1. უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება.
2. უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია, რომელმაც საკუთარ თავზე ზრუნვა ღმერთს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს, როგორც ღვთის ხელთაგან მოძღვნილს.
3. უპოვარი მოღვაწე უვნებლობის შვილია, რაც კი აქვს, არარად მიაჩნია და, თუ ვნების მიზეზად ექცევა, ყველაფერს ნაგავად შერაცხავს. თუ ბერი ჯერ კიდევ სწუხს ხორციელ საზრუნავზე, მას უპოვარება ჯერაც არ მოუხვეჭავს.
4. უპოვარი კაცი წმიდა გონებით ლოცულობს, ხოლო სახმართ მოყვარეს ლოცვის დროს თვალწინ ნივთიერი სახებანი წარმოუდგებიან.
5. მორჩილებაში მყოფთათვის უცხოა ვეცხლისმოყვარება. რადგან, ვინც საკუთარი თავიც კი გასცა, იგი თავის საკუთრებად რაღას მიიჩნევს?
6. მათთვის მხოლოდ ერთი რამაა სახიფათო: უპოვარი ადვილად იცვლის ადგილსამყოფელს.
7. მინახავს, რომ ქონებამ მონაზონთან შორის ერთ ადგილას მკვიდრობის მოთმინება დაბადა, მაგრამ უმეტესად ნეტარად ის მიმაჩნია, ვინც უპოვარია და უფლისთვის უცხოობაშია.
8. ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს.
9. ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება: ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება და ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს.
10. ჰოი, მონაზონნო, ნუ იქნებით ფრინველებზე ურწმუნონნი, რადგან ისინი არ ზრუნავენ და არ შეკრიბენ ქონებას.
11. დიდია იგი, ვინც ღვთისათვის დატოვა თავისი ქონება, მაგრამ იგია ნეტარი, ვინც საკუთარი ნება მოიკვეთა, პირველი ასწილ ქონებას ან მადლს მიიღებს, მეორე კი საუკუნო ცხოვრებაში უმაღლეს დიდებას მოიპოვებს.
12. ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას. ხოლო ვეცხლისმოყვარის გულს მრისხანება და მწუხარება არასდროს დატოვებს.
13. ვინც სახმართ მოყვარება დასძლია, თავის მართლებისა და პასუხისგებისგან გათავისუფლდა. სახმართ მოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი სიკვდილამდე იბრძოლოს.
14. შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნავს მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარჰყოფს.
15. იობთან ვეცხლისმოყვარების კვალსაც კი ვერსად ვნახავთ, რადგან ის, ყველაფრის დაკარგვის მიუხედავად, მწუხარებას არ შეუპყრია.
16. ვეცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა (1ტიმ. 6.10). და ეს ნამდვილად ასეა, რადგან სიძულვილს, ტაცებას, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს.
17. მცირე ცეცხლი ბევრ ნივთს დასწვავს, ხოლო ერთი სათნოებით მრავალნი ყველა ზემოაღწერილ ვნებას გაექცნენ. ამ სათნეობას უვნებლობა ეწოდება. ის ჩვენში ჭვრეტს გამოცდილებით და ღვთაებრივ გონებასთან ზიარებით, ასევე სულის განსვლის ჟამს საშინელ სამსჯავროზე ზრუნვით იშობა.
ღირსი იოანე სინელი