ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენს ადამიანურ სამყაროში უსჯულოების საიდუმლო (2 თესალონიკელთა, 2,7) მოქმედებს. იგი ადამიანთა გულების მიერ (საშუალებით), ადამიანთა სულების მიერ, ადამიანთა სხეულების მიერ, ადამიანური სინდისის მიერ მოქმედებს. ყოველი ქრისტესმბრძოლი აზრის, ქრისტესმბრძოლი გრძნობის, ქრისტეს-მბრძოლი სურვილის, ქრისტესმბრძოლი საქმის მიერ მოქმედებს. მხოლოდ ერთადერთი მიზნით: ხელი შეუშალოს ერთი მაცხოვრის მიერ კაცთა მოდგმის ცხონებას, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის იგი შეუძლებელი გახადოს. უსჯულოების უდიდესი საიდუმლო თავისი ფსევდონათელით, კვაზინათელით, მთელ ადამიანურ სიავეზე, მთელ ყოვლადადამიანურ უსჯულოებაზე, მთელ ადამიანურ ცოდვებზე ინთხევა და ყოველგვარ ცოდვას, ყოველგვარ ბოროტებას საიდუმლოებით ნიღბავს, რათა ადამიანური გონების ცნობისმოყ-ვარეობა კიდევ უფრო გააღიზიანოს. მაგრამ, მთელი საიდუმლო უსჯულოებისა - სატანაშია, „სიღრმე ეშმაკისანი" (სატანასი) (გა-მოცხადება, 2,24) - ეს უფსკრულები და ხვრელებია, ისე რომ მასში ყოველგვარი ადამიანური გონება, ადამიანური გული და ადამიანური სინდისი იოლად დაიღუპებოდა, რომ არა მადლი ქრისტესი, რომელიც სიტყვა ღმერთის განხორციელებით, ადამიანურ ბუნებაზე განეფინა, რომელშიც (სიტყვა ღმერთში) მთელი „სიტყვანი ღმრთისანი" (1 კორინთელთა, 2,10). ქრისტეს წმინდა „სარწმუნოების საიდუმლოს" (1 ტიმოთე, 3,9), „ღმრთისმსახურების საიდუმლოს" (1 ტიმოთე, 3,16) წინააღმდეგ, სატანა ადამიანთა მოდგმაში მრავალი საიდუმლო საშუალებით, ურიცხვი უსჯულოების მეშვეობით მოქმედებს. რა არის უსჯულოება? ცოდვა, ყოველი ცოდვა და რა არის ცოდვა? „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს" (რომაელთა, 14,23), ანუ ყოველივე, რაც ქრისტესგან არაა, სახარებისგან არაა, მის ეკლესიისგან არაა, და მით უმეტეს ყოველივე, რაც ქრისტეს საწინააღმდეგოა, სახარების საწინააღმდეგოა, ეკლესიის საწინააღმდეგოა. ამჟამად ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ ცოდვა - ეს ყველაფერია, რაც ქრისტეს გარეშეა, და ამაში მისი არსი, უსჯულოების და უმაღლესი უსჯულოების - სატანის და ყველა მისი თანამებრძოლის, ყველა ქრისტესმბრძოლის, ყველა ქრისტესგარეშეს, ყველა უქრისტიანოს და უპირველეს ყოვლისა, ანტიქრისტეს მთელი არსი. ახლა ჩვენ ვიცით „უსჯულოების საიდუმლო", იგი მთლიანად სატანისაგანაა, სატანაშია, სატანის მიერაა, სატანისკენაა. ამიტომ, სახარებისეული, ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტება შემდგომში მდგომარეობს: „ყოველმან, რომელმან ჰქმნეს ცოდვაი, მან უსჯულოებაიცა ქმნეს" (1 იოანე, 3,4). დიახ, სატანაშია ბოროტების მთელი ძალა, ცოდვის მთელი საიდუმლო, უსჯულოების მთელი საიდუმლო. ყოველივე ამაში ადამიანები - მხოლოდ მისი მოწაფეები არიან. მაგრამ, ყოველივე ამისაგან მხოლოდ ერთი წამალი, მხოლოდ ერთი ხსნა არსებობს - ღმერთკაცი ქრისტე, მხოლო კაცთმოყვარე, რამეთუ, ქრისტემ „მისცა თავი თვისი ჩვენთვის, რაითა მიხსნნეს ჩვენ ყოვლისაგან ურჩულოებისაგან" (ტიტე, 2,14). ერთი მხრივ - ღმერთკაცი ქრისტე, მეორე მხრივ - ანტიქრისტე. „რაი მოყუსებაი არს სიმართლისა და უსჯულოებისაი? ანუ რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?" (2 კორინთელთა, 6,14-15).
თავისი განუზომელი კაცთმოყვარებრივი მადლით, სიყვარულით და მოწყალებით, უფალი ქრისტე ანტიქრისტეს გამოჩენას აკავებს, სანამ არ შესრულდება ღმრთისაგან განსაზღვრული დრო და ვადები; იგი არის შემკავებელი - „რომელსა - ესე უპყრიეს" (2 თესალონიკელთა, 2,7). ამიტომ, ადამიანთათვის ბევრად უფრო იოლია, მაცხოვრის მადლის შემწეობით უკუაგდონ ნებისმიერი უსჯულოება, ყოველი ცოდვა, ყოველი ბოროტება და ხელი არ შეუწყონ სატანურ „უსჯულოების საიდუმლოს", რომელიც განუწყვეტლივ მოქმედებს იმ ადამიანებში, ვინც სატანას ნებაყოფლობით და შეგნებულად ემორჩილება თავისი ქრისტესმბრძოლობით, ქრისტეს ურწმუნოებით, მცირედმორწმუნეობით, ცრუმორწმუნეობით, ურწმუნოებით, უღმერ-თობით. რამეთუ, იმ დღიდან, რაც სრული უფალი ღმერთი ქრისტე, სოფლად, ადამიანთა შორის მყოფობს - თავისი წმინდა ეკლესიისა და წმინდა სახარების ნებაყოფლობით - ადამიანები ბოროტებისა და ეშმაკის ნებაყოფლობითი და შეგნებული თანამებრძოლები, „უსჯუ-ლოების მონები" (რომაელთა, 6,19) ხდებიან. რამეთუ, ყოველ ადამიანს, მაცხოვრის ეკლესიაში ყოველი ცოდვისა და ყოველი უსჯულოებისაგან განთავისუფლების საიმედო საშუალება აქვს, ოღონდ თუკი მოისურვებს, რომ უფალ ქრისტეს ერწმუნოს (შეადარეთ, იოანე, 8,32). აშკარა ჭეშმარიტებაა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი" (იოანე, 8,34). ცოდვისაგან, ყოველი, უდიდესი ცოდვისაგანაც კი ხსნა და განთავისუფლება მხოლოდ ერთ უცოდველს - უფალ ქრისტეს ძალუძს (შეადარეთ, იოანე, 8,32,36; 2 კორინთელთა, 3,17; გალატელთა, 5,1). და ეს ჭეშმარიტებათა ჭეშმარიტება კაცთა მოდგმის თაობებში მოედინება და საშინელი სამსჯავროს დღეს, არავის ძალუძს თავი იმართლოს, ცოდვისა და უსჯულოების დამონების გამო; ამიტომაც, მაშინ, ყოვლადსახიერი უფალი უსჯულოებს ეტყვის: „არა გიცნი თქვენ, განმეშორებით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" (მათე, 7,23). უსჯულოება და უსჯულოების შეგნებული მონობა უღმრთოს ხდის კაცს, მისგან ყოველივე ღმრთაებრივს, ღმრთისხატოვანს, ზეციურს, ანგელოზურს დევნის და მასში დემონურს, სატანურს, ეშმაკეულს აბატონებს.
თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარებით და კაცთა მოდგმისა და მიწიერი სოფლის შესახებ თავისი საღმრთო განგებულების გა-მოუკვლევი კაცთმოყვარებრივი მიზეზებით, უფალი იესო ქრისტე თავისი მადლით ლაგმავს და აკავებს სატანურ უსჯულოებას, რათა იგი სხვადასხვაგვარი ცოდვითა და ბოროტებით არ დაემკვიდროს ადამიანთა უმრავლესობაში და თავისი ეკლესიის მიერ ცოდვისა, ბოროტებისა და ეშმაკისაგან ხსნის ყველა აუცილებელ საშუალებას გთავაზობს. ყველა საშუალებას, რომელიც ისე აუცილებელია და ისე ბუნებრივია ადამიანური არსებობისათვის, რომ მათი შემწეობით, ჯერ კიდევ მიწაზე შეიძლება საუკუნო ცხოვრებით ვიცხოვროთ, შემდეგ კი უკვე ზემოთ, ზეცაში ღმრთის წმიდათა და ანგელოზთა შორის (შეადარეთ, 2 პეტრე, 1,3). რამეთუ ეს წმინდა საშუალებანი, კერძოდ კი - წმინდა საიდუმლონი და წმინდა სათნოებანი, ადამიანებს მთელი ღმრთაებრივი ძალებით აღავსებს, რომელნიც მათ განაღმრთობს, განასამებებს, საღმრთო ბუნების ზიარად ხდის (2 პეტრე, 1,4-8), რაც მითი ღმრთისხატოვანი ბუნებისათვის მარადიულ სიხარულს და საუკუნო ნეტარებას წარმოადგენს.
ღმერთი არის ყოფიერების კანონი, არსებობის კანონი, ცხოვრების კანონი. ღმერთის გარეშე, უღმერთოდ არსებობის სურვილი, ცხოვ-რების სურვილი - ესაა სწორედ უსჯულოება, მისი გამომხატველი კი - სწორედ უსჯულოა. ღმერთი ადამიანის გონების, ადამიანის სულის, ადამიანის სინდისის, ადამიანის ნების კანონია; ხოლო საკუთარი გონების, საკუთარი სულის, საკუთარი სინდისის, საკუთარი ნების ღმრთის გარეშე და უღმრთოდ ქონების და ფლობის სურვილი - უსჯულოებაა, რომელიც ადამიანს უსჯულოდ აქცევს. სინამდვილეში, უსჯულოება არის ყოველივე ის, რაც ღმრთის საწინააღმდეგოა, უღმერთოა, ღმრთის გარეშეა. უსჯულოა ის, ვინც ეს უსჯულოება თავის სჯულად გამოაცხადა და მისით ცხოვრობს. ასეთი უსჯუ-ლოების ყველაზე სრულყოფილი ნიმუში - კაცთა მოდგმაში - ანტიქრისტე იქნება, ამიტომაც, იგი უპირატესად უსჯულო (2 თესალონიკელთა, 2,8) იქნება.
ანტიქრისტეს და ადამიანის მოდგმაში ყველა მისი წინამორბედის მთელ მოქმედებას (მოღვაწეობას) ერთი მიზანი აქვს: ღმრთის ყველა კანონი, ქრისტეს ყველა კანონი ცუდად, სახიფათოდ, ხალხისა და კაცთა მოდგმისთვის მომაკვდინებლად გამოაცხადოს. ამიტომ, საჭიროა მათი უარყოფა და საწინააღმდეგო შინაარსისა და პირუკუ აზრის მქონე კანონებით მათი შეცვლა: ქრისტე ანტიქრისტეთი უნდა შეიცვალოს, ქრისტეს ყველა კანონი - ანტიქრისტეს კანონით. ყოველივეს, რაც უფალმა ქრისტე ღმერთკაცმა კაცთა მოდგმას განუცხადა როგორც წმინდა ცხოვრების კანონი, როგორც ჭეშმა-რიტების კანონი, როგორც სიმართლის კანონი, როგორც სიყვარულის კანონი, როგორც სინდისის კანონი, როგორც ადამიანის სულის კანონი, როგორც ადამიანის გონების კანონი, როგორც ადამიანის ნების კანონი, - ყოველივე ამას ანტიქრისტე კანონგარეშე დააყენებს და ამგვარად იგი, ჭეშმარიტად უკანონი (უსჯულო), უკანონობას (უსჯულოებას) გაამეფებს. მაგრამ, იგი ამას ხალხს ძალით არ მოახვევს თავზე, არამედ, მიწიერ სოფელში მაშინ გამოჩნდება, როცა ადამიანთა უმრავლესობა თავისი გემოთმოყვარეობით და ცოდვისმოყვარეობით უღმერთოებაში, უსჯულოებაში, ღმრთისმბძოლობასა და ქრისტეს-მბრძოლობაში ნებაყოფლობით ჩაეფლობა. სწორედ ასეთ ხალხთან მოვა და გამოცხადდება ანტიქრისტე - მათი იდეალი, მათი ბელადი, მათი უფროსი, ყოველი ბოროტების და ყოველი ცოდვის, ყოველი უსჯულოების, ყოველი სიკვდილის და ყველა ეშმაკის უმაღლესი მხედართმთავარი მიწიერ სოფელში. ანტიქრისტე უსჯულოების სრულყოფილი განსახიერება იქნება, ოღონდ განსახიერება ადამი-ანური ბუნების ფარგლებში და კაცთა მოდგმის სფეროში. სახით და არსებით, ანტიქრისტე ადამიანი იქნება, ნებით, მოქმედებით და მიზნებით კი იგი მთლიანად ანტიადამიანი, არადამიანი, ადამიანო-ბადაკარგული, ეშმაკადამიანი იქნება.
ანტიქრისტე კაცთა მოდგმაში ყველაზე სრულყოფილი ეშმაკადამი-ანი იქნება: მისი ძალა უდიდესი, ღონე - თავზარდამცემი, ძალაუფლება - თითქმის დაუძლეველი იქნება. თავის თაყვა-ნისმცემელთა, მიმდევართა, მომხრეთა და მონათა საშუალებით, იგი ერთს გაჰყვირებს: „კაცთა მოდგმას ღმერთკაცი ქრისტე არ სჭირდება! კაცთა მოდგმას ქრისტეს სახარება არ სჭირდება! ძირს ცა! ძირს ღმერთი! ადამიანი ჭეშმარიტად მაშინაა ადამიანი, როცა იგი უღმერთო და ღმერთის მოწინააღმდეგეა, უქრისტეო და ქრისტეს მოწინააღმდეგეა! ადამიანი - მიწის და ცის დამოუკიდებელი ბატონი და უმაღლესი ყოვლისმპყობელია! ადამიანი - „შიშველი ადამიანი"! რაიმე ღმრთიურისა და გვერდითის გარეშე! ყოველივე ღმრთაებრივი მხოლოდ საწამლავია, მხოლოდ ოპიუმია, მხოლოდ ნარკოტიკია! ადამიანი თვითკმარია! და მას არავითარი სხვა სოფელი, ამქვეყნიურის გარდა და არავითარი სხვა ცხოვრება, ამქვეყნიურის გარდა არ სჭირდება! ადამიანო, იყავი შენი თავის ღმერთი, რადგან არავითარი სხვა ღმერთი არ არსებობს! ღმერთები თვალუწვდენელ სასაფლაოზე, შენ სინამდვილეში ერთადერთი ღმერთი ხარ! იამაყე, რომ ადამიანი ხარ, რადგან ამით ღმერთი ხარ! შენ მაშინ ხარ ყველაზე დიდი, როცა თვლი, რომ ღმერთი ხარ! რადგან ამით აჩვენებ და ამტკიცებ, რომ სამყაროში და სამყაროებში შენზე მაღლა არავინ და არაფერია! ადამიანო, იყავი ამაყი და ბედნიერი, იმიტომ, რომ შენ - ყველა სამყაროს ერთადერთი ღმერთი ხარ! ჯერ კი ძეგლები დაუდგით იუდა ისკარიოტელს ყველგან: მთელ დედამიწაზე, მთელ ზეცაში, და ცათა შინა ცებზე! ძეგლები, ძეგლები, ძეგლები აღუმართეთ იუდა ისკარიოტელებს, მათ! მათ! მხოლოდ მათ!"
და სანამ ეშმაკადამიანი ასეთი დიდებისმეტყველებით და გამაყ-რუებელი განდიდებით განადიდებს და მოატყუებს ადამიანებს, გამოჩნდება ღმერთკაცი და თავის ბაგეთა სუნთქვით („სულითა პირითა მისისაითა") მოკლავს („აღხოცავს") ეშმაკადამიანს (2 თე-სალონიკელთა, 2,8). ღმერთკაც ქრისტეს თვით სუნთქვა უსჯულოს ყველას უსჯულოებაზე, და თვით უსჯულოებაზე ძლიერი, მიუ-წვდომლად ძლიერი იქნება. მაშინ ცხადი და სრულიად აშკარა გახდება, რომ ანტიქრისტეს ყველა ბოროტება, ყველა უსჯულოება, ყველა სასწაული მხოლოდ აბლაბუდაა ღმერთკაც ქრისტეს ძალისა და სიმაგრის წინაშე და ყოველი ადამიანის წინაშე, ვინც ღმერთკაცთან იმყოფება, ყოველი ქრისტიანის წინაშე, ვინც რწმენით დგას ღმერთკაცთან და ღმერთკაცში. მაშინ სრულიად ცხადი გახდება, თუ საიდან აქვთ ქრისტეს წმინდანებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ის ძალა, რომელიც ღმერთკაცმა მათ უხილავად მიანიჭა. მაშინ გაცხადდება ქრისტეს სარწმუნოების მთელი საიდუმლო, და მთელი ძალა, რაც მასში მდგომარეობს; ქრისტეს სიყვარულის მთელი საიდუმლო, და მთელი ძალა, რაც მასში მდგომარეობს; ქრისტეს სასოების მთელი საიდუმლო და მთელი ძალა, რაც მასში მდგომარეობს; ლოცვის, მარხვის, მოთმინების, გულმოწყალების, სინანულის, სიმშვიდის, სიმდაბლის და სახარებისეულ სხვა წმინდა სასოებათა მთელი საიდუმლო და მთელი ძალა, რაც მათში მდგომარეობს, ზიარების წმინდა საიდუმლოს მთელი საიდუმლოება და მთელი ძალა, რასაც ის შეიცავს; ქრისტეს ეკლესიის დანარჩენ წმინდა საიდუმლოთა მთელი საიდუმლოება და მთელი ძალა, რომელიც მათში მყოფობს.
თავხედი ანტიქრისტე, ეს ეშმაკადამიანი, ღმერთკაცმა ქრისტემ „განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსვლისა მისისაითა" (2 თესა-ლონიკელთა, 2,8). ნათელი - მკვლელია! ყოველი სხივი - ეს სიკვდილია, ეს ათასობით სიკვდილია უსჯულოებისა და უსჯუ-ლოსათვის. „ნათელი მხიარული, ნათელი ცხოვრებისაი" (იოანე, 8,12), ღმერთკაცი ქრისტე, უფალი და ღმერთი ჩვენი, თავისი მეორედ მოსვლისას გამოჩნდება როგორც ცეცხლი, დამფერფლავი და აღმომფხვრელი ყოველივე ანტიქრისტესეულისა: საქმეებისა, იდეები-სა და ჩანაფიქრებისა. და აღსრულდება ყოველი წინასწარმეტყველება, რომელიც ქრისტეს მიმდევართა ნუგეშინისცემად არის ნაწინას-წარმეტყველები: „მახვილითა პირისა" თვისისაითა, უფალი ანტი-ქრისტეს და მის თაყვანისმცემლებს შეებრძოლება და დაამარცხებს. „რამეთუ ცხოველ არს სიტყვაი ღმრთისაი და ძლიერ და უმკუეთელეს უფროის ყოვლისა მახვილისა ორპირისა" (ებრაელთა, 4,12), იგი კვლავ ყოველივე ღმრთის საწინააღმდეგოს, ანტიქრისტესეულს, ბოროტს, სატანურს. ვერაფერი აღუდგება წინ ამ მახვილს; არ არსებობს ჯავშანი, არ არსებობს აბჯარი, მისგან დაცვა რომ შეეძლოს. „ბრძანებითა ღმრთისაითა წარწყმდნენ და სულითა რისხვისა მისისათა გან-ირყუნეს" (იობი, 4,9). „სულითა ბაგეთა მიერ მოაკვდინოს უთნოი" (ესაია, 11,4) - უმაღლესი, უსრულყოფილესი, უსაშინლესი, და უძლიერესი უღმრთო კაცთა მოდგმაში - ანტიქრისტე, რამეთუ უფალი მას თავისი პირის სიტყვით მოკლავს (ოლე, 6,5).
უფლის პირის ნათლისაგან, ვითარცა ცვილი, ყოველი უსჯულოება, თითოეული უსჯულო, ყველა უსჯულო დნება (შეადარეთ, 2 თესალონიკელთა, 2,9); დგება მარადიული წარწყმედა, საუკუნო სიკვდილი, მუდმივი კვდომა, ღმრთისბრძოლობისა და ქრისტეს-მბრძოლობის ტანჯვაში. რამეთუ, თავის ნათელში მყოფობს სრული საკვირველი უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, მთელი თავისი შემოქმედებითი ძალებით, რომლისგანაც გარბის და ინგრევა ყოველივე, რაც ადამიანმა თუ დემონმა ღმრთის წინააღმდეგ, უღმრთოდ, ღმრთის გარეშე გააკეთა.
ასე დაასრულებს ანტიქრისტე თავის თვითმარქვია მისიას კაცობრივ სამყაროში. ქრისტე და ანტიქრისტე, ღმერთკაცი და ეშმაკკაცი - ორი მოწინააღმდეგე არსება, ორი მოწინააღმდეგე პიროვნება, ორი საწინააღმდეგო მიზანია. კაცობრივ სამყაროში მთელი თავისი მოღვაწეობით, ადამიდან ანტიქრისტემდე, ეშმაკს მხოლოდ ერთი სურდა, მხოლოდ ერთისთვის იღწვოდა: ადამიანი ეშმაკადამიანად, ხალხი კი - ეშმაკხალხად ექცია; მხოლოდ კაცთმოყვარე, ღმერთკაც იესო ქრისტეს კი მთლიანად ერთი სურვილი, ერთი ყოვ-ლადსურვილი ქვს: ადამიანი (კაცი) მადლიან ღმერთკაცად, ხალხი კი - მადლიან ღმერთხალხად (ღმერთადამიანებად) აქციოს. თავის საქ-მეებში ეშმაკი ყველა ბოროტების, ყველა ცოდვის, ყველა ვნების საშუალებით მოქმედებს, უფალი კი - თავის ეკლესიაში, ყველა წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით. ადამიანებს კი ნება აქვთ მიცემული, ან ერთი, ან მეორე აირჩიონ. ვის დარჩება გამარჯვება? რა თქმა უნდა ღმერთკაცს.
თავისი ყველაზე მცირე ცოდვითაც კი ადამიანი ეშმაკს ხელს უწ-ყობს. რამეთუ ეშმაკი, არსებითად - ყველა ცოდვის პირველაღმომჩენი და შემოქმედია; მაგრამ, ზუსტად ასევე, ყოველი ცოდვით ეშმაკი ხელს უწყობს (ცოდვაში - მთარგ. შენიშვ.) ადამიანს, რამეთუ ეშმაკი მთლიანად ცოდვისგანაა, მთლიანად ცოდვაშია, ისე რომ, მისთვის ცოდვის ქმნა იგივეა, რაც ცხოვრება, და იგი უხილავად მოქმედებს ყველა ცოდვაში (შეადარეთ, იოანე, 8,44). ცოდვის მიერ ადამიანი ეშმაკს ენათესავება; აქედან წარმოდგება სახარებისეული ჭეშმარიტება: „რომელმან ქმნას ცოდვაი, იგი ეშმაკისგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს" (1 იოანე, 3,8). იგულისხმება, რომ ეშმაკს არც ძალაუფლება, არც ძალა აქვს საიმისოდ, რომ ადამიანს ცოდვა თავს მოახვიოს, მაგრამ, ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით ცოდვას და იმ ურიცხვ ბოროტებას ირჩევს, რომელსაც ცოდვა თავის თავში ატარებს და რომელიც თან მოაქვს. ყოველი ადამიანური ცოდვისას, ეშმაკი ცდილობს, ცოდვა რაც შეიძლება გაადიდოს, რათა ადამიანი ცოდვის მოჩვენებითი სიტკბოებით მოატყუოს და მონუსხოს. ყოველი ცოდვა, ღმრთისაგან ადამიანის განშორებაა, უდიდესი ცოდვა, ყოვლადცოდვა კი არის ღმრთისგან უდიდესი განშორება, ღმრთისგან სულის მოწყვეტა, როგორც აბსოლუტური ყოვლადმცოდველის - სატანის და მისი შავი ანგელოზების, ეშმაკების შემთხვევაშია.
ანტიქრისტე? კაცთა მოდგმაში ეს ადამიანი - ყოვლადცოდვა იქნება; მასში ცოდვა მთელ თავის ძალაუფლებას, მთელ თავის სრულ-ყოფილებას მიაღწევს. მთელი თავისი სულით, მთელი თავისი გულით, მთელი თავისი გონებით, მთელი თავისი ძალით იგი სატანის და სატანა მისი ნათესავი იქნება. ნებაყოფლობით დაემორჩილება რა სატანას, ანტიქრისტე იცხოვრებს, იაზროვნებს და იმოქმედებს „შეწევნითა ეშმაკისათა" (2 თესალონიკელთა, 2,9). მასში ყოველივე გასატანებული იქნება; სულიც, სინდისიც, გონებაც, ნებაც, სხეულიც. იგი მოჰყვება მტკიცებას, რომ სრულიად დამოუკიდებლად და თავისთავად, როგორც „შიშველი ადამიანი", როგორც „ჭეშმარიტი ადამიანი" მოქმედებს, სინამდვილეში კი ყველაფერს „შეწევნითა ეშმაკისათა" იქმს. მისი სულის, მისი გულის, მისი სინდისის, მისი ნების მთავარი მოქმედი ძალა სატანა იქნება. მთელი თავისი არსებით, ანტიქრისტე სატანის სახელოსნო იქნება, სატანის ყველაზე სრუ-ლყოფილი სახელოსნო კაცთა მოდგმაში. მისი გონებაც სატანის სახელოსნო იქნება, მისი სინდისიც სატანის სახელოსნო იქნება, მისი გულიც სატანის სახელოსნო იქნება, მისი ნებაც სატანის სახელოსნო იქნება. ამიტომაც, მისი ყველა აზრიც სატანური იქნება, ყველა გრძნობაც სატანური იქნება, ყველა საქმეც სატანური იქნება. (გაგ-რძელება იქნება...)
წიგნიდან „ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი"