ქრისტიანული სწავლებისადმი დამოკიდებულება პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მსოფლმხედველობაში აშკარად ადოგმატურია - იგი ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტი საფუძვლების მიუწვდომლობას ასწავლის. თავის ნაშრომებში პროტოპრესვიტერმა შეკრიბა ათასგვარი სოფისტური არგუმენტი ქრისტიანული სარწმუნოების ზუსტი გადმოცემის წინააღმდეგ.
შმემანისთვის გადმოცემა წარსულია, დოგმატები კი არ არის მარადიული ჭეშმარიტება, ის საკუთარ თავთან და პრობლემებთან ადამიანის მუშაკობის ნაყოფია. ნიშანდობლივია, რომ მსგავს მიდგომაში ერთდროულად შეინიშნება, ანტიისტორიზმი და ანტითეორეტიკა. შმემანი იბრძვის მარჯვნივაც (დოგმატებთან) და მარცხნივაც (ისტორიკოსებთან).
ცხადია, შმემანი ხაზგასმით არ უარყოფს ეკლესიის სწავლებას თავის ნაშრომებში. ის ყოველნაირად გაურბის კონკრეტიზაციას. სანაცვლოდ იგი გვთავაზობს უფრო ამაღლებულ "მესამე რეალობას", რომელიც ერთმანეთთან აერთიანებს ეკლესიასა და სამყაროს. ამ "რეალობას" უწოდებს ის "სასუფეველს ღვთისა".
შმემანი მტკიცედ და ამავდროულად ბუნდოვნად განასხვავებს ერთმანეთისაგან რეალობასა და დოქტრინას: "ეკლესიასა და სამყაროზე უსასრულოდ აღმატებულია "მესამე რეალობა". სწორედ რეალობა არის სასუფეველი ღვთისა. სწორედ რეალობა და არა იდეა ან დოქტრინა გახლავთ ცენტრალური მოვლენა დახარებისა, უკეთ რომ ვთქვათ, ის თავად არის სახარება და, ამავე დროს, მარადიული ჰორიზონტი, ქრისტიანული გადმოცემების წყარო და შინაარსი".¹
პროტოპრესვიტერის მსოფლხედვაში "მესამე რელობის" შუქზე ჩრდილში მოექცა მაცხოვრის, მოციქულებისა და წმიდა მამების სწავლება. ის წერს:
"მართლმადიდებლობამ დღევანდელი სახის ისტორიული "კანონი" სწორედ ბიზანტიაში შეიძინა".² მიაქციეთ ყურადღება, არა სახარებაში, არა სულთმოფენობის დღეს, არა მოციქულრბის ეპოქაში... სიტყვა "კანონის" ფრჩხილებში ჩასმით ის საეკლესიო კანონისადმი თავის ირონიულ მიდგომაზე მიგვანიშნებს.
პრ. შმემანის აზრით, ქრისტიანები გადმოცემას თავიდანვე არ ფლობდნენ, არამედ ის ხატმებრძოლეობის დროს გაჩნდა. გადმოცემის დამკვიდრების ინიციატორებად შმემანი იმპერატორებს მოიაზრებს და არა წმიდა მამათა საუკუნოვან მემკვიდრეობას, რომელიც თურმე წმ. იოანე დამასკელის ეპოქიდან იწყება: "იმპერატორების ძირითადი მიზანი იყო არ დაეშვათ რელიგიური შფოთი, შეენარჩუნებინათ გარკვეული statusquo, ორთოდოქსული დაემთხვა კონსერვატიულს... ხატმებრძოლობის დროს საბოლოოდ გაცხადდა რელიგიური ვნებათაღელვის პოლიტიკურ ქიშპებში გადასვლის საშიშროება".³
პრ. შმემანის აზრით, მხოლოდ გვიანდელმა ბიზანტიამ მისცა მსოფლიო კრებებს ავტორიტეტი:
"ბიზანტიის ისტორიაში დადგა მომენტი, როდესაც სახელწიფომაც და ეკლესიამაც გაითვალისწინა წარსულის გამოცდილება, როცა ეს წარსული გარდაიქმნა სიძველედ, გასხივოსნდა თავისი სიძველით, ფსიქოლოგიურად ერთგვარ მარადიულ იდეალად გარდაიქმნა, რომელიც არა იმდენად სამომავლო შემოქმედების შთაგონებისკენაა მიმართული, არამედ მუდმივად თავისკენ დაბრუნებას, დღევანდელის დამორჩილებას ითხოვს. ეკლესიისა და სახელმწიფოს მდუმარე თანხმობამ ერთგვარი ფსიქოლოგიური წერტილი დასვა. საღვთისმეტყველო თემასთან ყოველი ახალი შეხება, ყოველი ახალი საკითხის წამოჭრა უკვე ამ წარსულს უნდა მიესადაგებოდეს. მამებისეული გადმოცემა, თუგინდ წმიდა მამათა ავტორიტეტის გარეგნული დადასტურება, მითითება და ციტირება, ხან კონტექსტიდან ამოგლჯილი, გახდა კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი. ბოლო დიდი წმიდა მამის წმ. იოანე დამასკელის ნაშრომებში ნათლად ჩანს მისწრაფება - ყველაფერი წარსულთან, ძველ მამებთან შეათანხმოს, დაეყრდნოს ერთგვარ consesuspatrum"-ს. წმ. იოანეს "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", - წერს ერთი ისტორიკოსი, - დარჩა "შეჯამებად" ბერძნული ღვთისმეტყველებისა, რომელსაც მომდევნო საუკუნეებმა ვერაფერი შეჰმატა და რომელშიც არაფერი შეცვლილა". გვიანდელმა ბიზანტიამ მდუმარედ აღიარა, რომ კათოლიკე ეკლესიის ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ, მთელი სისავსით ჩამოყალიბდა "ძველი მამებისა" და შვიდი მსოფლიო კრებების მიერ. ამიტომ, ახალ გამოწვევებზე, ცრუსწავლებებსა და შეკითხვებზე პასუხი მამებისეულ საგანძურში უნდა ეძიონ".⁴
ასე და ამგვარად აკნინებს პრ. შმემანი მსოფლიო კრებების, მოციქულთა სწავლებისა და წმიდა მამების დადგენილებებს, ვით დრომოჭმულს და ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ საჭიროა სარწმუნოებრივი საკითხების ახლებური ხედვა.
სულ სხვაგვარი დამოკიდებულებაა წმიდა მამებთან, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ არა სიახლეებს, არამედ მოციქულებისგან მიღებული სარწმუნოების დაცვას. ჯერ კიდევ პავლე მოციქული აფრთხილებდა გალატელებს: "არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ!" (გალ. 1. 8). პავლე მოციქული არც კორინთელებს მოუწოდებდა სიახლის ძიებას, არამედ მიუთითებდა სახარებაზე, რომელსაც ქადაგებდა: "ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ, უკუეთუ გახსოვს, გარნა თუ ცუდად რაიმე გრწმენა". (1 კორ. 15. 1-2). მკაცრად კიცხავს წმ. გადმოცემის უარმყოფელთ მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი: ყოველი, რომელიც არ საუბრობს ისე, როგორც ჩვენ გადმოგვეცა, თუგინდ ითვლებოდეს რწმუნების ღირსად, რომც მარხულობდეს, სასწაულებსაც რომ ახდენდეს და წინასწარმეტყველებდეს, - ასეთი ადამიანი მგელია ცხვრის ტყავში, რომელიც ცხვრებს თავის მსხვერპლად აქცევს".5
წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს: "შენზე გაცილებით უფრო ბრძენნი იყვნენ მოციქულები და ყველა დროის ეპისკოპოსები, ეკლესიის დამცველნი, ნუ დაამახინჯებ დადგენილს".6
უსათუოდ უნდა ვიკითხოთ ერთიც: განა ძველი ბიზანტიის წარმომადგენელი იყო წმ. ბიკენტი ლირინელი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა ეკლესიის უცვლელი კრებითი აზრი: ასე სწამდათ ყველგან, ყოველთვის, ყველას.
პრობლემა არა მხოლოდ ისაა, რომ პრ. შმემანის ფანტაზია ისტორიულად დაუსაბუთებელია. უპირველესი პრობლემაა ის, რომ სარწმუნოებრივ სფეროში, ეკლესიაში არანაირ "სამომავლო საღვთისმეტყველო შემოქმედება", ახალი დოგმებისა და კანონების შემოღება არ შეიძლება, ვინაიდან ყველა წმიდა მამა ერთხმად ამბობდა: "რაც უფრო გადის დრო, მით უფრო კნინდება სულიერება და ძლიერდება განდგომილების სული". რომელ შემოქმედებით ღვთისმეტყველებაზე შეიძლება ვისაუბროთ, თან უფრო ეფექტურსა და მართებულზე, ვიდრე ეს ჰქონდა ძველი დროის წმინდანებს?!
პრ. შმემანი დოგმატიკას ადამიანის ძალისხმევის პროდუქტად მიიჩნევს და ამიტომ ითხოვს წმ. გადმოცემის ცვლილებას, ეკლესიის ახალ-ახალი ნორმების გამოგონებას. ის დარდობს: "ღვთისმეტყველება აღარ არის მოძღვრული იმ გაგებით, რომლითაც არის დაჯილდოებული: მინიჭებული მაცხონებელი ნორმებით".7
პრ. შმემანი დანაღვლიანებულია იმითაც, რომ ქრისტიანები ინარჩუნებენ მოციქულთაგან მიღებულ ფორმასა და სტრუქტურას, როგორც თავად ამბობს განუმეორებელ სტილში: "ქრისტიანულ სამყაროში მყარდებოდა აზრი, განცდა საკუთარი სრულყოფილებისა, რომელშიც მისი ფორმა და სტრუქტურა იგულისხმება, ისინი, რაც უფრო გადიოდა, მით უფრო აღიქმებოდა საბოლოო, ღვთივბოძებულ წყალობად, რომელიც არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება".8
ვინმემ არ იფიქროს, რომ პრ. შმემანი რამენაირად იცავდეს გადმოცემას: "გადმოცემა - მარადიული წარსულია, ხოლო ცხოვრება მარადიული აწმყო და მათ შორის არ არის არანაირი კავშირი: ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს ახლავე და აქვე".9
პრ. შმემანის გაგებით ყველა ფასეულობა უნდა გადაფასდეს: ის ირწმუნება: "გადმოცემა", რომლის შესრულება ვალდებულად მიიჩნევა, არ არის ის ერთადერთი, რაც უნდა შევინარჩუნოთ და რითაც უნდა ვიცხოვროთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის არ არის ხედვა ღვთისა, სამყაროსი და ადამიანისა, რომელიც იხსნება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში".10 აქაც სიტყვა "გადმოცემა" მოხერხებულადაა ჩასმული ფრჩხილებში, ასევე მივაქციოთ ყურადღება სიტყვებს: "ის არ არის ერთადერთი".
პროტოპრესვიტერს არ სურს, რომ მართლამდიდებლები ვეთაყვანოთ წარსულს. ის იმით ასაბუთებს წმ. გადმოცემის უსარგებლობად, რომ თითქოს წმიდა მამები მხოლოდ საჩვენებლად, როგორც ეს თავად სურდათ ისე მისდევდნენ წმ. გადმოცემას. ამის დასაბუთებას იგი წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და წმიდა გრიგოლ პალამას მაგალითით ცდილობს.
ამ შემთხვევაში ხსენებული ორი წმინდანის ძველ წმინდანთა გადმოცემისაგან დამოუკიდებელ გამოცდილებაზეა საუბარი.11
წმ. მარკოზ ეფესელი ასე გვმოძღვრავს: გამოვიჩინოთ პატივისცემა ჩვენი მამებისადმი, პატივი მივაგოთ მათ მიერ დადგენილ კანონებს, დაე გვეშინოდეს შეცდომის დაშვების, დავიცვათ გადმოცემა".12
¹Шмеман А. o. Церковь, Мир, Мисия: Мысли о Провославии на Западе. М. 1996 წ.
²Шмеман А. o. Исторический путь Православия. М. Паломник. 2003. გვ. 228.
³იქვე გვ. 253.
⁴იქვე გვ. 254.
5Путь умного делания. Новиков. Т II.გვ. 14.
6იქვე გვ. 14.
7Шмеман. А. о. Церковь, мир, мисия. 1996. გვ. 154.
8იქვე გვ. 97.
9იქვე გვ. 98.
10იქვე გვ. 16
11Шмеман.А. о. Исторический путь Провославия. 2003. გვ. 263.
12Путь умного делания. Новиков. Т II.გვ. 14.
Мировозрение. Пр. А. Шмемана. Р. Вершил.
დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია