დღეს საშინელი სამსჯავროს კვირაა, ჩვენთვისაც ბუნებრივია საშინელ სამსჯვროსა და ბოლო ჟამის ნიშნებზე საუბარი. იმ დღის შესახებ არავინ იცის, მხოლოდ მამა ღმერთმა, მაგრამ მისი მოახლოება მოცემულია სახარებაშიც და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში. გამოცხადებaში უკანასკნელი ჟამის შესახებ გასაიდუმლებულად არის ნათქვამი, მაგრამ წმიდა მამებმა განმარტეს ის. არსებობს ეკლესიის წმიდა გადმოცემაც, რომელიც საუბრობს ბოლო ჟამის მოახლოების ნიშნებზე და საშინელ სამსჯავროზე.
ქვეყნიერების დასასრულის წინ იქნება შფოთი, ომები, შიმშილობა, მიწისძვრები.
ადამიანებს საშინელი შიში დაეუფლებთ, უბედურებების მოლოდინისაგან მრავალნი აღესრულებიან. ცხოვრებას აღარ ექნება ხალისი, ყველგან ტანჯვა - წამება იქნება. ხალხი განუდგება სარწმუნოებას, მაცხოვრის მეორედ მოსვლისას კი - ჰპოვებს დედამიწაზე რწმენას?
ადამიანები ამაყნი, გულგრილნი, უზრდელნი, ღვთის რჯულის უარმყოფელნი იქნებიან.
შემცირდება სათნოებები და განმრავლდება ბოროტება.
მსოფლიოში ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ ის ძალები, რომელნიც ამზადებენ ანტიქრისტეს გამეფებას. ანტიქრისტე იქნება ადამიანი, და არა განხორციელებული ეშმაკი, სიტყვა - „ანტი", ნიშნავს ძველს, ასევე „მოწინააღმდეგეს" ან „ნაცვლად". იმ ადამიანს ქრისტეს შენაცვლება, მისი ადგილის დაკავება სურს. მას სურს ისეთივე ზეგავლენა იქონიოს მთელ მსოფლიოზე, როგორც ქრისტეს გააჩნია.
და ის, თავისი და მთელი მსოფლიოს აღსასრულის წინ, მიიღებს ამ ძალაუფლებას. ანტიქრისტეს ეყოლება დამხმარე მაგი, რომელიც ცრუ სასწაულების ძალით შეასრულებს მის ნებას, და მოაკვდინებს ყველას, ვინც არ აღიარებს ანტიქრისტეს მეუფებას.
მაგრამ რა არის ცნობილი ანტიქრისტეზე? მისი ზუსტი წარმოშობა უცნობია. მამის ვინაობა საერთოდ არ არის ცნობილი, ხოლო დედა უკეთური ცრუ ქალწული იქნება. ანტიქრისტე იქნება ებრაელი დანის შტოდან.
იოანე ღვთისმეტყველი გამოცხადებაში ამბობს, რომ ბოლო ჟამს მრავალი ებრაელი მოიქცევა ქრისტესკენ, მაგრამ იმ ჩამონათვალში დანის შტო არ არის ნახსენები.
ანტიქრისტე თავდაპირველად ძალიან მომხიბლავი, კეთილი, მოწყალე ადამიანად წარმოაჩენს თავს. ის ძალიან გონიერი იქნება და ადამიანებთან ძალიან კარგ ურთიერთობას დაამყარებს. ხოლო შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს, ის ჩამოიხსნის ნიღაბს.
თავის დედაქალაქად ის იერუსალიმს აირჩევს, იმიტომ რომ სწორედ იქ განცხადდა, ღვთაებრივი სწავლება და თავისი პიროვნება მაცხოვარმა და მთელ მსოფლიოს მოუწოდა ნეტარი ცხოვრებისა და ცხონებისაკენ. მაგრამ მსოფლიომ არ მიიღო ქრისტე და ჯვარს აცვა იგი იერუსალიმში. ხოლო ანტიქრისტეს დროს იერუსალიმი გახდება მსოფლიო დედაქალაქი, რომელიც აღიარებს მის მეუფებას.
მიაღწევს რა ანტიქრისტე, მართვის მწვერვალს, ის საკუთარი თავისადმი, როგორც ღვთისადმი თაყვანისცემას მოითხოვს.
კომპრომისების ძებნა იმ პერიოდში ადამიანის დამახასიათებელი ნიშანთვისება იქნება. ხალხი თავისი დაცემის გამართლებას დაიწყებს. ადამიანებში ჭეშმარიტებისაგან განდგომა და ცოდვის სიყვარული გაბატონდება.
როდესაც მთელი მსოფლიო დაემონება ანტიქრისტეს, მაშინ ის გამოამჟღავნებს თავის სიძულვილს ქრისტესა და ქრისტიანებისადმი. წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ანტიქრისტეს თაყვანისმცემლებს ექნებათ ნიშანი შუბლზე და ხელზე. არ არის ცნობილი, ბეჭედი ხილული ნიშანი იქნება ხელზე, თუ გამოხატულება იმისა, რომ ადამიანები, გონებით აღიარებენ ანტიქრისტეს და ნებით სრულიად დაემორჩილებიან მას. სწორედ ამ დროს გამოჩნდება გამოცხადებაში ნახსენები ორი მართალი, რომელნიც უშიშრად იქადაგებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ამხელენ ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მათ მაგის ძალისხმევით მოკლავს. ვინ არის ეს ორი მართალი? ეკლესიის გადმოცემით, ეს ის ორი მართალია, რომელთაც არ უხილავთ სიკვდილი: ილია და ენოქ წინასწარმეტყველი. არსებობს წინასწარმეტყველაბა, რომ ისინი მოკვდებიან სამი დღით, ხოლო სამი დღის შემდეგ აღსდგებიან.
მათი სიკვდილი უდიდესი სიხარული იქნება ანტიქრისტესა და მის მსახურთათვის. ხოლო მათი მკვდრეთით აღდგომა გამოუთქმელ შიშის ზარს დასცემს ანტიქრისტეს. აი მაშინ უკვე დადგება აღსასრულის დღე.
და გამოჩნდება ნიშანი ზეცად - ანუ ჯვარი ქრისტესი. ანტიქრისტეს თავისი ნებით დამონებული მთელი მსოფლიო „ატირდება". ყველაფერი დასრულდება. ყველა სტიქია დაიწვება. ანტიქრისტე მოიკვლება, დასრულდება მისი მეუფება. ახლანდელი მსოფლიო წამებში განადგურდება, ყველაფერი შეიცვლება.
დანიელ წინასწარმეტყველი, საუბრობს რა საშინელი სამსჯავროს შესახებ, მოგვითხრობს, რომ მსაჯული უფალი ზის თავის ტახტზე, ხოლო წინ ცეცხლის მდინარეა, ცეცხლი - ეს განმწმენდი ელემენტია. ცეცხლი წვავს ცოდვას, თუ ცოდვა ბუნებრივია ადამიანისათვისაც მაშინ ის წვავს თვით ადამიანსაც.
ის ცეცხლი აინთება ადამიანში: იხილავენ რა ჯვარს - ერთნი განიხარებენ, ხოლო სხვანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან. ასე ადამია-ნები სწრაფად განირჩევიან მსაჯულის წინაშე: ერთნი დადგებიან მარჯვნივ, მეორენი მარცხნივ - მათ განყოფს სულიერი მდგომარეობა.
თავად ადამიანის სულიერი მდგომარეობა გადაანაწილებს მათ, მარცხნივ თუ მარჯვნივ.
რაც უფრო შეგნებულად და დაჟინებით მიილტვოდა ადამიანი თავის ცხოვრებაში ღვთისაკენ, მით უფრო დიდი იქნება მისი სიხარული, როდესაც გაიგონებს სიტყვებს: „მოვედით ჩემთან კურთხეულნო". და პირიქით. იგივე სიტყვები გამოიწვევს ტანჯვასა და წამებას მათთვის ვინც განეშორა, გაურბოდა, შეურაცხყოფდა ღმერთს ცხოვრებაში.
მიდიან ერთნი მარადიულ ცხოვრებაში, მეორენი - მარადიულ სატანჯველში.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
"Xareba.net" - ის რედაქცია