სულის მოძრაობათა და გულისთქმათა შორის სიძვის ვნება ყველაზე ძლიერი და დამატყვევებელია. შთამომავლობის გასაგრძელებლად ხორციელი შეერთებისკენ სწრაფვა ყველაზე დამახინჯებულ, ღვთისათვის საძულველ, ავადმყოფურ მრავალფეროვან დაცემაში გადაიზარდა. და ვინ არის კაცთაგან ამ ყოვლისდამწველი ცეცხლისაგან თავისუფალი? ვისი გული არ არის ხორციელი სილამაზით აღძრული ჟინისაკენ მიდრეკილი, მისი დამყოლი? სხვა რომელი ვნება გვიზიდავს ასე ძლიერად, გვათრობს, ჭკუიდან გვშლის, გვართმევს ნებისყოფას და სიმამაცეს თუ არა ეს?
უმაღლესი, ღვთაებრივი, სულიერი სილამაზისადმი მისწრაფება და ზეციური ნიჭი სიყვარულისა ჩვენში მხოლოდ მომხიბლავი სხეულისადმი ლტოლვად ქცეულა. და აი, "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს.48,20). სიძვის სენი ისე შეისისხლხორცა ადამიანმა, ისე შეეზარდა მის გულს, რომ დამღუპველი უფსკრულისაკენ მიმავალ პირდაპირ და ფართო გზად იქცა, ხოლო ავხორცული სიამტკბილობებით მტრის მახეში ადვილად შეტყუებული ურიცხვი მსხვერპლი გეენიის მკვიდრი გახდა. სულ უფრო და უფრო ცოტანი დარჩნენ, ვინც სიძვის ჯადოქრის მორჩილება არ მოისურვეს, იშვიათად შეგვხდება დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე ცხოვრების გემი. და რომელი მენიჩბე გადაურჩება ყოვლისწამლეკავი, აზვირთებული ვნების აქოჩრილ ტალღას.
რა შეიძლება ითქვას "თანამედროვე კულტურაზე", ასე რომ გაბატონდა მთელს ქვეყანაზე? ზოგიერთი თანამედროვე მამა მას პირდაპირ "ანტიკულტურას", "რღვევის კულტურას", "თვითგანადგურებას" უწოდებს... უკვე ყველაზე "ცივილიზებული" და "კულტურული" ერებიც კი დარწმუნებულნი არიან, რომ, როგორც იქნა, გადააგდეს შუა საუკუნეების შავბნელი ველურობის უღელი და ურთიერთობის ახალი, უმაღლესი კულტურისაკენ გადადგეს ნაბიჯი. განსაცვიფრებელი აღმოჩენა გაკეთდა: თურმე მონოგამიური ქორწინება "ძველი გადმონაშთია", ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება და ოჯახური მოვალეობანი "ცრურწმენაა", ხორციელ გულისთქმათა მოთოკვა და ავხორცი სურვილების ალაგმვა "ფსიქიკის დამაზიანებელი უნარის მქონე სახიფათო ვარჯიშია", მორიდებულობას და კდემამოსილებას ახლა "არასრულყოფილების კომპლექსს" არქმევენ, "რომელსაც გულმოდგინედ უნდა ვებრძოლოთ და თუ საჭიროა, ექიმ-ფსიქიატრსაც მივმართოთ". წესიერების ჩარჩოში დარჩენას "შებოჭილობასა" და "არაკომუნიკაბელურობას" უწოდებენ. მოყვასისადმი ბილწ გულისთქმათა ჩახშობა, მოურიდებელი, სახიფათო, ახლო ურთიერთობისაგან თავშეკავება _ "ცხოვრებისაგან ჩამორჩენა", "არაბუნებრიობა", "ველურობა" და ლამის "შიზოფრენიაც" კი ყოფილა.
და აი, "თავისუფალი კაცობრიობის" ხანაშიც შევედით. ყველგან გაისმის: "თავისუფლება!", "ძირს ცრურწმენა!", "ვიყოთ ბუნებრივები!", "ძირს სირცხვილი!", "საწყის ბუნებას დავუბრუნდეთ". ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა თავს იწრთობს, რათა სირცხვილის გრძნობა ჩაიხშოს გულში. ფეხით თელავენ ყოველგვარ მორიდებულობას, რომლისაც ახლა უფრო რცხვენიათ, ვიდრე უწინ - მანკიერების. ქალწულების გახრწნას ჩქარობენ, ან ყველანაირად მალავენ მას და სიყვარულში გამოცდილი და "ცხოვრებანანახ" ადამიანად ეცნობიან გარშემომყოფებს...
იოანე კიბისაღმწერელი წერდა: "ესეცა უწყოდეთ საყვარელნო, ვითარმედ ესეცა მრავლითა ზრუნვითა და წყალობითა ჩვენითა განაგო ღმერთმან, რომელ დასდვა დედათა ზედა ზარი და სირცხვილი და მიფარვა, და ვითარცა აღვირითა აღვირახსნა მათ ამით, რამეთუ უკეთუმცა აქვნდა მათ კადნიერება მძლავრებით მისვლად მამათა მიმართ, არამცა განერა მათ ყოველი ხორციელი" (ე.ი. ქალს რომ სირცხვილის განცდა არ ჰქონდეს ღვთისაგან მომადლებული და თვითონ მირბოდეს კაცთან, ხორციელი ვეღარავინ გადარჩებოდა - მთარგმნელისაგან). ო, წმიდაო იოანე! ჩვენ უბედურნი, უკვე მოვესწარით ამ ავბედით დღეებს, როცა მრავალი ქალი გაცოფებული ცხენივით იგლეჯს სირცხვილის აღვირს და სიძვის ეშმაკით შეპყრობილი პატიოსან ზნეობას თელავს. ისინი თითქმის შიშვლები დაშლიგინობენ ხალხმრავალ ქუჩებში, სოფლების მტვრიან შარაგზებზე და ურცხვად იწვევენ დუჟმორეული კაცებისა და ცოდვის ჟინით შეპყრობილი მოზარდების ვნებიან მზერას. ყმაწვილი ქალები და უკვე ხანდაზმული ქალბატონებიც კი საკმაოდ გამომწვევად ჩაცმულები, არათუ წითლდებიან ხალხის კადნიერი მზერის გამო, არამედ ყველანაირად ცდილობენ უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურონ და უფრო ხშირად მაშინ წითლდებიან, როცა ამას ვერ ახერხებენ...
დიახ, სამყარო უფსკრულისაკენ მიექანება. და ჩვენი სიტყვა არ არის მიმართული თანამედროვე ურწმუნო წარმართთა მიმართ... არა, მხოლოდ მორწმუნე ადამიანს თუ მოუხმობ კიდევ, გააფრთხილებ, რა ტრაგედია მოელის დასაღუპავად განწირულ მსოფლიოს!
ქრისტიანებო!
ქრისტიანო ქალბატონებო, მანდილოსნებო, ჭაბუკებო, მამაკაცებო! გონს მოეგეთ! თქვენ საითკენ? ნუთუ ვერ ხედავთ, არ გესმით, რა "კულტურა" წალეკავს ქვეყანას? გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება". რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაურჩება და ცხონდება. წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: "ესენი არიან, რომელნი იგი დედათა თანა არ შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან..." (გამოცხ 14,4). არ გეშინიათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რაღა თქმა უნდა, ერთგული ცოლქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!
დღესდღეობით საკმაოდ მრავალნი შეგნებულად თუ შეუგნებლად თანამონაწილენი გამხდარან ამ ახალი "ბაბილონის სახმილის" განხურვებისა! მაგრამ, განაღა არ ვიცით, რა ელის მოყვასის დამაბრკოლებელს? ნუთუ უფლის სიტყვანი დაგვიწყებია: "რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაი ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა, გამო-თუ-იბას ქედსა მისსა წისქვილის ქვაი საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (მთ. 18,7).
ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცდური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!
ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი განგებ ცდუნების განზრახვა არ გქონია, მაგრამ, ეს დანაშაულს არ ამსუბუქებს. შეფარული, თითქმის გაუცნობიერებელი ბილწი გულისთქმაც კი შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულებს, ხოლო საქციელში გამჟღავნებული ეს სიძვის ვნება ცდუნების საბაბი ხდება მოყვასისათვის.
ადამიანის სულის მოშხამვა მცირე ცოდვა როდია. უფალი ამბობს: "ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მთ. 5,28). ე.ი. შეიძლება ითქვას: შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!
საკუთარ სახლში, ნათესავების წინაშეც კი არ შეშვენის ქრისტიანს, იაროს ნახევრად შიშველმა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლით, ქვედა საცვლებით და სხვა ამის მაგვარად ჩაცმულმა...
ამბობენ: ცხელა! დახუთულობაა! რა გაეწყობა, შეიძლება თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმლის შეკერვა, ის გამოყვანილ, მჭიდრო სამოსზე გაცილებით გრილი იქნება. თანაც ჩვენი კანი დაცული იქნება მზის მავნე სხივებისაგან (ექიმთა დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ზაფხულის შვებულებების შემდეგ, როცა ათასობით ადამიანი გაშიშვლებული დადის მავნე სხივების ქვეშ, ონკოლოგიურ დაავადებათა პროცენტი მკვეთრად იზრდება). ამასთანავე, ზაფხულში ასი და ორასი წლის წინათაც ცხელოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები სახლში "შორტებით" ან საცურაო კოსტუმით სიარულს ვერასოდეს გაბედავდნენ, ქუჩაში გასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
წმიდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით მკაცრად ამხელდა ქალწულებს, რომლებსაც "ქარაფშუტული" დამოკიდებულება ჰქონდათ საკუთარი გარეგნული იერის მიმართ და მათ ამგვარ თვისებას უმძიმეს ცოდვად თვლიდა. "ნურავინ გამამტყუნებს, - ამბობს მღვდელმთავარი, - უკმეხი სიტყვისათვის, ამ ცოდვას უმძიმესი რომ ვუწოდე. როცა იხილავ, როგორ ნებივრობს ქალი სამოსში და მედიდურად როგორ დააბიჯებს ამაყი ბიჯით, როცა მისი ხმა, თვალი, სამოსი მაყურებელს მომაკვდინებელ სასმისს უმზადებს, როცა ის გამვლელს ორმოს უთხრის და მახეს უგებს, როგორ უწოდებ შენ იმას ქალწულს და არა მეძავს? სინამდვილეში ეს უკანასკნელნი იმდენად არ აცდუნებენ, როგორც პირველნი, ფართოდ რომ გაუშლიათ სიამეთა ფრთები ყოველმხრივ".
"არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა" - გვამცნობს საღმრთო სჯულის მეათე მცნება (გამ. 20,17). მაგრამ თავად ქმრები იძლევიან ამ მცნების დარღვევის საბაბს, როცა საკუთარ ცოლებს თითქმის შიშვლებს დაატარებენ ქუჩებში! როგორც წესი, კაცს ერთობ უნდა აღაშფოთებდეს, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცებს "ეკეკლუცება" და, მითუმეტეს, თუ ის სხეულის შიშველ ნაწილებს არ მალავს მათთან. მაგრამ ვაი რომ, ყველაფერი თავდაყირა დამდგარა დღეს! დღევანდელ კაცებს სირცხვილი, რიდი და ღირსება დავიწყებიათ, ქალაქის ქუჩებში ლამის საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი დაჰყავთ ცოლები და ნებას რთავენ, რათა უცხოთა მზერამ ავხორცულად შეაფასოს მათი "ქალური მომხიბლაობა"! გსურდეს, ქუჩაში კაცები ფიქრით მრუშობდნენ შენს მეუღლესთან, ეს ხომ სუტენიორობას ჰგავს?!...
ადამი და ევა სამოთხეში შიშვლები იყვნენ და არ რცხვენოდათ, მაგრამ ეს წმიდა უბრალოება და სისპეტაკე დაკარგეს მაშინ, როცა ურწმუნოებით, ურჩობით და პირველივე მცნების დარღვევით შესცოდეს უფალს. ადამიანში ყველაფერი დასნეულდა, შეიბილწა, სიწმინდე დაკარგა, ყოველივე უმეტესწილად უხამსი გახდა. სინდისის ქენჯნა და სირცხვილი ამ სიმახინჯის შედეგია, როგორც შეგრძნება ქაოსისა და პირადი უღირსებისა. გაუხეშებულ სხეულს სულის სნეულებანი უნდა დაემალა, ხოლო თავად ხორცი - ეს სულში ფესვგადგმული ვნებიანობის ანარეკლი, ტანსაცმელს უნდა დაეფარა. "ტანსაცმელი - ძეგლია ცოდვით დაცემისა", - ამბობს მოსკოვის ეპისკოპოსი ფილარეტი. ტანსაცმელი გარკვეულწილად სინანულის გლოვაა, დასამდაბლებელი შესამოსელია, სამგლოვიარო სუდარაა, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ თავისუფალნი არა ვართ, უფლება არა გვაქვს, მოვდუნდეთ, სურვილებს ავყვეთ.
საკუთარი სხეულის გაშიშვლებითა და აღვირახსნილი საქციელით კაცი ღმრთის ნებას ეწინააღმდეგება და პროტესტს აცხადებს ადამიანის მოდგმისთვის კანონიერად მისჯილი ეპიტიმიის მიმართ (გავიხსენოთ "ტყავის სამოსელი", რომელიც ღმერთმა თვითონ მისცა ადამს და ევას (დაბ.3,21)), არ აღიარებს დანაშაულს, უარს ამბობს საკუთარი დაცემის და გარყვნილების დანახვაზე და უარყოფს სიმდაბლეს. სხეულის ყოველგვარი გულმოდგინე მორთვა, ბრბოს ყურადღების მიქცევის სურვილი, მისი იძულება, დატკბეს შენი "მომხიბვლელობით" - სულიერი თვალსაზრისით უსჯულოება და სხვისი ცდუნებაა, რაც საძულველია ღვთისათვის, ვინაიდან სინანულის კანონს ეწინააღმდეგება...
და აი: სამყაროს მოევლინა ქრისტიანობა, თან მოიტანა ჭეშმარიტი კულტურის სხივი, ახალი ერის განთიადი, აღთქმული მიწის ნაყოფი, ზეთისხილის რტო საუკუნო ცხოვრების რწმენისა, გადაუარა მხცოვან მიწას წითელმა მზემ, გაათბო შემუსვრილი და დამდაბლებული გულები, გამოაცოცხლა სასუფეველს მოწყურებულნი, ჰორიზონტისკენ გადაიხარა, გარკვეულ დრომდე მიიმალა და არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა. ჩვენ გვაქვს ცოდნა, ყოველ ჩვენგანს ესმის ძახილი: გვიხმობს უფალი - "ნათელი მხიარული" ზეციურ სიხარულში. გვიხმობს სატანაც - დაცემული ანგელოზი, ჯოჯოხეთის ჯურღმულისაკენ და წყვდიადის უფსკრულისაკენ გვეპატიჟება. ესეც ჩვენი თავისუფლება! თავისუფლება - ალაგმო შენი გულითქმები, თავისუფლება - ვნების დამჭერი ეს აღვირი ჩამოიგლიჯო და მასთან ერთად დამღუპველი ლტოლვის სამოსი, თავისუფლება - იმხიარულო, იცინო, პირად ცხოვრებას წაეთამაშო, ფეხქვეშ გათელო, გახრწნა ყოველი, კიდევ თუ შენში ღირსეული და ლამაზი დარჩა რაიმე ამ წუთიერ და სწრაფმავალ სიცოცხლეში და საუკუნო ტანჯვითა ზღვავდე ნეტარების ამ უბადრუკი მოჩვენებისათვის, თავისუფლება - ხანმოკლე დროში დაითმინო ვნებათა ცეცხლი, ცდუნების ალი, არ მოტყუვდე ტკბილი სიცრუით და სირინოზის მომნუსხველი სიმღერით და უბადრუკი, წუთიერი "სიამოვნება" არ გაცვალო შენს საკუთარ პირმშოობაზე! თავისუფლება - აირჩიო მარადიული სიცოცხლე ან საუკუნო სიკვდილი!
სწორედ ამ თავისუფლების წინაშეა საცდური "რამეთუ უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი", რათა ჩვენი არჩევანი გამოიცადოს, მაგრამ მიუხედავად ამისა:
"ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური".
ამოკრებილია არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) ბროშურიდან "ბაბილონის სახმილში"
Xareba.net - ის რედაქცია