მე და შენ, მკითხველო, მოკვდავი არსებანი ვართ. ჩვენი მეგობრებიდან და ნათესავებიდან ბევრი გარდაიცვალა, მათ შორის იყვნენ ჩვენსავით ახალგაზრდები, რომელთაც თითქოსდა დიდხანს უნდა ეცოც-ხლათ. ზოგი ხანგრძლივმა და გამომფიტავმა ავადმყოფობამ წაიყვანა, სხვანი გარდაცვალების ყოველგვარი წინასწარი ნიშნების გარეშე უცაბედად იქნა წარტაცებული. მხოლოდ ღმერთმა უწყის როდის გავყვებით ჩვენც მათ მარადისობაში. ჩვენი გარდაცვალების დღე უცნობია ჩვენთვის. ჩვენი დრო ღვთის ხელშია და ის შეიძლება საღამომდე შეწყდეს.
ჩვენ ვიცით რომ გარდაცვალების დრო მოვა, ვიცით, რომ ის არც ისე შორსაა, მაგრამ რამდენად ახლოსაა, არ ვიცით. თუ ასეა, მაშინ როგორი ქარაფშუტობაა მონანიების გადადება მომავლისათვის?
არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა განთიადამდე, სინანული ღვთის ნიჭია (საქმ. 5, 31), თუ ჩვენ არ ვზრუნავთ იმაზე, რომ უფალს ამ ნიჭისათვის ვევედროთ და მისი გამაფრთხილებელი ხმის გაგონება არ გვინდა, მაშინ ის გვეტყვის: „მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო. უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით. და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე, გავიხარებ როცა თავზარი დაგეცემათ, როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება. მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ; მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან, რაკი შეიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს" . (სოლომონ. იგავი 1. 24 – 29).
გარდაცვალებას სამსჯავრო მოსდევს. „რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცად - კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (2 კორ. 5. 10).
იქ ვინ უნდა წარსდგეს? ყველა ახალგაზრდა და მოხუცი, მდიდარი და ღარიბი. გამონაკლისისა და განსხვავების გარეშე. რისთვის? იმისთვის, რომ ყოვლისშემძლე მსაჯულს ჩვენს ფარულ აზრებსა და საქმეებზე ანგარიში ჩავაბაროთ. მას „წიგნი სამახსოვრო" აქვს (მაკ. 3, 16), რომელშიც ყოველი ბოროტი აზრი, სიტყვა და საქმეა აღრიცხული. ყველაფერი ეს ჩვენს სამუდამო შესარცხვენად გამჟღავნდება, თუ იესო ქრისტეს წმ. სისხლით და წმ. ხორცით არ იქნება ჩამორეცხილი.
აპოკალიფსში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იმ დღეს ზოგიერთნი მთებსა და ქვებს ეტყვიან: „დამეცენით ჩვენ ზედა და დაგუფარენით ჩვენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა" (გამოცხ. 6. 16). ასეთი საშინელი მდგომარეობისაგან ღმერთმა რომ დაგვიფაროს, ჩვენ უნდა ვეძიოთ ის, როცა შეიძლება მისი პოვნა. როცა ახლოსაა, მაშინ მოვუხმოთ მას. „მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია" (ეს. 55. 7).
ახლა ჟამი არს წყალობისა. როცა სამსჯავროს დღე დადგება გვიანი იქნება. თუ შენ უზიარებელი გარდაიცვლები, ჯობია საერთოდ არ დაბადებულიყავი, იმიტომ, რომ მუდმივად ჯოჯოხეთში ყოფნას, საერთოდ არ ყოფნა ჯობია. აი შეუწყალებელი ცოდვილის ხვედრი! ღმერთმა ასე თქვა, ხოლო მასში მზაკვრობა არაა.
„... ყოველივე შიშუელ და ქედდადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა".
ო, ჩემო ცოდვილო სულო, ამ სოფლად ამაო ფესფუსით რომ ხარ გატაცებული და ასე რომ მიჯაჭვულხარ მიწიერ საგნებს! დაფიქრდი, განსაჯე, მაშინ რა გეშველება, როცა ყველა მიწიერ სიხარულს განშორებული, ყველანაირად დაუცველი, ყველასაგან დატოვებული, მძიმე ცოდვებით დახუნძლული, სინანულის ცრემლებით განუწმენდელი, იმ სხეულით, რომლითაც სცოდავდი ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე წარსდგები. სადაც შუამავლობა და გამოსარჩლება არაა, ყოველგვარი სინანული უკვე დაგვიანებულია და გამოსწორება შეუძლებელია? გახსოვდეს, რომ შენ ისეთი მრისხანე მსაჯულის წინაშე წარსდგები, რომელსაც ანგელოზებიც შიშისა და ძრწოლის გარეშე ვერ უსწორებენ თვალს. რომლის წინაშე „არარაი არს დაბადებული - დაფარულ წინაშე მისა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედდადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა" (ებრ. 4. 13.). „რომელი იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ" (ფს. 138. 16). გახსოვდეთ, რომ სამსჯავროზე, ღვთის წინაშე შენთან ერთად არა მარტო შენი საქმეები და უწესო სიტყვები, არამედ ბოროტი ზრახვებიც წარსდგებიან და ყველას წინაშე გამხელენ!
უპირველესად ღვთის სამსჯავროზე ჩვენი ბავშვობის საქმეები წარსდგებიან, რომელშიც ჩვენი ბოროტი ნების შემდგომი განვითარების ჩანასახი ვლინდებოდა, რომელსაც ჩვენი სინდისისაგან ვმალავთ მსუბუქი სახელწოდებით „ბავშვური ოინები".
ჩვენი სიყმაწვილის საზიზღარი მოსწრაფებებიც წარსდგებიან და გვამხელენ. როდესაც ჩვენი მზარდი ძალები მანკიერებებზე და უმეტესად ხორციელ სიყვარულზე უზრუნველად გავხარჯეთ, რითაც სხეულიც და სულიც მანკიერებებით მოვშხამეთ.
მოწიფული ასაკის ყველა საძრახისი საქციელი, რომელიც უფრო მეტად გააზრებული, და ამიტომ უფრო დანაშაულებრივი იყო, წარსდგება და გვამხელს.
ბოლოს კი უფლის წინაშე წარსდგება სიბერის ყველა უკანონობა, როდესაც ხორციელი უძლურების გამო, უფრო მეტად სმენით, ხედვით და შეხებით ვცოდავდით.
ეს ყველაფერი ჩვენთვის წარსული და შეიძლება დავიწყებულიც, მაშინ ისე ნათლად და ცოცხლად წარმოგვიდგება, თითქოს ახლა ჩავიდინეთ. მაშინ არა მარტო ყოველი უღირსი საქმის გამო მოგეთხოვება, არამედ ყოველი უქმი და განსაკუთრებით, მკრეხელური სიტყვისათვის, რომელიც, როგორც ჩვენ გვგონია თითქოს წარმოთქმისთანავე გაქრა ჰაერში. არა, ის უკვალოდ არ დაკარგულა, არამედ სამუდამოდ ჩარჩა რომელიმე ბავშვის ან მოზარდის გონებასა და გულში, რომლის თანდასწრებითაც ითქვა და ამით მისი უმანკო სული მოწამლა.
ყოვლისმხედველი ღვთისა და ყოველი ცოდვილის სინდისის წიგნები, მაშინ ყველას წინაშე გადაიშლება და ყოველი ცოდვილის განვლილ ცხოვრებას მთელი სამყარო გაიგებს.
აღსარებაზე დამალული ყოველი ცოდვის შესახებ არა მარტო ჩვენი ნათესავები, ნაცნობები და უცნობები, არამედ ანგელოზებიც დაწვრილებით შეიტყობენ...
ო, ღმერთო, საშინელია შენი სამსჯავრო!..
წიგნიდან „ Cпутник Xристианина"
Xareba.net - ის რედაქცია