სახარებაში ნათქვამია, რომ ნათლობის, ანუ წყლისა და სულისაგან შობის გარეშე ცათა სასუფეველში შესვლა - შეუძლებელია. თეოსოფებსა და ლიბერალებს არ შეუძლიათ შეურიგდნენ იმას, რომ სხვა რელიგიის აღმსარებლებს, ეკლესიისთვის უცხოებს, ქრისტეს მიმართ ურწმუნოებს და მის არმცოდნეებს, ცხონების ყველა საშუალება აღკვეთილი აქვთ. როგორ შევათვისოთ ორი ალტერნატიული აზრი, სახელდობრ: - ნათლობის გარეშე ცხონება შეუძლებელია და ნათლობის გარეშე - შესაძლებელი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მართლმადიდებლობის გარეგნული მხარის დაურღვევლად მისი არსი შეიცვალოს? წარმოიდგინეთ ვაშლი, გარეგნულად წვნიანი, მბზინავი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი პატარა ნასვრეტებით, შიგნიდან კი დამპალი და მატლებისგან გამოხრული. გახლიჩეთ ეს ვაშლი და მის გულში შავ სიდამპლეს დაინახავთ. იგივე მოსდის სარწმუნოების სიმბოლოს, რომელიც თითქოსდა მსუბუქად შეცვალეს. მოდერნიზმის საშიშროება იმაშია, რომ კაცობრივი აზროვნება, თუნდაც ეს იყოს დამატება, შემოკლება ან დოგმატური სწავლების გადაკეთება, როცა ღვთაებრივ გამოცხადებასთან ერთდება, მატლივით გამოხრავს მართლმადიდებლობას. და მაინც, რა ვუყოთ ორ ურთიერთ შეუთავსებელ სოტერიოლოგიურ თეზისს?
ბ-მა ოსიპოვმა სახარებისეულ სიტყვებს ბორის* „შევსების პრინციპი" დაურთო, მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნა და თავისი გამოგონებით აკადემიისკენ გაეშურა, სადაც სტუდენტებს გამოუცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე არ მონათლულან, ჯოჯოხეთში მოინათლებიან, და რომ სტუდენტებმა გამოცდაზე სწორედ ასე უნდა უპასუხონ. ამგვარად, ბ-მა ოსიპოვმა გადაწყვიტა, რომ შესაძლებელია და საჭიროც მონათვლა არა მხოლოდ ათენელი ფილოსოფოსებისა, არამედ ბუდასი, მუჰამედისა, ასევე ჰერაკლესი1 და თესევსისა2, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობისათვის გმირობებს სჩადიოდნენ. განსვენებულ აიათოლა ჰომეინის რომ გაეგო, ბ-ნი ოსიპოვი საუკეთესო მუსილმანთა ჯოჯოხეთში მონათვლას როგორც ასწავლის, ღვთისმეტყველების პროფესორს, როგორც ერთ ნავსიან მწერალს, სიკვდილს მიუსჯიდა ისლამურ გრძნობათა შეურაცხყოფისთვის; ალბათ აქილევსის3 სულსაც გაუკვირდებოდა, რომ ჯოჯოხეთში მას მოელიან არა სტიქსის4 წყლები, არამედ - ნათლობისა და მას შეეგებება არა ქარონი5, არამედ - ქრისტე.
ჩვენ ვიცით, რომ სული უსხეულოა, მას არა აქვს მატერიალური სენსორული შეგრძნებები, ის თავისუფლად ლახავს ფიზიკურ დაბრკოლებებს, ადამიანის სხეულივით არ კონტაქტობს ნივთიერთან. მაშ როგორი მონათვლაღა შეუძლია უხორცო სულს? ესე იგი, დაჯდობა, დაფიქრება, ბ-ნი ოსიპოვის ფოლკლორული გამოთქმით „კეფის კარგად მოფხანა" და ახლებული ნათლობის მოფიქრებაა საჭირო, რომლითაც მიცვალებულთა სულებს ჯოჯოხეთში ნათელღება შეეძლებათ. მაგრამ თუკი ქვესკნელში ნათლობა აღესრულება, მაშინ არალოგიკურია, რომ იქ სხვა საიდუმლოებანი არ აღესრულებოდეს, მაგ. ზიარება, ხოლო რამდენადაც ჯოჯოხეთში ტაძრის აშენება საკურთხეველითა და ტრაპეზით, ცოტა არ იყოს უადგილოა, ისღა დარჩენია, ზიარების რაღაც სხვა სახე გამოიგონოს. აქ განსაკუთრებული ორიგინალობის გამოვლენა საჭირო არ არის, რადგან არსებობენ სექტანტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღვთის სიტყვით ეზიარებიან, როცა უსმენენ ან კითხულობენ ბიბლიას.
ზეციურ იერუსალიმში, მომავალ ცხოვრებაში ქრისტიანები მეფურ და სამღვდელო ღირსებებს მიიღებენ: ღმერთი იქმნება ტაძარი და ყოველივე - ყველა ცხონებულისთვის. იქ აღარ იქნება საიდუმლოებანი, რადგან ცხონებულთა საუკუნო ცხოვრება თავადვე გადაიქცევა უწყვეტ საიდუმლოდ - სული წმიდის მადლთან ზიარებად სულ უფრო მზარდი და ინტენსიური ძალით, როგორც მატულობს სინათლე მის წყაროსთან მიახლოებისას. თვით მაცხოვარმა ბრძანა არ ვერწმუნოთ იმათ, ვინც იტყვის, რომ ქრისტე რომელიმე დაფარულ ადგილზეა - ქალაქში ან უდაბნოში.
ქრისტე მეორედ მოსვლამდე ზეცაში სუფევს მარჯვენით მამისა, ხოლო მისი მოსვლა აშკარა იქნება დედამიწის ყოველი მცხოვრებისთვის - ეს იქნება მოსვლა ღვთაებრივი დიდებით.
და მაინც, ბ-ნი ოსიპოვი ასწავლის, რომ ქრისტე ჩვენგან მალულად იმყოფება ჯოჯოხეთში. აქედან გამომდინარე, იმას ქადაგებს, რასაც ქრისტეს სიტყვით: ილაპარაკებენ ცრუმასწავლებლები, ცრუ ქრისტეს მაუწყებელნი, რათა მრავალნი აცდუნონ. თუკი ბ-ნ ოსიპოვს მოესურვება „მოქცევა" და იმის თქმა, რომ საუბრობდა არა ქრისტეზე, არამედ მის მადლზე, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მას არ გაეგება სხვაობა ღვთაებრივ იპოსტასსა და მადლს შორის და ვუსურვოთ ის, რასაც ჩვენ გვთავაზობს - ცოდნა შეივსოს, ან, ზოგიერთი ღვთისმეტყველის ჟარგონით „წიგნზე ოფლი კარგად იდინოს". და მაინც მგონია, რომ ბ-ნი ოსიპოვი იმედს ამყარებდა მისი სიტყვებისადმი არაკრიტიკულ დამოკიდებულებაზე აუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან, რომელსაც საგანგებო ცოდნა არ გააჩნია.
მივმართავ ბ-ნ ოსიპოვს შუამავლის მეშვეობით, რომელიც ბ-ნი ზაიცევის სახელს ატარებს და აკადემიის პროფესორის ღვთისმეტყველურ პოზიციას წარმოადგენს. თუკი ბ-მა ზაიცევმა თავისი მასწავლებლისა რაღაც ისე ვერ გაიგო, მაშინ საკუთარი სწავლების აპოლოგიის წამკითხავ პროფესორს უნდა გაეკეთებინა კორექცია, ან უარეყო ის, მა-გრამ ასეთი რამ, როგორც ცნობილია, არ მომხდარა.
ბ-ნი ოსიპოვი ცოდვილების მიმართ მეტად გულკეთილია, მაგრამ მაინც ნუ დაავიწყდება, რომ ჯოჯოხეთი - ეს სასტუმრო არ არის, რომელში ღამენათევ სულსაც ზეციურ სავანეებში მოგზაურობის გაგრძელება შეუძლია.
*ბორი (Bohr) - ნილს ჰენრიკ დავითი (1885-1962), დანიელი ფიზიკოსი.
1ჰერაკლე (ბერძნ.) - ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსის შვილი, ნახევრად ადამიანი - ნახევრად ღმერთი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული, არაჩვეულებრივად ღონიერი გმირი.
2თესევსი (ბერძნ.) ბერძნულ მითოლოგიაში: ათენელი გმირი, რომელმაც მოკლა მინოტავრი, პროკრუსტე და ბევრი სხვა საგმირო საქმე ჩაიდინა.
3აქილევსი (ბერძნ.) ბერძენთა უმამაცესი გმირი, რომელიც მონაწილეობდა ტროას აღებაში. აქილევსის ქუსლი - გადატ. სუსტი ადგილი, სუსტი მხარე ადამიანისა (მითის მიხედვით აქილევსს სხეულზე ჰქონდა ერთადერთი ადგილი - ქუსლი, სადაც შეიძლებოდა მისი დაჭრა).
4მდ. სტიქსი - ბერძნულ მითოლოგიაში: ქვესკნელის მდინარე.
5ქარონი (ბერძნ.) - ბერძნულ მითოლოგიაში: მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)