ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ თვითონვე განსაჯე, არის კი სიმართლის ნატამალი მაგ თქვენი ახალი მასწავლებლის სიტყვებში? „ერთხელო", მწერ, „დიდხანს გვესაუბრება იესო ქრისტეს სიტყვით აღიარების აუცილებლობაზე; გვითხრა, რომ ვინც სიტყვით აღიარებს უფალს, უმალვე მიიღებს კიდეც მას თავის თავში, და ქრისტე დაიმკვიდრებს ასეთ კაცში და დაიცავს თავისი მადლით. ერთ-ერთ ჩვენგანს მასწავლებელი დაჟინებით სთხოვდა, აღიარე, აღიარეო, ის კი არ დათანხმდა - მრცხვენიაო, თქვა".
ძალიან კარგად მოქცეულა, რომ არ დათანხმდა. წრფელი სული ჰქონია მაგ კაცს, რადგან იგრძნო - ასეთი აღიარება უფლის ნების საწინააღმდეგოა. ამიტომაც არ მისცა სინდისმა ამის გაკეთების უფლება ამ კეთილ ქრისტიანს. ეს რაღაც მეტიჩრობა და კეკლუცობა იქნებოდა. იესო ქრისტეს აღიარება დიდი ღვაწლია და უფალმა აღგვითქვა, რომ მას, ვინც უფალს აღიარებს წინაშე კაცთა, თვითონაც აღიარებს ზეციერი მამის წინაშე (მათე. 10,32). მაგრამ როდის არის ეს აღიარება ესოდენ ფასეული უფლის წინაშე? მაშინ, როდესაც უნდა აღიარო, რომ გწამს უფალი იესო ქრისტე და ამის გამო მყისვე საშინელი წამება და სიკვდილი დაითმინო, ანდა უარყო ქრისტე და თაყვანი სცე კერპებს. კაცი, რომელიც ასეთ დროს აღიარებს ქრისტეს, უკვე მოწამეობას იღებს - ამიტომაცაა მისი აღიარება ესოდენ ფასეული. ქრისტეს ეკლესიაში აღმსარებელნი მოწამეთა სწორებად არიან შერაცხილნი. მოწამეები არიან ისინი, ვინც აღიარა ქრისტე, ეწამა და მოკვდა; აღმსარებელნი - ვინც აღიარა ქრისტე, ეწამა, მაგრამ რაიმე შემთხვევის გამო ცოცხალი დარჩა. აი, როგორ აღიარებას გულისხ-მობს უფალი! ამიტომაც უპირისპირებს ასეთ აღმსარებლებს მათ, ვინც უარყოფს ქრისტეს: „და რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ზეცათასა" (იქვე). ერთი მითხარი, არის კი თქვენთან ისეთი ვითარება, რომ ან უნდა აღიარო ქრისტე და ეწამო, ანდა უარყო და ბედნიერი ცხოვრება აირჩიო? არა, რა თქმა უნდა. მაშ, არც ღმრთის წინაშე ესოდენ ფასეული აღმსარებლობის გამოჩენა შეგიძლია. მეტიჩრობისა და კეკლუცობის საშუალება კი ყოველთვის გაქვს: გამოდი ქუჩაში და იყვირე, რამდენიც გინდა, მწამს უფალი და ვაღიარებ-თქო. მაგრამ ასეთი აღმსარებლობა, თქვენი დამრიგებლის მოთხოვნისა არ იყოს, ქარს გატანებული იქნება.
თქვენი ახალი მასწავლებელი ქრისტეს აღიარებას ასეთ აღთქმას უკავშირებს: „როგორც კი სიტყვით ქრისტეს აღიარებ, მაშინვე მიიღებ მას საკუთარ თავშიო". კი მაგრამ, ეგ საიდანღა მოიტანა? ნახე, რას გვასწავლიან უფალი და წმ. მოციქულები იმის შესახებ, თუ როგორ შეიმოსავს ქრისტეს ადამიანი: წმ. პავლე მოციქული ამბობს: „რაოდ-ენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალ. 3,27). იმან, ვინც ქრისტე შეიმოსა, ცხადია, მიიღო კიდეც ის თავის თავში. მაშასადამე, ქრისტეს ღებულობს ის, ვინც ნათელიღო. ნათლისღების წინ ადამიანი" მრწამსის" წაკითხვით აღიარებს ქრისტეს, მაგრამ უფალი ამ გზით კი არ შედის მასში - ამით მხოლოდ მოსანათლის მზადყოფნა ცხადდება, რომ ნათლისღების შედეგად მიიღოს უფალი თავის თავში, თვით ქრისტეს შემოსვა კი ნათლისღებით ხდება. აი, რას გვასწავლის მოციქული, თქვენი მასწავლებელი კი სულ სხვა რამეს ამბობს. ესაა მისი გონების ნაყოფი და არა უფლის გამოცხადება ანდა აღთქმა.
კიდევ ერთსაც დავძენ. უფალი ამბობს: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა" (იოანე,6,56).
ცხადია, უფალი იმიტომ არის იმ ადამიანში, ვინც ეზიარა, რომ წმ. ზიარებით მან მიიღო უფალი თავის თავში. მაშასადამე, ქრისტეს ხორცსა და სისხლის წმ. საიდუმლოს მიმღები თვით ამ საიდუმლოს გზით ქრისტეს ღებულობს. ზიარების წინ ჩვენ ვაღიარებთ ქრისტეს და ვამბობთ: „მრწამს, უფალო, და აღვიარებ"... მაგრამ ამ აღიარებას კი არ შემოჰყავს შვენში უფალი, არამედ თვითონ მის ხორცსა და სისხლთან ზიარებას, აღიარება კი მხოლოდ კარს უღებს უფალს, რათა მივიღოთ იგი.
ხომ ხედავ, ჩვენ ნათლობისა და წმ. ზიარების გზით ვღებულობთ ქრისტეს და
არა მხოლოდ მისი აღიარებით, თუმცა ამ საიდუმლოთა აღსრულების წინ ვაღიარებთ ქრისტეს.
თქვენმა მასწავლებელმა კი უფლის მიღების რაღაც სხვა გზა აღმოაჩინა - მოკლედ, თავის
ფუჭ სიბრძნეს არის აყოლილი.
სხვა ადგილას, იმავე იოანე ღმრთისმეტყველთან, მაცხოვარი კიდევ ერთ გზას გვიჩვენებს მისი მიღებისას, კერძოდ მცნებათა დამარხვას. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე, ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი" (იოანე, 14,21); და კიდევ: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ" (იქვე, 14, 23). ოღონდ ისე არ გაიგო, თითქოს მცნებათა შესრულება რაღაც ცალკე გზა იყოს ცხონებისათვის - ნათლისღებისა და ზიარების გარეშე. ნათლისღებისა და ზიარების მადლი მცნებათა შესრულების ძალას გვაძლევს. ადამიანი, რომელიც ყველა მცნებას ასრულებს, თავის სულს სხვადასხვა სათნოებებით ამკობს, ხოლო გულს ჰყოფს უფლის მიღებისათვის შესაფერ ტაძრად - მაშინ კი მართლაც დაიმკვიდრებს მასში ღმერთი. უფალი გულში დაივანებს წმ. ნათლისღების წუთიდან, კიდევ უფრო წრფელია ეს ერთობა წმ. ზიარების დროს. მაგრამ ვიდრე სულში ჯერ კიდევ რჩება ღმრთის წინაშე საძაგელი ვნებების კვალი, ვიდრე იგი მთლიანად არ განწმენდილა მცნებათა დამარხვის გზით, უფალი საბოლოოდ მაინც არ დაიმკვიდრებს მასში. იგი ვერ დაივანებს ასეთ სულში, თითქოს არ ენდობა მას და მხოლოდ იმზადებს მშვიდ ნავსაყუდელს; ხოლო როდესაც სული სათნოებებით შეიმკობა, მაშინ კი მინდობილად შედის მასში და მშვიდად განისვენებს იქ, ისე რომ აღარ აწუხებს ცოდვებისა და ვნებების სიმყრალე. ამრიგად, სარწმუნოება მიიზიდავს უფალს, საიდუმლოებებში მონაწილეობა მისი მოხილვისა და შეწევნის ღირსად ჰყოფს კაცს, ხოლო როდესაც მორწმუნე, ღმრთის შეწევნით, მცნებების შესრულებისა და სათნოებების მოხვეჭის გზას დაადგება, ამ გზით კი ყველა ვნებისაგან განიწმინდება, მაშინ უფალი საბოლოოდ შევა მის სულში და იქ დაივანებს. აი, ეს არის უფლის მიღების მთელი გზა. ამ გზას თავისი ეტაპები აქვს - დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული. ზემოთ მოყვანილ ადგილას უფალი სწორედ დასასრულზე ლაპარაკობს. მაგრამ საფუძველი მთელი ამ საქმისა არის უფლის მიღება საიდუმლოთა მეშვეობით. საიდუმლოთა გარეშე თავისთავად ვერც სარწმუნოება და ვერც სათნოებები უფალს ვერ მოიზიდავს; თუმცა მათ გამო უფალმა შეიძლება კაცი მიიყვანოს საიდუმლოებებში მონაწილეობამდე და ამ გზით დაემკვიდროს მასში, როგორც ეს კორნილიოს ასისთავის შემთხვევაში მოხდა. აქ უფლის აღმსარებლობასაც უდევს წილი, მაგრამ მხოლოდ როგორც მოსამ-ზადებელ ეტაპს და არა ერთადერთ და გადამწყვეტ პირობას უფლის მისაღებად.
უფლის აღიარება მხოლოდ ის კი არ არის, რომ სიტყვით აღიარო, მწამს უფალი იესო ქრისტეო - აღმსარებლობა ქრისტიანად ყოფნას ნიშნავს. როდესაც გეკითხებიან, რომელ აღმსარებლობას ეკუთვნიო, და შენ პასუხობ, ქრისტიანულსო, ეს პასუხი უკვე იმის თქმას ნიშნავს, ქრისტიანი ვარო. ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს ეს სიტყვა თავისი მკაცრი მნიშვნელობით. რას ნიშნავს ქრისტიანობა? ქრისტიანობა ნიშნავს მართალ სარწმუნოებას, სიწმინდით ცხოვრებას, საიდუმლოებებში მონაწილეობას, წინამძღვართა მორჩილებას, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ყოფნას და მის მითითებათა განუხრელ შესრულებას - ანუ ყველა იმ წესის დაცვას, რომელთაგანაც ცხონების გზა შედგება. მაშასადამე, ჭეშმარიტად აღიარებს უფალს ის, ვისაც სწამს უფალი, საიდუმლოებებით იკურთხება და მათი მეშვეობით ღებულობს სული წმიდის მადლს, ცხოვრების წმინდა წესს მისდევს მცნებების დაცვისა და მოძღვრების მორჩილების გზით - ეს ყველაფერი კი წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის სჯულისდებას ექვემდებარება. აი, ასეთი ადამიანია ნამდვილი აღმსარებელი და არა ის, ვინც მხოლოდ სიტყვით აღიარებს უფალს. წმ. იოანე ღმრთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში უფლის აღიარებაზე საუბრისას სწორედ ასეთ, ქმედით აღმსარებლობას გულისხმობს.
თქვენი მასწავლებელი უფლის სიტყვით აღიარების ნაყოფად მიიჩნევს აგრეთვე აღმსარებლის სული წმიდის მადლით აღვსებას. უფალი ჩვენში ქრისტეს აღიარების გზით რომ შემოდიოდეს, ცხადია, მასთან ერთად სული წმიდაც შემოვიდოდა, რადგან მადლი სწორედ უფლის მიერ ჩვენს მოხილვას და მის ჩვენთან ერთობას ნიშნავს. მაგრამ, როგორც გითხარით, უფალი შემოდის ჩვენში არა ქრისტეს აღიარების, არამედ საიდუმლოებების გზით. აქედან ცხადია, რომ მადლით აღავსებს არა სიტყვით აღიარება, არამედ მასთან ერთად - საიდუმლოებები. ზემოთაც აგიხსენი, რომ მადლი, თუ არა საი-დუმლოებების გზით, სხვაგვარად არ შემოდის სულში - არც არასოდეს მომხდარა წმ. ეკლესიაში, რომ იგი ვინმეს სხვა გზით მიეღოს. მაშასადამე, არ შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს მადლის მიღება მხოლოდ სიტვით აღიარების გზით შეიძლებოდეს. ეს რაღაც ძალიან წააგავს იმას, რომ გითხრან, პირი გააღე და სული წმიდა ჩაგიფრინდებაო. ამიტომ უპრიანი იქნება მაგ თქვენს მასწავლებელსაც და მის მიმდევრებსაც, ვინც მხოლოდ სიტყვით აღიარების გზით ფიქრობს სული წმიდის მიღებას, პირღიები ვუწოდოთ. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „ცრუმოძღვართა წინააღმდეგ"