წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე". წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება - უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს", - ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა". მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის". იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა - ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!" ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.
ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.
სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.
ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა. საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან მცირე ხნის შემდეგ იოანემ ეკლესიის იკონომოსებს უბრძანა, დაედგინათ მთელი ქალაქის გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა. ჩამოწერეს შვიდიათას ხუთასი გლახაკის სია, რომელთაც წმიდანი იმ დროიდან მოყოლებული საეკლესიო ქონებიდან ყოველდღიურ ულუფას აწვდიდა.
პატრიარქი კვირაში ორი დღე - ოთხშაბათი და პარასკევი - ეკლესიის კარებთან იჯდა და ყველა მოსულს გულმოდგინედ უსმენდა და ეხმარებოდა. ზოგს აკვირვებდა ნეტარის ასეთი მოთმინება, ის კი ამბობდა: „თუ მე ყოველთვის შემიძლია მივმართო ჩემს უფალს, იესო ქრისტეს და ლოცვით გამოვითხოვო, რაც მსურს, ჩემთან მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალო მოყვასს?" იმ დღეს, როცა წმიდა მამას არავინ თხოვდა შემწეობას, იგი მეტად გულნატკენი რჩებოდა. ნეტარს მოწყალების საქმის გადადება არ უყვარდა: ნათესავებისგან შევიწროებული ერთი გლახაკი ქვრივი ქალი იოანეს მაშინ მიუახლოვდა ჩივილით, როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა. თანმხლებნი პატრიარქს ურჩევდნენ, საეკლესიო მსახურების შემდეგ მოესმინა მისთვის, წმიდანმა კი უპასუხა: „თუ მის მოსმენას არ ვისურვებ, ჩემსას შეისმენს კი უფალი?"
იოანე კვირაში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოებში და სნეულებს შეეწეოდა. როცა სპარსელებმა დაარბიეს იერუსალიმი და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, წმიდა პატრიარქმა საეკლესიო ხაზინის დიდი ნაწილი გაიღო მათ გამოსასყიდად.
წმიდანი მათხოვრებს არასდროს ისტუმრებდა უარით. ერთხელ საავადმყოფოსკენ მიმავალ მღვდელმთავარს გლახაკი შეხვდა. მეუფემ ბრძანა, ექვსი ვერცხლი მიეცათ მისთვის. მათხოვარმა ტანსაცმელი გამოიცვალა, დაეწია იოანეს და ისევ მოწყალება სთხოვა. წმიდანმა კვლავ ექვსი ვერცხლი გაუწოდა. მაშინ კი, როცა გლახაკმა ნეტარს მესამეჯერ გაუშვირა ხელი მოწყალების მისაღებად და მსახურებმა გაგდება დაუპირეს, პატრიარქმა თქვა: „იქნებ ქრისტე მცდის", და მათხოვრისთვის თორმეტი ვერცხლის მიცემა ბრძანა.
ერთხელ პატრიარქს იკონომოსმა ამცნო, რომ მოწყალების სათხოვნელად ზოგჯერ კარგად ჩაცმული ადამიანებიც მოდიოდნენ და ჰკითხა, მათაც სხვებივით უნდა დავეხმაროთო? იოანემ უპასუხა: „თუ ქრისტეს მონა ხარ, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა: ისე გაეცი მოწყალება, რომ მთხოვნელს სახეში არ შეხედო. ჩვენ ჩვენსას კი არა, ქრისტესას გავცემთ; ქრისტეზე მდიდარი კი ვინ შეიძლება იყოს?" მართლაც, პატრიარქი ბევრს გასცემდა, მაგრამ უფალი ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე კეთილ ადამიანებს, რომელთა შემოწირულობებითაც თითქმის დაცარიელებული ხაზინა კვლავ ივსებოდა.
ერთხელ იოანესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, ოცდათექვსმეტ ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გაუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, მწირები და უსახლკაროები და გადაწყვიტა, გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი. დილით ბაზარში შემთხვევით გასულმა მდიდარმა ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემს-მთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რამდენჯერმე განმეორდა, იოანემ შეუთვალა მდიდარს: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნოო". ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისადმი კეთილგანწყობა გლახაკთა სასარგებლოდ.
წმიდა იოანე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი იძულებული გახდა, ცოდვით დაცემული ერთ-ერთი ღვთისმსახური ეკლესიიდან განეკვეთა. შემცოდე გაბოროტდა პატრიარქზე. როცა წმიდანი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, მოაგონდა სახარების სიტყვები: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი" (მთ. 5, 23-24). იგი გამოვიდა საკურთხევლიდან, თავისთან მოუწოდა შემცოდე შვილს, მუხლებზე დაემხო მის წინაშე და საჯაროდ სთხოვა შენდობა. შეძრწუნებული ღვთისმსახური სინანულში ჩავარდა და შემდგომ კეთილმსახური მღვდელიც გახდა.
ერთხელ იოანე ერთმა საერო ხელისუფალმა გლახაკთა გამოსარჩლებისთვის საშინლად შეურაცხყო. იმავე დღეს, მზის ჩასვლის წინ ნეტარმა კაცი გაგზავნა თავის შეურაცხმყოფელთან და შეუთვალა: „მალე მზე ჩავა, შევრიგდეთ". ხელისუფალი ისე შეძრა ამ სიტყვებმა, რომ არა მარტო შეურიგდა მშვიდობისმყოფელ მღვდელმთავარს, არამედ აღთქმა დადო, რომ ამიერიდან ყოველგვარი შუღლის თავიდან აცილებას შეეცდებოდა.
ერთი მდაბიო უპატიოდ მოექცა პატრიარქის ახლო ნათესავს, გიორგის. ეს უკანასკნელი აღშფოთდა, წმიდანთან მივიდა და სთხოვა, შური ეძია მის შეურაცხმყოფელზე. მღვდელმთავარმაც აღუთქვა, ისე მივუზღავ მას, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდებაო. ამან გიორგი დაამშვიდა. მაშინ იოანემ დამოძღვრა იგი, შეაგონა, აუცილებელია, ვიქონიოთ სიმშვიდე და სიმდაბლეო, შემდეგ კი შეურაცხმყოფელს მოუხმო და განაცხადა, მას მიწის საეკლესიო გადასახადისაგან ვათავისუფლებო. ალექსანდრია მართლაც გააოცა ამგვარმა „შურისძიებამ".
ნეტარი მამა საოცრად ფრთხილობდა სხვების განსჯისას, ამბობდა, ნურ-ავის განვიკითხავთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ცუდ საქმეს ვხედავთ, ცოდვილის ჩვენგან დაფარულ სინანულსა და მწუხარებას კი - ვერაო.
წმიდა იოანეს - მკაცრ ასკეტსა და მლოცველს, სიკვდილის მარადიული ხსოვნა გააჩნდა. მან თავისთვის კუბო შეუკვეთა, მაგრამ ოსტატებს უბრძანა, არ დაესრულებინათ იგი და ყოველ დღესასწაულზე მოსულიყვნენ მასთან შეკითხვით, მუშაობის დამთავრების დრო ხომ არ დადგაო.
ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს - კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა - სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა". პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
წმიდა იოანე 11 ნოემბერს მიიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი - ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.
„წმიდანთა ცხოვრება"
Xareba.net - ის რედაქცია