წევრი 17
გვწამს, რომ წმიდა ევქარისტიის საიდუმლო, რომელიც ზემოთ ჩვენ მეოთხე ადგილზე დავადგინეთ საიდუმლოთა რიცხვში, არის თვით უფლის მიერ იმ ღამეს ნაანდერძევი საიდუმლო, რომელშიც მან თავი მისცა კაცობირობის ცხოვნებისათვის. რამეთუ აიღო რა პური და აკურთხა რა იგი, მან თავის მოწაფეებს და მოციქულებს მისცა იგი და უთხრა: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი". და აიღო რა თასი და ადიდა რა იგი, თქვა: „სვით ამისაგან, ესე არს სისხლი ჩემი, მრა-ვალთათვის დათხეული მოსატევებლად ცოდვათა". გვწამს, რომ ამ სამღვდელო მოქმედებაში თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მუნ-მყოფობს არა სიმბოლურად, არა ხატობრივად, არა ზეგარდამე-ტებული უხვებით საღმრთო მადლისა, როგორც ეს სხვა საიდუმ-ლოებაშია; არა ოდენ გარდამოსვლით, როგორც ამას ზოგიერთნი მამანი ამბობდნენ ნათლისღების შესახებ, და არა განმსჭვალვით პურისა (per impanationem), ისე, რომ სიტყვის ღმრთაება არსისმიერად შესულიყო ევქარისტიისათვის წინადაგებულ პურში, როგორც ამას ლუთერის მიმდევრები უხეშად და უღირსად განმარტავენ, - არამედ ჭეშმარიტად და ქმედითად, ისე, რომ პურისა და ღვინის კურთხევის შემდეგ პური გარდაიქმნება, გარდაარსდება, გარდაისახება, გარდაიქ-ცევა უფლის თვით ჭეშმარიტ სხეულად, რომელიც ბეთლემში იშვა მარადის ქალწულისაგან, მოინათლა იორდანეში, ევნო, დაეფლა, მკვდრეთით აღდგა (ზეცად) აღმაღლდა, მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და უნდა გამოჩნდეს (მეორედ მოვიდეს ამქვეყნად) ზეციურ ღრუბელთა ზედა; ღვინო კი გარდაიქმნება და გარდაარსდება უფლის თვით ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც მისი ჯვარზე ვნებისას დაიღვარა კაცობრიობის საცხოვნებლად. - კვალად, გვწამს, რომ პურისა და ღვინის კურთხევის შემდეგ რჩება უკვე არა თვით პური და ღვინო, არამედ თვით სხეული და სისხლი უფლისა პურისა და ღვინის სახითა და ხატით.
ასევე გვწამს, რომ ეს ყოვლადწმიდა სხეული და სისხლი უფლისა ურიგდებათ მორწმუნეებს და შევალს მათს ბაგეებსა და წიაღში სხეულისა, როგორც კეთილმსახურთა, ასევე უკეთურთაც. მხოლოდ კეთილმსახურთ და ღირსეულად მიმღებთ (ზიარების ნაწილებისა) ისინი ანიჭებენ ცოდვათა მოტევებას და საუკუნო (ნეტარ) ცხოვრებას, ხოლო უკეთურთ და უღირსად მიმღებს (ზიარებისა) განამზადებენ განკითხვისა და საუკუნო ტანჯვისათვის.
კვალად გვწამს, რომ უფლის სხეული და სისხლი, თუმცა კი განი-ყოფა და დაქუცმაცდება, მაგრამ ზიარების საიდუმლოში ეს მხოლოდ პურისა და ღვინის სახეებს ემართება, რომლებშიც ისინი ხილულნი და შესაგრძნობნი არიან, თავად კი სრულიად მრთელნი და განუ-ყოფელნი ჰგიებენ. ამიტომაც ამბობს მსოფლიო ეკლესია: „განიტეხება და განიყოფა განტეხვადი, გარნა განუყოფელი, მარადის ჭამებული და არასდროს განლეული, გარნა მზიარებელთა (იგულისხმება - ღირსე-ულად მზიარებელთა) განმწმედელ-მაკურთხეველი".
ასევე, გვწამს, რომ გარდაარსებული პურისა და ღვინის ყოველ უმც-ირეს ნაწილშიც კი იმყოფება არა რომელიმე ცალკეული ნაწილი უფლის ხორცისა და სისხლისა, არამედ სხეული ქრისტესი - მარადის მრთელი და ყოველ ნაწილში ერთიანი, და უფალი ქრისტე მუნ-მყოფობს (მათში) თავისი არსით, ანუ (ადამიანური) სულითა და ღმრთაებით, ესე იგი, სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი. ამიტომაც თუმცა კი მთელს ქვეყნიერებაზე ერთდროულად მრავალი მღვდელმოქმედება აღესრულება, მაგრამ ქრისტეს სხეული მრავალი კი არ არის, არამედ ერთია, და ერთი და იგივე ქრისტე მუნმყოფობს (ყველგან) ჭეშმარიტად და ნამდვილად, მისი ერთი სხეული და სისხლია ერთგულ მორწმუნეთა ყველა ცალკეულ ეკ-ლესიაში. და ეს იმიტომ კი არ არის (ასე), რომ უფლის სხეული, ცათა შინა მყოფი, (თითქოს) საკურთხეველში გარდამოხდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ პური (და ღვინო) წინადაგებისა, ცალ-ცალკე განმზა-დებული ყველა ეკლესიაში, და კურთხევის შემდგომ გარდაქმნილი და გარდაარსებული, ერთი და იგივე შეიქნება ცათა შინა მყოფი სხეულისა. რამეთუ უფალს მარადის ერთი და იგივე სხეული აქვს, და არა - მრავალი მრავალ ადგილას. ამიტომაც ეს საიდუმლო, ყოველთა საერთო შეხედულებით არის ყველაზე საკვირველი, მისაწვდომი მხოლოდ რწმენით, და არა გონებითი განსჯით კაცობრივი სიბრძნისა, რომლის ამაოებასა და უგუნურ გამომეძიებლობას ღვთაებრივ საგნებთან დაკავშირებით უარყოფს ეს წმიდათაწმიდა და ზეგარდამო ჩვენთვის განჩინებული მსხვერპლი. კვალად, ჩვენ გვწამს, რომ უფლის სხეულსა და სისხლს ევქარისტიის საიდუმლოში განსაკუთრებული პატივი და ღვთისსაფერი თაყვანისცემა უნდა მივაგოთ; რამეთუ როგორი თაყვანისცემის მოვალენიც ვართ თვით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე, ასეთივე (თაყვანი უნდა ვცეთ ხოლმე) მის სხეულსა და სისხლს. - კვალად გვწამს, რომ ეს არის ჭეშმარიტი, (უფლის) მოწყალემყოფი მსხვერპლი, რომელიც ყოველთა კეთილმსახურად მცხოვრებთა და შესვენებულთათვის შეიწირება, და, როგორც ამ საიდუმლოს ლოცვებშია ნათქვამი, ეკლესიას მოციქულთა მიერ გადმოეცა უფლის ბრძანებით „ყოველთა საცხოვნებლად". ასევე, გვწამს, რომ ეს მსხვერპლი, როგორც მიღებამდე მაშინვე კურთხევის შემდეგ, ასევე მიღების შემდგომაც, დაცული წმიდა ჭურჭელში მომაკვდავთა გასტუმრებისათვის (საგზლად მიცემისათვის), არის უფლის ჭეშმარიტი სხეული, სრულიად განუსხვავებელი მისი სხეულისაგან, ისე, რომ მიღებამდეც კურთხევის შემდეგ, და თვით მიღებისასაც და მის შემდგომაც ყოველთვის რჩება უფლის ჭეშმარიტ სხეულად. - კვალად, გვწამს, რომ სიტყვით „გარდაარსება" არ აიხსნება (ის) სახე, რომლითაც პური და ღვინო უფლის სხეულად გარდა-იქმნებიან, რამეთუ ამის მიწვდომა არავის ძალუძს, გარდა თვით ღმერთისა, და მსურველთა ძალისხმევაც ჩასვწდნენ ამ საიდუმლოს შეიძლება მხოლოდ უგუნურებისა და უკეთურების შედეგი იყოს; ხოლო ნაჩვენებია მხოლოდ ის, რომ პური და ღვინო, კურთხევის შემდეგ, გარდაიქმნებიან უფლის სხეულად და სისხლად არა ხატ-ობრივად, არა სიმბოლურად, არა გარდანამეტით მადლისა, არა ზი-არებით თუ გარდამოსვლით მხოლოდშობილის ერთიანი ღვთაებ-რიობისა, და არც რაღაც შემთხვევითი კუთვნილება პურისა და სისხლისა გარდაიქმნება შემთხვევით კუთვნილებად ქრისტეს სხე-ულისა და სისხლისა რაღაცნაირი ცვალებადობითა თუ შერევნით, არამედ, როგორც ზემოთ ითქვა, ნამდვილად არსისმიერად პური შეიქნება ხოლმე უფლის თვით ჭეშმარიტ სხეულად, სისხლი კი - უფლის თვით სისხლად.
კვალად გვწამს, რომ წმიდა ევქარისტიის ეს საიდუმლო ნებისმიერის (ადამიანის) მიერ კი არ აღესრულება, არამედ მხოლოდ კეთილმ-სახური მღვდლის მიერ, ვისაც მღვდლობა კეთილმსახური და კა-ნონიერი (სჯულიერი) ეპისკოპოსისაგან მიუღია, როგორც (ამას) აღმო-სავლეთის (მართლმადიდებელი) ეკლესია გვასწავლის. აი, ეს არის, შემოკლებულად, მსოფლიო ეკლესიის სწავლება ევქარისტიის საიდ-უმლოს შესახებ; აი, ეს არის ჭეშმარიტი აღსარება და უძველესი გადმოცემა, რომელიც არამც და არამც არ უნდა შეცვალონ ცხოვნების მსურველებთან, რომელნიც უარყოფენ მწვალებელთა ახალ და ბილწ ცრუ ბრძნობებს; პირიქით, ვალდებულნი არიან სრულიად და და-უზიანებლად დაიცვან ეს სჯულიერი გადმოცემა. რამეთუ იმათ, ვინც ამახინჯებს მას, ქრისტეს საყოველთაო ეკლესია უარყოფს და შეაჩ-ვენებს.
წევრი 18
გვწამს, რომ გარდაცვლილთა სულები ნეტარებენ ანდა იტანჯებიან, თავიანთი საქმეების მიხედვით. სხეულებთან განყრილნი ისინი უმ-ალვე გადადიან ან სიხარულად, ანდა მწუხარებად და ვაებად. თუმცა ისინი არ გრძნობენ არც სრულყოფილ ნეტარებას, და არც სრულ-ყოფილ ტანჯვას, რამეთუ სრულყოფილ ნეტარებასა თუ სრულყოფილ ტანჯვას ყოველი (ადამიანი) მიიღებს საყოველთაო მკვდრეთით აღ-დგომის შემდეგ, როცა სული სხეულს შეუერთდება, რომელთანაც (ამქვეყნად) ცხოვრობდა სათნოდ ან მანკიერად.
მომაკვდინებელ ცოდვებში შთავარდნილი ადამიანები, რომელთაც სიკვდილის ჟამს სასო არ წარუკვეთიათ, არამედ ჯერ კიდევ აწინდელ ცხოვრებასთან განშორებამდე შეუნანიათ, მაგრამ ვერ მოუსწრიათ სინანულის ნაყოფთა გამოღებაც (როგორიცაა: ლოცვა-ვედრებანი, ცრე-მლთაღვრა, მუხლთმოყრანი ლოცვით მღვიძარებათა ჟამს, გულშემუ-სვრილობა, ღარიბ-გლახაკთა ნუგეში და ღმერთისა და მოყვასის სი-ყვარულის გამოვლინებანი, რასაც კათოლიკე-საყოველთაო ეკლესია თავიდანვე აღიარებს ღმერთისათვის სათნოდ და კეთილშესაბამისად), - ესევითარ ადამიანთა სულები ჯოჯოხეთად შთახდებიან და სას-ჯელთაც დაითმენენ მათ მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის, თუმცა არ მოაკლდებიან იმის იმედს, რომ შეუმსუბუქდებათ ისინი (სასჯელნი).
ხოლო (ასეთ) შემსუბუქებას ისინი (ღმერთის) უსაზღვრო სახიერე-ბით, იღებენ მღვდელმსახურთა ლოცვებისა და იმ ქველმოქმედე-ბათათვის, რაც შესვენებულთათვის აღესრულება, ხოლო განსაკუთ-რებით უსისხლო მსხვერპლის ძალით, რომელსაც კერძოდ შესწირავს მღვდელმსახური ყოველი ქრისტიანისათვის და მისი სახლეულთა-თვის, საზოგადოდ კი ყოველთვის ყოველდღიურად შესწირავს ქრი-სტეს ერთი წმიდა კათოლიკე-საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია.