ზემოთ განხილული ცრუსწავლების მომხრენი თავიანთ შეხედულებას „ამყარებენ" პავლე მოციქულის სიტყვებით: „ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენიც თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს დებენ, ხან კი ამართლებენ ერთიმეორეს". (რომ. 2.14-15). ასევე იშველიებენ ისინი მოციქულის შემდეგ სიტყვებს: „ხოლო გარეშეთ ღმერთი განიკითხავს" (1 კორ. 5,13).
პავლე მოციქულის გამონათქვამის (წარმართები, რომლებსაც არ ჰქონდათ რჯული, განისჯებიან თავიანთი საქმეებისთვის სინდისის საფუძველზე) მიხედვით ეკუმენისტები ასკვნიან, ან სურთ დაასკვნან, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლებისა და ნათლისღების გარეშეც შესაძლებელია ცხონება. უცნაურ ლოგიკას კი გვთავაზობენ. სიტყვებში - „ღმერთი განიკითხავს" - გულისხმობენ, რომ „ცხონდებიან". მაგრამ საიდან ასკვნიან ამას? ნებისმიერი ნორმალური ადამიანისათვის ის აზრი, რომ „განისჯები შენი საქმის მიხედვით და სამართლიანადად მიიღებ ამისთვის საზღაურს", სულაც არ არის კარგი ამბავი!
ეს საშინელი განაჩენია, იმიტომ რომ, სწორედ სინდისი ახსენებს ადამიანს იმ ცოდვებს, რომლისთვისაც იმსახურებს არა ჯილდოს, არამედ სასჯელს.
„გარეშეთ ღმერთი განიკითხავს" - ნიშნავს, რომ ეკლესიის მიღმა მყოფთ უფალი განსჯის ჩადენილი ცოდვების შესაბამისად. ამის შესახებ პირდაპირ საუბრობს იმავე ეპისტოლეში პავლე მოციქული: „ისინი, რომელთაც ურჯულოდ სცოდეს, ურჯულოდვე წარწყმდებიან; ხოლო რომელთაც რჯულით სცოდეს, რჯულითვე განისჯებიან... საიმდღეისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ" (რომ. 2. 12.16).
მოციქულის სიტყვა „გარეშეთა განსჯა" წმიდა იოანე ოქროპირმა შემდეგნაირად განმარტა: „რათა სიტყვებიდან „გარეშეთა განკითხვის" შესახებ, ვინმეს არ გამოეტანა აზრი, რომ წარმართნი დაუსჯელნი დარჩებიან, ის მიუთითებს სხვა სამსჯავროზე - საშინელზე. ამას ამბობს, რათა შეძრწუნდნენ გარეშენი და ამავე დროს დროებითი სასჯელი (ანუ ამქვეყნიური მწუხარება, განსაცდელი - ავტ.) განგვაშორებს მარადიულ და დაუსრულებელ სატანჯველს".1
ზემოთქმულს ადასტურებენ ავტორიტეტული წყაროები (პავლე მოციქულის ეპისტოლე, წმ. იოანე ოქროპირი). და მიუხედავად ამისა მაინც, კათოლიკური ეკლესიის ვატიკანის კრების ერთ-ერთ დადგენილებაში ვკითხულობთ:
„თუკი ადამიანი, არა საკუთარი ბრალის გამო, ჯერ არ იცნობს სახარებასა და მის ეკლესიას, მაინც წრფელი გულით ეძიებს ღმერთს და მადლის ზემოქმედებით ესწრაფვის თავისი საქმეებით ღვთის ნების აღსრულებას, რასაც იგი საკუთარი სინდისის ხმით შეიცნობს, შეუძლია მიიღოს საუკუნო ცხონება. ხსნის გზაზე ღვთის განგება აუცილებელ შემწეობაზე უარს არ ეუბნება მას, ვისაც თავისი ბრალის გარეშე ჯერ არ მიუღწევია ღმერთის ნათლად შეცნობისათვის და ღვთის მადლით ცხოვრებას ცდილობს; რამეთუ ყველა სიკეთესა და ჭეშმარიტებას, მათგან მოპოვებულს, ეკლესია უფლის სახარებისათვის მომზადებად და მისი ნიჭის წყალობად მიიჩნევს, ვინც მას - ყოველ ადამიანს - ანათლებს, რათა საბოლოოდ მოიპოვოს ცხოვრება".2
როგორც ხედავთ, კათოლიციზმი მარტო ამ ერთი განცხადებით უარყოფს:
ა) ნათლისღების აუცილებლობას წარმართებისათვის.
ბ) სიტყვებით „თავისი ბრალის გარეშე" აღიარებს, რომ ადამიანს ქრისტე ღმერთის გარეშე შეუძლია იყოს უცოდველი, სიკეთის მკეთებელი, რის შეუძლებლობაზეც უკვე ვისაუბრეთ.
გ) დაბოლოს - „საკუთარი სინდისის ხმით, შეუძლია მიიღოს საუკუნო ცხონება".
ადამიანი იმ შემთხვევაში გამართლდებოდა სინდისის მიხედვით, თუ უცოდველად იცხოვრებდა. მაგრამ ღმერთი საპირისპიროს გვაუწყებს:
„ყველამ სცოდა და მოაკლდა დიდებას ღმრთისას" (რომ. 3,23).
წმიდა მამათა აზრით, ყველა ადამიანი პირველქმნილი ცოდვით ვიბადებით და შესაბამისად ცოდვის წყვდიადში ვიმყოფებით, ვიდრე არ განვნათლდებით ქრისტეს მადლმოსილი ნათლისღებით.
პავლე მოციქულის სიტყვა, რომ განისჯებიან თავისი სინდისის მიხედვით, სულაც არ გულისხმობს, რომ ცხონდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია; რისთვის განკაცდა უფალი? რისთვის მოგვმადლა ნათლისღების საიდუმლო?
მსჯავრდება სინდისის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ ყოველი კეთილი საქმე, წარმართების მიერ გაკეთებულიც, გათვალიწინებული იქნება ღვთის მიერ. ლაზარესა და მდიდარის იგავი ამის თვალნათელი მაგალითია. მდიდარი, „ჯოჯოხეთის ტანჯვაში მყოფი", იხილავს მის ზემოთ ლაზარეს, აბრაამის წიაღში მყოფს. კაცობრიობა ჯერ კიდევ არ არის გამოსყიდული გოლგოთის მსხვერპლის მიერ. მდიდარიც და ლაზარეც ჯოჯოხეთში იმყოფებიან, როგორც ძველი აღთქმის ყველა მამამთავარი და წმინდანი, მაგრამ აბრაამის წიაღი მდიდარს ნეტარებისა და ცხონების ადგილად ეჩვენებოდა, ვინაიდან აბრაამის წიაღში მყოფნი მართალი ადამიანები იყვნენ, მოელოდნენ ქრისტეს განკაცებასა და მის მიერ გამოხსნას.
ხოლო „ანგელოზისთვის, რომელიც მუდამ ღმერთთან იმყოფება, ეს ადგილიც (აბრაამის წიაღი) ტანჯვად წარმოისახებოდა იმიტომ, რომ იქ არ იყო ქრისტე" - შენიშნავს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), - კათოლიკები და სხვა რჯულის წარმომადგენლები, რომლებიც აღასრულებდნენ ამქვეყნად მოწყალებისა და გნებავთ თავგანწირვის საქმეებს, ღმერთი მიჰმადლებს გარკვეულ ნუგეშს, მაგრამ არა საკუთარ თავს. ღვთის მიღმა არსებობა მარადიულ მეტაფიზიკურ ტრაგედიად და ჯოჯოხეთის ტანჯვის საიდუმლოდ რჩება".3
ამრიგად, სინდისის არსებობა ადამიანში, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ვერავინ გაექცევა ღვთის სამართალს. პავლე მოციქულის ზემოაღნიშნული ტექსტის განმარტებისას წმ. თეოფილაქტე ბულგარელმა შენიშნა: „მოციქული ამბობს, რომ განისჯება ყოველი ადამიანი. საშინელი სამსჯავროს დღეს ადამიანს არ დასჭირდება არც ბრალმდებელი, არც დამცველი, იმიტომ რომ ღვთის წინაშე წარსდგება ყოველი ჩვენი აზრი თუ ქმედება, ხან გამამართლებელნი, ხან კი ჩვენი დამსჯელნი". (გაგრძელება...)
1Св. Иоанн. Злотоуст. Беседа на посп. к Коринфянам. Т VIII. M. 2006. გვ. 175.
2ციტ. „მართლმადიდებლობა და ლათინო - პაპიზმის შორის არსებული განსხვავებანი". თბ. 2004. გვ. 121.
3არქ. რაფაელი. Вызов Новомодернизма. М. 1999. გვ. 38.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია