უეჭველია, რომ ანტიქრისტე ძალზე ძლიერი იქნება, და მისი მოქმე-დება იქნება „ყოვლითავე ძალითა" (2 თესალონიკელთა, 2,9), არა მხოლოდ ადამიანური, არამედ სატანური ძალითაც, რამეთუ სატანამ მისცეს მას „ძალი თვისი და ხელმწიფებაი დიდი" (გამოცხადება, 13,2). სატანის ძალა კი უდიდესია, ისე რომ, იგი განაცვიფრებს და მოხიბლავს ყველა ურწმუნოს, მცირედმორწმუნეს, ორგულს, ყველას, ვინც კი უფალი ქრისტეს ღმრთაებრივი ძალა არ იგემა. „სასწაულთა დიდთა, და რაითა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა" (გამოცხადება, 13,13). სატანის ქმედებით, ანტიქრისტე ადამიანთა შორის „ყოვლითავე ძალითა და ნიშნებითა სასწაულებითა ტყუილ-ისაითა" (2 თესალონიკელთა, 2,9) იმოქმედებს. ერთი სურვილით, ყოვლადსურვილით: მოატყუოს ადამიანები, მოხიბლოს, აცთუნოს, თან გაიყოლოს, როგორც ჭეშმარიტმა მაცხოვარმა და მესიამ კაცთა მოდგმისა, როგორც ერთადერთმა ადამიანმა, რომელსაც კაცთა მოდგმაში ქრისტეს ადგილის დაკავება ძალუძს, ქრისტეს შეცვლა და არასაჭიროდ, ზედმეტად, საზიანოდ, მომაკვდინებლად გადაქცევა ძალუძს. ანტიქრისტეს მთელი მრავალფეროვანი მოღვაწეობა ერთ მიზნამდე დაიყვანება: შეცვალოს ქრისტე და ასე განახორციელოს გრანდიოზული სიცრუე და ტყუილი და ადამიანები ამ ყოვ-ლისმომაკვდინებელი სიცრუით დაიმორჩილოს. რამეთუ რა არის ყველაზე მომაკვდინებელი ადამიანისთვის, ხალხისთვის, კაცთა მოდგმისთვის? ქრისტეს - ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკისაგან კაცთა მოდგმის ამ ერთადერთი მხსნელის - უარყოფა. ამაზე, ამ ტყუილზე იშრომებს ანტიქრისტე „ყოვლითავე ძალითა" სატანურითა და „ნიშნებითა სასწაულებითა ტყუილისათა". ყველა მისი სასწაული, სინამდვილეში ილუზია და ტყუილი იქნება, რომელიც ცოდ-ვისმოყვარე ადამიანებს ყველაზე საშინელ და ყველაზე მომა-კვდინებელ სიცრუეს დაუმორჩილებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და კაცთა მოდგმის ერთადერთი მაცხოვარი არ არის.
სატანა ანტიქრისტეს განკარგულებაში მთელ თავის ღმრთისმებრ-ძოლ არსენალს, ღმრთისა და უფალი ქრისტეს წინააღმდეგ მთელ თავის იარაღს გადასცემს. მის „ყოვლადიარაღს", პირველყოვლისა, მოხიბლვა (ცთუნება) წარმოადგენს. და ანტიქრისტეც, „შეწევნითა ეშმაკისათა", ქვეყანაზე „ყოვლითავე საცთურითა" იმოქმედებს (2 თესალონიკელთა, 2,10), რათა, თუ შესაძლებელია, რჩეულნიც აცთუნოს, ანუ ისინი, ვინც სახარებისეულ რწმენას გაჰყვა და მისით და მისთვის ცხოვრობს. სატანა ქვეყანაზე ყოველთვის მოტყუებით მოქმედებს: მან მოტყუებით აცთუნა ჩვენი პირველმშობლები სამოთხეში. იგი მოტყუებით მოქმედებს, მაგრამ, პირადად, უშუალოდ და ღიად ამას იშვიათად აკეთებს, არამედ, თითქმის ყოველთვის, სხვათა საშუალებით იქმს: სამოთხეში - გველის საშუალებით; კაცთა მოდგმის ისტორიის დასასრულს, ანტიქრისტეს საშუალებით იმო-ქმედებს; მანამდე კი ანტიქრისტეს წინამორბედთა მეშვეობით მოქმედებს. ყველგან და ყველაფერში - ტყუილი, ცთუნება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: განყოს ადამიანები ერთი ჭეშმარიტი ღმრთისა და მაცხოვრის - უფალი იესო ქრისტესაგან, ღმერთკაცისაგან. ღმრთისა და ყოველივე ღმრთიურის შესახებ ადამიანთა მოტყუება - აი, სატანის მთავარი საქმე. ხოლო ეს, მისი ერთგული და უერთგულესი მსახურის და თანამებრძოლის - ანტიქრისტეს მთავარი ამოცანაა. ამიტომაც, სინამდვილეში, სატანის მეორე სახელია - მატყუარა, მაცთუნებელი. წმინდა გამოცხადებაში მასზე ნათქვამია, რომ იგი არის „რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა" (გამოცხადება, 12,9). აცთუნებს იმ მიზნით, რათა ადამიანები უდიდეს უსა-მართლობაში ჩაითრიოს, რაც ყოველთვის ღმრთის, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმრთისა და უფალის იესოს გმობით არის აღსავსე. ქვეყანაზე და კაცთა მოდგმაში, ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს. ანტიქრისტე კი „შეწევნითა ეშმაკისათა" მოქმედებს „ყოვლითავე საცთურითა სიცრუისათა" (2 თესალონიკელთა, 2,10). თვითონ სატანა - ეს უმაღლესი უსამართლობა ყოველთა სოფელთა შინა - თავის უსამართლობას ჩვენს კაცობრივ სოფელში „ყოვლითავე საცთურითა" ავრცელებს, განსაკუთრებით კი მას, ქვეყანაზე უდიდესი უსამართლობით გაავრცელებს, რომელიც ანტიქრისტეში განსახიერ-დება.
მაგრამ, ანტიქრისტეს ამ მაცთუნებელ სასწაულმოქმედ და საშინელ ქმედებას „შეწევნითა ეშმაკისათა", ხოლო „წარწყვედულთა მათ შორის" (2 თესალონიკელთა, 2,10) - ურწმუნოებით, უნდობლობით, გარყვნილებით, გემოთმოყვარეობით, ღმრთისმბრძოლობით, ქრისტ-ესმბრძოლობით, ცოდვისმოყვარეობით, დემონიზმით, სატანიზმით წარწყმედულთა შორის ექნება წარმატება. ისინი არასახარებისეული ცხოვრებით იღუპებიან, თუმცაღა მათ ირგვლივ და მათ წინ, კაცობრივი ისტორიის მრავალ საუკუნეთა განმავლობაში, არიან ქრისტეს - როგორც ყოვლადსახიერი და ყოვლადმოწყალე ღმერთის და კაცთა მოდგმის მაცხოვრის ურიცხვი მოწმენი, მისი სახარების მაცხოვნებლობის, მისი მიმდევრების სიწმინდის, მისი და მათი სასწაულმოქმედების, მისი უზომო კაცთმოყვარების, ყოვლისმიმ-ტევებლობის, თანალმობის, მისი წმინდა სათნომყოფელობის საკვირველი მართლობის, გულმოწყალების და თანალმობის მოწმენი. ისინი („წარწმედულნი") ნებაყოფლობით იღუპებიან („წარიწყმი-დებიან"), ირჩევენ რა ანტიქრისტეს, ქრისტე უფლისა და მაცხოვრის ნაცვლად, „ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგი" (2 თესალონიკელთა, 2,10) - ცხონდეს ცოდვისაგან, სიკვდილისაგან, ეშმაკისაგან, ანტიქრისტესაგან განრიდებით. სიყვარული ჭეშმარიტებისა, რომელიც არს ქრისტე, მათ „არა შეიწყნარეს", რათა ეცხოვრათ ჭეშმარიტებით - ქრისტეთი და ჭეშმარიტებისათვის - ქრისტესათვის, რათა თავი გაენთავისუფ-ლებინათ ცოდვისაგან, სიკვდილისაგან, ეშმაკისაგან, - სიცრუისაგან და სიცრუის მამისაგან (შეადარეთ, იოანე, 14,6). იგი ადამიანებს სიყვარულითა და ჭეშმარიტებით აცხოვრებს. ბევრი კი მას არ აღიარებს, რადგან მათთვის სიბნელე უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სინათლე. სიბნელე კი მათთვის სასიამოვნოა მათი ცოდვისმო-ყვარეობის, მათი ავი გულისთქმების გამო (შეადარეთ, იოანე, 3,19-21; რომაელთა, 1,22-26). მხოლოდ ის ადამიანები, ვისი გონებაც ვნებებით, გული კი ტკბობით არის განკრახული, უარყოფს ერთ ჭეშმარიტ ღმერთსა და მაცხოვარს - ქრისტეს, ამიტომაც, „მისცა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა" (რომაელთა, 1,28), პყრობად „ჭეშმარიტებაი სიცრუვით" (რომაელთა, 1,18), ქრისტეზე, ერთადერთ ჭეშმარიტებაზე სიცრუისა და ტყუილის სალაპარაკოდ. თუნდაც რამდენადმე ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანურ გონებას, ჯანსაღ ადამიანურ გულს ესმის, რომ უფალი ქრისტე შეუდარებლად აუცილებელი და სასარგებლოა ადამიანური არსებობისათვის, ვიდრე ანტიქრისტე. თუმცა, ბევრი ადამიანი ანტიქრისტეს მოკავშირედ და ქრისტეს მოწინააღმდეგედ იქცევა და რჩება, რამეთუ გემოთმოყვარე გულს და ვნებიან გონებას კაცისას, უფრო მეტი ცოდვითი ტკბობანი და მაცთუნებელი ვნებანი უყვარს და სამუდამოდ იღუპება მისით და უსიკვდილოდ კვდება, და თავისი ცოდვითდაცემული ბუნების გამრუდებული სურვილების ტკბობაშერეული სიმწარით ტკბება. ასეთი ადამიანები ურწმუნოების საბურველით იბურავენ გონების თვალს და არ სურთ დაინახონ, რომ მხოლოდ უფალ ქრისტეშია ცოდვისაგან, ვნებისაგან, სიკვდილისაგან კაცობრივი არსების ხსნა (შეადარეთ, მათე, 9,12-13).
უდიდესია, უსაზღვროა ადამიანის თავისუფლება, თუკი მას თავისი ნებით ღმრთის უარყოფა ძალუძს. მას, ღმრთის ქმნილებას, ღმრთის უარყოფა ძალუძს! ამაშია ადამიანის ღმრთაებრივი სიდიადეც და მისი სატანური დაღუპვაც: თუკი იგი ღმერთთან, თავის შემოქმედთან დადგება, იგი ღმრთაებრივად დიდი და დიდებული იქნება; თუკი სატანასთან, თავის მკვლელთან დადგება, იგი ეშმაკისეულად ღატაკი და საზიზღარი იქნება. ეს კიდევ უფრო მეტად ეხება ადამიანს, სოფლად ღმერთკაცის მოსვლის შემდეგ. რამეთუ, ღმერთკაცში - ადამიანურ გრძნობათათვის ყველაზე მგრძნობიარე და ადამიანური გულისათვის ყველაზე დამაჯერებელი სახით - ნაჩვენებია და დამტკიცებულია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და უფალი, კაცთა მოდგმის ერთი ჭეშმარიტი მაცხოვარი. და თუკი ადამიანის, ღმერთკაცის მოსვლის შემდეგ და მის მიუხედავად, ძალუძს ღმრთის უარყოფა, მაშინ, მართლაც, მისი თავისუფლება უდიდესია, თვი-თმყოფადია და დამოუკიდებელია. ამაზეა დამოკიდებული მთელი ადამიანი (სრული კაცი), მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი მარადისობა. უფალი ქრისტეს უარყოფით, ადამიანებს შორის არა აქვთ ამ ძირითადი ცოდვის - ყოვლადცოდვისათვის, რამეთუ კაცთა მოდგმას ამაზე უკეთესი და ამაზე სრულყოფილი ღმერთი არ მიეცემა, რადგან ასეთი არ არსებობს. ამიტომ, უფალმა ქრისტემ, ამის შესახებ ადამიანებს ცხადად და არაორაზროვნად განუცხადა: „უკეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათვის. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაიმცა არა აქუნდა, ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მე" (იოანე, 15; 22-24).
უფალი ქრისტეს - ამ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, ამ ერთა-დერთი ჭეშმარიტი მაცხოვრის, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი ჭეშმა-რიტების, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიმართლის, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიცოცხლის (ცხოვრების), ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარულის, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი სიხარულის - მიუღე-ბლობით, ადამიანები სინამდვილეში უარყოფენ იმას, რასაც სიკვდილისაგან, ცოდვისაგან, ყოველგვარი ბოროტებისაგან, ყოვე-ლგვარი ეშმაკისაგან, ამ და იმ სოფლის ტანჯვათაგან მათი ხსნა ძალუძს. რაღა რჩებათ ასეთ ადამიანებს? ტყუილი, სიკვდილი, ცოდვა, ჯოჯოხეთი - აი, ნებაყოფლობითი არჩევანი, მათი ნებაყოფლობითი რჩეულნი. ყოველივე ამის გამო, „მოუვლინოს მათ ღმერთმა შემწე საცთურებისაი" (2 თესალონიკელთა, 2,11). ამ მუდმივად სატანური, ძალის მოქმედების ნაყოფი იმაში მდგომარეობს, რომ გულით და გონებით ისინი ტყუილს, ქრისტეს შესახებ ანტიქრისტესეულ ტყუილს ირწმუნებენ. ეს ტყუილი - ყოვლადტყუილია, რადგან ყოველივე, რასაც ანტიქრისტე და მისი წინამორბედნი ილაპარაკებენ ქრისტეს შესახებ - ტყუილია, რომელიც ტყუილის დასაბამიერი მამისაგან წარმოდგება, რომელსაც ჭეშმარიტების არც თქმა და არც ქმნა არ ძალუძს, რადგან მთელი თავისი არსებით განუდგა ჭეშმარიტებას, განდავარდა მისგან და მთლიანად ტყუილად გადაიქცა (შეადარეთ, იოანე, 8,44). ხიბლის (ცდუნების) სატანური ძალის მოქმედებით და გავლენით, ადამიანები ქრისტეს უარყოფენ და ანტიქრისტეს ირწმუნებენ, რომელიც მათ მხოლოდ იმ გზებით წაიყვანს, რომელთაც წარწყმედისაკენ, უფსკრულისაკენ, ბოროტების სამეფოსაკენ, ჯოჯო-ხეთისაკენ მიჰყავს. და ქრისტეს შესახებ ამ ანტიქრისტესეულ ყოვლადტყუილს, თავმოყვარებით და ცოდვისმოყვარებით წარსა-წყმედელი ადამიანები, ყველაზე უპირობო ჭეშმარიტებად და ყველაზე ნამდვილ რეალობად ჩათვლიან; სწორედ ამ რეალობას გაანადგურებს უფალი ქრისტე სულითა პირისა თვისითა! ასეთია სინამდვილეში ამ რეალობის ძალის, მისი „ყოვლადშემძლეობის" უძლურება.
როცა ადამიანებს შეგნებულად და ჯიუტად სურთ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მიღება (შეწყნარება) და მისი მსახურება, მაშინ „მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქმუასა გულთა მათთასა გამოუცდელსა მას გონიერსა" (რომაელთა, 1,24; 28), ისე, რომ მათ სჯერათ ტყუილის, თავისი წამხდარი გონებით ამართლებენ და იცავენ ტყუილისადმი თავის რწმენას, ამ ტყუილში თავის ცხოვრებას და ტყუილის მთელ ფილოსოფიებს და აპოლოგიებს ქმნიან. ყოველივე ამით, ღმერთი არანაირად არ ძალადობს მათ თავისუფლებაზე, მათ არანაირ ცოდვას, სიკვდილს, ბოროტებას, ეშმაკს თავს არ ახვევს. ის მხოლოდ აძლევს მათ „გულის თქმუასა გულთა მათთასა". სინამდვილეში, ეს ადამიანური არსების ყველაზე საშინელი დაცემაა: ღმრთისხატოვან გონებას კაცისას, რომელიც საუკუნო ჭეშმარიტების, ღმრთის რწმენისათვის და მისით სიცოცხლისათვის არის შექმნილი, სწამს ტყუილისა და მისით ცოცხლობს, მას ამართლებს, მას იცავს და მას საუკუნო სასუფევლად, თავის ჭეშმარიტებად მიიჩნევს. ამ ტყუილს კი იგი „ტყუილის მამის" (იოანე, 8,44) მკლავებში აქცევს, საიდანაც გამოხსნა შეუძლებელია. მხოლოდ ეშმაკისთვის არის ტყუილი ბუნებრივი, რადგან „ოდეს იტყვიან ტყუილსა, თვისისა გულისა იტყვიან, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაისა მისი მტყუბარ არს" (იოანე, 8,44). ადამიანური არსების, ადამიანური გონების დაცემაა, სატანური დაცემაა - ტყუილი ჭეშმარიტებად ჩათვალოს და მისით იცხოვროს, მისით იაზროვნოს და იგი როგორც რაღაც თავისი, როგორც რაღაც ბუნებრივი დაიცვას. ამპარტავნებისაგან ადამიანები „ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოი იგი გული მათი" (რომაელთა, 1,21). „რომელთა - იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაი ღმრთისაი სიცრუვედ" (რომაელთა, 1,25). თავისი ბუნებით „ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს" (1 იოანე, 2,21), არამედ მუდამ ტყუილის მამის - ეშმაკისგანაა. ქრისტეს სასუფეველი, ღმრთის სასუფეველი - საუკუნო ჭეშმარიტების სასუფეველია და საშინელი სამსჯავროს შემდეგ, მის გარეთ აღმო-ჩნდება „ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაი" (გამოცხადება, 22,15).
რა მოელის ანტიქრისტესეულ ტყუილის და ყოვლადტყუილის უფ-ალ ქრისტესა და მისი მომხრეების შესახებ, სამსჯავროზე, ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე? ტყუილი - საუკუნო ჭეშმარიტების სამს-ჯავროზე? ბუნებრივია, რომ განისჯება იგიც და განისჯება ყველა, ვინც ნებაყოფლობით დაემორჩილა მას და მას შეერწყა. მათ ამქვეყნიური ცხოვრებისას არჩევანი ჰქონდათ: ან ქრისტეს ჭეშ-მარიტება, ან ანტიქრისტეს ტყუილი. მათ ტყუილი და მთელი ის სიცრუე ამოირჩიეს, რაც მასშია, მთელი ეშმაკისეული სიცრუე ღმრთის, ქრისტეს სიმართლის გვერდის ავლით. და ქრისტეს ჭეშმარიტება? კაცთა მოდგმის ისტორიაში, კიდევ რომელი ჭეშ-მარიტებაა ასე ყოვლადდამაჯერებლად, ასე ყოვლადაშკარად, ასე ძლიერ დამოწმებული, როგორც ღმრთაებრივი, ჭეშმარიტი და საუკუნო? კიდევ რომელმა ადამიანურმა ჭეშმარიტებამ განწმინდა და განანათლა ამდენი ადამიანი და ღმრთიური ძალებით აღავსო ისინი, წმინდა მოციქულებიდან დაწყებული (შეადარეთ, იოანე, 17,17), და შემდეგ ნათესავითი ნათესავამდე საშინელ სამსჯავრომდე? კაცთა მოდგმაში, ქრისტეს ჭეშმარიტების გარდა, არ არის სხვა, რომელმაც თავი ყველა სიკვდილში უკვდავად, ყველა დროში მარადიულად და ყველა ბრძოლაში უძლეველად წარმოაჩინა. ქვეყნიერების ისტორიაში, მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტებამ წარმოაჩინა თავი ყველა ცოდვაზე ძლიერად, გაანთავისუფლა ადამიანები ყოველგვარი ცოდვისაგან და ამით მათ ერთადერთი ჭეშმარიტი და მარადიული თავისუფლება მიანიჭა (შეადარეთ, იოანე, 8,32,34,36). რატომ? იმიტომ, რომ ჭეშმარიტება მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცი ქრისტეა: ერთდ-როულად ჭეშმარიტებაც და ცხოვრებაც, საუკუნო ჭეშმარიტებაც და საუკუნო ცხოვრებაც (შეადარეთ, იოანე, 14,6; 1 იოანე, 5,20). დიახ, ქრისტე ღმერთკაცი - „ერთი არს წმინდა სამებისაგან", რომელიც მთელ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას სრულად მყოფობს; სრულად მასში, სრულად მამაში, სრულად სული წმინდაში, რომელიც მისთვის განეცხადა სოფელს და მისი ეკლესიის სულად იქცა, რათა როგორც ჭეშმარიტების სულმა, ადამიანები ჭეშმარიტების ღმერთთან და კაცთან-ქრისტესთან მიიყვანოს (შეადარეთ, იოანე, 14,17); რათა, როგორც ჭეშმარიტების სული, ადამიანებს ყველა ჭეშმარიტებისაკენ უძღოდეს (იოანე, 16,13), რომელიც ყოვლადჭეშმარიტებისაგან, ქრი-სტესაგან ამოიზრდება - მის წმინდა ეკლესიაში ქრისტეს ურიცხვი მიმდევრების საშუალებით.
და თუ ადამიანებს არ სწამთ ასეთი ჭეშმარიტებისა, რას იმსახურებენ ისინი? „რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭე-შმარიტებისაი მის, არამედ სათნო ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკელთა, 2,12); რადგან მათ ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის ანტიქრისტე აირჩიეს, ჭეშმარიტებასა და ტყუილს შორის ტყუილი აირჩიეს; რადგან სიმართლესა და სიცრუეს შორის სიცრუე აირჩიეს. რას გვიჩვენებს სიცრუის შეწყნარება და ქრისტეს სიმართლისადმი მისი დაპირისპირება? გვიჩვენებს და გვიმტკიცებს, რომ ადამიანმა თავისი გული ტყუილს, სიცრუეს, არაჭეშმარიტებას მისცა და მიანდო. ამას გარდა, ეს გვიჩვენებს, რომ ადამიანი დაუნათესავდა ეშმაკს, მისი სოფლიური ფილოსოფია, მისი ადა-მიანური ფილოსოფია, ღმრთისა და უფალი ქრისტეს მისეული გაგება შეითვისა. ნუთუ ქრისტეს სასწაულები უფრო დიდებული, უფრო ქმედითი, უფრო ღმრთივქმნული არ არის, ვიდრე ანტიქრისტესი? ნუთუ ქრისტეს სიმძლავრე ყოვლადსიმძლავრე და ქრისტეს ძალა ყოვლადძალა არ არის, თუკი მას ანტიქრისტეს ძალასთან და სიმაგრესთან შევადარებთ? ნუთუ ქრისტეს სიკეთე, ქრისტეს სიყვარული და მუდამ განუზომლად უფრო სასარგებლო არ არის ადამიანისთვის, ვიდრე ანტიქრისტეს ყოველი ფსევდოსიკეთე, ვიდრე ანტიქრისტეს ყოველი ფსევდოსიყვარული, ვიდრე ანტიქრისტეს ყოველი ფსევდოსიმართლე?
და თუ ადამიანები, ყოველივე ამის მიუხედავათ, ტყუილს ირწმუ-ნებენ და არა ჭეშმარიტებას, თუკი მათ სიმართლეზე მეტად სიცრუე უყვართ, უფალ ქრისტეს უარყოფენ და ანტიქრისტეს თავს ევლებიან, მაშინ ეს მოწმობაა იმისა, რომ ამ ადამიანებში სრულიად გადაგვარდა ადამიანური ბუნება, ადამიანური გონება, ადამიანური გული, ადამიანური სინდისი. გადავარდა, რამეთუ გასატანურდა. მხოლოდ გასატანურებულ ადამიანურ გონებას ძალუძს ქრისტეს ანტიქრისტე ამჯობინოს, მხოლოდ გასატანურებულ ადამიანურ სინდისს ძალუძს ანტიქრისტეს არჩევა და ქრისტეს უარყოფა; მხოლოდ გასატანურებულ გულს ძალუძს უყვარდეს ანტიქრისტე და არ უყვარდეს ქრისტე; მხოლოდ იმ ადამიანს - ვინც საკუთარი თავი ბეჯითი ცოდ-ვისმოყვარეობით და თავმოყვარეობით, ნებაყოფლობით ეშმაკადა-მიანად (ეშმაკად) აქცია - ძალუძს საკვირველი ღმერთკაცი უარყოს და საძაგელ ანტიქრისტეს, ანტიღმერთკაცს, ანტიადამიანს ემსახუროს.
წიგნიდან „ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი"