დამანგრეველი მასშტაბისაა პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მცდელობა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლების უარსაყოფად. აი, რას წერს იგი: "ჩვენ დროში რწმენაზე, რელიგიაზე, ქრისტიანობაზე მეტწილად უსახო, ობიექტური, დოგმატური კუთხით საუბრობენ. არა მარტო რელიგიის მტრები, არამედ მორწმუნე ადამიანებიც მიეჩვივნენ მსჯელობას იმაზე, თუ რას და როგორ ასწავლის ქრისტიანობა, რას და როგორ ამტკიცებენ მორწმუნეები. რწმენა, თავისი ბუნებითა და არსით, არის რაღაც ღრმად პიროვნული და ის მხოლოდ პირად გამოცდილებაში ცხოვრობს სინამდვილით. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიის ესა თუ ის სწავლება, ესა თუ ის, როგორც ვამბობთ, დოგმატი, ანუ რაღაც ჭეშმარიტების მტკიცება, გახდება ჩემი რწმენა და ჩემი გამოცდილება, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მთავარი არის, მხოლოდ მაშინ არის ეს რწმენა ცოცხალი"... ქრისტიანული რწმენა, თავისი სიღრმით, არის პირადი შეხვედრა ქრისტესთან, საბოლოოდ, ეს არის არა ქრისტეს რომელიმე სწავლებისა ან დოგმატის მიღება, არამედ თავად ქრისტე".¹
ამ "საკვირაო საუბრების" ფრაგმენტიდან ნათლად ჩანს, პრ. შმემანის მსოფლმხედველობაში ერთმანეთს უპირისპირდება პირადი გამოცდილება და ქრისტიანული დოგმები.
პრ. შმემანი გამოცდილებას უაპელაციოდ განსაზღვრავს ვით პირად, სუბიექტურ, ადოგმატურ სწავლებას. რწმენა კი საპირისპირო სიტყვებით არის განსაზღვრული: უსახო, ობიექტური და დოგმატური. მხოლოდ ეს განსაზღვრება კმარა საიმისოდ, რომ დავინახოთ პრ. შმ. ღვთისმეტყველების საფრთხე.
აშკარად იგრძნობა დოგმატების, ჭეშმარიტი მტკიცებულებების აბუჩად აგდების ტონი: "როგორც ვამბობთ, დოგმატი", "რაღაც ჭეშმარიტების მტკიცება".
როგორც იქნა, ერთი პოზიტიური განცხადებაც გვაღირსა პროტოპრესვიტერმა: რწმენის ცნება დოგმატურად განსაზღვრა. უცნაური სურათის მომსწრენი ვხდებით: პრ. შმემანის სისტემაში რწმენა და გამოცდილება მეტწილად პირადული და ობიექტურია. ამგვარ შეუთავსებლობას იმის გამო ვაწყდებით, რომ პრ. შმ. ყოველივეს არა უცვლელი ჭეშმარიტების, არამედ საკუთარი ანუ ადამიანური საზომით აფასებს. შედეგად, გამოცდილება უკიდურესად პირადული და, ამავე დროს, უკიდურესად მასობრივი ხდება, მაგრამ... განშორებული ჭეშმარიტებისაგან, ვიდრე ჭეშმარიტი რწმენა და გამოცდილება.
ამრიგად, პრ. შმემანი ხმამაღლა აცხადებს: პირადი გამოცდილება და არა დოგმატი. მის სწავლებაში დოგმატი კარგავს დამაჯერებელ ძალას. მასში (დოგმატში) პრ. შმ. ცდილობს რაიმე სარგებელი იპოვოს, ვინაიდან, მისი აზრით, დოგმატის რწმენის შედეგად შეიძლება მიეცეს დოგმატს გარკვეული ლეგიტიმურობა და სარგებელი ადამიანისათვის ანუ ურწმუნოსათვის.
ქალკედონის დოგმატში პრ. შმ. დაინახა სწავლება ადამიანზე, რომელიც იწ არ არის: "ამ კამათებში, მისწრაფებაში "აითვისონ" უდიდესი ღმერთკაცობრივი საიდუმლო, მართლმადიდებლურმა აღმოსავლეთმა ჭეშმარიტად ქრისტიანული "ჰუმანიზმი" და მსოფლჭვრეტა აითვისა".²
თავისი ანტიისტორიული განწყობით პრ. შმ. ირწმუნება, რომ ქალკედონის დოგმატი იყო ადამიანის თავისუფლებაზე, გმირობასა და პირად ძალისხმევაზე მსჯელობა".³
მაშასადამე, პრ. შმ. თანახმად, წმიდა მამები ქალკედონის კრებაზე ადამიანის თავისუფლების, გმირობისა და პირადი ძალისხმევის საკითხზე მსჯელობდნენ. მას არ სურს გააცხადოს, რომ დოგმატი არსობრივად არ არის ადამიანური მსჯელობის ნაყოფი, მით უფრო ფიქრი ადამიანის თავისუფლებაზე..., არამედ ის სული - წმიდის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტებაა.
შმემანი დოგმატებს აღიარებს როგორც თავისებურ პრაქტიკულ საქმიანობას, მისაღებს ამ თუ იმ განუენებული მოსაზრებით: "ქრისტიანული ჰუმანიზმი, სრული ადამიანი... - აი, საბოლოო შედეგი ქრისტოლოგიური კამათებისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლური გამოცხადებისა".⁴
ანტითეორეტიზმი პრ. შმ. მსოფლმხედველობაში უკიდურეს ზღვარს აღწევს: თითქოს დოგმატი სალანძღავი სიტყვა იყოს. აქედან მომდინარეობს ეკლესიის მიმართ გამოთქმული მორიგი ბრალდება - პრ. შმ. მიიჩნევს, რომ წმიდა მამები კი არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს მსო-ფლიო კრებებზე, არამედ მეფეები ერთპიროვნულად იღებდნენ დოგ-მატურ გადაწყვეტილებებს: "თითქოსდა თავისი შეუხებელი დოგმატური "წმიდა წმიდათა" სწავლების გამოყოფით, ანათემებით გარემოცულს, მას (მეფეს - რედ) დაუმორჩილეს თვით იმპერია. ეკლესია უკვე ვეღარ გრძნობს სამეფო ხელისუფალის ზღვარს, თითქოს, გახდა რა ბოლომდე "მართლმადიდებელი", მეფეს შეუძლია აკეთოს ეკლესიაში ყველაფერი, რაც სურს".5
აქ ისევე, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, პრ. შმ. პროტესტანტულ სწავლებას ეყრდნობა. ამით იგი კიდევ ერთხელ ცდილობს დააკნინოს წმიდა მამათა ღვაწლი, ეკლესიის კრებითი თვისება, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებათა სახით ფლობს უცდომელობას.
აქაც, ნაცად ხერხს, რა თქმა უნდა, არ ღალატობს - ჭეშმარიტი ორიენტირების გამომხატველ ტერმინებს ფრჩხილებში სვამს: "წმიდა წმიდათა", "მართლმადიდებელი". დოგმატს - "შეუხებელს", ირონიულად მოიხსენიებს, რითაც ნათლად გვიჩვენებს თავის ნამდვილ სახეს.
შმემანიზმისადმი სიმპათიით განწყობილ პირებს შევახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც უცდომელი ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, თავის უცდომელობას სწორედ დოგმატური სწავლების საშუალებით გამოხატავს.
ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში, დროთა თუ მეფეთა ცვალებადობის მიუხედავად, ეკლესია ყველა დოგმატს შეუცვლელად ინახავდა. ყველა წმიდა მამა ყველა დროში, საუკუნეების განმავლობაში, ერთსა და იმავე დოგმატს აღიარებდა. ეკლესია არასდროს უარყოფდა თავის ადრინდელ პოზიციას და არ ცვლიდა მას რომელიმე ახალი განსაზღვრებით. როგორც ამას აკეთებს პრ. შმემანი. ძველ ფორმულირებებს ვერასოდეს ვერანაირი მოდერნისტულ - ევოლუციური პროცესი, ვერც ერთი "ავტორიტეტი" მოდერნისტი ვერ შეცვლის. ისინი, სამუდამოდ თანამედროვენი, რჩებიან ცოცხალ მდგომარეობაში, მათ "დოგმატებს" ვერ ჩააბარებ ისტორიის არქივში.6
წმიდა ირინეოს ლიონელი ამბობდა ამის შესახებ: "დოგმატები - განცხადებაა იმისა, რაც წერია წმ. წერილში. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ რაიმე მივუმატოთ ან გამოვაკლოთ ეკლესიის დოგმატურ განსაზღვრებებს". პავლე მოციქული მკაცრი სიტყვით მოძღვრავდა გალატელებს: "დაღათუ ჩვენ გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ"7 (გალ. 1.8).
ამრიგად, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ნათელია, საითკენ მიჰყავს მსჯელობა პრ. შმემანს - ადოგმატური, ამორფული, სეკულა-რული სარწმუნოებისაკენ, რომელიც ესოდენ სანუკვარია მოდერნისტებისათვის.
¹Шмеман. А. о. Проповеди и беседы. М. Паломник. 2003. გვ. 128.
²Шмеман. А. о. Церковь, мир, миссия: Мысли о Православии на Западе. М. 1996. გვ. 58.
³Шмеман. А. о. Исторический путь Православия. М. 2003. გვ. 14.
⁴იქვე გვ. 207.
5იქვე გვ. 248.
6Вл. Лосский. Догмат церкви и эклезиологические ереси. გვ. 67.
7ციტ. წიგნ. Папство - это ересь. Кирил. Костопулос. გვ. 25.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია