იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და ეკლიანია არა თა-ვისი ბუნებით, არამედ ჩვენი ვნებების გამო. და რადგან გვსურს გულიდან ეკლიანი ფესვების - ვნებების ამოძირკვა და იქ სასარგებლო მცენარეების დარგვა, ბევრი შრომა მოგველის, ხელები დაგვისისხლიანდება და ოფლშიც გავიწურებით; ამდენი ფესვის, ანუ ვნების ნახვისას დროდარდო სასოწარკვეთასაც მივეცემით. მაგრამ სასოება ქრისტეზე, ჩვენი სულების მკურნალზე უნდა დავამყაროთ და გულის ნიადაგი ყოველდღიურად დავამუშაოთ, გავწმინდოთ. მოთმინება, გლოვა, სიმდაბლე, მორჩილება, ნების მოკვეთა - ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის დამუშავებას. ძალ-ღონე არ დავიშუროთ და ღმერთი, რომელიც ჩვენს შრომას ხედავს, მოვა და აკურთხებს მას და წარმატებას მივაღწევთ.
გამხნევდი, შრომა ხანმოკლე და წარმავალია, ხოლო "სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა".1 იბრძოლე და იფხიზლე გულისსიტყვებთან მიმართებაში. ურყევი სასოება გქონდეს, რადგან ეს მიანიშნებს, რომ სახლი კლდეზეა დაფუძნებული.
***
ნუ ასაზრდოებ ვნებებს დათმობით, რომ ტკივილისა და მწუხარების დათმენა არ მოგიხდეს! ახლა, რამდენადაც შეგიძლია, გაისარჯე. თუ ვნებებს გულმოდგინებით არ აღუდექი, დროთა განმავლობაში მეორე ბუნების ადგილს დაიკავებენ, მერე სცადე და გაუმკლავდი მათ. და თუკი ახლა, ჩვენი რჩევით, მათ წესისაებრ შეებრძოლები, გათავისუფლდები და ღვთის მადლით, თავს ბედნიერად იგრძნობ.
***
შვილო, მწერ შენი ხორციელი ბრძოლის შესახებ. მოთმინება. და ღვთის მადლით, ყველაფერი ჩაივლის. არაფერი დაგრჩება, ოღონდაც იბრძოლე. თუ მხნედ აღუდგები წინ ყველაფერს, რაც გებრძვის, ბრძოლა ხანმოკლე აღმოჩნდება.
ხორციელი ვნება მთელი ახალგაზრდობის მანძილზე შენი თანამგზავრი იქნება, თუმცა შენი ბრძოლის შესაბამისად შესუსტდება და შენთვის ასატანი გახდება. ამპარტავნების ვნება კი ახალგაზრდობის შემდეგაც, უფრო დიდხანს გასტანს. შემდეგ კი დაისვენებ იმ ბრძოლისა და სულიერი ცოდნის შესაბამისად, რითაც შეეწინააღმდეგები.
ეს ორი ვნება ყველა დანარჩენზე უფრო ძლიერია, ამ ორზეა აღმართული ცოდვის მთელი შენობა და ერთი მეორის შემადგენელია. ორივე საზარელი ლომია, მაგრამ ჩვენს იესოს ერთი მხიარული მზერით შეუძლია ისინი მტაცებელი ფრინველების საზრდოდ აქციოს.
***
ნუ მრისხანებ - ეს ეგოიზმის ნიშანია, სიმშვიდე და სულგრძელობა კი სიმდაბლეზე მეტყველებს.
ამიტომ, შვილო, თუ გსურს შეასუსტო და ამოძირკო შენი ვნებები, სიმდაბლე და თავის განკითხვა შეიყვარე. ვნებები მხოლოდ ამ გზით სუსტდება და აღმოიფხვრება.
***
ხანდახან კაცი ეჭვობს, რომ მასზე ცუდი გულისსიტყვები აქვთ ან ამასა და ამას ამბობენ. ამ ეჭვს, წმინდა მამების მიხედვით, გონებისმიერი ტყუილი ეწოდება. ხოლო სიტყვიერი ტყუილია, როცა იმის ნაცვლად, რომ ვთქვა, მაგალითად, „მაქვს ხუთი დრაქმა", ვამბობ: „მაქვს ათი". ცხოვრების წესისმიერი ტყუილი კი ისაა, როცა, მაგალითად, უდებების გამო ლოცვაზე დაგვიანებით მისული აღიარების ნაცვლად ვამბობ: „დაღლილი ვიყავი, რადგან დღისით ბევრი ვიმუშავე!"
***
მარხვა გამორჩეული სათნოებაა: იგი ხორციელ ლტოლვას აოკებს, სულს ძალას აძლევს, რომ შეებრძოლოს გულის მოწამვლას გრძნობების მიერ და უწინ მიღებული შხამისგან გამაჯანსაღებელ წამალს სთავაზობს.
მარხვა გონების მთლიანად განწმენდის, ანუ ბოროტი აზრის აღმოფხვრისა და ღვთიური ჯანსაღი აზრების, წმინდა გულისსიტყვების მიზეზი ხდება. ეს კი გონებას განანათლებს და ისიც მეტი მოშურნეობითა და სულიერი მხურვალებით აენთება.
***
მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის, თუ როგორ განვიწმინდოთ გული ვნებებისგან, როგორ შევასუსტოთ რომელიმე ვნება ან მანკიერება! ის, რითაც ღმერთი დროდადრო გვანუგეშებს, გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, რადგან მოდის და მიდის. ოჰ, ეს ვნებები! ისინი ეკლიანი ფესვებია! რამდენი შრომა, რამდენი ტკივილი, რა ცრემლი და ლოცვაა საჭირო, რომ კაცმა მცირედი შვება მაინც იგრძნოს. ეს ნამდვილი მოწამეობაა!
***
სიძვა ძნელად დასაძლევი ვნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას წინ უსწრებს და აძლიერებს წინაგანწყობა2. მაგრამ ღმერთი ამ ვნებისგან ათავისუფლებს მას, ვინც მისკენ სიმდაბლით მიიქცევა, რადგან იცის, თუ რა ადვილად ეცემა ჩვენი ბუნება.
***
ვევედრები მოწყალე ღმერთს, ხსნის გზა გვიჩვენოს და როგორც ირემს, წარგიძღვეს მაცოცხლებელ და განმაახლებელ „წყაროთა მიმართ წყალთასა"3, რადგან სასტიკი და ძნელად სავალია ცხონების გზა. ადამიანი სავსეა ვნებებით, უძლურებებით, თვითრჯულობით4 და ა.შ. და მათგან გასათავისუფლებლად სისხლისმღვრელი ბრძოლა უნდა გასწიოს. ხოლო, როცა ღვთის დახმარებით მოიპოვებს გამარჯვებას, ეს აქ, ამ ცხოვრებაში იქნება წინაპირობა კრავთან მომავალი ქორწინებისა, რომელიც ღვთისგან დაწყევლილი სასტიკი ხელით არაადამიანურად დაიკლა.
1 მათ. 5, 12.
2 წინაგანწყობა (ბერძნ.) - არის მეხსიერებაში ძველი ცოდვების უნებური არსებობა. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ამა თუ იმ ცოდვის ხშირი განმეორებით, რაც წინასწარ განაწყობს ადამიანს დაუთმოს გარკვეულ ცდუნებებს, რადგან ცოდვა უკვე ჩვევად იქცა. თუმცა ადამიანი ინარჩუნებს თავისუფალ ნებას და შეუძლია შეეწინააღმდეგოს გამოწვევას ეშმაკების მხრიდან, მაგრამ ჩვევა, ჩვეულებრივ, ამ წინააღმდეგობას თანდათან უფრო აძნელებს.
3 იხ. ფსალმ. 41, 1.
4 თვითრჯულობა - ჭირვეულობა, სიჯიუტე, გაკერპება.
ბერი ეფრემ ფილოთეველი
Xareba.net - ის რედაქცია