ელადის ეკლესიის წმინდა სინოდმა ყოველი წლის 11-დან 18 ოქტომბრამდე პერიოდი ერესებთან ბრძოლის კვირად გამოაცხადა.
ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის ქრისტესმოყვარე და კეთილმორწმუნე ხალხს მოგმართავთ ჭეშმარიტი ღაღადისით. მნიშვნელოვანია რომ, ჩვენ ეპარქიასა და ქვეყანაში საყოველთაო ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით წარვმართოთ. ერეტიკოსების საქმიანობა, რომლებიც, ვით ცხვრის ტყავში დამალული მგლებივით ლამობენ ადამიანთა სულების შთანთქმას.
ასევე მოვითხოვ თქვენი ყურადღება მიაქციოთ ეკლესიის მამებისეული გადმოცემის დაცვის მნიშვნელობაზე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.
პირდაპირ მოგახსენებთ: ბოლო დროს გაბატონდა მცდარი აზრი, რომ თითქოს არ არსებობს სარწმუნოება, რომელიც ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, რომ ასევე არ არსებობს ისეთი რელიგიაც, რომელსაც ყოველმხრივ მიუღებელი შეიძლება ეწოდოს. აგრეთვე, ვრცელდება აზრი, რომ ყველა რელიგია და კონფესია ფლობს ნაწილობრივ ჭეშმარიტებას, ხოლო რეალური ჭეშმარიტება ყველა რელიგიის გაერთიანებაში ვლინდება.
სწორედ ეს ხედვები გახდა ძირითადი დოგმატი თანამედროვე სამყაროს "მერწყულის ეპოქა". ("New Age").
მცდარი სწავლება, რომ შეგიძლია გწამდეს რისიც და ვისიც გსურს, ასუსტებს ადამიანებში ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას და შეურაცხყოფს ჩვენს სარწმუნოებას, ვით საუნჯესა და მცველს სრული ჭეშმარიტებისა.
ამ შეხედულებას რელიგიური სინკრიტიზმი ეწოდება. მან, თავისი გამხრწნელი ზეგავლენით, სხვადასხვა ერესებისა და სეკულარული საზოგადოებების მეშვეობით, სერიოზული რღვევა გამოიწვია მართლმადიდებლობის მთელი სისავსით აღქმის პროცესში.
სამწუხაროდ, არსებობენ მართლმადიდებელ ქრისტიანებად წოდებული ადამიანები, რომლებიც შინაგანად იზიარებენ ზემოხსენებულ თეზას, რაც ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის. ამ პირებს, მართლმადიდებლობასთან ერთად შეუძლიათ გამოიყენონ "ახალი ეპოქის" ოკულტური პრაქტიკაც, რომელშიც აღმოსავლური რელიგიების ელემენტები მკვიდრობს. ესენი არიან ფსევდოქრისტიანები, რომლებიც ეკლესიაში თავიანთ "რელიგიურ ვალდებულებებს" აღასრულებენ და, იმავდროულად, იოგითა და ტრანსცენდენტური მედიტაციით ერთობიან. მას სჯერათ სულების გადასახლების, ასტროლოგიის, ყოფითი მაგიისა და სხვადასხვაგვარი მისნობების. ერთი სიტყვით, ეს ადამიანები მიმართავენ "ალტერნატიული მკურნალობის მეთოდს", რომელიც აღმოსავლური რელიგიების ნაწილია.
მსგავსი რელიგიური სინკრიტიზმი, სამწუხაროდ, ძირს უთხრის ჯანსაღ ქრისტიანულ სარწმუნოებას. ეს ეკუმენიზმის სულის გამოვლინებაა, რომელსაც მოდერნისტი სასულიერო პირები ქადაგებენ. ვსაუბრობთ იმ "ეკუმენისტურ მოძრაობაზე", რომელიც ერეტიკოს-პროტესტანტებმა მოიგონეს. რომელმაც მერე ერეტიკოს-პაპისტებთან გადაინაცვლა, ხოლო ამის შემდეგ და, სამწუხაროდ, ვით ბოლო დროის საშინელ ეპიდემიამ, ჩვენს მართლმადიდებლობაშიც იჩინა თავი.
ეკუმენიზმი ასწავლის, რომ არც ერთი ქრისტიანული ეკლესია (მათ შორის მართლმადიდებლურიც), არ არის ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესია, არამედ მხოლოდ "განშტოებაა", ხოლო ჭეშმარიტი ეკლესია მათ ერთობაში ვლინდება. ყველა ერეტიკული საკრებულო - "ეკლესიები" "განსხვავებული ტრადიციების" მცველებად წარმოაჩენენ თავს. ამიტომაც, ეკუმენიზმის ერესი პროტესტანტულზე მეტად დაშორდა ჭეშმარიტებას.
მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, არანაირი მრავალი "ეკლესია" არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს, და არც შეიძლება არსებობდეს მრავალი ჭეშმარიტება.
არსებობს მხოლოდ ერთი, წმინდა, კათოლიკე (მსოფლიო) და სამოციქულო ქრისტეს ეკლესია, რომელიც გახლავთ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, იმიტომ რომ, მხოლოდ ის ფლობს უცვლელად მამებისეულ გარდამოცემას.
მართლმადიდებლებს მტკიცედ გვწამს, რომ ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა რომელიმე რელიგიური საზოგადოების "ეკლესიად" სახელდება, არის განხეთქილება და ერესი. ჩვენ გვწამს, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია, განუყოფელია. ასევე გვწამს, რომ ცხონება აღესრულება ქრისტეში და მხოლოდ მის ჭეშმარიტ ეკლესიაში, ვით ღვთაებრივი მადლის მოქმედების გამორჩეულ საგანძურში. ეკლესიის მიღმა კი, როგორც გვასწავლის დიდი მამა და მასწავლებელი ძველი ეკლესიისა, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი, არ არის ცხონება. ე.ი. არც ერთ ამ ერეტიკულ საზოგადოებებში, ე.წ. "ქრისტიანულ სამყაროში" (პაპიზმი, პროტესტანტიზმი, მონოფიზიტობა და მისთ), არ არის ცხონება, როგორც არ არის ცხონება სხვადასხვა მსოფლიო რელიგიებში, რადგან იქ არ მკვიდრობს მადლი სულიწმიდისა.
ამრიგად, მოვუწოდებთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, დაიხშონ ყურნი სხვადასხვა ცდომილებების სმენისაგან. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რაგვარი ცდომილების (ქრისტიანულისა თუ სხვა რელიგიების) სახით იქნება ის შემოთავაზებული.
ამასთან, ვინც თვითნებურად მოიკვეთს თავს მადლმოსილი, წმინდა და შეურყვნელი მართლმადიდებლური სწავლებისაგან, მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს თავის სულიერ ცხოვრებას. მეტიც, შესაძლოა, ფიზიკურ არსებობასაც შეუქმნას საფრთხე, ვინაიდან ფსევდორელიგიებს შორის დიდი ხანია არსებობენ ე.წ. ტოტალიტარული სექტები, რომლებშიც ადამიანთა დაღუპვის მრავალი ფაქტი ფიქსირდება.
ამრიგად, ვდგეთ ჭეშმარიტებაში, ვინაიდან ამით რეალურად ვართ დაინტერესებულნი!
პირიელი მიტროპილიტი სერაფიმე
Xareba.net - ის რედაქცია