არა მგონია, თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობის ღირსი ვიყო. კაცი რომ მწუხარების ჟამს ვიღაცას მიმართავს და შემწეობას სთხოვს, მაშასადამე, ის ვიღაც სულით ძლიერად ეგულება. მე არა მაქვს ეგ ძალა: ვნებებითა ვარ შეპყრობილი, მათვე ვემონები, საკუთარ თავში ერთადერთ რამეს ვხედავ - უძლურებას. მაგრამ მე თვითონ მთელი ცხოვრება ტანჯვაში გავატარე, ამიტომ ჩემს წმიდათაწმიდა მოვალე-ობად ჩემსავით ტანჯულთა თანაგრძნობა მიმაჩნია.
თქვენი დღევანდელი მდგომარეობა ისეთი გახლავთ, კაცთაგან შვე-ლას არ უნდა მოელოდეთ. ეს მხოლოდ ჩემი კი არა, იმათი აზრიცაა, ვინც კარგად გიცნობთ და ვისთანაც მოთათბირება საჭიროდ მივიჩნიე. ვერც მარცხნივ გადაუხვევთ, ვერც მარჯვნივ - ვიწრო და ძნელ გზას უნდა დაადგეთ, ასე უცაბედად რომ გაჩნდა თქვენს წინაშე ღმერთის მიუწვდომელი განგებით.
კარგად მეცნობა ეგ მდგომარეობა: არაერთხელ ჩავვარდნილვარ უმძ-იმეს განსაცდელში, ანდა მტრის ხელში. თანაც არ გეგონოთ, თითქოს ეს ცოტა ხანს გრძელდებოდა. გადიოდა წლები, წლებს თან მიჰქონდა ჯანმრთელობა, სული სიმძიმეს ვეღარ უძლებდა, საშველი კი არა და არ ჩანდა. ის იყო, ერთი განსაცდელი გადაივლიდა და თითქოს შვებით უნდა ამომესუნთქა, რომ საიდანღაც მოწმენდილ ცაზე ახალი ღრუბელი ჩნდებოდა და მძიმედ აწვებოდა ჩემს სულს - ისედაც დაუძლურებულსა და ობობას ქსელივით დაძენძილს.
ახლა კი განვვლე ნახევარი გზა! უკვე ვხედავ იქითა ნაპირს! თან-დათან მერევა უძლურება და სნეულებებიც ხშირად მაკითხავენ, ეს კი მოახლოებული აღსასრულის ნიშანია! არ ვიცი, არ ვიცი კიდევ რა ქარიშხალს მიმზადებს ბედი, მაგრამ უკან რომ მოვიხედავ, უნებლიე სიხარულს ვგრძნობ: ვხედავ მღელვარე ტალღებს, ჩემმა სულმა რომ გადმოლახა და სახიფათო მორევებს, მშვიდობით რომ გამოსცდა. სასტიკი ქარიშხლები წალეკვას უქადდნენ, წყალქვეშა კლდეები სდარაჯობდნენ, მაგრამ გადარჩა; კაცობრივი განსჯის მიხედვით კი დიდი ხანია, უნდა დავღუპულიყავი. მწამს, რომ ძნელი და დახ-ლართული ბილიკებით ღმრთის მიუწვდომელ განგებას დავყავდი, მწამს - იგი მიცავს და თავისი ყოვლადძლიერი მარჯვენით ვუპყრივარ დღესაც. მისთვისვე მიმინდვია თავი! დაე, იქით გამიძღვეს, საითაც ნებავს, და როგორც ნებავს, ისე მიმიყვანოს უშფოთველ ნავსაყუ-დელში, „სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული." ბევრს ვხედავ ისეთს, ვისაც სოფელი ბედნიერს უწოდებს, ჩემს გულს კი არ შურს მათი ხვედრი. მკვდრები ერთნაირად უგრძნობლად წვანან მარმარილოს სარკოფაგებსა და ხის კუბოებში, ერთნაირი განურჩევლობით უმზერენ ბრწყინვალე ქანდაკებას - კაცთა უმეცრებისა და ცუდმედიდობის ნაყოფს, და უბრალო ხის ჯვარს, სარწმუნოებისა და სიღარიბის მიერ აღმართულს: ორივეს ბოლო ხრწნილებაა მხოლოდ. ამ მკვდრებსა ჰგვანან სწორედ ამა სოფლად ბედნიერების მპყრობელნი, მარადისობისა და ყოველივე სულიერ-ისთვის აქავე მკვდრად შერაცხილნი - მკვდრები უწოდა მათ სახა-რებამ. ჩვენ კი დიდება შევწიროთ ღმერთს ცოცხალთა სამყოფელიდან!
ღმრთის ჭეშმარიტი შეცნობის გზაზე უთუოდ გვჭირდება მწუხა-რებათა შეწევნა. მწუხარებები გულს მოაკვდინებს ყოველივე ამასოფ-ლიურისთვის, რათა იგი მთლიანად ღმერთზე ფიქრს მიეცეს. ვისაც ღმერთი თავისი სამსახურისაკენ მოუწოდებს და რჩეულ ჭურად ქმნის, იმას მწუხარებასაც მოუვლენს. როგორც კი ეჩვენა პავლეს, მაშინვე განუჩინა და წინასწარ ამცნო ტანჯვაც: „და მე უჩუენო მას, რავდენი ღირდეს მისდა ვნებად სახელისა ჩემისათვის" (საქმე. 9. 16), ამბობს უფალი თავისი ახლად გამორჩეული მოციქულის შესახებ. ჩვენი შეურაცხმყოფელნი ანდა მძიმე გარემო პირობები მხოლოდ იარაღია ყოვლისშემძლე ღმერთის ხელში. მისი ნების გარეშე ციდან ჩიტიც კი ვერ ჩამოვარდება, ჩვენი თმის თითოეული ღერიც კი დათვლილია, და ნუთუ მწუხარებები თავისთავად შეიძლება დაგ-ვატყდეს თავს? არა და არა, - ისინი ღმერთის მიშვებით მოდიან. ღმერთი მუდამ თვალს გადევნებთ, მისი ყოვლისშემძლე მარჯვენა გიცავთ და წარმართავს თქვენს ცხოვრებას; მისივე ნებით მოგევ-ლინებათ განსაცდელები, როგორც მოწამეებს ევლინებოდნენ ჯალათები. თქვენი ოქრო განსაცდელების ქურაში მოხვდა და იქიდან უფრო წმინდა და გამობრძმედილი გამოვა. ადამიანები თავიანთი სიბრმავით სჩადიან ბოროტ საქმეებს, თქვენ კი ამ დროს უფლის თანამკვიდრი ხდებით ცასა და ქვეყანაზე. იგი გეუბნებათ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ" (მთ. 20. 23).
ნუ მიეცემით, პატიოსანო მამაო, სევდას, სულმოკლეობას, სასოწა-რკვეთას, უთხარით თქვენს უიმედო გულისსიტყვებს, მწუხარებით გათანგულ გულს: „სასუმელი, რომელიც მომცა მე მამამან, არა შევსუა იგი?" (ინ. 18. 11). ამ სასმისს არც კაიაფა გაწვდით, არც იუდა და არც ფარისევლები: ყოველივე მამისაგან გეძლევათ! ადამიანები მართლაც საკუთარი გულის კარნახით მოქმედებენ, მაგრამ ამასთან ერთად ღმერთის განგების იარაღადაც გვევლიენებიან. თავი დავანებოთ ადამიანებს, ისინი მართლაც უცხონი არიან ჩვენთვის. ღმერთს მივაპყროთ თვალი, მის ფერხთით დავაგდოთ ჩვენი მშფოთვარე გულისსიტყვები და მოწიწებით, სიმდაბლით ვუთხრათ: „იყავნ ნება შენი!" ესეც არ კმარა: ვეამბოროთ ჯვარს, როგორც უფლის ნიშანს, რომელიც ქრისტეს მოწაფეს ცათა სასუფევლისაკენ მიუძღვის. ჯვარს ეცვა სახარებისეული ავაზაკი - ჯვარს ეცვა, როგორც ავაზაკი, ხოლო იქიდან ცად ამაღლდა, როგორც ქრისტეს აღმსარებელი. ადამიანებმა ქვით ჩაქოლეს სტეფანე, ღმრთის გმობა დასწამეს მას, მაგრამ ღმრთისავე განჩინებით მის წინაშე ცა გაიხსნა და სული წმიდის რჩეულ ჭურად შეირაცხა. მღვდელმთავარ ტიხონ ვორონეჟელს ფიცხი ხასიათი უკიჟინეს და საეპისკოპოსო ტახტიდან შორეულ მონასტერში გაამწესეს. გარეგნულად ეს გადასახლება გახლდათ, მაგრამ წმინდანს ამ ამბავმა ლოცვის ღვაწლისა და სხვა მონაზვნური საქმეების აღება ჩააგონა, ამით კი უხრწნელი გვირგვინი მოიხვეჭა: იგი მართალთა შორის შეირაცხა და ქრისტეს უკვდავი დიდება მოიპოვა ცასა და ქვეყანაზე. ყოველთვის მაოცებდა მღვდელმთავარ ტიხონის ბედი - მისი მაგალითი ნათელს ფენს ჩემს გულს, მწუხარებათა სიმრავ-ლისაგან დაბნელებულს. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მონა-ზვნურ ღვაწლს ძალუძს სრულად ანუგეშოს მწუხარებაში ჩავა-რდნილი ადამიანი. გირჩევთ წაიკითხოთ წმ. მარკოზ მოღვაწის თხზულებები, რომლებიც „ფილოკალიის" პირველ ნაწილში შედის: ისინი სულიერ ნუგეშინისცემას მოგივლენენ მწუხარების ჟამს. ლოცვის ღვაწლში კი ევსუქი, ფილოთეოზი და თეოლიპტე შეგეწევიან - ამ ავტორების თხზულებებს ამავე კრებულის მეორე ნაწილში ნახავთ.
მომიტევეთ, რომ ვკადნიერდები გირჩიოთ რამე! მიიღეთ ეს რჩევა, როგორც გულწრფელი თანაგრძნობის ნიშანი. სხვაგვარად არ გა-განდობდით იმ საიდუმლოებებს, რომლებსაც ვმალავ და რომლებიც წესით სულის სიღრმეში უნდა იყოს დაფარული, რათა ძვირფასი სულიერი მარგალიტი ფეხით არ გათელონ მათ, ვისაც მხოლოდ თავისი ჭაობი უყვარს. ამ წერილში გადმოცემული და სხვა, მათი მსგავსი აზრები წმ. წერილიდან და მამათა სწავლებებიდან არის ამოკრებილი, ისინი მასაზრდოებდნენ და მასულდგმულებდნენ გა-საჭირის ჟამს. ასეთი მძლავრი შემწეობის გარეშე ვერ გავუძლებდი სახიერი უფლის მიერ მოვლენილ მწუხარებებს: ამ მწუხარებებით ღმერთი სოფლის სიყვარულს მავიწყებდა და თავისკენ მიზიდავდა. ჩემი სუსტი ძალების კვალობაზე ისეთი დიდი მწუხარებები მერგო, რაც დღეს არც ისე ხშირია. ის ამბავი, რომ ერთბაშად არ გავტეხილვარ, მხოლოდ აძლიერებდა და ახანგრძლივებდა ჩემს ტანჯვას - რამდენიმე დღის ან თვის ნაცვლად მრავალ წელს მაწამებდნენ. ამ მწუხარებებში ღმერთის მოწყალებას ვხედავ, ვხედავ დიდ ჯილდოს, რისთვისაც უფრო მეტად უნდა ვმადლობდე ღმერთს, ვიდრე მაშინ, ამქვეყნიური, მოჩვენებითი ბედნიერება რომ მოეცა. და ეს მოჩვენებითი ბედნიერება კიდევ შეიძლება შეგშურებოდა კაცს, მტკიცე და მარადიული რომ იყოს, მაგრამ იგი წარმავალია და ცვალებადი. ნახე, როგორ იტა-ნჯებიან ბედის ნებიერნი მისი დაკარგვის გამო! მაგრამ ამ ბედ-ნიერებას, ერთხელაც იქნება, ხომ უეჭველად მოსტაცებს კაცს ულმო-ბელი და გარდუვალი სიკვდილი! და რას შევადარო ის საშინელი სასოწარკვეთა, მარადისობის კარიბჭესთან რომ შეეფეთება ამქვეყ-ნიურ, მოჩვენებით ბედნიერებას მინდობილ სულს? კარგად თქვა ისააკ ასურმა: „სოფელი მეძავს წააგავს: თავისი სილამაზით იგი იზიდავს მათ, ვინც სოფლის სიყვარულისაკენ არის მიდრეკილი. სოფლის სიყვარულით შეპყრობილი და მის ქსელში გახლართული უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვერ დაუსხლტება მას, და მხოლოდ სიკვდილის დღეს, უკვე სრულიად განძარცულს, მოუწევს სულს თავისი სახლის (სხეულის) დატოვება. მაშინ კი სცნობს კაცი, რომ სოფელი ცრუა და მატყუარა."
მომეცით ხელი: შევუდგეთ ქრისტეს, ორივემ ჩვენ-ჩვენი ჯვარი ვზი-დოთ და ასე მოვუპოვოთ ცხონება საკუთარ სულებს. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული"