ამთავითვე ვიტყვით: მხოლოდ კეთილი საქმეებით, მართალი სარწმუნოების გარეშე, ვერ ვცხონდებით. იუდეველებმა ჰკითხეს მაცხოვარს, როგორ საქმეს ითხოვს ჩვენგან უფალიო. მან უპასუხა: „ესე არს საქმე ღმრთისა, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (იონ. 6.29), ანუ გწამდეს იესო ქრისტესი.
ეს გახლავთ ერთადერთი კეთილი საქმე, რომლისგანაც იშვება ყოველი სხვა სათნოება. უფრო ვრცლად ჩამოვაყალიბოთ, რას ითხოვს ჩვენგან უფალი:
წმიდა სამებისადმი რწმენას, რაც გაცხადებულია წმიდა წერილში და რაც სწამს მართლმადიდებელ ეკლესიას. მამა ღმერთი - უშობელი, ძე ღმერთი - შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, სულიწმიდა ღმერთი - მამისაგან გამომავალი. ყოვლადწმიდა სამების სამივე ჰიპოსტასი არსით ერთი და იგივეა. თითოეულ მათგანს აქვს საღვთო სავსება - უკიდეგანო და განუზომელი. სამივე ჰიპოსტასი თანაბრად დიდებული და თაყვანსაცემია.1
წმიდა სამების რწმენა, როგორც ეს ჩამოაყალიბეს წმიდა მამებმა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, გახლავთ ჩვენი გამართლების ერთადერთი გზა. ის, ვინც მიიჩნევს, რომ ქრისტეს მაცხონებელი სწავლებისა და მის მიერ ცოდვისაგან კაცობრიობის გამოსყიდვის გარეშე შეიძლება ცხონება, განიკვეთება ეკლესიისაგან. პავლე მოციქული ამბობს: „რამეთუ ვიყვენით ჩვენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოხსნილ - და თანა - აღმადგინნა და თანა - დახსნა ზეცათა შინა ქრისტე იესოს მიერ" (ეფ. 2. 4-6).
ამრიგად, ცხონების მოპოვებისათვის, პირველყოვლისა საჭიროა ქრისტეს რწმენა, საკუთარი ცოდვების აღიარება, სურვილი, არ დაუბრუნდე მათ, მიიღო მონაწილეობა ეკლესიის საიდუმლოებებში, რომლებიც ნათლისღების შემდეგ ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომია.
ჩვენი ამოცანაა ავითვისოთ და დავიცვათ ქრისტეს სწავლება, მცნებები, მოვიპოვოთ მადლი სულიწმიდისა და ვცხონდეთ. რა არის მარადიული ცხონება? მაცხოვარი ბრძანებს:
„ესე არს ცხორებაჲ საუკუნო, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესო ქრისტე" (იონ. 17.3). ანუ: ქრისტეს გარეშე არ არის მარადიულობა, არ არის ცხონება.
მაცხოვარმა თავის მოწაფეებს უთხრა: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, ცხონდეს, და რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16. 15-16). საოცარი სიცხადითაა ნათქვამი: „რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს".
ე.ი. არ კმარა მხოლოდ სიკეთის ქმნა, საჭიროა რწმენაც, მართალი სარწმუნოება და სარწმუნოებრივი საქმეები.
ასე რომ, ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ მართალ სარწმუნოებაზე დაფუძნებული სიკეთე და ქრისტეს გარეშე, ქრისტიანობის მიღმა გაკეთებული სიკეთე. რატომ? ამის პასუხს არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) ნაშრომში ვპოულობთ:
„ამბობენ, რომ ურწმუნო ადამიანებიც აკეთებენ არც ისე ცოტა ლამაზ, სანაქებო საქმეებს, აღასრულებენ მრავალ სათნოებას, მოწყალების, სიყვარულისა და თავგანწირვის ღვაწლს. ზოგჯერ ისინი სიცოცხლეს წირავენ საკუთარი ერის ან მოყვასისათვის, თავიანთ უკანასკნელ ლუკმას აწვდიან მშიერს, ეხმარებიან ერთმანეთს გაჭირვებაში, ქონებას ხარჯავენ სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებზე, გვხვდება გასაოცარი, გმირული მაგალითებიც, რაც ბევრს სულის სიღრმემდე შეძრავს. მაგრამ სიკეთის ყველა ეს გამოვლინება, თუ არ ეფუძნება სახარებას, თუ არ არის მორწმუნე ქრისტიანის სულის სიღრმიდან აღმოცენებული, მაშინ ეს ყველაფერი, ესოდენ მოსაწონი, იქნება არაწმიდა და დაცემით შებილწული; მათ არ გააჩნიათ ღმრთის წინაშე ის ღირებულება, რასაც კაცნი მიაწერენ. ამ ჭეშმარიტებას დღეს მრავალი ვერაფრით იწყნარებს. ბევრს მისი მოსმენაც კი აოცებს, გაანაწყენებს, ზოგს განარისხებს კიდეც.
და მართლაც, უცნაურია - კაცი აღასრულებს მაღალ ღვაწლს, სწირავს სიცოცხლეს მოყვასისათვის, კვდება, რათა სხვამ იბედნიეროს. განა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ასეთი გმირი სულის ცხონება, ნუთუ შეიძლება მას ჯოჯოხეთი ემუქრებოდეს? განა ასეთი საქციელი არ ჩამორეცხავს კაცის ყველა ცოდვას?
სასტიკად ჟღერს ყველაფერი, რასაც ახლა ვიტყვით, მაგრამ განვსაჯოთ ზემოთქმული სხვა მხრიდან: თუ კაცი გმირობის ჩასადენ ძალას ქრისტიანული სარწმუნოებისაგან არ იღებს, ქრისტეს გულისათვის და სახარებისეული სწავლების თანახმად თუ არ მოქმედებს, თუ ეს თავგანწირვა უფლის ძალითა და სახელით არ აღესრულება, მაშინ გამოდის, რომ კაცს შეუძლია ცხონება სარწმუნოების, ქრისტეს მიერ გამოსყიდვის გარეშე. რომ დაცემულ ადამიანს შემორჩა ის ძალა და სიწმინდე, რაც საკმარისია მისი განღმრთობისათვის, რათა თვითონ დააღწიოს თავის ცოდვის ბორკილებს. მაშ, რატომ გახდა საჭირო გოლგოთის საშინელი მსხვერპლი, ქრისტეს სწავლება, სახარება, ეკლესია? რაღად გვინდა საიდუმლონი, ლოცვა, მარხვა, ქრისტიანული მოღვაწეობა? თუ საკმარისია მარტოოდენ ჩვენი სურვილი და ნების ძალისხმევა, სარწმუნოებაც აღარ დაგვჭირდება. ეს რას ნიშნავს?
საქმე ის არის, რომ კეთილი, მშვენიერი, სანაქებო საქმეების კეთება და სარწმუნოების საქმეთა აღსრულება ერთი და იგივე არ არის. სარწმუნოების, ღმერთის გარეშე აღსრულებული კეთილი საქმენი ეკუთვნის ამა სოფელს და მისგანვე იღებს საფასურს: დიდებას, პატივს, ღირსებას. მისთვის უცხოა მარადიული, ზეციური დიდება. ხოლო სარწმუნოების საქმეები შინაგანად ეძღვნება ღმერთს, მისდამი ლოცვა-ვედრებით, შეძლებისამებრ ფარულად აღესრულება, რათა ამის შესახებ მარტოოდენ უფალმა იცოდეს. ასეთი საქმეები გარეგნულად ნაკლებშთამბეჭდავია, მაგრამ მათ შეიწყნარებს უფალი და სამაგიერო დიდებას მიაგებს სამომავლო ცხოვრებაში...
ამიტომ არის უმართებულო უქადაგო ხალხს მხოლოდ განყენებული სიკეთე, ასწავლო მათ, უყვარდეთ მოყვასი, იყვნენ გულმოწყალენი, კეთილნი, მაგრამ ამასთან არ განუმარტო, რომ სწორად, წმიდად და ღვთისსათნოდ ამის აღსრულებას ვერაფრით შეძლებენ სახარებისეული სწავლების, ეკლესიის, სულიწმიდის მადლის გარეშე; ამის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ტაძარში, წმიდა საიდუმლოებებით. თუ ამას არ ავუხსნით, ადამიანები იფიქრებენ, რომ ეკლესიის, საიდუმ-ლოთა, სულიწმიდის მადლისა და ქრისტეს გარეშეც სურვილისამებრ, მშვენივრად შეძლებენ თავიანთი სიძნელეების დაძლევას.2
ამრიგად, გარეგნული კეთილი საქმეები უნდა ეხმარებოდეს შინაგან საქმეებს. თუ ასე არ არის, მაშინ უსარგებლოა სიკეთე. მხოლოდ გარეგნული კეთილი საქმეებით დაკავებული ადამიანი ფარისეველს ემსგავსება.
ამდენად, მნიშვნელოვანია განვიხილოთ შინაგანი სათნოება, რასაც ჰქვია განსჯა. უფლის გონივრული მსახურება მნიშვნელოვანია ყოველი ქრისტიანისათვის. ჩვენი ცხონება იწყება მაშინ, როდესაც გონებას ღვთისკენ მივაპყრობთ. თავად სიტყვა „სინანული" „ცნობიერების ცვლას" გულისხმობს. ამიტომ ადამიანი, რომელიც დადის ეკლესიაში, მსოფლმხედველობით უნდა გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი; ანუ, აუცილებელია გვწამდეს ისე, როგორც სწამს მართლმადიდებელ ეკლესიას; მისი დოგმატური სწავლების თანახმად, პირველი ამოცანაა, გონებიდან განვაგდოთ ყოველგვარი მწვალებლური, ათეისტური, ოკულტური თუ სექტანტური ხედვა სამყაროსი.
ჩვენს მართლმადიდებლურ მსოფლხედვაში რომ დავრწმუნდეთ, კარგია გავეცნოთ მართლმადიდებლურ კატეხიზმოს.
მსოფლმხედველობის ცვლილებასთან ერთად საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლაც ჭეშმარიტებისამებრ.
ამრიგად, მაცხონებელი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გვწამს, ვინაიდან ყოველი მსხვერპლშეწირვა არ არის სათნო ღვთისთვის. პავლე მოციქული ბრძანებს: „ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა" (1 კორ. 10.20), ანუ წარმართები ეშმაკს სწირავენ მსხვერპლს და არა ღმერთს. სხვა ეპისტოლეში მოციქული ამბობს: „რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2 კორ. 6.15) - ანუ რა საერთო აქვს ქრისტეს თაყვანისმცემლებს ეშმაკის თაყვანისმცემლებთან, ვინც ბელიარს ეთაყვანება.
ლიბერალები დამახინჯებულად განმარტავენ წმიდა წერილს, როდესაც მიიჩნევენ, რომ ყველა კეთილი საქმის მკეთებელი ცხონდება. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: პეტრე მოციქულმა რატომ არ დატოვა კორნელი და მისი სახლეული ძველ რჯულზე, თუმცა იყვნენ ისინი ღვთისმოშიშნი და აკეთებდნენ მრავალ კეთილ საქმეს? არამედ მან ყველანი მონათლა ქრისტეს სახელით. თუ ყველა კეთილისმოქმედი ცხონდება, თავისი აღმსარებლობის მიუხედავად, რატომ ბრძანა მაცხოვარმა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ..." (მათ. 28. 19-20).
დავასრულებთ ჩვენს სათქმელს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვით: „ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.
გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ, როგორღა გინდათ, რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანნი, მხოლოდ იმიტომ, რომ თქუენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ, ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით.
ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე, უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიედ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება".3 (გაგრძელება...)
1დოგმატური ღვთისმეტყველება. მ.პამაზინსკი. თბ. 2006. გვ. 66.
2არქ. ლაზარე აბაშიძე. სულის ფარული სნეულებანი. გვ. 100-103.
3წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. ცხონების შესახებ. ციტ. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ. VI. გვ. 251.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია