კიდევ ერთი ძლიერი ვნება, რომელიც თაყვანისმცემლებს თავისკენ იზიდავს, არის ნარკომანია. სულიერი თვალსაზრისით ნარკომანია ღვთის მცნების წინააღმდეგ ცხოვრებას „ბრძანებს": მოთმინების სანაცვლოდ თავდავიწყებას სთავაზობს ადამიანს, მოყვასზე ზრუნვას საკუთარი თავის ავადმყოფურ ეგოიზმს ამჯობინებს. აქაც, მემთვრალეობის მსგავსად, ნარკოტიკის მიღება ცხოვრების მიზანი ხდება. ნარ-კომანის გონება, ნება-სურვილი სრულიად მოცულია ერთადერთი წადილით, როგორმე დაიკმაყოფილოს თავისი სურვილი, გაექცეს ყველა პრობლემას და მაქსიმალური სიამოვნება იგემოს ამ ცხოვრებიდან.
ნარკომანიის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს: ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების გზით ამ ცხოვრების სირთულეებისაგან გაქცევა, რაც ავადმყოფობამდე მისული ჩვევით სრულდება.
ქრისტიანმა კარგად იცის, რომ ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, როგორმე მიგვიზიდოს ტკბილი საცდურით, ათასგვარ მზაკვრულ ხრიკს გვიგებს, რათა თავის ცრუ სამყაროში გამოგვიჭიროს. ამიტომ ეკლესია გვასწავლის, დიდი სიფრთხილით შევხვდეთ „ტკბილ", „საამო", მდგომარეობებს. შეუმოწმებლად არ მივიღოთ არავითარი „გამოცხადება", „ხილვა", „ჩვენება" თუ სხვა რამ უჩვეულო. ჩვენ არც უეცარ ძლიერ სასიამოვნო გრძნობებს ვუჯერებთ, ვინაიდან ვიცით, რომ ეშმაკს სხვადასხვა გზით შეუძლია სიამოვნების ტყვეობაში მოაქციოს ადამიანი და შემდეგ მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს მას.
ქრისტიანობა კატეგორიულად კრძალავს ყოველგვარი გამაბრუებელი ნივთიერებისა თუ სასმელის მიღებას, ვინაიდან ადამიანი ამ დროს ბნელეთის სულებთან ამყარებს კავშირს. თავისთავად ეს სურვილი - დალიო ან გაიკეთო რაღაც ნივთიერება, რაც ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას განგაცდევინებს და აბსოლუტურად უცნობ, იდუმალ სამყაროს დაგანახებს, არის დაცემულ სულებთან კავშირის ნიშანი. ამის შედეგია ღვთისგან სრული განშორება და იმ „ღმერთებთან" კავშირი, რომლებსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ეშმაკებს ვუწოდებთ.
ხელოვნურად შექმნილი გამაბრუებელი სასმელებისაგან განშორება თავად მაცხოვარმა გვიანდერძა, როცა თვით ჯვარცმის ჟამს მიწოდებული შემურვილი ღვინო არ მიიღო. (მარკ. 15.22). ლექსიკონის განმარტების თანახმად „შემურვილი ღვინო" ანუ მური - არის უზრუქესი ლურნელი... გამოიხდება ყვავილისაგან. ის გამაბრუებელი სასმისია, რომლისაგანაც შეგრძნებები სუსტდება. მას აძლევდნენ ჯვარზე გაკრულებს, რათა ის აუტანელი ტანჯვა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ.
მაცხოვარმა თავისი მაგალითით გვიჩვენა, რომ განსაცდელს ადამიანი ფხიზელი გონებით უნდა შეხვდეს და არა სხვადასხვა საშუალებებით გაბრუებული.
ათეული წლის წინათ, ალბათ, ვერ ვიფიქრებდით, რომ ნარკომანია გლობალური პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დილემა გახდებოდა. ის თანამედროვე კერპთაყვანისცემის ყველაზე მაშტაბური გამოხატულებაა.
ჩვენ დროში ნარკომანია სრულიად განსხვავებულად განიმარტება: ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს მძიმე, უკურნებელი სენია, პოლიციელების აზრით დანაშაულია, თავად ამ მანკიერების მსხვერპლნი კი მიიჩნევენ, რომ ნარკომანის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია.
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ნარკომანია უნდა განიხილებოდეს როგორც დემონოლოგის საგანი, რომლის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სულების დაღუპვაა. ნარკოტიკების მიღება ადამიანს უცნაური, მკვეთრი, სასიამოვნო, მაგრამ არაბუნებრივი გრძნობების დამღუპველი სამყაროსკენ უხსნის გზას. ამ გზაზე ადამიანს მეგზურობას დაცემული სულები უწევენ. ისინი ჯერ მახეში გაბმულ მსხვერპლს მოიქცევენ, შემდეგ უნარკოტიკოდ ცხოვრებას ისე გაუძნელებენ, რომ ამ შხამის მოპოვებისთვის უამრავ ამორალურ, უზნეო, კრიმინალურ საქციელს ჩაადენინებენ. როგორც წესი, ნარკომანი რომელიმე ვენერიული დაავადებითაა დასნეულებული (ც-ჰეპატიტი, შიდსი თუ სხვა). მათი ბოლო ტრაგიკულია. ხშირ შემთხვევაში ნარკომანები თვითმკვლელობით ასრულებენ ცხოვრებას. ასეც რომ არ მოხდეს, მათი ორგანიზმი იმდენად განადგურებულია შხამის მიღებით, რომ დიდხანს ცხოვრება მაინც არ უწერიათ.
რითი იწყება ნარკომანობა? როცა ცოდვით დამძიმებული სული არ ეძებს შველას ეკლესიაში, უთუოდ ვარდება მძიმე შინაგან კრიზისში. სულს არ ასვენებს შეუნანიებელი ცოდვები. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი განცდა მას აიძულებს ეძებოს რაიმე მსუბუქი საშუალება ამ სიმძიმის თავიდან ასაცილებლად; ის უნდა გაექცეს სინდისის ქენჯნას, იპოვოს რაღაც ილუზორული სამყარო, სადაც არც საზრუნავი არსებობს, არც საწუხარი.1
თავდაპირველად ნარკომანი ძნელშესამჩნევია, ვიდრე „ფარული ნარკომანი" ეწოდება. ესენი მეტწილად ჰაშიშისა და მარიხუანის (ე.წ. პლანის) მწეველებია, შეიძლება ოჯახში დიდი ხნის მანძილზე ვერ შეამჩნიონ ამ სენის არსებობა. თავად ნარკომანი პირველ ეტაპზე შემდეგნაირად ფიქრობს: მას ნებისმიერ წუთს შეუძლია გაწყვიტოს ნარკოტიკთან ურთიერთობა, აანალიზებს, ხან ნანობს კიდეც ჩადენილს. მაგრამ სინდისის ქეჯნას ის ნელ-ნელა ახრჩობს ნარკოტიკის მიღებით, ასე გრძელდება დიდხანს. შემდეგ წრე იკვრება და ნარკომანი ხვდება, რომ ის უკვე მთლიანად ნარკოტიკის ზეგავლენის, მონობის ქვეშ იმყოფება.
ამ პერიოდიდან ნარკომანი საერთოდ იღებს ნამუსზე ხელს. ის აღარ ღებულობს არანაირ შენიშვნას. მზად არის საათობით დაიცვას თავისი „სიმართლე", ღიზიანდება მართებული აზრის გაგონებაზე. მისი დამახასიათებელი თვისება - სიცრუე ხდება. ხოლო, თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს მის სიტყვებს, შეურაცხყოფილი რჩება.
ერთი სიტყვით, ნარკომანია იმდენად მძიმე სენია, რომ ერთეულები ახერხებენ მისგან განთავისუფლებას.
სად ვეძებოთ გამოსავალი? პირველყოვლისა ეს თავად ავადმყოფს (ნარკომანს) უნდა სურდეს. როგორც მოგახსენეთ, ნარკომანია სულიერი სნეულებაა, შესაბამისად, მკურნალობაც დედაეკლესიის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს. ჭეშმარიტი კურნება მხოლოდ ქრისტე ღმერთის მეშვეობით არის შესაძლებელი. პირველყოვლისა ნარკომანმა უნდა:
1) გამოიჩინოს თავმდაბლობა და აღიაროს თავისი მდგომარეობა.
2) განერიდოს ნარკოტიკს.
3) უზრუნველყოს მედიცინური დახმარება.
4) მიიღოს ემოციური მხარდაჭერა, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისაგან.
5) შეცვალოს საურთიერთობო წრე.
შედეგის მოპოვებისთვის საჭიროა ე.წ. „სოციალური სიკვდილის გადატანა", ურთიერთობის გაწყვეტა ძველ სამყაროსთან, ვინაიდან სიკვდილის გარეშე არ არის აღდგომა.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ნარკომანს არ მიეცეს საშუალება ჩაიკეტოს საკუთარ თავში, რათა არ გაუჩნდეს ფსიქიკური პრობლემები, თავის მოკვლის სურვილი და მისთ.
ნარკოლოგიური პრობლემის კვალიფიციური სპეციალისტები, მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირის მქონენი, ურჩევენ ნარკომანებს:
1) სინანულს თავისი ცოდვის გამო და ამავე დროს, შესისხლხორცებას იმ აზრისა, რომ მისი განკურნება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
2) აღიარონ საკუთარი ძალების უსუსურობა.
3) იქონიონ შემართება, უკუაგდონ საკუთარი ნება და მიენდონ ღმერთს.
4) სრული ანალიზი წარსული ცხოვრებისა.
5) აღსარება მოძღვართან.
6) იყოს შემართებით, რომ ღმერთი იხსნის სულიერი დეფექტებისაგან.
7) ევედროს უფალს თავისი ნაკლის განკურნებისათვის.
8) გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებსაც მივაყენეთ ზიანი, ტკივილი.
9) პირადად ავუნაზღაუროთ დანაკლისი, თუ არის შესაძლებელი.
10) გავაგრძელოთ თვითანალიზი, შეცდომების დროს მყისიერად ვაღიაროთ ისინი.
11) ლოცვით დავამყაროთ კავშირი ღმერთთან.
12) სულიერი გაღვიძების შემდეგ, გადავიტანოთ ეს პრინციპები ცხოვრებაში, ვაუწყოთ სხვა ნარკომანებსაც გამოსავლის შესახებ.
როგორც ხედავთ, ნარკოტიკისაგან განთავისუფლება მძიმე ჯვარია.
საჭიროა უდიდესი მოთმინება, თავმდაბლობა, ღვთის იმედი, ბევრი შრომა და, რა თქმა უნდა, ლოცვა. მის გარეშე ყველაფერი მოჩვენებითი, უსარგებლო და უაზროა.
თავად ნარკომანს, უძღები შვილის მსგავსად, ზეციური მამის იმედი უნდა ჰქონდეს. ირგვლივ ყველაც რომ განუდგეს, ახსოვდეს, რომ ღმერთს უყვარს იგი და სულგრძელად ელოდება თავისი შვილის დაბრუნებას. წმიდა წერილისამებრ: „რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულთა" (ლუკ. 9.10).
ამრიგად, მხოლოდ დედაეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენი სულისა და ხორცის აურაცხელი წყლულების განკურნება არის შესაძლებელი.
უწმინდესის სიტყვებით დავასრულებთ სათქმელს: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. რწმენა, გონიერება, სიყვარული და ნებისყოფა იყო და არის ადამიანის მკურნალი და დამცველი".2
1არქ. ლაზარე (აბაშიძე). აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის. გვ. 45-47.
2უწმინდესი და უნეტარესის ილია II-ის ქადაგებები.
"Xareba.net"-ის რედაქცია