სახარება მეზვერისა და ფარისევლის იგავით გვაძლევს ლოცვის მაგალითს. მეზვერის ლოცვა განმსჭვალულია ცოდვის შეგძნებით, რომელსაც მისი ცხოვრებისა და საქმეების გამო არ ჰქონდა უფლება ღვთისგან გადარჩენა ეთხოვა, იგი მინდობილი იყო ღვთის გულმოწყალებას და როგორც ყველაზე ცოდვილი იდგა ტაძრის კუთხეში, ცის უღირსი, ის ვერ ბედავდა მზერის მაღლა აპყრობას, იდგა თავდახრილი, სინანულით სავსე, ლოცვას შეერთებული აღსარებით ამბობდა: `ღმერთო, მილხილე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე~.
მისი ლოცვა იმდენად გულწრფელი და ძლიერი იყო, რომ ცოდვილი მეზვერე ტაძრიდან განმართლებული გამოვიდა.
მეზვერის ლოცვა შესმენილ იქნა, ხოლო ფარისეველს ლოცვა ცოდვად შეერაცხა, მან წყალობის ნაცვლად ღვთის რისხვა მოიმკო. ფარისეველი ვერ გრძნობდა სულიერ ტკივილს იმ მიზეზის გამო, რომ მისი გული სავსე იყო თვითკმაყოფილებითა და თავის ცდუნებით, ხოლო სინანულისთვის მკვდარი იყო.
მეზვერის მოკლე ლოცვა შეისმინა ღმერთმა. წმ. მამები წერენ: `როცა ადამიანის სულში აღმოცენდება ჭეშმარიტი სინანული, მოევლინება სიმდაბლე, სულის შემუსვრა, აეხილება თვალი ცოდვებზე, მაშინ მრავლის მეტყველება ხდება მისთვის შეუძლებელი. ჩაუღრმავდება საკუთარ თავს, დაინახავს სულის წყლულებს და იწყებს ღაღადებას ღვთისადმი მოკლე ლოცვით~. იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს: `ნუ იქნება შენი ლოცვა სიტყვამრავალი, აზრი რომ არ გაერთოს სიტყვების განხილვით. მეზვერის ერთმა სიტყვამ მოულბო გული ღმერთს, ერთმა სწორად წარმოთქმულმა სიტყვამ გადაარჩინა ავაზაკი. ლოცვის დროს მრავალმეტყველება ხშირად ფანტავს გონებას, ხოლო მოკლე ლოცვა აფხიზლებს მას~.
მოგზაურობის, ტრაპეზის, საზოგადოებაში ყოფნის დროს, საქმის კეთებისას, როცა არა გვაქვს საშუალება ვილოცოთ ბაგეებით, ამის გაკეთება ადვილად შესაძლებელია აზრითაც. ხშირად წარმოვთქვათ მოკლე ლოცვა ჩვევაში რომ გადაგვივიდეს. ღვთისმსახურების დროსაც კარგია ვიმეოროთ მოკლე ლოცვა გულში, ეს ხელს არ შეგვიშლის ფსალმუნებისა და გალობის მოსმენაში, პირიქით, დაგვეხმარება ყურადღების მობილიზებაში.
ძველი აღთქმის ლოცვის `ღმერთო, მილხინე ცოდვისა ამას და შემიწყალეს~ თანასწორია ახალი აღთქმის ლოცა `უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი~. ძველი აღთქმის მსახურები იყენებდნენ პირველს, ახალი აღთქმის მსახურები კი პირველსა და უფრო მეტად მეორეს, რადგანაც განხორციელებულ ღმერთს სურდა, რომ მის ადამიანურ სახელს ჰქონოდა სასწაულმოქმედი ძალა. მუდმივი ლოცვისთვის გამოიყენება, აგრეთვე `უფალო შემიწყალე~. ეს იესოს ლოცვის მოკლე ფორმაა და ცვლის მას ისეთ შემთხვევებში, როცა მთელი ლოცვის თქმის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგ: შიშის, უეცარი სიხარულის, მძიმე ავადმყოფობის ჟამს.
რა მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვებში ზმნებს _ შემიწყალე და მოწყალე მექმენ? ეს საკუთარი ამპარტავნებისა და ღირსების უარყოფაა, დაღუპვის პირას მდგარი სულის თხოვნაა, გადარჩენის, წყალობის იმედია. ღვთის მოწყალება კი სულიწმიდის მადლია, რომელიც ჩვენ, ცოდვილებმა განუწყვეტლივ უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან. `მოწყალე მექმენ, უფალო, ჩემს სულიერ გასაჭირში, რომელსაც განვიცდი შენი მადლის დაკარგვის გამო, შემიწყალე, მე, ცოდვილი და დამაბრუნე შენს წიაღში. გამაძლიერე სულიერად, რათა აღუდგე ეშმაკის ხრიკებსა და ჩემი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ცდუნებებს. მომანიჭე მე სიბრძნის ნიჭი, რათა სწორად განვსაზღვრო ჩემი ზნეობრივი ნაბიჯები. მომანიჭე შიშის შეგრძნება, შიშის, რომლითაც უნდა ეშინოდეს უბადრუკ არსებას მისი შემქმნელის, დიდებული ღმერთის, შიში, რათა არ დავარღვიო შენი მცნებები. დანერგე ჩემს გულში შენი სიყვარული, რათა აღარ განგეშორო, და გადავლახო ცოდვისკენ ლტოლვა. მომმადლე მშვიდობა, რომ არ დაირღვეს ჩემი სულიერი სიმშვიდე და არ იფრინონ ჩემმა უსარგებლო ფიქრებმა და ფხიზლად ვიყო. მომანიჭე მშვიდობისმყოფელობა, რომ არ ჩავვარდე მრისხანებასა და ბოროტებაში, და მუდამ სათნო ვეყო მოყვასს. მომანიჭე სიმდაბლე, რომ არ ვიამპარტავნო, არ ვიოცნებო, არ ვეძებო ქებადიდება, მახსოვდეს, რომ მე _ მიწა და ფერფლი ვარ, დაცემული არსება, მოვალე სიკვდილით გავიდე სხეულიდან, თანამდები შენი საშინელი სამსჯავროს წინაშე დგომისა.
`ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე~. `უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცხოდვილი~. `უფალო შემიწყალე~. ამინ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თარგმნა: მარინე ლომთათიძემ