თანამედროვე ადამიანი ყოველთვის როდი აანალიზებს, რამდენად მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში ჭეშმარიტი რწმენა. ის მიამიტურად ან შეგნებულად ფიქრობს, რომ მეცნიერების განვითარების საუკუნეში ადამიანს საქმე აქვს ფაქტებთან, რომელიც ცოდნით მოიპოვება. ადამიანს მრავალი ფაქტორისა და მიმართულების სწამს და სჯერა, პრესით დაწყებული და სხვადასხვა ავტორებით დამთავრებული. ყოველი ადამიანი, საერთოდ, ცხოვრობს ამა თუ იმ რწმენით, რომლის საშუალებითაც ის ან პოულობს ჭეშმარიტებას, ან პირიქით, სიცრუის ლაბირინთებში იკარგება.
რწმენისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ზოგს სწამს ღვთის არსებობა, ზოგს - არა. ამ უკანასკნელთ ხშირად ათეისტებს უწოდებენ, მაგრამ ათეიზმი - უღმერთობა - პირდაპირი გაგებით არ არსებობს, ადამიანს ღვთისადმი შინაგანი მიდრეკილება გააჩნია და თუ იგი თავისი ზედაპირული მსჯელობით არ აღიარებს შემოქმედ ღმერთს, მაშინ ცდუნებული თავის რელიგიურ განცდებს სხვადასხვა მცდარი იდეებისაკენ წარმართავს.
ფ. დოსტოევსკი ამბობს: „ათეისტებს სწამთ ახალი სარწმუნოების და ვერც კი ამჩნევენ, რომ სწამთ ნულის". აი ასეთია ათეისტური მსოფლმხედველობა.
ღმერთის შემეცნება არის ადამიანის შინაგანი რელიგიური მისწრაფების მთავარი მიზანი. წმიდა წერილის პირველი მცნება გვასწავლის, რომ ყოველივე მიწიერზე მეტად უფალი ღმერთი შევიყვაროთ. მაგრამ დღეს რა არის თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობის მთავარი მიზანი, ცხოვრების აზრი? რა თქმა უნდა მიწიერი ბედნიერება - სიმდიდრე, კარიერა, ჯანმრთელობა. მისი მოხვეჭისა და შენარჩუნებისათვის ადამიანი მთელ ენერგიასა და დროს ხარჯავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი იმდენად, ისე ეთაყვანება ყოველივე ზემოთქმულს, როგორი თაყვანისცემაც მხოლოდ შემოქმედ ღმერთს ეკადრება. მიწიერი კეთილდღეობა კერპი გახდა მათთვის, ხოლო კერპთაყვანისცემა ყოველთვის წარმართობად იწოდებოდა. ასე რომ, ათეისტი, სინამდვილეში სხვა არავინაა, თუ არა თანამედროვე წარმართი, თანაც გაცილებით პრიმიტიული და შეზღუდული, ვიდრე ძველი დროის წარმართები. ადრე სწამდათ მზის, მთვარის, ქარის, ზღვის. თანამედროვე წარმართებს სწამთ მატერიალური საგნების - ავტომანქანების, ბინის, კოტეჯის, ტექნიკური პროგრესის და ა.შ.
ღვთის არსებობის, მარადიულობის, სულიერი სამყაროს უარმყოფელი „ათეისტი", სინამდვილეში წარმართი, შეგნებულად თრგუნავს საკუთარ თავში უზენაეს საწყისებს. სულიერი ცხოვრებისაკენ მიდრეკილება ქრება, ითრგუნება. ახლა არ ვისაუბრებთ ამ ადამიანების იმქვეყნიური ხვედრის შესახებ. ყურადღება მათ მიწიერ ცხოვრებას მივაპყროთ. სული არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანში. ათეისტი კი მას თრგუნავს, კლავს ჩანასახშივე.
უნდა ვთქვათ: ათეიზმი და ათეისტი ერთმნიშვნელოვანი ცნებები არ გახლავთ. ათეიზმი - იდეოლოგიაა, თავდაყირა დაყენებული რელიგია, ნულის რწმენა, ზნეობრივი ჩიხი. ათეისტი კი ადამიანია თავისი რთული პიროვნული ხასიათით, მრავალფეროვანი განზომილებით სულიერი სამყაროს ავლადი პოტენციალით. ქრისტიანისთვის ადამიანი სიყვარულის საგანია, ღვთის ქმნილებაა, საუკუნო ცხოვრებისთვის მოწოდებული, რომელსაც სიკვდილის წუთამდე რჩება ღმერთისაკენ მიქცევის შესაძლებლობა. ამიტომ ათეისტის, როგორც ადამიანის, სიყვარული გვაიძულებს ვამხილოთ ეს იდეოლოგია და საშინელი შედეგებისაგან დავიცვათ იგი.
უბრალო რელიგიური ადამიანებიც კი ხვდებიან, რომ სულიერ სიმშვიდეს, ჭეშმარიტ ბედნიერებას ადამიანი მხოლოდ ღვთის მიგნებით პოულობს. პრინციპული „ათეისტი" კი მუდამ მოჩვენებას დასდევს, ამაყად ფიქრობს, რომ ის მხოლოდ გონებას ემორჩილება.
ათეისტი ხშირად სვამს ასეთ შეკითხვას: „ვინ იხილა ღმერთი?" სულელური და უსუსური კითხვაა! ადამიანი სარგებლობს სულიერი ძალებით, რომელიც უეჭველად აქვს, მაგრამ ვერ ხედავს მათ. ასევე ვერ ხედავს საკუთარ გონებას, მაგრამ არავინ იტყვის უჭკუო ვარო, ვინაიდან დარწმუნებულია საკუთარ გონიერებაში.
ურწმუნო ადამიანი სცოდავს როგორც ღმერთის, მოყვასის, ასევე საკუთარი თავის წინაშე. მან ღვთისაგან მიიღო ძვირფასი საჩუქარი - გონება და ისე ცხოვრობს, როგორც ჭკუანაკლული. მისთვის არ არსებობს ყოველადბრძენი და ყოვლისშემძლე ღმერთი. ღვთის მიერ შექმნილი სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, მისთვის შემთხვევითაა შექმნილი. მისთვის მიწიერი ცხოვრება ერთადერთია და მომავალი ცხოვრების არ სჯერა.
ათეისტი ამბობს: ღმერთი არ არსებობს, რადგან ეს მეცნიერების მიერაა დამტკიცებული. ზუსტი მეცნიერებების სიღრმისეული ანალიზი საპირისპიროს ადასტურებს.
სწავლულთა დიდი უმრავლესობა ღმერთის არსებობას აღიარებს... მეცნიერების მიერ დამტკიცებულ ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად, არქიმედის, პასკალის კანონები, კანონი მსოფლიო მიზიდულობისა, მუდამ აღიარებდა ყოველი სწავლული იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო წარმოშობით და რომელ იდეოლოგიას მისდევდა. ახირებულია თავად ფორმულირებაც მტკიცებისა: მეცნიერებას სრულიადაც არ შეუძლია ამტკიცოს ის, რაც მისი კვლევის სფეროში არ შედის. ამიტომ ყოველგვარი მსჯელობა იმის შესახებ, რომ ღვთის არსებობა მეცნიერების მიერაა დამტკიცებული, აბსურდია. მაგალითად: როგორ შეეძლო ფიზიკას, რომელიც შეისწავლის მხოლოდ ხილულ, გრძნობისთვის მისაწვდომ სამყაროს, დაედგინა, რომ იმის იქით არ არსებობს სხვა სამყარო, ადამიანის შეგძნებისთვის მიუწვდომელი? იგივე შეიძლება ითქვას ქიმიის, ბიოლოგიის, ბოტანიკის და ა.შ. შესახებ. რანაირად შეუძლია მათემატიკას, რომელიც ციფრებით სარგებლობს, დაადგინოს, რომ არ არსებობს სხვა კატეგორიები, რომელთა ციფრებით ასახვა ან ბოლომდე გამოკვლევა ციფრების საშუალებით შეუძლებელია?
ამდენად მოსაზრება, რომ ღმერთის არსებობა მეცნიერების მიერაა დამტკიცებული, არათუ მცდარი, არამედ საფუძველშივე ყალბია.
მრავალი არგუმენტირებული მტკიცებულება ადასტურებს, რომ ხილული სამყარო გონიერი, სულიერი, დიადი არსების მიერ არის შექმნილი, უთვალავი მაგალითები მოწმობს, რომ შემთხვევით დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისთვის მრავალი მილიონიდან ერთი შანსიც კი არ არსებობს.
დიდი ფრანგი მეცნიერი ლუი პასტერი ამბობს: „სიცოცხლე სიცოცხლისაგან წარმოიშვა და არავითარ შემთხვევაში მკვდარი მატერიისაგან". ათეისტები კი ყველაფერს უსულო მატერიას მიაწერენ. კიდევ მრავალი მეცნიერის კვლევის ანალიზი ადასტურებს ამას. მაგრამ ეს კიდევ ცალკე განხილვის საკითხია.
მართლმადიდებელ ქრისტიანებს ღრმად გვწამს, რომ ღმერთი უსხეულო და სულიერი არსებაა, ხოლო უსხეულოს დანახვა ხორციელი თვალით შეუძლებელია. ამისთვის ჩვენ გვაქვს სულიერი თვალებით - გონიერება და რწმენა. მათ ჩვენ მივყავართ გაცილებით შორს, ვიდრე სხეულებრივ გრძნობებს.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე