2. ლათინები ერეტიკოსებია, იმიტომ რომ ამახინჯებენ სარწმუნოებას
ფერარო-ფლორენციის კრების დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ (1440-1441 წწ.), ქრისტიანების კრებაზე განხილული საკითხების ინფორმიერების მიზნით „მრგვლივმოცულ ეპისტოლეში მატერიკებსა და კუნძულებზე მკვიდრ ყველა მართლმადიდებელს" ლესბოსში გადასახლებულმა წმინდა მარკოზ ეფესელმა „ლათინო-მოაზროვნეთა" ზოგიერთი არგუმენტი მოიყვანა. ერთ-ერთი არგუმენტის განხილვისას (რომელიც ნახსენები აქვს სიროპულოსს) წმ. მამა წერს: „გვეუბნებიან, ლათინებს არასდროს მივიჩნევდით ერეტიკოსებად, არამედ მხოლოდ განხეთქილების მომქმედებად". განხეთქილების მომქმედებს მათ იმიტომ ვუწოდებთ, განმარტავს წმინდანი, რომ თავად ამგვარად მოგვიხსენებენ. ჩვენს აღმსარებლობასთან მიმართებაში ვერანაირ ბრალს ვერ პოულობენ და მხოლოდ იმას გვსაყვედურობენ, რომ პაპს არ ვაღიარებთ ეკლესიის მეთაურად. ამიტომ, უნდა განვიხილოთ, მართებული ხომ არ იქნება მათ, ვით სარწმუნოების დამმახინჯებლებს ერეტიკოსები ვუწოდოთ:
წმინდა მარკოზისთვის კარგად იყო ცნობილი ის, რისი ცოდნაც ყველა კლირიკოსსა და ღვთისმეტყველს ევალება, სახელდობრ, მართლმადიდებლობაში საყოველთაოდ აღიარებული და ეკლესიის გარდამოცემის ორგანულ ნაწილად მიჩნეული წმ. ბასილი დიდის განსაზღვრება, რითაც კათოლიკე ეკლესიიდან განდგომილ საკრებულოებს სამ ნაწილად ჰყოფს: ერეტიკოსებად, განხეთქილების მომქმედებად და თვითნებურად შეკრებილებად.
წმინდა ბასილი დიდი ამფილოქე იკონიელისადმი თავის პირველ კანონიკურ ეპისტოლეში ერეტიკოსების მიერ შესრულებული ნათლობის საკითხის მიღება-მიუღებლობის განხილვისას წერს, რომ მათი ნათლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტად, განსხვავებით იმ ნათლობისა, რომელსაც აღასრულებენ განხეთქილების მომქმედნი ან თვითნებურად შეკრებილნი.
„პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება - შეწყნარება. (ანუ ნათლისღებით - ავტ). განხეთქილების მომქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის წევრთა შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან".1
ამრიგად, ეკლესიისაგან განყენების კლასიფიკაციისა და ტრადიციის ხარისხის თანახმად, ერესი, ვით სარწმუნოებისაგან განდგომილება, სრულად განაყენებს ერეტიკოსს ეკლესიის ერთობისაგან და მათ ნათლისღებასა და სხვა საიდუმლოებებს არანამდვილად ცნობს. ამდენად, თუ ერეტიკოსმა უარყო თავისი ცდომილება, ისურვა ეკლესიასთან შეერთება, ნათლისღება თავიდან მართებს, ვით მოუნათლავს. კათოლიკებისადმი შემწყნარებლურად მყოფნი წმინდა მარკოზ ეფესელის თანამედროვე ლათინომოაზროვნენი მათ (კათოლიკებს) არა ერეტიკოსების რიცხვს (განდგომის უმაღლესი ხარისხის), არამედ განხეთქილების მომქმედებს მიაკუთვნებენ. ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ მართლმადიდებლებსა და მათ შორის უთანხმოება ეხება ნაკლებადმნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც „ექვემდებარება კურნებას", და იოლად დაიძლევა.
„ფილიოქვეს" შესახებ, ანუ ლათინების მიერ მრწამსის სიმბოლოში მკრეხელურად სულიწმიდის მამისაგან გამომავლობის მუხლს სიტყვა „და ძისაგან" - ის ჩამატების შესახებ წმინდა მარკოზი წერს, რომ მართლმადიდებლებმა ისინი მოკვეთეს ეკლესიის სხეულისაგან, „იმიტომ რომ დაუშვებელი და უკანონო განიზრახეს და დაუსაბუთებელი ჩამატება შემოიღეს". შემდეგ: „ჩვენ ისინი, ვით ერეტიკოსები, მივატოვეთ და გამოვეყავით. რა მიზეზით? ღვთივკურთხეული დადგენილებებისამებრ.
„ერეტიკოსებად იწოდებიან და ამ კანონს ექვემდებარებიან ისინიც, რომლებიც მცირედითაც განუდგნენ მართლმადიდებლობას". თუ ლათინები არ განდგომიან მართალ აღმსარებლობას, მაშინ რა გახდა მათთან განშორების მიზეზი? ხოლო რადგან სრულად განუდგნენ სწავლებას, კერძოდ სულიწმიდის გმობის კუთხით, ყველაზე საშიში და მკრეხელური სიახლის შემოღების, შედეგად ისინი ერეტიკოსები გახდნენ და ჩვენ, ვით ერეტიკოსნი მოვიკვეთეთ ისინი".2 (გაგრძელება...)
1წმ. ბასილი დიდი. ეპისტოლე პირველ კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ. დიდი სჯულის კანონი. გვ. 238.
2იხ. Прот. Пр. Феодор Зисис. Битва за Православие. М. 2010. Святая Гора. გვ. 25. ბერძნული წყარო.
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი
Xareba.net - ის რედაქცია