წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა (საქმე, 12, 12).
წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქალაქ პაფოში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი (საქმე 13, 6-12).
წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით წავიდა ეგვიპტეში, სადაც ეკლესია დააარსა.
წმიდა მარკოზი წმიდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს შეხვდა ანტიოქიაში, იქიდან წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე, შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესია დააარსა, წმიდა პეტრე სიყვარულით იხსენიებს წმიდა მარკოზს, როგორც თავის სულიერ შვილს (1 პეტ. 5,13).
როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ შეპყრობილი, წმიდა მარკოზი ეფესოში იმყოფებოდა, წმიდა ტიმოთესთან, შემდეგ მასთან რომში ჩავიდა და აქ დაწერა სახარება (დაახლ. 62-63 წლებში).
რომიდან წმიდა მოციქული კვლავ ეგვიპტეში წავიდა და ალექსანდრიაში დააარსა ქრისტიანული სასწავლებელი, შეადგინა ლიტურღიის წესი ალექსანდრიელი ქრისტიანებისთვის.
შემდეგ ნეტარმა მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის შიდა მხარეები.
ამ მოგზაურობისას მოციქულს სულიწმიდისაგან ეუწყა წასულიყო ალექსანდრიაში წარმართთა შორის საქადაგებლად. აქ ის დაემკვიდრა მეწაღე ანანიას სახლში, რომელსაც ავადმყოფი ხელი განუკურნა. მეწაღემ სიხარულით მიიღო წმიდა მოციქული, ირწმუნა მისი მონათხრობი ქრისტეზე და ნათელ-იღო. ანანიას შემდეგ მოინათლა ქალაქის იმ ნაწილში მცხოვრები ბევრი ალექსანდრიელი. ამან წარმართთა გაბოროტება გამოიწვია და მათ გადაწყვიტეს, მოეკლათ წმიდა მოციქული. როცა ეს გაიგო, წმიდანმა ანანიას ხელი დაასხა ეპისკოპოსად, მალკი, საბინე და კედრინი კი ხუცესად აკურთხა.
წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, ცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულა.
წარმართებს უნდოდათ, მარკოზის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმიდა მოციქულის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს. წმიდანის ხსენებას ეკლესია ზეიმობს 25 აპრილს.
310 წელს წმიდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს. 820 წელს, როცა ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
ძველი იკონოგრაფიული ტრადიციით, წმიდა მახარებელი მარკოზი გამოიხატება ლომით, რომელიც მიანიშნებს ქრისტეს ძლიერებასა და სამეფო ღირსებაზე (გამოცხ. 5,5). წმიდა მარკოზი წარმართთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა სახარებას, ამიტომ ძირითადად აღწერს მაცხოვრის სიტყვებს და საქმეებს, სადაც ჩანს მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა.
Xareba.net - ის რედაქცია