როგორ ცხოვრობდა კაცობრიობა მაცხოვრის მოსვლამდე? როგორ ელოდა ის კეთილ უწყებას ახალი, ნათელი გზისაკენ, რომ უკეთესი დღე გასთენებოდა ვნებებითა და ცოდვებით დამძიმებულს.
მთელი მაშინდელი სამყარო რომის იმპერიის მარწუხებში იმყოფებოდა. ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე მიწები, რომლებიც იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროს შეადგენდა, რომის ლეგეონის მიერ იყო დაპყრობილი. რომის აყვავებისა და ძლიერების ეპოქა იდგა. რომი იზრდებოდა და მდიდრდებოდა. ყველა ქვეყანა ხარკს მას უხდიდა. ულევი საგანძური იყრიდა თავს რომში. შემთხვევით არ ამბობდა ავგუსტი, რომი მარმარილოს ქალაქად ვაქციეო. მართალია მეტწილად პატრიციები და რაინდები მდიდრდებოდნენ, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, საზოგადოების უმაღლესი ფენებიც კი არ გრძნობდნენ თავს ბედნიერად. სიმდიდრეს ვერ გამოჰყავდა ისინი მოწყენილობისა და უიმედობისაგან. არადა იმ დროინდელ მდიდართა ფენა ასე ცხოვრობდა, ძვირფასი თეთრი მარმარილოთი მორთული აგარაკები, საუკეთესო მოქანდაკეების მიერ ქმნილი იმპერატორებისა და ღმერთების შესანიშნავი ქანდაკებები რომ ამშვენებდა.
ძვირფასი ქვებით ზღაპრულად მორთული მოზაიკური იატაკი. ეზოს შუაგულში კვადრატული აუზი, სადაც ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ; მოოქროვილი, მხატვრული ფრესკებით შემკული კედლები, რომლის ფერები საოცრად გადადიოდა ერთიმეორეში. სახლებში - ძვირფასი ავეჯი და მოკაზმულობა, ეზოში - მრავალი გაწაფული მონა, სხვადასხვა კარფენიანები ემსახურებოდნენ ოჯახის უფროსებს.
მათი ტრაპეზი ოცდათხუთმეტი ნაირნაირი კერძისა და საუკეთესო წვენებისა და ღვინისაგან შედგებოდა. ეს კერძები კულინარიის განსაკუთრებული ნიმუში გახლდათ. ძალიან ძვირიც ღირდა. ეს იყო ღორმუცელობის კულტი. საკვებს დიდი ყურადღებით, გასტრონომიის ყველა წესის დაცვით მიირთმევდნენ; მიირთმევდნენ ძალიან ნელა, რათა დანაყრების სიამოვნება გაეხანგრძლივებინათ. მათ საზეიმო წვეულებებზე საუკეთესო პოეტები, მომღერლები და მოცეკვავეები ჰყავდათ მოწვეული.
ყოველივე ამის მიუხედავად... მათ არაფერი ახარებდათ. ყველაფერი მობეზრებული ჰქონდათ. ახალი გართობის გამომგონებელს უდიდეს თანხებს უხდიდნენ, მაგრამ ძალიან ძნელი იყო რაიმე გამაოცებელი შეგეთავაზებინა.
ასე ცხოვრობდნენ რომაელი დიდგვაროვნები. საზოგადოების უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლებიც ნელ-ნელა ეჩვეოდნენ უდებ ცხოვრებას. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო „პური და სანახაობა!"
საზოგადოებრივი კიბის ქვედა საფეხურზე, სადაც მონები ცხოვრობდნენ, დავინახავთ მხოლოდ ტანჯვასა და განუწყვეტელ მწუხარებას. მონა არ ითვლებოდა ადამიანად. ის იყო ინსტრუმენტი, ნივთი, რომელიც ეკუთვნოდა უფროსს. მონის მოკვლა, დასახიჩრება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ერთხელ, იმპერატორი ავგუსტი იმ დროის ყველაზე მდიდარ მეცენატს სტუმრობდა. წვეულების დროს, მონას გაუტყდა ძვირფასი ვაზა. მეცენატის ბრძანებით ის თევზებს ჩაუგდეს საჭმელად.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გასართობ სანახაობად კოლეიზუმზე გლადიატორების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები და მხეცებთან მონების შერკინება ითვლებოდა. აჯანყებულ მონებს ჯვარზე აკრავდნენ. დაბერებულებს კი უკაცრიელ კუნძულზე ბედის ანაბარა ტოვებდნენ.
ერთი სიტყვით, რომის საზოგადოების ყველა ფენაში იგრძნობოდა დაძაბული, უხალისო, მოსაწყენი მტანჯველი ცხოვრება.
ნუგეში არსაიდან ჩანდა. წარმართული რელიგია არავითარ სულიერ შემსუბუქებას არ ანიჭებდა ადამიანებს. ცხადია, მასში არ იყო ის მადლმოსილი ძალი, რომელსაც შეუძლია ადამიანის გაბედნიერება. გარდა ამისა, ქრისტეს მოსვლამდე რომის წარმართულ რელიგიაში მეტწილად აღმოსავლური რელიგიების ელემენტები იყო შეჭრილი. ამის გამოისობით გაღმერთებული იყო ავხორცული ვნებები, გარყვნილება, სიმთვრალე, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა იმდროინდელი კაცობრიობის სულიერ მდგომარეობას.
წარმართული ფილოსოფიაც ვერ ავსებდა ადამიანს, ვინაიდან ის მხოლოდ ამქვეყნიურ ბედნიერებაზე საუბრობდა და ვერ ათავისუფლებდა მას ამქვეყნიური მარწუხებისაგან.
აკლდა ფილოსოფიას ღვთაებრივი ნიშანი. ის ღმერთი, რომელსაც ბუნებას უწოდებდნენ, არანაირი უპირატესობით არ სარგებლობდა იმ ღმერთებთან შედარებით წარმართული რელიგიები და მითოლოგიური მოთხრობები რომ ქადაგებდა. ფილოსოფოსების ღმერთი, არა პიროვნული ღმერთი, არამედ ბრმა ბედიღბალია, რომლის დარტყმის შედეგად ადამიანი უიმედობაში ვარდება და იღუპება.1
ამრიგად, ქრისტეს მოსვლამდე მსოფლიოს ყველა ხალხი, გარდა იუდეველებისა, კერპებს სცემდა თაყვანს, მათ შორის კულტურულად ყველაზე განვითარებული ბერძნები და რომაელებიც. ქრისტეს მოსვლის წინ პოლიტიკურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო რომაელებს ჰქონდათ. მათი რელიგია უგუნური კერპთაყვანისმცემლობისა და უხეში ცრუმორწმუნეობის უცნაურ ნარევს წარმოადგენდა. მარტო „ცეზარის კულტის" თაყვანისცემა რად ღირს.
ცნობილი მორალისტი და ისტორიკოსი ჩესტერტონი ისტორიისა და კაცობრიობის ცხოვრების არსის ხედვისაკენ მოგვიწოდებს. ორი ათასი წლის წინათ, ქრისტეს განკაცების პერიოდში, როცა კართაგენის სიმდიდრემ და რომის დიდებამ აპოგეას მიაღწია, კაცობრიობამ გახრწნა დაიწყო. რომის დღეები დაუსრულებელი ზეიმივით მიედინებოდა. სხვადასხვა რელიგიური სწავლებისა და მითოლოგიის „თანაარსებობის" მოხერხებული პრინციპი მოპოვებული იყო. რომის მოქალაქეებს, თავისი ნებისაებრ, ღვთის თაყვანისცემა მხოლოდ ერთი, მცირე ოფიციალური ჟესტის შესრულება არ ეკრძალებოდათ. კერძოდ: იმპერატორის ძეგლისათვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ, რადგან ის „ღვთაებრივ" ტიტულს ატარებდა. რომაელებისთვის ამ ჟესტის შესრულება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.
ქრისტეშობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთებისთვის ამ რიტუალის შესრულება მიუღებელი იყო. ერთი მცირე აღმოსავლური ჯგუფის წევრები ამ ჟესტის შესრულების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ. რატომ იქცეოდნენ ისინი ამგვარად, რომისთვის გაუგებარი იყო.
იმპერატორის ძეგლის რელიგიურ თაყვანისცემაზე გახშირებული უარი აღიზიანებდა რომს. ამ რელიგიური ჯგუფის ადამიანები, რომლებმაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს მთელ რომის იმპერიას, მათ თვალში შეშლილების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ეს უცნაური ჯგუფი უბრალო ხალხისა და მონებისაგან შედგებოდა. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ. მათ რიცხვში, როგორც ჯარში, შეკრულობა, ერთსულოვნება, ადამიანური სირბილე და ამასთანავე მოუდრეკელი ნება შეინიშნებოდა. ძალდატანების მიუხედავად ქრისტიანები მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე. მათში, სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული სულიერი არსი იყო. ჩესტერტონი შემდეგში ამგვარად დაგვიხატავს ქრისტიანების ისტორიულ გზას: „ქრისტიანების გამოჩენით მსოფლიოს კანონზომიერებები საოცარი სისწრაფით იცვლებოდა. ხოლო სანამ მსოფლიომ გააანალიზა ეს ცვლილებები, ქრისტიანები საზოგადოებაში შესამჩნევნი და მნიშვნელოვანნი გახდნენ. მსოფლიომ შენიშნა ისინი და შენიშვნისთანავე, ვითარცა კეთროვანს, განეშორა მათ. მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა... შემდეგ ქრისტიანთა დევნის პერიოდი იწყება. ქრისტეს განკაცების მაუწყებლების მიმართ წამების სულ უფრო და უფრო ვერაგულ ხერხებს იგონებდნენ. მაგრამ ქრისტე - ნათელი სოფლისა, ქადაგებული ქრისტიანთა მიერ, დღესაც ანათებს მთელ მსოფლიოში. ქრისტიანთა დევნამ განადიდა მათი სახელი."
შემდეგ ჩესტერტონი შენიშნავს, თუ რამდენად მიუღებელია გამონათქვამი: „ყველა რელიგია თანასწორია". თითქოსდა სხვადასხვა რელიგიებს ერთი და იგივე მიზანი გააჩნდეთ... არც მუჰამედს, არც კონფუცის, არც პლატონს, არც ავრელიუსს მსოფლიო მხსნელის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ბუდაც არასდროს ამბობდა, რომ ღმერთი ვარო, ღმერთად ყოფნას არც ზოროასტრი იბრალებდა. მთელი ისტორიის განმავლობაში ღმერთად მხოლოდ იესო ქრისტემ განაცხადა თავი.2
საერთოდ, რაც უფრო აღმატებულია ადამიანი სულიერად, მით უფრო თავმდაბალი ხდება იგი.
ჩვენს დროში საკუთარ თავზე აღმატებული პრეტენზიის ადამიანები ან დემონებთან კავშირით, ან სიგიჟით ასრულებენ თავიანთ ცხოვრებას. ასეთები რეალურად გრძნობებსა და ფასეულობებს მოკლებული, ვიწრო გაგების და ამასთანავე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ადამიანები არიან. განა მსგავსი რამის გაფიქრება შეიძლება ქრისტე ღმერთზე? არა! მისი სიყვარული და ჭეშმარიტი სიბრძნე ყველა ადამიანს უნათებდა გზას. ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ფსიქოლოგიურ-იდეოლოგიური და კულტურულ-მეცნიერული თვალსაზრისითაც უნდა იქნეს განხილული.
თუ ჩათვლით, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთკაცი, არამედ უბრალო ადამიანია, მაშინ მასში ამოუხსნელ წინააღმდეგობებს ვეჯახებით. მაცხოვარი არაამსოფლიური აზროვნებით, განსაკუთრებული სიბრძნითა და უსაზღვრო სიყვარულით არის აღჭურვილი. შეუძლებელია ამგვარი სათნოება უბრალო მოკვდავს ჰქონდეს.
სულიერებისა და ზნეობის აღმავლობის დროს, ადამიანი სულ უფრო და უფრო ძლიერ გრძნობს, რამდენად დაშორებულია ღმერთს. ყოველმა ჭკუათმყოგელმა იცის, რომ თვითონ არ არის ღმერთი. რაც უფრო იზრდება სულიერად, მით უფრო რწმუნდება ამაში. მაგრამ ქრისტესთან მიმართებაში საოცარი პარადოქსი შეინიშნება. კერძოდ: რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო გრძნობს, რომ შორს არის მისგან. ქრისტიანმა იცის, რომ თავმდაბლობის გარდა, სხვა გზა ღვთისკენ მიმავალი არ არსებობს. ქრისტეს ნათელი უფრო აშკარაა, ქრისტეს სიმართლე კი უფრო დამაჯერებელი ხდება თავმდაბალი ადამიანისთვის.
1მღვდ. მონ. ვასილი (კინეშემსკი). Беседы на Евангелие от Марка. М. 2013. გვ. 30-32.
2ჩესტერტონი. ქრისტეს განკაცების ისტორიული მნიშვნელობა. ციტ. გაზ. ხარება. 2000. N4.
www.xareba.net - ის რედაქცია