ასობით ამონარიდს ციტირებს. თუ მისი ცხოვრების წესი არ გამოხატავს წმინდა მამათა სულისკვეთებას, თუ ის, მაგალითად, მრისხანე, ამპარტავანი და პირფერია, მაშინ რომელ ტრადიციაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომელ გარდამოცემას ეყრდნობა ის? ან ჭაბუკის მაგალითი ავიღოთ: დადის ეკლესიაში, მაგრამ ახლობლების სიყვარულისა და ზეგავლენის გამო, არ ცდილობს კიდევ უფრო საფუძვლიანი ნაბიჯი გადადგას ეკლესიური ცხოვრებისკენ. რამდენად ახლოსაა ის ქრისტესთან და მართლმადიდებლურ ტრადიციასთან? ბიზანტიური ხატწერა წინაპრებისაგან მემკვიდრე-ობით მიღებული ტრადიციული ჰაგიოგრაფიაა, რომელსაც სხვა სულიერ განზომილებაში გადავყავართ. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებულია ხატით, ალამაზებს მას, შეიძლება თავადაც ხატმწერი გახდეს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ სურს შევიდეს ამ სულიერ განზომილებაში, ამ საიდუმლო სულიერ სივრცეში.
ამა თუ იმ გარდამოცემის ელემენტს თუ მოვაცილებთ თავის სულ-იერ დატვირთვას, მაშინ დადგება დრო, როდესაც თავად გარდამოცემის არსებობა დაკარგავს აზრს.
თუ საღვთისმსახურო წეს-განგებით ცხოვრების დროს, ან ასკეტური მოღვაწეობისას, მაგალითად, მარხვის ან მუხლდრეკების დროს ვერ ვწვდებით მის სულიერ შინაარსს, მაშინ ჩვენ ტრადიციისა და წმინდა გარდამოცემის მიღმა ვიმყოფებით. მსგავსი დამოკიდებულების, ჩვენი გულგრილობის, უგრძნობელობის, ნელ-თბილობის გამო ძალიან ხშირად ქრისტიანობა ადამიანისათვის მიუღებელი ხდება. ამ დროს არ იგრძნობა არც სულიერი ცხოვრება, არც აღდგომის სიხარული, არც თავისუფლების სული, ყოველი ის, რაშიც სამოთხის სურნელება ვლინდება.
გარდამოცემა რომ დავიცვათ, ვით ცხოვრების წესი, ეკლესიამ შექმნა მონაზვნობა. მონაზვნობაში ყოველი დეტალი, ყოველი ნაბიჯი, პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, არის ლოცვა, ღვთაებრივი ლიტურგიის გაგრძელება, ღვთის წინაშე დგომა.
ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ იქ, სადაც გარდამოცემა უშუ-ალოდ შერწყმულია იესო ქრისტეს სწავლებასთან. ასეთი გარდამოცემა სიღრმისეულია, ღვთაებრივია. წმ. გარდამოცემა თავად ქრისტემ მოგვმადლა „გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13. 8).
ქრისტე გვაძლევს თავის სხეულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი-საგან ხორცშესხმულს, სულიწმინდით აღვსილს, რომლის წევრები ვართ ყველა წმინდანთან ერთად. ჩვენს ხელთაა არჩევანი: განვაგრძოთ ცხოვრება და სულიერად გავიზარდოთ ქრისტეს სხეულში ან განვეშოროთ მას და სხვაგან ვეძებოთ ცხონების სისავსე. ქრისტესთან ურთიერთობას ვერ დავამყარებთ ავტომატურად, მექანიკურად. ეს ცხოვრების წესია, ეს იმ გზით სვლაა, რომელსაც მუდმივად თან ახლავს განსაცდელი და დილემა. ამით გამოიცდება ჩვენი თავისუფლება ქრისტეში.
შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოთ თქუენ.
არქიმანდრიტი ქრისტოდულოს მთაწმინდელი - კუტლუმუშის მონასტრის იღუმენი.
Xareba.net - ის რედაქცია